ვენეციის ვერდიქტი: ერთპარტიული კონსტიტუცია არალეგიტიმურია

„ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარემ ქართული პოლიტიკა გამოაცოცხლა. ბათუმში სრულიად სხვა თემაზე ჩამოსულმა ჯანი ბუკიკიომ „ოცნების“ მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები არალეგიტიმურად გამოაცხადა და არავინ რომ არ ელოდა, ისეთი მკაცრი და პირდაპირი განცხადებები გააკეთა.

ჯანი ბუკიკიო: „ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია…

ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია…

ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს…

ერთი პარტიის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციას არ აქვს ლეგიტიმაცია…“

რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უტიფრად მოატყუა ყყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მოლოდინი იყო, რომ „ვენეციის კომისია“ მკაცრი იქნებოდა და შეშფოთებასთან ერთად, აღშფოთებასაც გამოთქვამდა, მაგრამ იმ განცხადებებს, რაც ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ვიზიტისას გააკეთა, არავინ ელოდა.

დახურულ შეხვედრებზე პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მან გაცილებით მწვავე განცხადებები გააკეთა, ვიდრე მედიასთან, კამერების წინ. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ თუ ხელისუფლება არ შეაჩერებს ერთპარტიულ რეჟიმში კონსტიტუციის მიღებას, თუ ამ პროცესში არ ჩაერთვებიან ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობოები, თუ არ შედგება პოლიტიკური კონსენსუსი, ეს კონსტიტუცია არალეგიტიმური იქნება. ამის შესახებ ძალიან მწვავე შეფასებებს გააკეთებს თავად „ვენეციის კომისია“ და გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა ევროსაბჭოს ტრიბუნიდანაც გახმოვანდება. ლეგიტიმაცია დაკარგული კონსტიტუცია კი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული გზიდან და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიექანება ავტოკრატიისკენ. ეს ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ნეგატიური იქნება. ეს დასკვნები მოხვდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა დასავლური ქვეყნის ლიდერის მაგიდაზე. შედეგად, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ისედაც ვერ დაიკვეხნის სერიოზული საერთაშორისო მხარდაჭერით, საერთოდ დაკარგავს მას და მასთან ერთად დაკარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას. კრიტიკული განცხადებები საქართველოს არადემოკრატიულ ხელისუფლებაზე სულ უფრო და უფრო ხშირად გახმოვანდება ევროსტრუქტურებში. მაგალითად, ძალიან მალე გამოჩნდებიან ისეთი ევროდეპუტატები, რომლებიც არაორაზროვნად დასვამენ კითხვებს, _ ხომ არ ვიჩქარეთ, როცა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება გავუფორმეთ?!. ხომ არ შევცდით, როდესაც საქართველოს ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო  ხელშეკრულება დავუდეთ?!! და ა. შ.

დიდი ალბათობით, რიტორიკა შეიცვლება ნატოშიც, სადაც საქართველოსთან საუბარი იმით კი არ დაიწყება, რომ „საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აქცენტები გაკეთდება საქართველოში დემოკრატიის ხარისხის დეფიციტსა და ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებლობაზე.

ერთი სიტყვით, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ბეწვზე კიდია და დამოკიდებულია იმაზე, დაიხევს თუ არა ხელისუფლება უკან და დაიწყებს თუ არა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს კონსენსუსის მისაღწევად?

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი შვიდი წლით გადადო და კვლავ შერეულ, მაჟორიტარულ სისტემაზე დაგვტოვა, მედიაში დიდი სჯა-ბაასი მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ თხრის „ქართული ოცნება“  ასეთი მონდომებით საკუთარ პოლიტიკურ საფლავს?.. ნუთუ, მართლა  რამდენიმე მაჟორიტარის სადეპუტატო ამბიციები ვერ მოთოკეს და მთელი „ოცნება“ კახა ოქრიაშვილისა და კიდევ რამდენიმე მისნაირი მარადიული მაჟორიტარის ჭკუაზე დადის(?)… ძნელი დასაჯერებელია, უფრო ზუსტად კი, ყოვლად დაუჯერებელია, რადგან ის მაჟორიტარები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან, ძირითადად, ბიზნესიდან მოსული დეპუტატები არიან და ერთადერთი, რაც მათ პარლამენტარობაში ყრია, ესაა საკუთარი ბიზნესის ლობირება და სადეპუტატო იმუნიტეტი. ასეთი მაჟორიტარები ვერასდროს ვერავის ვერაფერს აიძულებენ, მით უმეტეს, ხელისუფლებას. საკმარისია, ერთი ზარი საფინანსო სამსახურებიდან და ვეღარც კახა ოქრიაშვილისა და ვეღარც რომელიმე სხვა ბიზნესდეპუტატის ხმას ვეღარ გავიგებთ ვერასდროს.

რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომაა მზად „ქართული ოცნება“, ფეხზე დაიკიდოს „ვენეციის კომისიაც“ და, მასთან ერთად, მთელი ვვროპაც, არის ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი. ყველაფერი მარტივმა არითმეტიკამ გადაწყვიტა: „ოცნებაში“ თვალეს, თვალეს და გამოითვალეს, თუ რა შემთხვევაში აქვთ შანსი, დაბალი მხარდაჭერის პირობებში კვლავ დარჩნენ ხელისუფლებაში. ანუ რომელი სისტემის შემთხვევაში ერგებათ მათ მეტი დაუმსახურებელი მანდატი? ახლა გაჩვენებთ, როგორ და რა დათვალეს „ქართულ ოცნებაში“:

დღეს არსებული, შერეული მაჟორიტარული სისტემის პირობებში, ხელისუფლებას რჩება 73 დაუმსახურებელი მანდატი;

ყველა გადაუნაწილებელი მანდატის მითვისებით, პროპორციული სისტემის პირობებში რჩებათ 30-40 დაუმსახურებელი მანდატი;

ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში კი, პროპორციული სისტემის  პირობებში, საშუალოდ, რჩებათ, დაუმსახურებელი 20 მანდატი…

ანუ მას შედეგ, რაც „ვენეციის კომისიამ“ ბონუსების სისტემა, ანუ ყველა გადაუნაწილებელი მანდატის პირველ ადგილზე გასულისთვის მიკუთვნება კატეგორიულად უარყო, „ოცნება“ ცაიტნოტში აღმოჩნდა. მან ნათლად დაინახა, რომ ხელისუფლება ხელიდან ეცლება, _ ნაუცბადევად მოფიქრებული ეს ზედა ზღვარიც არ შველის, რადგან 20 დაუმსახურებელი მანდატი იმდენად ცოტაა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საპარლამენტო უმრავლესობას, შეიძლება, არ ეყოს. ისტერიულმა და პანიკურმა შიშმა 2020 წელთან დაკავშირებით ყველაფერი გადასწონა, _ რა ვენეცია, რის ევროპა, როცა შეიძლება, ძალაუფლება დაკარგონ. ამიტომაც გადაწყვიტეს, დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის, ანუ ისევ შერეული მაჟორიტარული სისტემა, რომელსაც მთლიანად ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ცესკო დაუმატეს და მხოლოდ ამის შემდეგ დამშვიდდნენ. თუმცა რამდენად აქვს დამშვიდების საბაბი ხელისუფლებას, ძნელი სათქმელია, როცა ბოლო ორ საყოველთაო არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები გიჭერს მხარს და, იმავდროულად, კარგავ საერაშორისო ლეგიტიმაციას, მშვიდად ყოფნის ფუფუნება ნაკლებად გაქვს.

„ქართულ ოცნებას“ დღეს ორი არჩევანი აქვს: პირველი, _ ესაა შეეცადოს და გახდეს რეალობის მიმართ ადეკვატური, რაც ნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტიდან გამოტანას და პოზიცია-ოპოზიციას შორის ამ თემაზე მსჯელობის თავიდან დაწყებას. ასეთ შემთხვევაში ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და პროცესში ჩაერთვება არასამთავრობო სექტორიც. შედგება თუ არა კონსენსუნსი, ეს, ჯერ კიდევ, საკითხავია, მაგრამ არსებული, კრიზისული ვითარება, რომელიც აშკარად მძვინვარებს ქვეყანაში, ნამდვილად განიმუხტებოდა. მოვლენათა ასეთი განვითარება ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, ძნელი სათქმელია. ამდენი ხისტი პოზიციის დაფიქსირებისა და ორი მოსმენით კონსტიტუციის მიღების შემდეგ უკან დახევა ხელისუფლებისთვის იოლი ნამდვილად არ იქნება. მთავარია, საქმე აქამდე არ მიიყვანო, თორემ თუ მივიდა, ნებისმიერი უკან დახევა სისუსტის ნიშანია და როგორი კეთილშობილური მოტივებიც არ უნდა ამოძრავებდეს მმართველ ძალას, შედეგი დამაზარალებელი იქნება. თუმცა დამაზარალებელი არ ნიშნავს მომაკვდინებელს.

მეორე არჩევანი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ესაა, ჯიუტად გააგრძელოს დინების საწინააღმდეგოდ სვლა და რქებით მიაწვეს თავის პოზიციას. თქვას, რომ არაფერს შეცვლის, არ გაითვალისწინებს არც „ვენეციის კომისიის“ და არც ქართული საზოგადოების აზრს და შემოდგომაზე, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, მესამე მოსმენით, კენჭს უყრის საკუთარ, ერთპარტიულ კონსტიტუციას. ასეთი არჩევანი ხელისუფლების მხრიდან, მართლაც, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში, დღემდე გადადგმული ნაბიჯებიდან თუ ვიმსჯელებთ, „ოცნება“ დიდწილად ასეც მოიქცევა. თუმცა თუ პირველ შემთხვევაში „ოცნება“ უკან დახევის გამო წარმოჩინდება, როგორც სუსტი ხელისუფლება და ამის გამო გვარიანად დაზარალდება, მეორე შემთხვევაში პოლიტიკური ფასი, შესაძლოა, გაცილებით ძვირი აღმოჩნდეს. თუ „ოცნებაზე“ მორგებული კონსტიტუცია მესამე მოსმენითაც უცვლელად დამტკიცდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიქმნება ვითარება, როცა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა შეუძლებელი გახდება. ასეთ დროს კი ნებისმიერ ქვეყანაში ვითარების ესკალაცია იწყება. ესკალაცია გადადის რედიკალიზაციაში და ასე ნელ-ნელა ყველაფერი რევოლუციამდე მიდის. რევოლუცია კი, როგორც ცნობილია, არსებული ხელისუფლების პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს.

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, _ რატომაა შეუძლებელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა?.. 2012-ში ხომ სწორედ შერეული მაჟორიტარული სისტემა გვქონდა და მაინც შეიცვალა ხელისუფლებაო?..

საქმე ის გახლავთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იზრუნა და ეს სისტემა ერთიორად გააუარესა. პირველ რიგში იმით, რომ ოპოზიციას ბლოკების შექმნის უფლებას უზღუდავს, ანუ გაძლიერების შანსს ართმევს. შეგახსენებთ, რომ 2012-ში „ქართული ოცნება“ ექვსი პარტიისგან შექმნილ კოალიციას წარმოადგენდა, დღეს კი იმის შიშით, რომ მსგავსი კოალიცია მის წინააღმდეგაც არ შეიქმნას, იგი ბლოკების შექმნას კონსტიტუციით კრძალავს. ალბათ, ყველასთვის ნათელია, რომ უზარმაზარი ფინანსური და, დამატებით, ადმინისტრაციული რესურსის მქონე ხელისუფლებასთან ბრძოლა, გაერთიანების გარეშე, ოპოზიციას, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდება. ანუ თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური ბლოკების გაუქმებით ხელისუფლება ცდილობს, შექმნას გარემო, როცა არჩევნებით მას ვერ მოერევი.

მეორე, რითაც „ოცნებამ“ „ნაციონალების“ მიერ შექმნილი საარჩევნო სისტემა კიდევ უარესი გახადა, ესაა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სრული მონოპოლიზაცია. ცესკოს 13 წევრი შეამცირეს და გახადეს 12, ხოლო ამ 12-დან ცხრა უსირცხვილოდ მიისაკუთრეს, ანუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანეს და ისე, რომ არავის არაფერი ჰკითხეს, ცესკოს შემადგენლობის 2/3-ზე მეტი მიისაკუთრეს. სწორედ 2/3-ია საჭირო ცესკოს დადგენილების მისაღებად, ეს კი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ვისაც რამდენ პროცენტსაც უნდა, იმდენს დაუწერს არჩევნების შემდეგ. ანუ არჩევნებს ისე გაგვიყალბებენ, ცესკოდან ამბის გამომტანიც არავინ გვეყოლება. დამეთანხმეთ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯიც იმისკენაა მიმართული, რომ ხელისუფლება არჩევნებით ვეღარ შეიცვალოს.

„ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარისთვის სიახლე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება არათუ ძალაში ტოვებს შერეულ მაჟორიტარულ სისტემას, არამედ კიდევ უფრო აუარესებს მას. ჯანი ბუკიკიომ გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები „ვენეციის კომისიაში“ არ გადაუგზავნია. „ოცნება“ ისე იღებს კონსენსუსით მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომ იმასაც არ არკვევს, არის თუ არა ეს ცვლილებები საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

საარჩევნო გარემოს გაუარესება ამით არ ამოიწურება. ბლოკების აკრძალვისა და ცესკოს მონოპოლიზაციის გარდა, უარესდება ოპოზიციის მდგომარეობა პარლამენტში. კონსტიტუციის 50-ე მუხლში შესული ცვლილებების წყალობით, ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას აღარ შეევსება მანდატები ფრაქციისთვის სჭირო რაოდენობამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში გვეყოლება ისეთი პარტია, ან პარტიები, რომლებსაც არ ექნებათ ფრაქცია, არ ექნებათ სრულფასოვანი სამუშაო პირობები და რაც მთავარია, არ ეყოლებათ წევრი ცესკოში. მაგალითისთვის, „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც ზუსტად 5% მიიღო, არ ეყოლებოდა ფრაქცია. ეყოლებოდა არა 6, არამედ, მხოლოდ 4 დეპუტატი და შესაბამისად, აღარ ეყოლებოდა არც ვიცე-სპიკერი და არც წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. აი, ასეთ პირობებს უქმნის „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაშინ, როცა თავისთვის გარანტირებულად იმზადებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქართველმა ერმა გადაყლაპა, მაშინ „ოცნება“ ზუსტად ისე მიიღებს დაუმსახურებელ 73 მაჟორიტარულ მანდატს, როგორც ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. ასეთი ბონუსით კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს და როგორ ფიქრობთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ოცნება“ აღარ მოინდომებს 2024-შიც ისევ ხელისუფლებაში დარჩენას?.. და ხომ ვერ მეტყვით, ვინ შეუშლის ხელს, კიდევ ერთი შვიდი წლით გადაწიოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?.. ასე რომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ქვეყანას 2024 წლიდან მაინც ეღირსება სამართლლიანი საარჩევნო სისტემა, ძალიან ცდება. ძალაუფლება რყვნის და მაგ დროისთვის დღევანდელი ხელისუფლების გარყვნილების ხარისხი ბევრად მეტი იქნება.

დღეს „ოცნება“ უკვე ისეთ უტიფარ ტყუილებს კადრულობს, რომლის წარმოდგენაც ძნელია. „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარის კატეგორიული განცხადების შემდეგ, პოლიტიკური კონსენსუსის აუცილობის თაობაზე, „ოცნების“ ახალგაზრდა ლიდერებმა სულ ნაირ-ნაირი ტყუილები და უფრო მეტი სისულელე თქვეს. თავიდან ამბობდნენ, რომ ჩვენ კონსენსუსი გვაქვს ხალხთანო. აი, ხომ დავდიოდით ქალაქიდან ქალაქში და იქ რომ ხალხს ვხვდებოდით, იმათთან გვაქვს კონსენსუსიო(?!!)… ამან რომ არ გაჭრა, ახალი სისულელე მოიფიქრეს, _ ჩვენ კონსენსუსს ჩვენსავე გუნდში მივაღწიეთო. თან იმასაც ამობობდნენ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონსენსუსიაო და ამისთვის რომ ვერ მიგვეღწია, მერე გენახათ ბუკიკიოს აღშფოთება და იმედგაცრუებაო. საინტერესოა, ამაზე უარესზე რაღაზე უნდა შეთანხმებულიყო „ქართული ოცნება“?.. ალბათ, არჩევნების საერთოდ გაუქმებას თუ გულისხმობდნენ. ასეთი „კონსენსუსიც“ რომ არ დაუფასა არავინ, „ოცნებამ“ გადაწყვიტა, იქით გადასულიყო შეტევაზე და უტიფრად გამოაცხადა, _ ჩვენ კი შევთავაზეთ, მაგრამ ოპოზიცია არ მოდის კონსენსუსზეო. რა თქმა უნდა, არც ამას იყიდის არავინ და მალე, ალბათ, ახალი თავის სამართლებელი ფრაზები  გამოცხვება კონსენსუსის არქონასთან დაკავშირებით.

ერთადერთი, რის იმედადაც „ქართული ოცნება“ დღეს გაყოყოჩებულია და იხტიბარს არ იტეხს, ეს ოპოზიციის სისუსტეა. ოპოზიცია კი, ჯერჯერობით, მართლაც სუსტია. ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მათი დაქსაქსულობა და არაორგანიზებულობაა. ერთადერთი თემა, რომლის გარშემოც მოხერხდა სრული მობილიზება, ეს საარჩევნო სისტემაა. მხოლოდ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობამ დაავიწყებინა ოპოზიციას მათ შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებები და აიძულა, ერთ პოზიციაზე დამდგარიყო. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ საერთო პოზიციამ მაშინვე გამოიღო შედეგი. იგივე ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, სწორედ ოპოზიციის ასეთი შეუპოვარი ბრძოლის შედეგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაფარცხვა ხელისუფლებას არ გამოუვიდა. მას ასეთი ფრაზაც კი უთქვამს ოპოზიციური პარტიებისთვის: ჩთვალეთ, რომ „ვენეციის კომისია“ თქვენ დასახმარებლად არსებობს და ასე იქნება მანამ, სანამ თქვენი ერთიანი პოზიცია იარსებებს და მზაობა, კონსენსუსს მიაღწიოთო…

„ვენეციის კომისიამ“ და მისმა თავმჯდომარემ ქართული პოლიტიკა ნამდვილად გამოაცოცხლა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორგანიზაცია არ არის სადამსჯელო ფუნქციების მქონე, ის მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა. „ვენეციის კომისია“ მუდმივად ვერ შექმნის საქართველოში პოლიტიკურ პროცესს, ეს ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების საქმეა.

ამასობაში კი, ლეგიტიმაცია დაკარგული კონსტიტუციის ფონზე, ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება, ხოლო არჩევნებზე უკეთესი დრო პოლიტიკური პროცესის გასააქტიურებლად, როგორც ცნობილია, არ არსებობს. ასე რომ, ზაფხული, ყველა გაგებით, ცხელი გველის.

 

დემნა ვეშაპიძე