„ოცნების“ სტიქიონი

„ჩემი ოცნების თბილისი“, _ დაჰკრა წიხლი და ასეთი სლოგანი შემოაგდო კახი კალაძემ ამომრჩევლის კარში. უფრო სწორად, ეგონა, რომ ჩვენს კარში შემოაგდო, მაგრამ როგორც სჩვევია, ისევ თავის კარში შეაგდო.

ალალად გეკითხებით, მე, ამომრჩეველს, რა წიხლზე მკიდია _ როგორია მისი ოცნების თბილისი? ამომრჩეველი ირჩევს იმას, ვინც მის ქალაქს ხდის საოცნებოს. სხვებისთვის საოცნებოს და არა იმ ქალაქში მცხოვრებისთვის. ანუ „კალა“ რას გვთავაზობს, _ ვიცხოვროთ ამ თბილისში და ვიოცნებოთ მისი ოცნების თბილისზე?

მაგრამ ნუ ვიქნებით დაუნახავები და მადლობა ვტყორცნოთ კალაძეს, სლოგანად „ჩემი ოცნების თბილისი“ რომ გვტყორცნა და არა „ჩემი ტკივილი“. ამას წინებზე ხომ მოგვახსენა, თბილისი მტკივაო…

ამათ ტკივილებსა და დაბნეულობას რას გაუგებ. კალაძის წარდგენამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე ისე იყო დაბნეული, აღარ იცოდა, რომელ მდინარეში ესკუპა იმ მთაწმინდიდან. ვერც ის თქვა, ამ ღონისძიებაზე ბატონი ბიძინა მოწვეული არააო. „უნდა იყოს“ ჩაეჭიდა („ბატონი ბიძინა, ბუნებრივია, მოწვეული უნდა იყოს დღევანდელ ღონისძიებაზე“, _ ასე ბრძანა სიტყვა-სიტყვით), ვაიდა, რომ ვთქვა, არ მოგვიწვევია და გამოჩნდესო და უიდა, რომც არ გამოჩნდეს, ამაზე მომდონ, რომ ვამბობ, არ მოგვიწვევიაო? და რომ ვთქვა, _ მოვიწვიეთ მაინც, „ვაჰ, მე“ _ ე. ი., მოვიწვიეთ და არ მოვიდაო… ამის შემდეგ რაც დაამატა, ის საერთოდ აჭრის კლასიკური ნიმუშია: „თუმცა ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა დღევანდელ წარდგენას. თუმცა ის არ ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ თუ ჩაერთვება, პოზიტივის გარდა არაფერს მოუტანს ჩვენს პარტიას და მმართველ გუნდს“.

აქამდე ვიცოდით, რომ მექოთნე ყურს საითაც უნდა, იქით აბამს ქოთანს, მაგრამ „ქოცები“ რეკორდს ხსნიან _ მდინარაძის სახით ისეთი ახალი მექოთნე უშოვიათ, რომელიც სინქრონულად ორივე მხრიდან აბამს ყურს ქოთანს. ისევ ამ ახალი მექოთნეების იმედად თუ იქნება „ოცნება“, თორემ ძველ მექოთნე სოზარ სუბარს ისე გაუფუჭდა ხელი, ვერც ერთ მხარეს ვეღარ აბამს ყურს, _ ვეღარც იქით, ვეღარც აქეთ. მხოლოდ სადღეგრძელოებსღა აბამს თავს. განსხვავებულით შემოგვთავაზა კახის სადღეგრძელო: „კახა კალაძე თვითონ არის წარმატების ფორმულა და წარმატებული იყო თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მუდამ იდგა სიმართლის მხარეს. იმ დროს, როგორც სპორტსმენი, იყო დიდების ზენიტში, მაშინდელ ხელისუფლებას ერთი სული ჰქონდა, რომ მასთან ემეგობრა კახა კალაძეს. კალაძე წავიდა ოპოზიციაში, დადგა სიმართლისა და დაჩაგრული ხალხის მხარეს“.

ყოლიფერი ისეა, როგორც სადღეგრძელოში და სადღეგრძელოს პარამეტრებით ყოლიფერი თავის ალაგასაა, თორემ ამ ერთაბზაციან განცხადებაში იმდენი ტყუილია, ზოგადქოცურ სტანდარტებშიც რომ აღარ ჯდება.

ენერგეტიკის მინისტრობა არ იყო კალაძის ცხოვრების ეტაპი? და მისი მინისტრობა წარმატებული რა მხრივ იყო? მაინც თავისი რომ გაიტანა, თუ უფრო სწორად „გაზპრომს“ რომ თავისი გაატანინა ქვეყნის საზიანოდ? დიდების ზენიტში იყოო და  მაშინდელ ხელისუფლებას ერთი სული ჰქონდა, მასთან ემეგობრა კალაძესო. არ მეგობრობდა, თუ მე დავდიოდი ტელეშოუდან ტელეშოუში მათი პიარის საკეთებლად? ან რომ დამდგარა და გაიძახის, დადგა დაჩაგრულის მხარესო, ვინაა მაგის დაჩაგრული? ბიძინა ივანიშვილი? უკვე დაჩაგრულიც გახდა ის ბრძენი კაცი?

როგორც ჩანს, კახის წარმატებულობაზე აპელირება ზოგადქოცური მესიჯბოქსის კუთვნილებაა. იგივე დაარაკრაკა ვინმე მარიამ ჯაშმა, _ კალაძე უძლიერესი კანდიდატია, ძალიან წარმატებული ადამიანია, მის სახელთან ყოველთვის ასოცირდება წარმატებაო, როგორც მის სპორტულ კარიერაში, ისე მის შემდგომო: „ძალიან ძლიერი მენეჯერული პოზიციაა აქვს ენერგეტიკაში“.

კალაძის „ძალიან ძლიერი მენეჯერული პოზიცია ენერგეტიკაში“ არსად დაგეკარგოთ, როგორც ის ბრძენი კაცი დაგეკარგათ, ამ ბოლო დროს…

და მაინც, როგორია თქვენი ოცნების თბილისი? ალმოდებული? ზედიზედ რომ იწვის სავაჭრო ობიექტები? თუ გამოხრუკული, როგორც დღეს დგას „ბავშვთა სამყარო“? თუმცა დამავიწყდა, დიდუბის გამგებელმა ხომ მოგვიწოდა გამოძიების დალოდებისკენ. ისე მოგვიწოდა, გეგონება, ვეღირსეთ რომელიმე გამოძიების დასრულებას და რამის გარკვევას, და გეგონება, ეს ის ძალა არაა, რომელსაც უკვე ვერდიქტი გამოჰქონდა, რომ რაფალიანცი „ნაცებმა“ მოკლეს, როცა ბავშვი ისევ ქვევრში იყო და ჯერაც არ იცოდნენ _ მკვდარი თუ ცოცხალი. ყოველ შემთხვევაში, არანაირი წესით და ლოგიკით არ უნდა სცოდნოდათ, მკვდარი იყო თუ ცოცხალი…

მაგრამ არა, ეს მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა საჭირო _ გამოძიებას უნდა დაელოდო. ქუჩაში რომ შეგაგინებენ, კრინტი არ უნდა დაძრა, გამოძიებას უნდა დაელოდო _ მართლა შეგაგინეს თუ არა და მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეუბრუნო _ გინება თუ მუშტი.

საოცნებო ქალაქი ასეთია: გამგეობის თანამშრომლები უნდა დაიარებოდნენ კერძო ბაზრობის ტერიტორიაზე _ შემოვლაზე, გამგებელი სახანძროს მოსდევდეს და თუ მერობის კანდიდატმა გაბედა და იქ მივიდა, სადაც ხანძარი ნთქავს ხალხის ქონებას, ეს, თურმე, პოლიტიკური ქულების დაწერაა. თურმე, მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყაროში“ მოხდა, ეჭვიც არ უნდა გაგიჩნდეს, რომ ხანძარი აქაც განგებ იყო გაჩაღებული. მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვის წინათ საკმაოდ კონკრეტული საუბრები მიდიოდა ამ ბაზრობის გადატანასთან დაკავშირებით… არა, არც ეჭვმა უნდა გაგიელვოს და არც თავად შენ არ უნდა გაიელვო ხანძრის სიახლოვეს, მხოლოდ ფეისბუკიდან შეიძლება წუხილის გამოხატვა, როგორც ეს მერობის მეორე კანდიდატმა, ქალბატონმა ხოშტარიამ მოიმოქმედა, _ განგებ შევიკავე თავი ხანძრის ადგილას მისვლისგან და კამერებთან იმაზე ლაპარაკისგან, რაზეც საკმარისი ინფორმაცია არავის გვქონდაო. არ შეიძლება, ასეთი ამბები და მისი თანხმლები ემოციები პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოვიყენოთო. აბა, რა, მხოლოდ ველოსიპედი წერს უანგარო ქულებს.

ხოშტარიამ დაგვარიგა: ახლა მთავარია, ყველამ ერთად ვიმუშაოთ ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ვიბრძოლოთ, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს საქმე დროულად და ბოლომდე გამოიძიონო. ჯერ ერთი, მაშინ ბრძოლა ვინ დაუშალა, იმ „წინა შემთხვევებისას“ და მეორე _ რომელი საქმე ნახა დროულად და ბოლომდე გამოძიებული?

და მესამე: ყველამ ერთად მაინც რანაირად უნდა ვიბრძოლოთ ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად? თან ადგილზე მიუსვლელად? ფეისბუკზე ვპოსტოთ „ჩაქრი, ჩაქრი“, თუ საკუთარი აივნიდან ვასხათ წყალი ტაშტებით?

მაინც, როგორია მისი ოცნების თბილისი? ქალაქი წყალს რომ მიაქვს ხოლმე მათი უთავბოლობით და შემდეგ იმით რომ გვახარბებენ, _ ყველა ერთად ვუმკლავდებით სტიქიასო? აკი, მოგვაძახა კიდეც ეგ წარდგენისას: „2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებული ჭრილობები“.

დიახ, თურმე, ნაცვლად იმისა, რომ სპეციალურ უწყებებს, რომლებსაც ფულს ვუხდით, მოვთხოვოთ ჯერ ტრაგედიის თავიდან აცილება და ტრაგედიის შემდეგ შედეგების აღმოფხვრა, თურმე, უნდა გვიხაროდეს, რომ მათ საკეთებელს ისევ ჩვენ ვაკეთებთ ერთად, უნდა გვიხაროდეს, კახის რომ ვხედავთ ბოტებში.

მაინც, როგორია მათი ოცნების თბილისი? _ ქუჩაში ბეჰემოტი რომ დააბოტებს, თუ ვეფხვი რომ მუშით სადილობს იმ ნაჭრილობევ თბილისში?!

და თუ ასეთი ძლიერი კანდიდატი ჰყავთ, როგორც ამაყობენ, რისი ეშინიათ? მერე რა, რომ ნირწამხდარია მათი სიამაყე…

მაინც, რას გულისხმობს „ჩემი ოცნების თბილისი“ და მერობის კანდიდატის მთავარი მეოცნების გარეშე წარდგენა? ბიძინას გარეშე ჩატარებულ კამპანიას თუ თბილისს ბიძინას გარეშე? რატომაა ასე დამფრთხალი „ქართული ოცნება“, თუ ბიძინას გარეშეც შეუძლია ფრენა და საარჩევნო ცის კამარაზე ნავარდი? სად გაქრა ძველი რიხი და შემართება?

ალბათ იმიტომ, რომ მშვენივრად აცნობიერებენ, ისევე როგორც რეალური ძალაუფლება, ელექტორატიც ივანიშვილის ეკუთვნის. საკმარისია პროცესებიდან მისი დისტანცირება და ის ელექტორატი უგზოუკვლოდ დაიქსაქსება. კარგად იცის კალაძემ, რომ ბიძინას გარეშე მთავარი მდგენელი ხელიდან გამოეცლება და შემდეგ ვეღარც გაყალბება, ვეღარც ადმინისტრაციული რესურსი და ვეღარაფერი უშველის… როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ზუსტად ისევე ეკუთვნის „ოცნების“ ელექტორატის უმრავლსეობა ბიძინა ივანიშვილს და უბიძინობის შემთხვევაში, კალაძეს ისევ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი თუ წაეხმარება, ისევ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რაღაც სეგმენტში, არსებული გაუნელებელი ზიზღი თუ შეეხიდება, მაგრამ ამით ის კონკურენციას მხოლოდ ელენე ხოშტარიას თუ გაუწევს და საარჩევნო კამპანიაში საკუთარი ჯიბიდან დახარჯული ფული წყალში ჩაეყრება. იცის ეს კახი კალაძემ და ამიტომაცაა სევდიანი გრუშე ვაჩნაძესავით. ნახეთ, რა სევდა და შემპარავი თხოვნაა მის ამ სიტყვებში: „განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო. ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში“.

იცის, რომ ახლაც გაჭირვების ჟამი უდგას და თბილისისგან მოფერებას ითხოვს. ცოტაც და შალვა ნათელაშვილის მხნეობას, გამბედაობასაც მოიკრებს და პირდაპირ შემოგვძახებს, _ მანდეთ თბილისიო.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ასე გასტანს არჩევნებამდე. სამი თვე ისე არაა არაფერი, თორემ წინასაარჩევნო პერიოდისთვის საკმაოდ ხანგრძლივი დროა და ძალიან ძნელია იმის თქმა, საბოლოოდ როგორ დალაგდება სიტუაცია, რა პეიზაჟი დაიხატება და ვის სასარგებლოდ.

მაგრამ ერთია, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, ვინ, საზოგადოების რა ნაწილი, როგორი ნაწილი ეიმედება ამ ხელისუფლებას არჩევნებზე _ აი, იმ მაღაზიადაბუგულისნაირი, „რუსთავი 2“-ს რომ მაინც არ აძლევდა კომენტარს…

ისე, ერთი მხრივ, ეს გაჩაღებული „ცეცხლთაყვანისმცემლობა“, მეორე მხრივ, წყლის სტიქია, რომელიც ჟამიდან ჟამზე გვიტევს და ცალკე კიდევ მიწის კანონი, რაღაც გარკვეულ სურათს კი ქმნის „ქართული ოცნების“ სტიქიებთან ურთიერთობის…

 

რეზო შატაკიშვილი