რატომ აქციეს კონკურსგავლილი საჯარო მოხელეები შტატგარეშე მოსამსახურეებად?

ბოლო დღეების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტებში დასაქმებული, კონკურსგავლილი საჯარო მოხელეების ხელშეკრულებებზე გადაყვანა მასობრივად დაიწყეს. ეს პროცესი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლებისა და მერების წარმომადგენლებს (ე. წ. სოფლის რწმუნებულებს), მრჩევლებსა და თანაშემწეებს შეეხო. ეს ადამიანები საშტატო ნუსხიდან ამოვარდებიან და მათ შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებლები აცხადებენ, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მას შემდეგ მიიღეს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადა მოახლოვდა და ამ კანონის 125-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების სამართლებრივი სტატუსი საჯარო მოსამსახურის სახეების შესაბამისად უნდა განესაზღვრათ. როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაცია საჯარო სამსახურის ბიურომ ისე გასცა, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაუვლია.

ჩანს, ამ უწყებას არც ის გახსენებია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10%-ს“. აღმოჩნდა, რომ, რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მუნიციპალიტეტები დილემის წინაშე დადგნენ, ვინაიდან, ამ ადამიანების ხელშეკრულებით აყვანით კოდექსით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებენ. თუმცა გამოსავალი აქაც მოინახა და საქართველოს პარლამენტმა სახელდახელოდ კენჭი უყარა ცვლილებების პროექტს, რომლითაც 6 თვით _ 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე _ ამ 10%-იანი ლიმიტის მოქმედება შეაჩერა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 125-ე მუხლზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ბოლო დღეებში ახალი საშტატო ნუსხები დაამტკიცეს, რომლებშიც გამგებლებისა და მერების წარმომადგენლები, მრჩევლები და თანაშემწეები აღარ არიან. მათ შრომითი ხელშეკრულებები 1-ლი ივლისიდან გაუფორმდებათ. არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, ისევე, როგორც მრჩევლებსა და თანაშემწეებს, გამგებელი/მერი საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა ნიშნავდეს, ვინაიდან მას წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში ეხმარება. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ენუქაშვილის განცხადებით: „მერი ირჩევა ხალხის მიერ პირდაპირი წესით, ე. ი. პოლიტიკური ფიგურაა, ანუ მას უნდა შეეძლოს, დააკომპლექტოს გუნდი თავისი შეხედულებისამებრ. მათ ევალებათ, არჩეული მერის პოლიტიკის მხარდამჭერები იყვნენ, ამიტომ სავსებით მართებულია, რომ წარმომადგენლები დაინიშნონ ხელშეკრულებით, მუნიციპალიტეტის არჩეული მერის უფლებამოსილების ვადით“.

თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მკაფიოდ არ განმარტავს, თუ ვინ შეიძლება იყოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ჩანაწერი ძალიან ზოგადია: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ჩაითვლება ის პირი, „რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე, ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება“. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის/მერის წარმომადგენელი ადგილობრივი პრობლემატიკის შესწავლასა და მუნიციპალიტეტის პირველ პირთან საკითხების მიტანას უზრუნველყოფს.

რატომ ჩაითვალა, რომ გამგებლის წარმომადგენლები არამუდმივ ამოცანას ასრულებენ, ან რატომ არიან ისინი დამხმარე მოსამსახურეები, ერთობ გაუგებარია, თუ რეკომენდაციის გამცემთა არგუმენტი მართლაც ის არის, რომ წარმომადგენლები კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირს არიან მიბმული, ამ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ უფორმდებათ ამ ადამიანებს შრომითი ხელშეკრულება და არა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებული პირიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლებამოსილების განხორციელებაში შეუწყობდა ხელს, როგორც ეს კანონში წერია.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, გამგებელი/მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. ის წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას. შესაბამისად, გამგებლები და მერები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს, ნიშნავენ. ამიტომაც იმის თქმა, რომ ეს ადამიანები არამუდმივ და დამხმარე სამუშაოს ასრულებენ, ამ არგუმენტის მქონეთა მხრიდან კანონის არცოდნაზე მიუთითებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კიდევ ისაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები კონკურსის წესით არიან დანიშნული. დღეს მათი ხელშეკრულებით გადაყვანა, უპირველესად, მათი უფლების დარღვევაა, ვინაიდან ისინი აღარ იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელეები, მათ არ შეეხებათ რანგირებისა და მობილობის წესი, არ მიენიჭებათ კლასი და არ ჩაირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით 1-წლიანი მუშაობის შემდეგ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, აქაც პროფესიული საჯარო მოხელე უპირატეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ამ ადამიანებს უფორმდებათ ვადიანი ხელშეკრულება და არავინ იცის, ვინ, როდის და რა მიზეზით შეუწყვეტს მას, მაშინ, როცა პროფესიული საჯარო მოხელეები უვადოდ ინიშნებიან. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებმა ისე მიიღეს, რომ კონკურსის წესით დანიშნული თანამშრომლებისთვის წინასწარ არავის უთქვამს, ხელშეკრულბით გადაგვყავხართ და პირობებს, ფაქტობრივად, გიუარესებთო.

„თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილება _ კანონდარღვევის კანონის ფარგლებში მოქცევის მორიგი მცდელობა _ ხელისუფლებამ სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებით აღმოფხვრა დილემა, რომლის წინაშეც დადგა მუნიციპალიტეტებში კონკურსგავლილი მოხელეების სახელშეკრულებო სისტემაზე გადაყვანით. რა იქნება 1-ლი იანვრიდან და ამოქმედდება თუ არა კოდექსში არსებული ნორმა კვლავ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღემდეა, წინაწარ ამის თქმა შეუძლებელია. ხელისუფლებამ უკვე დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის „მასშტაბურ რეფორმას“ იწყებს, ამიტომაც სულაც არ არის გამორიცხული, წინ კიდევ მეტი დილემური სიურპრიზი გველოდეს.

 

მაკა მოსიაშვილი