,,პიჯაკების საქმე” – რატომ დამალა პროკურატურამ ანზორ ჩუბინიძის პატაკები?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. პიჯაკების საქმის განხილვა გრძელდება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, თემურ ჯანაშიას, იმ პიჯაკების შეძენისთვის ასამართლებენ, რომელიც მისმა წინამორბედმა იყიდა.

ბოლო სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ანალოგიური ხარჯები, „ქარული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განკარგულების საფუძველზე, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესაც აქვს გაწეული.

ამ და სხვა საკითხებზე ქრონიკა+“-ს ადვოკატი ბექა ბასილაია ესაუბრება:

_ ბექა, პიჯაკების საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდა, _ გაირკვა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაცვის სპეციალური სამსახური ზუსტად იგივე ფორმით ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს პრეზიდენტის, პრემიერის უცხოურ ვიზიტებსა და საჩუქრებზე. კონკრეტულად და უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ…

_ როდესაც პიჯაკების საქმეზე ვსაუბრობთ, ამ საქმეს ერთადერთი ასპექტი აქვს _ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ეს არის პიარი. სამართალთან ამ საქმეს არანაირი შეხება არ გააჩნია. ეს პიარი, ჯერ კიდევ, ქალბატონმა იმერლიშვილმა დაიწყო პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იუშენკოს სტუმრად დახვედრის ხარჯები ააფრიალა: ეს იყო აბანოს ხარჯი, საპნის ხარჯი და კვებითი მომსახურების ხარჯი. ამ საქმით სურთ, ისე წარმოაჩინონ, თითქოსდა, მიხეილ სააკაშვილი რაღაც დიდ თანხებს ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამით უნდა დააკომპენსირონ ის მითი, რომ თითქოს სააკაშვილმა რამდენიმე მილიარდი „შეჭამა“ მაშინ, როდესაც ე. წ. პიჯაკების საქმის მასალებითაც კი დასტურდება, რომ 6 წლის მანძილზე სულ დახარჯულ 8 მილიონ ლარზეა საუბარი… მაგრამ ამ 8 მილიონი ლარიდან ლომის წილი დახარჯულია ავტოტრანსპორტის დაქირავებაზე საზღვარგარეთ, სასტუმროს მომსახურების ხარჯზე, კვებით ხარჯზე, მედიკამენტებსა და მკურნალობაზე, 2009 წლამდე ეს ხარჯები ჩვეულებრივ გაიწეოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. უბრალოდ, აგვისტოს ომიდან მოკლე ხანში ამ ხარჯების დაფარვამ სახელმწიფო სპეციალურ სამსახურში გადაინაცვლა საიმისოდ, რომ პრეზიდენტის დაცვის ღონისძიებები უფრო გამკაცრებულიყო და სხვა ხარისხში გადასულიყო. მოგეხსენებათ, მტერი სახელმწიფოს პრეზიდენტი უკვე ღიად იმუქრებოდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით. ეს არის რეალობა… თუმცა პროკურატურამ ეს რეალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა, _ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ფინანსთა მინისტრი გახდა ნოდარ ხადური, პრემიერ-მინისტრი გახდა ბიძინა ივანიშვილი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გახდა ანზორ ჩუბინიძე, ზუსტად იმავე ტიპის ხარჯების გაწევა გაგრძელდა, რა ხარჯებთან დაკავშირებითაც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალი წაყენებული… ანუ ბიძინამაც, ხადურმაც და ანზორ ჩუბინიძემაც თავიანთი ქმედებებით დაადასტურეს ამ ხარჯების კანონიერება, ლეგალურობა, მაგრამ პროკურატურამ თვალები დაიბრმავა, ნამუსი გაიწყვიტა _ თემურ ჯანაშიასაც და მიხეილ სააკაშვილსაც ბრალი წაუყენა და ამ დრომდე უსინდისოდ არ გვაძლევდნენ არანაირ მასალას, გვიმალავდნენ ანზორ ჩუბინიძის პატაკებსა და შესაბამის დოკუმენტაციას, სასამართლო შეცდომაში შეჰყავდათ, არ გვაძლევდნენ არანაირ მასალას, რომლითაც დავადასტურებდით, რომ ანზორ ჩუბინიძის პერიოდშიც ხდებოდა ხარჯების გაწევა…

რა მოხდა ახლა? დაახლოებით ორი პროცესის წინ აღმოვაჩინეთ, რომ დაცვის მხარისთვის გადმოცემულ დისკზე, სადაც დასკანერებული მასალები იყო ჩაწერილი, ანუ სდს-დან ამოღებული საბუთების ასლები და ა. შ., რამდენიმე ისეთი საქაღალდე აკლდა, რაც სასამართლოსთვის წარდგენილი იყო… სასამართლოს მოთხოვეთ, რომ მისი დისკის ანალოგი, ასლი მოეცა. ახლა წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რაზეა საუბარი: ამ დისკზე ჩაწერილია რამდენიმე გეგაბაიტი ინფორმაცია, დასკანერებული სახით წარმოდგენილი, საუბარია, მინიმუმ, რამდენიმე ათას ფურცელზე. 47 მარტო საქაღალდეა, ქვესაქაღალდეები და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ 47 ფაილიდან რამდენიმე გვაკლდა. სასამართლოდან გადმოცემული მასალების ძალიან დეტალურად გავლის შემდეგ თემურ ჯანაშიამ აღმოაჩინა, რომ ბრალდების მხარეს 2013 წელსვე, როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო, უკვე ამოღებული ჰქონია სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან 2013 წლის 26 თებერვლის პატაკი ანზორ ჩუბინიძის სახელზე. პატაკს ანზორ ჩუბინიძის რეზოლუცია ადევს, რომლითაც დაცვის სამსახურის თანამშრომელი 50 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს პრეზიდენტის ფარული დანახარჯების ასანაზღაურებლად. სწორედ იდენტურ პატაკებზე აქვს თემურ ჯანაშიას ბრალი წაყენებული. მაგრამ, როგორც ჩანს, როდესაც ბრალდების მხარემ მასალები ამოიღო, ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან რამდენიმე ათასი დოკუმენტია ამოღებული… ამოღების შემდეგ ეს დოკუმენტი გარკვეულ დასკვნებში მოხვდა და შემდეგ, უბრალოდ, ვერ გააქრობდნენ საქმიდან, მაგრამ ხრიკს მიმართეს _ საქაღალდეს დაარქვეს „ლურჯი ბაინდერი-2012“ და მასში მოათავსეს 2013 წლის დოკუმენტები. თვითონ ფაილს დაარქვეს „2012 წლის საიდუმლო პატაკები“ მაშინ, როდესაც საქაღალდეში დევს 2013 წლის პატაკები. მაქსიმალურად შეეცადნენ დოკუმენტების მიჩქმალვას. ამასთან ერთად, როდესაც სასამართლო პროცესზე მოწმეებს ვკითხავდით, ვაპელირებდით, რომ თემურ ჯანაშიას ხელმძღვანელობის შემდეგაც გაიწეოდა ამ ტიპის ხარჯი. ბრალდების მხარე ყოველთვის აპროტესტებდა ჩვენს კითხვებს. ამბობდა, რომ ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება არ არსებობდა, ფაქტობრივად, სასამართლო შეცდომაში შეჰყავდათ. ამ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, როდესაც ისინი მკაფიოდ დავადანაშაულეთ შერჩევით მართლმსაჯულებაში, ხმა ვერ ამოიღეს, თავიანთთვის ჩუმად ისხდნენ. დამატებით წარვადგინეთ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსის, ვალერიან კილაძის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 2013 წლის თებერვლიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით, როდესაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა სდსს-ს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას და ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრობისას, მილიონ ლარამდეა მარტო ამ კონკრეტული დაცვის თანამშრომლის ანგარიშზე ჩარიცხული პრეზიდენტის ფარული ხარჯების დასაფარად და შემდეგ ამონაწერში ჩანს, თუ როგორ იფარება ეს ფარული ხარჯები…

_ დავაზუსტოთ: პრეზიდენტი ამ დროს ისევ მიხეილ სააკაშვილია…

_ კი ბატონო… ანუ პარალელურად პროკურატურა იძიებს საქმეს, ისმის ათასგვარი ცილისწამება, კონტროლის პალატა ამ დოკუმენტებს ამის პარალელურად სწავლობს, ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩართულობით, ნოდარ ხადურის რეზოლუციებით და ანზორ ჩუბინიძის პირადი მონაწილეობით გრძელდება იმავე ტიპის ხარჯების გაწევა.

ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ არც თემურ ჯანაშიას და არც მიხეილ სააკაშვილს არანაირი დანაშაული ამ ხარჯების გაღებასთან დაკავშირებით არ ჩაუდენიათ, უბრალოდ, პიარული თვალსაზრისით შეეცადა „ოცნება“, როგორღაც, შეეფუთა და გაეყიდა ეს საქმე, მაგრამ პიარი თავზე ჩამოენგრა იმიტომ, რომ ეს დღესდღეობით სამარცხვინო საქმეა, შერჩევითი სამართლის მკაფიოზე მკაფიო ნიმუში. აქ არ არის რაღაც შესაფასებელი საკითხები, რომ იქნებ, სხვა პირთან სხვა გარემოებები იყო… არა, _ გარემოებები აბსოლუტურად იდენტურია, თანამდებობის პირები იგივე თანამდებობის პირები არიან, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები ანალოგიურია. რაც შეეხება თანხების ხარჯვას, ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პირობებში, ფაქტობრივად, არანაკლები ხარჯებია გაწეული, ვიდრე თემურ ჯანაშიას ხელმძღვანელობის პირობებში იყო… ამასთანავე, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ყველა ეს თანხა, რაც თემურ ჯანაშიას, თუ ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პირობები გაიხარჯა, ძირითადად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხების განაწილებაზე უფლებამოსილია თავად პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, ამ საქმეში პრეზიდენტის განკარგულებები არსებობდა სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის თანხების გამოყოფის თაობაზე. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არათუ უფლებამოსილი იყო, ეს ხარჯი გაეწია, არამედ ვალდებულიც გახლდათ, უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება შეესრულებინა. პარალელურად, ფინანსთა სამინისტრომ, საგადასახადო დავალებებიანად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტში ეს თანხა უკვე ჩასვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ამ შემთხვევაში, ვალდებულია, საბიუჯეტო წლის ბოლომდე ეს თანხა ამოწუროს და დახარჯოს. ამას აკეთებდა ნოდარ ხადურიც, ბიძინა ივანიშვილიც, თემური ჯანაშიაც და ანზორ ჩუბინიძეც.

_ როგორი იყო ბრალდების მხარის პოზიცია, როცა ეს დოკუმენტები სასამართლოს წარუდგინეთ? რაიმე განმარტებები გააკეთეს თუ არა?

_ ძალიან სასაცილო და სამარცხვინო განმარტებები იყო, _ ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ეს შემხებლობაში არ არის საქმესთან, რომ ამ დოკუმენტის მოპოვება დაცვას შეეძლო ამ სასამართლოს სხდომებამდეო.  დოკუმენტებს ვერაფრით მოვიპოვებდით სასამართლო პროცესებამდე, იმიტომ, რომ ანზორ ჩუბინიძისთვის წარდგენილი ეს პატაკი დამალული იყო სასამართლოსთვის გადაცემულ ასლებშიც, თორემ, დაცვის მხარისთვის ეს არც აღკვეთის ღონისძიების სხდომის ჩატარებამდე გადმოუციათ და არც საქმის არსებითი განხილვის პროცესში, ანუ ჩვენ რომ არ აღმოგვეჩინა, რომ ჩვენს დისკს დოკუმენტები აკლდა, საერთოდ ვერ ვნახავდით ამ პატაკებს საქმის დასრულების ჩათვლით პერიოდში. 12 ათას ფურცელში არც სასამართლო მოქექავდა ამ დოკუმენტს ხომ, ფაქტია…

პატაკების აღმოჩენის შემდეგ ბრალდების მხარემ ამ აღმოჩენილ დოკუმენტთან დაკავშირებით ხმა ვერ გაგვცა. რაც შეეხება საბანკო ამონაწერს, ბრალდება ამბობს, რომ საქმისთვის რელევანტური არ არისო. მაგრამ როგორ არ არის რელევანტური? _ ეს ამონაწერები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებების საფუძველზე, რაზედაც თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვთ წაყენებული, ანზორ ჩუბინიძე და ნოდარ ხადური აგრძელებდნენ მსგავსი ტიპის ხარჯის გაწევას და ამასთან დაკავშირებით საქმე იხილება, სწორი იყო თუ არა ამ ხარჯის გაწევა.

თუ ამ ხარჯს ყველა მთავრობა გასწევს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება გვაქვს, ეს როგორ შეიძლება ადეკვატური და რელევანტური არ იყოს საქმისთვის?

_ ბექა, რით ახსნეს, მაგალითად, ის, რომ სასამართლოსთვის გადაცემულ მტკიცებულებებში იყო ეს დოკუმენტები და თქვენთვის გადმოცემულ მტკიცებულებებში არ იყო?..

_ ამასთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღიათ, უბრალოდ, ჩუმად ისხდნენ და მორჩა… მეტიც, ეს დოკუმენტი რომ საქმეში იყო, ამის დასტურიც არ გაუციათ, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს მთელ საქმეს ანგრევს, ეს მათი ძალიან დიდი შეცდომაა, ანუ შეცდომა იმ თვალსაზრითი, რომ ობიექტური პროკურატურის პირობებში, რა თქმა უნდა, მათ პირველებს უნდა გადმოეცათ და თვითონ უნდა გაესვათ ხაზი, რომ აი, ასეთი პრაქტიკა შემდეგშიც გრძელდებოდა, მაგრამ ეს ხომ ობიექტური პროკურატურა არ არის, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის მანქანა.

ეს რომ გაეპარათ, ანუ სხვანაირად რომ ვერ შეფუთეს, გარდა იმისა, რომ რაღაც ბავშვურად სხვა სახელები დააწერეს და იმის იმედად გაიტანეს, რომ თემურ ჯანაშია და ბექა ბასილია გულდასმით არ ჩაუსხდებიან ამ ფაილებს და ვერ აღმოაჩენენ 12 ათას ფაილში, თვალი აუჭრელდებათ და ვერ იპოვიანო, ამის იმედზე რომ იყვნენ და ეს რომ გამოუაშკარავდათ, ძალიან დიდი შეცდომაა, მაგრამ ვფიქრობ, იმ პროცესზე, ამასთან დაკავშირებით, ზუსტად იმიტომაც ვერ ამოიღეს ხმა, რომ ძალიან მოულოდნელიც იყო ეს აღმოჩენა, რაც ჩვენ გავაკეთეთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, ვინც ეს დოკუმენტი ამოიღო, გამომძიებელსაც მაგრად უსაყვედურებენ და იმ გამომძიებელსაც, ვინც შემდეგ დისკზე გადაიტანა…

_ სახელისუფლებო მედია  სასამართლო პროცესების შემდეგ აპელირებდა, რომ დაცვის წევრებმა თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, რომ ეს თანხები უკანონოდ იხარჯებოდა. ასეთი ფორმულირებით მიეწოდა სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენები საზოგადოებას. რეალურად როგორ იყო?..

_ სავარაუდოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტზეა საუბარი. უბრალოდ, ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია ხომ უაღრესად სამარცხვინოა და ახსნას არ ექვემდებარება, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი პროკურორების პოზიციაზე სამარცხვინო იყო, პროკურორებსაც კი არ უთქვამთ იმდენი უმსგავსობა, რაც მათ თქვეს. იმიტომ, რომ არც ერთ მოწმეს (მით უმეტეს, იმ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ანზორ ჩუბინიძის პერიოდშიც იქ მუშაობდნენ), არ უთქვამს, რომ ან თემურ ჯანაშიამ, ან მიხეილ სააკაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინეს. პირიქით, დღემდე დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ 2009 წლამდე ეს ხარჯი გაიწეოდა, ოღონდ გაიწეოდა ადმინისტრაციის მხრიდან და შემდგომში დაცვის ღონისძიების ასამაღლებლად დაიწყო სდსს-მ ამ ხარჯის გაწევა. ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ეს დაიწყო ოთარ ქველიძემ, რომელსაც მოცემულ საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და ესეც ერთ-ერთი დიდი შავი ლაქაა აღნიშნულ საქმეში. სამარცხვინო ადამიანია ოთარ ქველიძე, როდესაც მის დროს მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, როდესაც მან დაიწყო ამ ტიპის ხარჯების გაწევა, როდესაც მან მისცა პირდაპირი დავალებები დაცვის წევრებს, რომ ეს ასე უნდა მომხადრიყო. ქველიძეს მოწმის სტატუსი აქვს და თემურ ჯანაშიას, რომელიც თანამდებობაზე ქველიძის შემდეგ დაინიშნა, ეს პრაქტიკა უკვე დახვდა და პრაქტიკა, უბრალოდ, განაგრძო, ბრალდებულის სტატუსი აქვს. არადა, დაყადაღებული ქონება სწორედ ქველიძის დროსაა ნაყიდი… შესაბამისად, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ მოწმეს აქამდე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ბრალეულობა არ დაუდასტურებია და ბუნებაში ვერც დაადასტურებს, იმიტომ, რომ დანაშაული ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ. ის, რაც ხდებოდა, თუ ეს დანაშაულია (ანუ თუ დაცვის მხარე შეფასებებში ცდება და არასწორად ამბობს), მაშინ იგივე დანაშაული ჩაიდინა ნოდარ ხადურმა, ბიძინა ივანიშვილმა, ანზორ ჩუბინიძემ, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში ყველა იმ ადამიანმა, ვინც ასეთი განკარგულებების  აღსრულების პროცესში მონაწილეობდა. საუბარია, დაახლოებით, 3-4 მინისტრზე, მათ მოადგილეებზე, ხაზინის ხელმძღვანელობასა და ა. შ.

ამავდროულად, თუ ეს დანაშაულია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი ამ დანაშაულის თანამონაწილე ყოფილა და თუ ეს დანაშაულია, უშიშროების საბჭოც თანამონაწილე ყოფილა, იმიტომ, რომ „გრიფის“ საკითხი და ამ ტიპის ხარჯები _ სდსს-თვის დაკისრების საკითხი _ სწორედ უშიშროების საბჭოზე გადაწყდა. თუ ამ ტიპის ხარჯების გაწევა დანაშაულია, მაშინ 2009 წლამდე ადმინისტრაციას რაც ხარჯი აქვს გაწეული, ისიც დანაშაული ყოფილა და 2013 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით _ ღარიბაშვილის სპეცრეისები იყო თუ ა. შ., რა წარმომადგენლობითი ხარჯიც გაწია, ყველა უკანონო ყოფილა… მაშინ, 600 მემილიონე ტურისტი რომ მივიღეთ ახლა, ესეც დანაშაულია.

_ ბოლოს და ბოლოს, თანხები დაადგინეთ თუ არა? რა დაჯდა ეს ღონისძიება?..

_ არ ვიცით, ამ დრომდე არ გვაძლევენ…

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, _ ეს ანალოგიურია იმ ბრალდებისა, რაც წაყენებული აქვთ თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილს… გაწეული ხარჯი ერთი ერთში იდენტურია თავისი შინაარსითაც და ფორმითაც. მაგალითად, როდესაც საქართველომ ტელეკომპანია „პიკის“ ჟურნალისტებს უმასპინძლა, მათი სასტუმროსა და საჩუქრების ხარჯები გაწიეს, იქაც პიარზე იყო მიბმული ეს თემა და აქაც პიარზეა მიბმული… ახლა, გემოვნების საკითხია, თუკი ვინმეს იქ არ მოეწონა, რომ ჟურნალისტი ქალბატონი იყო და აქ ჯასპერ ბლექი მამაკაცია და ეს მოსწონს, გემოვნების საკითხია, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, ორივე შემთხვევაში, იდენტური ხარჯებია…

_ ახსნა რა არის, _ ამ 600 მემილიონე ტურისტის ვიზიტის ხარჯებს გრიფით საიდუმლო ადევს, თუ, უბრალოდ, არ გპასუხობენ?..

_ უბრალოდ, არ გვპასუხობენ. აქ ერთი გზაა, რომ სასამართლოში ვუჩივლოთ, მაგრამ ისე ხშირად არ გვაძლევენ ხოლმე საჯარო ინფორმაციებს, მთავარ საქმეს მოვწყდებით და ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვებაზე დავა მოგვიწევს, ისეთ ინფორმაციაზე, რაც ისედაც ხელის გულზე დევს და ზუსტად მათი სირცხვილია, რომ ამას არ იძლევიან. პირდაპირ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი უაღრესად სამარცხვინო პოზიციაშია ამ საქმესთან მიმართებით. პროკურატურა დანაშაულს სჩადის თემურ ჯანაშიასთან მიმართებით. რატომ ედავება თემურ ჯანაშიას იმას, რაც ანალოგიურად განახორციელა კვირიკაშვილმა? ამ ადამიანს ნამუსი როგორ არ ჰყოფნის, რომ ინფორმაცია მოგვაწოდოს?! მაგრამ სირაქლემის პოზა უჭირავს, წაყრუებული აქვს და პოზიორობს კამერების წინაშე, ვითომ კარგი ადამიანია. ამ დროს კი, რეალურად, ფარისეველია. იგი იმ ინფორმაციასაც კი არ გვაწვდის, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მხოლოდ ბრალდებულის ადვოკატისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის.

_ დაელოდებით თუ არა გამამართლებელ განაჩენს, გარისკავს თუ არა სასამართლო და გაითვალისწინებს თუ არა ამ დოკუმენტაციას?

_ ჩვენ რომ შევხედოთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკურ საქმეებზე რა გადაწყვეტილება მიიღება, ამ ფონზე მოსამართლის სიმამაცის მოლოდინი რომ გვქონდეს, ძალიან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თუმცა, ამავდროულად, დღემდე პროცესი იმდაგვარად მიმდინარეობს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოუდგენელია, როგორ უნდა გამტყუნდეს თემურ ჯანაშია, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, მაგრამ „რუსთავი 2“-ის საქმის შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იკადრა,  კონკრეტულ მოლოდინებზე საუბარი, რომ პიჯაკების საქმეში სამართალი და სიმართლე იზეიმებს, ცოტა გადაჭარბებული იქნება.

 

ელისო კილაძე