ვერმახტის რიგებში საქართველოს სახელით (ნაწილი მესამე)

დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##21;23.

1942 წლის შემოდგომაზე ვერმახტის ხელმძღვანელობამ ქართული ლეგიონის აღმოსავლეთის ფრონტზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. წითელი არმიის წინააღმდეგ  საბრძოლველად, თავდაპირველად, ორი ქვედანაყოფი: 795-ე და 796-ე ბატალიონი გადაისროლეს, რომლებსაც, ერთგვარად, საცდელი მნიშვნელობა ენიჭებოდათ. მათი მეშვეობით გერმანელები ნაციონალური შენაერთების ერთგულებისა და ბრძოლისუნარიანობის ტესტირებას ცდილობდნენ.

პოლონეთში შექმნილ სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე მომზადებული ქართული ლეგიონის წევრები, ერთი შეხედვით, საბჭოთა სახელმწიფოს მტრები იყვნენ, რომელთა ძირითად მიზანს „წითელი ჭირისგან“ საქართველოს განთავისუფლება წარმოადგენდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა ასე, სინამდვილეში, მებრძოლთა მოტივაცია და საბრძოლო სულისკვეთება სულაც არ იყო ასეთი ერთგვაროვანი. ლეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობდა, რომელიც, საერთო ჯამში, ამ ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობას აქვეითებდა.

რაში მდგომარეობდა ეს პრობლემები და რა წარმოადგენდა ლეგიონის სუსტ მხარეს? ამ თვალსაზრისით, ორი ძირითადი საკითხია გამოსარჩევი, რომელიც გერმანელთა მიერ ნაციონალური ბატალიონების მართვის დროს დაშვებულ შეცდომებსა და თავად ლეგიონერთა არამდგრად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს.

დავიწყოთ ფსიქოლოგიური ფატორიდან: მიუხედავად იდეოლოგიური დამუშავებისა, ლეგიონის მებრძოლთა ნაწილს ქვეცნობიერად მიაჩნდა, რომ მან სამხედრო ფიცს უღალატა და მტრის მხარეს გადავიდა. ისინი იმასაც აცნობირებდნენ, რომ ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, მათ არ დაინდობდნენ და სასტიკად გაუსწორდებოდნენ. ზოგიერთი იმასაც ფიქრობდა, რომ ფრონტზე შესაძლებელი იყო, ქართველების წინააღმდეგ ებრძოლა, ეს კი დამატებითი ფსიქოლოგიური დისკომფორტის საფუძველი გახლდათ.

ამდენად, ბოლშევიზმის ფანატიკური მოწინააღმდეგეების გარდა, ბატალიონის პირადი შემადგენლობის გარკვეული ნაწილი მაინც ითრგუნებოდა. ისინი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გერმანელებთან თანამშრომლობას დასთანხმდნენ, ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს და ახლა, უბრალოდ, დინებას მიჰყვებოდნენ.

ლეგიონის შექმნისას გერმანული სარდლობა ასეთი პრობლემის წარმოშობის ალბათობას უშვებდა და მის გასანეიტრალებლად კონკრეტული რეგულაციის შემოღება სცადა: სპეციალური ბრძანების თანახმად, ნაციონალურ ბატალიონებში მებრძოლთა შერჩევის მკაცრად გაწერილი წესი მოქმედებდა, _ ლეგიონში ჩარიცხვა მხოლოდ ნებაყოფლობით, ძალდატანების გარეშე უნდა მომხდარიყო. ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა, რომ ის მეომარი, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს გამოთქვამდა, ბოლშევიზმის იდეური მოწინააღმდეგე იყო.

ქართველ საბჭოთა ტყვეებს გერმანელები არჩევანის წინაშე აყენებდნენ. მათ შეეძლოთ, იარაღი აეღოთ და ლეგიონის შემადგენლობაში ფრონტზე  წასულიყვნენ, ან ვერმახტის არასამწყობრო ნაწილებში ემსახურათ. ასეთი ნაწილები იყო, მაგალითად,  დაცვის, საგზაო, სამშენებლო, სარკინიგზო ასეულები. უნდა ითქვას, რომ, ამ შემთხვევაში, მათ სამხედრო ტყვის სტატუსი უნარჩუნდებოდათ. თუ ტყვე ორივე ვარიანტზე უარს აცხადებდა, იგი საკონცენტრაციო ბანაკში რჩებოდა, სადაც მას, დიდი ალბათობით, სიკვდილი ელოდა.

თავისთავად ცხადია, რომ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამიანი, რომელსაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, შორს იდგა პლაკატური თავდადებისგან და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდა. სწორედ ამიტომ გერმანელთა მიერ შემუშავებული ნებაყოფლობითობის პრინციპი, რეალურად, ნაკლებად მუშაობდა.

ლეგიონერთა შესარჩევად შემუშავებული წესი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ეყრდნობოდა: ჯერ კიდევ 1941 წლის შემოდგომაზე ვერმახტის გენშტაბთან არსებული სამხედრო ტყვეების სპეციალური განყოფილება საკონცენტრაციო ბანაკების ხელმძღვანელობისგან მკაცრად ითხოვდა, გაემიჯნა გერმანიის მხარეს საკუთარი ნებით გადასული ჯარისკაცები საბრძოლო ოპერაციების შედეგად დატყვევებული მეომრებისგან.

ბატალიონების დაკომპლექტებისას, სწორედ, იმ ტყვეებს უნდა მინიჭებოდათ უპირატესობა, რომლებიც თავისი სურვილით ბარდებოდნენ ფრონტის ხაზზე გერმანელებს. მიზეზი თვალსაჩინო იყო _ ასეთ ჯარისკაცებს, ხშირ შემთხვევაში, მართლა ანტისაბჭოთა განწყობა ჰქონდათ, სძულდათ ბოლშევიკური სისტემა და გერმანელთა ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ. მათ იდეოლოგიური დამუშავებაც კი არ სჭირდებოდათ. ეს კატეგორია ვერმახტის დასახმარებლად ისედაც მზად იყო. ასეთი განწყობა ნაკლებად, ან საერთოდ არ ჰქონდათ ბრძოლის ველზე, ან ალყის დროს დატყვევებულ ჯარისკაცებს, რომლებიც, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით აღმოჩნდნენ გერმანელთა ხელში და, ბოლშევიზმის დამარცხებაზე მეტად, საკუთარი სიცოცხლე ადარდებდათ.

მაგრამ ერთია, თუ რა ეწერა დირექტივებში და მეორეა, თუ როგორ სრულდებოდა ეს დირექტივები სინამდვილეში. საომარი პერიოდის ქაოსურ ვითარებაში ტყვეთა უზარმაზარი ნაკადის ჯეროვანი გაფილტვრა გერმანული პედანტიზმით აწყობილ სისტემასაც კი გაუჭირდა. რეალურად, ნაციონალურ ბატალიონებში მებრძოლთა გაწევრიანება, ხშირად, დაუდევარი, ზერელე და ზედაპირული გადარჩევის მეთოდით ხდებოდა. ასეთი მოცემულობის გამო ლეგიონის შემადგენლობაში არათუ ნეიტრალური პირები, არამედ, ზოგჯერ, აშკარად საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი ელემენტებიც კი ხვდებოდნენ. ეს კატეგორია ლეგიონერთა შორის ფარულ საბჭოთა პროპაგანდას ეწეოდა და მიზანმიმართულად აქვეითებდა ისედაც დაბალი დონის სულისკვეთებას. ქვედანაყოფის ფრონტზე მოხვედრის შემდეგ კი პროსაბჭოურად განწყობილი პირები ლეგიონის მებრძოლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში წითელი არმიის მხარეს გადასვლას ცდილობდნენ. ასეთი იყო, ზოგადად, ქართული ლეგიონის წევრთა სულისკვეთება.

რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გერმანელთა მიერ ნაციონალური ბატალიონების მართვისას დაშვებულ შეცდომებს გულისხმობს. თავისთავად ცხადია, რომ ლეგიონის ფორმირებას ვერმახტის ოფიცრები და ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. გერმანელები ამ საქმეს სტანდარტულად მიუდგნენ. ნაციონალურ ბატალიონებში ბრძანების წესით ჩვეულებრივი ოფიცრები და ინსტრუქტორები მიავლინეს და მიიჩნიეს, რომ ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა სრულყოფილი საბრძოლო ქვედანაყოფის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ასე მარტივი არ იყო, _ ნაციონალურ ბატალიონებში მივლინებული გერმანელი ოფიცრები ლეგიონერებთან ელემენტარულ კონტაქტს ვერ ამყარებდნენ. მათ არათუ კავკასიური ენები, ზერელე რუსულიც კი არ იცოდნენ. მათთვის, ასევე, უცხო იყო კავკასიელთა ზნე და მენტალიტეტი. დაირღვა კომუნიკაცია, ჯარიკაცებსა და ოფიცრებს შორის ვერ შედგა მყარი კავშირი, კავკასიელები გერმანელთა მოთხოვნებს გაჭირვებით ხვდებოდნენ და ეს ხშირად გაუგებრობას იწვევდა.

გარდა ამისა, პრობლემა იყო სამხედროთა რანგირების კუთხითაც. გერმანელი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კავკასიელთა ლეგიონი ტყვეებისა და კოლაბორაციონისტების კრებულს წარმოადგენდა. მათ ეჭვით უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ლეგიონერებს ვერმახტის ფორმის ტარების უფლება ბრძოლაში უნდა დაემტკიცებინათ.

ამ პოზიციიდან გამომდინარე, ბატალიონში ყველა საკვანძო თანამდებობა გერმანელებს ეკავათ და ყველა დონეზე მართვას მხოლოდ ისინი ახორციელებდნენ. ქართველი ოფიცერი მხოლოდ ნომინალურად იყო ამა თუ იმ ქვედანაყოფის მეთაური. გერმანელ ფელდფებელს (ვერმახტის დაბალი რანგის სამხედრო ჩინი), რომელიც ქართველ მეთაურთან მრჩევლის სტატუსით იყო მიმაგრებული, რეალურად, მასზე უფრო მეტი უფლება ჰქონდა. ამ მხრივ, მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, მხოლოდ 1943 წელს გამოსწორდა, როდესაც ლეგიონში ემიგრანტი ქართველი ოფიცრები ჩარიცხეს. ქართველ ჯარისკაცებსა და გერმანულ პერსონალს შორის ისინი, ერთგვარი, შუამავლის როლს ასრულებდნენ. მათვე ევალებოდათ ლეგიონში საბჭოურად განწყობილი მებრძოლების გამოვლენაც.

ნაციონალურ ბატალიონებში ჩარიცხვისას გერმანული ადმინისტრაცია საერთოდ არ ითვალისწინებდა წითელ არმიაში მინიჭებულ წოდებებს. ლეგიონში ქვედა რანგის თანამდებობის მისაღებად ყოფილ საბჭოთა ოფიცერს უნტეროფიცერთა სპეციალური კურსები უნდა გაევლო, ოცეულის ან ასეულის მეთაურად დანიშვნისთვის კი მას ოფიცერთა სკოლა უნდა დაემთავრებინა, რომელიც აღმოსავლეთ ლეგიონების შტაბთან ფუნქციონირებდა.

ქართველ ოფიცრებს არ შეეძლოთ ვერმახტის ოფიცრის სამხრეებისა და განმასხვავებელი ნიშნების ტარება. გერმანელები უარს აცხადებდნენ ქართველი და გერმანელი ოფიცრების გათანაბრებაზე, რაც ქართველთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. გენერალი შალვა მაღლაკელიძე 795-ე ქართული ბატალიონის მეტყვიამფრქვევეთა ასეულის უფროსის, წითელი არმიის ყოფილი მაიორის, სიმონ ლომთათიძის შემთხვევას იხსენებდა: ლომთათიძისთვის შეურაცხმყოფელი იყო, რომ შეხვედრისას გერმანელები საჭიროდ არ მიიჩნევდნენ მისთვის სამხედრო სალამი მიეცათ. „წითელ არმიაში მაიორი ვიყავი და თურქესტანში მთელ პოლკს ვმეთაურობდი. აქ კი მხოლოდ ლეიტენანტის ჩინი მომცეს. რა გაეწყობა, ვიქნები ლეიტენანტი, მაგრამ მაშინ გერმანული არმიის ლეიტენანტის სამხრეები მაინც მომცენ. ამ სამხრეების გარეშე გერმანელები სამხედრო სალამსაც კი არ მაძლევენ“.

მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ქართველი ემიგრანტი ოფიცრებიც, რომლებმაც საქართველო გასაბჭოების შემდეგ დატოვეს და პოლონურ არმიაში მსახურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი, დიმიტრი შალიკაშვილი, მოგვიანებით წერდა, რომ ქართულ ლეგიონში შესვლისას გერმანელები მას პოლონურ არმიაში მიღებული სამხედრო წოდების შენარჩუნებას დაჰპირდნენ: „დაპირების მიუხედავად, გერმანელებმა სიტყვა არ შეასრულეს. ჩვენ გერმანული სამხედრო ფორმა დაგვირიგეს, რომელსაც რაღაც უცნაური განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. საერთოდ ვერ მიხვდებოდი, რომ ეს ფორმა ოფიცერს ეკუთვნოდა“.

ყოველივე ზემოთქმული საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ვერმახტის რიგებში შექმნილი ქართული ლეგიონის პოტენციური ბრძოლისუნარიანობა და მისი სულისკვეთება საშუალოზე დაბალ დონეზე იმყოფებოდა. ქართველი ემიგრანტების, იდეოლოგიურად საბჭოთა წყობის მოწინააღმდეგეებისა და პროსაბჭოურად განწყობილი ტყვეების გარდა, ლეგიონის ჯარისკაცთა ძირითადი მასისთვის სულ ერთი იყო, თუ ვის წინააღმდეგ იომებდა. ძლიერი პროპაგანდის შედეგად ამ ნაწილის უმრავლესობამ, შესაძლოა, საკუთარი თავი დააჯერა, რომ მათი მისია სამშობლოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლება და გერმანიის დახმარებით დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ძირითადი მამოძრავებელი მაინც სიცოცხლის შენარჩუნების ინსტინქტი გახლდათ. ისინი, რაღაცით, დაქირავებულ მებრძოლებსაც კი ჰგავდნენ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, იდეოლოგიური ჩარჩოებისგან თავისუფალი დაქირავებული მებრძოლის მთავარ მიზანს ანაზღაურება წარმოადგენს, ხოლო ლეგიონერთა ამ ნაწილის მთავარი მიზანი სიცოცხლის გახანგრძლივება იყო.

 

***

ქართული ბატალიონების აღმოსავლეთ ფრონტზე გაგზავნა ვერმახტის მიერ 1942 წლის გაზაფხულზე დაწყებულმა შეტევამ განაპირობა. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი კავკასიური ბატალიონების რეალურ ბრძოლაში გამოცდა.

მოსკოვთან განცდილი მარცხის შემდეგ ჰიტლერის ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდებოდა აღმოსავლეთ ფრონტზე წარმატების მიღწევა. სამხრეთის მიმართულება მესამე რაიხისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და მას მთელი ომის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. თუ ვერმახტი სამხრეთში წითელ არმიას შეავიწროებდა, გერმანიის ხელში სტრატეგიული დანიშნულების ნედლეული და სატრანსპორტო არტერიები აღმოჩნდებოდა, რომლის გარეშეც ომისგან ისედაც დანგრეულ საბჭოთა ეკონომიკას, სრული კოლაფსი დაემუქრებოდა.

გერმანიის არმიის წინსვლა გეოპოლიტიკური კუთხითაც აქტუალური იყო. თუ ვერმახტის ნაწილები კავკასიის გადალახვას და მდინარე ვოლგაზე ფეხის მოკიდებას შეძლებდნენ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში, დიდი ალბათობით, თურქეთი და იაპონია ჩაერთვებოდა, ეს კი ბოლშევიკების აღსასრული იქნებოდა.

გერმანიის ხელისუფლება იმ გარემოებასაც ითვალისწინებდა, რომ კავკასიის მისადგომებთან მას თერგისა და დონის კაზაკების სახით პოტენციური მოკავშირეები ჰყავდა. კომუნისტური ხელისუფლებისგან შევიწროებული კაზაკთა თემები საბჭოთა წყობის მიმართ ნეგატიურ განწყობას არ მალავდნენ და მზად იყვნენ, იარაღით ხელში ებრძოლათ. ანალოგიური განწყობა ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ ხალხებსაც. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 1940 წლის თებერვალში, ჩეჩნეთში ანტისაბჭოთა შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო, რომელსაც ჰასან ისრაილოვი მეთაურობდა. სპეცსამსახურების ძალისხმევით, საბჭოთა მთავრობამ მაშინ აჯანყების ნაწილობრივ ჩაქრობა შეძლო _ ისრაილოვის სამხედრო დაჯგუფებამ ტყეს შეაფარა თავი, 1942 წელს კი, როდესაც ვერმახტის ნაწილები კავკასიას მიუახლოვდნენ, ისინი კვლავ გააქტიურდნენ. კაზაკებთან და ჩრდილოკავკასიელებთან მიმართებით გერმანელთა ვარაუდი სავსებით გამართლდა. 1942 წელს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების დროს გერმანელთა მხარეს კაზაკთა და მთიელთა რამდენიმე ფორმირება იბრძოდა.

ვერმახტის გენშტაბში შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამხრეთის მიმართულებით გერმანელთა ფართომასშტაბიანი შეტევა 1942 წლის 18 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა.

მოსკოვის მისადგომებთან გერმანელთა შეკავების შემდეგ წითელი არმიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ამ წარმატებით ესარგებლა და ფრონტის სხვადასხვა უბანზე შეტევაზე გადასულიყო. ზამთრის განმავლობაში საბჭოთა მთავრობამ მთელი სიმძლავრით აამუშავა ურალში გადატანილი სამხედრო წარმოება, დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადა და ერთბაშად ცხრა სარეზერვო არმია შექმნა.

1942 წლის იანვარში, გერმანელების მიერ ოკუპირებული ხარკოვის სიახლოვეს, იზიუმის რაიონში, საბჭოებმა მოწინააღმდეგე შეავიწროეს და მნიშვნელოვანი პლაცდარმი შექმნეს, რომელიც წითელ არმიას ხარკოვის მიმართულებით შეტევის გაგრძელების საშუალებას აძლევდა.

18 მაისს გერმანელებს სწორედ ამ პლაცდარმის ლიკვიდაციის ოპერაცია უნდა დაეწყოთ, თუმცა ერთი კვირით ადრე, 12 მაისს, საბჭოთა ჯარები მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ. კომუნისტებმა ხარკოვის ასაღებად 640 ათას ჯარისკაცსა და, დაახლოებით, 1200 ტანკს  მოუყარეს თავი. მათ წინააღმდეგ ფელდმარშალ ფონ ბოკის დაჯგუფება იდგა, რომელიც აერთიანებდა პაულუსის მე-6 არმიას, გოტის მე-17 არმიას და კლაისტის 1-ლ სატანკო არმიას.

მძიმე ბრძოლების შემდეგ გერმანელებმა შეტევაზე გადასული საბჭოთა ნაწილების ალყაში მოქცევა მოახერხეს. ვერმახტმა თითქმის პირწმინდად გაანადგურა მოწინააღმდეგე. მარტო მოკლულების სახით წითელმა არმიამ, დაახლოებით, 270 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. საბჭოთა ფრონტი მთლიანად მოირღვა, რის შედეგადაც გერმანიას კავკასიისა და ვოლგის მიმართულებით გზა გაეხსნა. 7 ივლისს ვერმახტის ნაწილებმა დაიკავეს ვორონეჟი, 23 ივლისს შევიდნენ დონის როსტოვში. კავკასიასა და რუსეთის ევროპულ ნაწილს შორის ძირითადი სახმელეთო კავშირი შეწყდა. ერთადერთი თავისუფალი გზა მხოლოდ კასპიის ზღვა და მახაჩყალა-ბაქოს დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი დარჩა.

დონის როსტოვის დაკავების შემდეგ გერმანული არმია „სამხრეთი“ ორად გაიყო: ფელდმარშალ ფონ ლისტის დაჯგუფება კავკასიისკენ დაიძრა, ხოლო ფონ ბოკის ნაწილებმა ვოლგისკენ გააგრძელეს გზა.

ფონ ლისტის დაჯგუფება იმდენად სწრაფად მიიწევდა წინ, რომ ერთ თვეში მან უკვე კავკასიონს მიაღწია. 3 აგვისტოს დაეცა სტავროპოლი, 7 აგვისტოს _ არმავირი, 10 აგვისტოს გერმანელები მაიკოპში შევიდნენ, 12 აგვისტოს აიღეს კრასნოდარი და ელისტა, 25 აგვისტოს _ მოზდოკი, 21 აგვისტოს ვერმახტის სამთო ნაწილმა კავკასიონის მწვერვალ იალბუზზე გერმანული დროშა ააფრიალა. ელვისებური წინსვლის შედეგად ლისტის არმიამ მთლიანად დაიკავა ყუბანი და კავკასიონის ჩრდილო პერიმეტრი.

ლისტის არმიის პარალელურად, ფონ ბოკის დაჯგუფებამ შეტევა სტალინგრადის მიმართულებით განავითარა და 23 აგვისტოს მდინარე ვოლგის სანაპიროს მიაღწია. 1942 წლის 11 სექტემბერს პაულუსის მე-6 არმიის ნაწილები სტალინგრადში შეიჭრნენ. წითელარმიელებსა და ვერმახტის ჯარისკაცებს შორის ქალაქის ქუჩებში გააფთრებული შეტაკებები დაიწყო.

საბჭოთა სახელმწიფო კატასტროფის წინაშე დადგა. ზაფხულის კამპანიის დროს ბოლშევიკების კონტროლიდან თითქმის მთლიანად გამოვიდა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. უდიდესი დანაკარგი იყო შეიარაღებულ ძალებში, სადაც დანაკლისი ნახევარ მილიონს აღწევდა. გერმანულმა არმიამ ტყვედ აიყვანა ასეულობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი. სამხედრო ტყვეების ასეთი დიდი რაოდენობის გამო გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, ახალი საფილტრაციო ბანაკები გაეხსნა.

1942 წლის მაისში არმია „სამხრეთის“ სარდლობამ აღმოსავლეთის ლეგიონის შესაქმნელად დამატებითი ცენტრის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი აღმოსავლეთის ლეგიონების მოსამზადებელი ერთადერთი ცენტრი ვეღარ უძლებდა კავკასიელი ეროვნების ტყვეთა უზარმაზარ ნაკადს.

გერმანელებმა ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონლად მიიჩნიეს ლეგიონში ჩარიცხვის მსურველთა ასეთი დიდი მასის პოლონეთში გადაყვანა და მომზადების შემდეგ მათი ისევ აღმოსავლეთ ფრონტზე გადასროლა. ამიტომ უკრაინის ტერიტორიაზე მეორე მოსამზადებელი ცენტრის გახსნის ბრძანება გამოსცეს. მოხალისეთათვის სასწავლო ბანაკი პოლტავის ოლქში მოეწყო. კერძოდ, ქართული ბატალიონის ფორმირება, დასახლება გადიაჩისა და ზენკოვოს რაიონებში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მომზადებულ პირველ ქართულ ბატალიონებთან შედარებით, 1942 წელს უკრაინაში შექმნილი ბატალიონების საბრძოლო სულისკვეთება გაცილებით მაღალი იყო. ამას შესაბამისი ახსნა მოეძებნება. ლეგიონერებმა, რომლებიც ტყვეობაში ომის დასაწყისშივე აღმოჩნდნენ, თითქმის ნახევარი წელი საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარეს. გადაიტანეს 1941/42 წლების ზამთარი და საკონცენტრაციო ბანაკების საშინელება. კავკასიელ ტყვეთა დაახლოებით 50%-მა ასეთ ყოფას ვერ გაუძლო და დაიღუპა. ბუნებრივია, რომ როდესაც ამ ხალხს ლეგიონში გაწევრიანება შესთავაზეს, ისინი ფიზიკურად და მორალურად უკიდურესად სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რასაკვირველია, ასეთმა ყოფამ ძალიან იმოქმედა მათ ბრძოლისუნარიანობაზე და განწყობაზე.

ამ კონტინგენტისგან განსხვავებით, 1942 წლის სამხედრო კამპანიისას, უკრაინის სასწავლო ცენტრი მოხალისეებს პირდაპირ ბრძოლის ველიდან იღებდა. ტყვედ ჩავარდილი საბჭოთა ჯარისკაცები დათრგუნულები იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ გავლილი საკონცენტრაციო ბანაკების საშინელება და არც ჯანმრთელობას უჩიოდნენ. ამდენად, შესაბამისი იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ გერმანელები სასწავლო ცენტრიდან საკმაოდ კარგ საბრძოლო მასალას იღებდნენ.

პოლონეთსა და უკრაინაში განლაგებული სასწავლო ცენტრების დახმარებით ოცამდე ქართული საბრძოლო ბატალიონი ჩამოყალიბდა. თითოეულ ბატალიონს საკუთარი საველე ნომერი და დასახელება ჰქონდა. მათ შორის იყო: 795-ე ბატალიონი _ „შალვა მაღლაკელიძე“; 796-ე ბატალიონი; 797-ე ბატალიონი _ „გიორგი სააკაძე“; 798-ე ბატალიონი _ „ერეკლე II“; 799-ე ბატალიონი _ „დავით აღმაშენებელი“; 822-ე ბატალიონი _ „თამარ მეფე“; 823-ე ბატალიონი _ „შოთა რუსთაველი“; 824-ე ბატალიონი _ „ილია ჭავჭავაძე“. აგრეთვე ფორმირებული იყო სპეციალური დანიშნულების შემდეგი ბატალიონები: ქართული სადაზვერვო ბატალიონი ბერგმანის დივერსიული რაზმები – „თამარა I და II“; სამთო-მსროლელი ბატალიონი; ქართული სს ჯგუფი; I/9 ქვეითი ბატალიონი და II/198 ქვეითი ბატალიონი.

მათგან განსაკუთრებით გამოსარჩევია ორი ბატალიონი: 795-ე, რომელიც პირველი გაგზავნეს ფრონტზე და „აბვერის“ დანაყოფი „ბერგმანი“, რომელიც კავკასიის მისადგომებთან სპეციალურ სამხედრო დავალებებს ახორციელებდა.

 

მიხეილ ბასილაძე

 

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია გიორგი მამულიას წიგნის „ქართული ლეგიონის“ მასალები