ნაძალადევის გამგებლის უნარ-ჩვევები: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Access; Photoshop…

არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში არსებული პრობლემების შესწავლას აგრძელებს.

ახალ მონაცემებზე „ქრონიკა+“ „მედიატორის“ თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ბიძინაშვილს ესაუბრება:

_ თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში რომ უამრავი პრობლემაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით: დაწყებული ტენდერებიდან, დამთავრებული შიდა აუდიტით, მათი მიმართულებით უამრავი კითხვა ისმის. ამას ცხადყოფს ჩვენი კვლევები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩავატარეთ.

მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი:

თბილისის მერიამ ბოლო პერიოდში ტენდერი გამოაცხადა გასართობ ღონისძიებაზე, მაგრამ როდესაც ხელშეკრულებას თვალი გადავავლეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ისინი კომპანიისგან ერთ-ერთი ძეგლის აღდგენა-რესტავრაციას ითხოვდნენ. როგორც აღმოჩნდა, დავით ნარმანიას გასართობი ღონისძიება სწორედ ეს არის.

თბილისის მერიის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 254 ათას 880 ლარს შეადგენს, მიღებული აქვს კომპანია „დეკორ ესთეტიკს“, სადაც მითითებულია, რომ ამ კომპანიამ გასართობი ღონისძიება უნდა უზრუნველყოს. სინამდვილეში კი ამ კომპანიას დაევალა „ადამიანი და მზე“ მონუმენტის აღდგენა-რესტავრაცია, მომსახურება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერია აფორმებს ერთი მიმართულებით ხელშეკრულებას, ხოლო ხელშეკრულებაში ითხოვს მეორეს, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

როდესაც ტენდერებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებები. მხოლოდ 2016 წლიდან ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 56 მილიონს გადააჭარბა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 300 მილიონ ლარზე მეტია.

ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულება ფორმდება მაშინ, როდესაც ეს გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხელშეკრულების დადება არაგონივრულია, რადგან: 1. ეს არის ბიუჯეტისთვის ზიანის მომტანი; 2. ზრდის კორუფციის რისკს.

როდესაც ცხადდება ტენდერი, იქ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ყველა ცდილობს, ნაკლები თანხა დახარჯოს სამუშაოების შესასრულებლად. რაც შეეხება კორუფციულ რისკს, როდესაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დებენ ხელშეკრულებას, არის იმის ცდუნება, საკუთარ ახლობლებთან გააფორმონ ხელშეკრულება.

„ქართული ოცნების“ შემომწირველ ძალიან ბევრ კომპანიას აღმოაჩენთ. ისინი მილიონობით ლარის ხელშეკრულებას იღებენ თბილისის მერიიდან და რაიონული გამგეობებიდან.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის გადამოწმება და დარღვევების გამოვლენა თბილისის მერიის შიდა აუდიტს ევალება, რომლის შენახვაც 1 მილიონ 122 ათას 568 ლარი უჯდება თბილისის ბიუჯეტს, მაგრამ ერთ ფაქტსაც ვერ დამისახელებთ, რომელიც ამ სამსახურმა გამოავლინა. ძირითადად, დარღვევების შესახებ მოსახლეობა ან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იგებს, ან პოლიტიკური პარტიებისგან.

რეალურად თუ შევხედავთ, ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ამ სამსახურის უფროსად თავად ქალაქის მერი მოიაზრება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება ამ სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რადგან არავის სურს გააღიზიანოს ის, ვინც ადამიანების სამსახურიდან გაშვება-დარჩენის საკითხს წყვეტს.

არ მინდა, ისე დავასრულოთ თბილისის მერიაზე საუბარი, რომ არ შევეხოთ მაღალ თანამდებობის პირებს და მათი ფუფუნების საგნებს. როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერის ორი მოადგილე და ვიცე-მერი სარგებლობენ 2015 წლის „ქამრით“, რომლის შეძენაც თბილისის ბიუჯეტს 114 ათასი ლარზე მეტი დაუჯდა.

ასევე, ქალაქგაფორმებითი სამსახურის უფროსს ემსახურება „მიცუბიში ლ200“, რომელიც ასევე 2015 წლის ავტომობილია.

ეს ადამიანები არ იკლებენ ფუფუნების საგნებს, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების მერები, მაგალითად, ნიუ-იორკის მერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე მიჩნდება კითხვა, _ რატომ არ შეიძლება, ამ ადამიანებს არ ემსახურებოდეს ჩვენი ბიუჯეტიდან შეძენილი ავტომობილები და თავად უზრუნველყონ საკუთარი გადაადგილება, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

იმის გარდა, რომ ეს დაზოგავს ხარჯებს, ასევე წაახალისებს მოქალაქეებს,  თავად გაუჩნდებათ კომფორტულად მგზავრობის სურვილი, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გამოიწვევს, ასევე მოქალაქეებისგან დედაქალაქში არსებულ პრობლემებს მოისმენენ.

რაც შეეხება რაიონულ გამგეობებს, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ნაძალადევის გამგეობა. ზაზა გაბუნიას შემდეგ, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა და ის ირაკლი ხელაძემ „წარმატებით“ ჩაანაცვლა, რომლის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს.

მაგალითად, ხელაძის დეკლარაციას თუ გადავხედავთ, ვერაფერს აღმოვაჩენთ. ფაქტობრივად, ეს ადამიანი ქუჩაში ცხოვრობს, რადგან დეკლარაციაში საცხოვრებელი ადგილი არ აქვს მითითებული. შესაძლებელია, მას არ აქვს საკუთარი სახლი, მაგრამ ის ვალდებულია, ის ადგილი მიუთითოს, სადაც ცხოვრობს. თუ გირაოთია ან ქირით, ესეც მიუთითოს.

თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ხელაძის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაცია დევს, მაგალითად, მის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით. თურმე, მთელი მისი უნარ-ჩვევები გახლავთ, რომ მან იცის: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Access; Photoshop.

ასევე, მისი ძირითადი კარიერა იწყება 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. თუ არ ჩავთვლით 2008-2011 წლებს, როდესაც ის LTD „Full AD Partnership “ პროექტების მენეჯერად მუშაობდა.

2013 წლიდან ნაძალადევის რაიონს სკანდალები არ სცილდება. ალბათ, გახსოვთ, როდესაც გაბუნიას დროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ვასილ ბექაური ქრთამის აღებაზე დააკავეს. ეს თბილისის კორპუსებს ეხებოდა და ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა ქრთამი აიღო ერთ-ერთი კორპუსის გადახურვასთან დაკავშირებით, რომელ ხელშეკრულებაზეც თავად ზაზა გაბუნიას ჰქონდა მოწერილი ხელი. მაგრამ არც ერთ შესაბამის ორგანოს არ გასჩენია კითხვა გაბუნიასთან და არც კი დაუკითხავთ იგი.

ნაძალადევის გამგეობა ასევე აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან, რომელთა საქმიანობასაც დღეს პროკურატურა სწავლობს. ვგულისმობ შპს „ილი ჯგუფს“ და შპს „ნიუსტარს“, რომლებმაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მიიღეს ხელშეკრულება.

ასევე, ამ გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ კომპანია, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენს“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თორნიკე ჩხეიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული აქვს 30 ათასი ლარი, რაც მას დაუფასეს და ეს ამ კომპანიის ტენდერების გამარჯვებებშიც აისახა.

ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტი: თუ თვალს გადავავლებთ ნაძალადევის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებსა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ ხელშეკრულებებს, ძალიან საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ, _ გამარჯვებულ კომპანიათა უმრავლესობა დარეგისტრირებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვს აღძრავს.

 

გიორგი მეფარიძე