ვინ არის ჩხვირკიას საქმის მოსამართლე და რატომ დაუწვეს პროკურორ ს ავტომობილი?

საკმაოდ საინტერესოდ იკითხება ირაკლი ჩხვირკიას საქმის მოსამართლის, ვიოლეტა ფორჩხიძის ბიოგრაფია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:

„2012 წლის ოქტომბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე“, ანუ ოქტომბრის არჩევნებიდან თავდაუზოგავად ემსახურება მოქმედ ხელისუფლებას, რაც 20 ივნისს ირაკლი ჩხვირკიას სასამარათლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ჩხვირკიას ადვოკატებმა მოსამართლეს აღმკვეთის ღონისძიების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ, განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში მთელი რიგი დარღვევებია, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ჩხვირკია პატიმრობაში დატოვა. ჩხვირკიამ სასამართლო დარბაზში აღნიშნა: „სამართალი დღეს არის ერთი კაცის ჯიბეში, საკუთარი გადაწყვეტილებით კი მოსამართლემ სწორედ ეს სიტყვები განამტკიცა“.

ირაკლი ჩხვირკიამ პროტესტის ნიშნად სასამართლოს გამართვიდან მეორე დღეს შიმშილობა გამოაცხადა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრა მოითხოვა.

ჩხვირკიას საქმის პროკურორის, ფრიდონ ქარცივაძის სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება. ასე მაგალითად: 2009 წლის 18 ნოემბერს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი მალხაზ გაბაიძე მიიყვანეს, რომელიც იმჟამად ხელვაჩაურის პოლიციის კახაბრის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. საავადმყოფოს დირექტორის, მინდია ნაკაშიძის მიერ გაცემულ ცნობაში წერია, რომ გაბაიძე დაჭრილი იყო: „პაციენტი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიბნელეში რკინის ნაჭერს დაეცა, აღენიშნება ჭრილობა 2X22 სმ სწორი კედლით“. ამავე ცნობის მიხედვით, მორიგე ექიმმა ემზარ დიასამიძემ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა, შესაბამისად, მოკლევაც დაიწყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს 4 პიროვნება, მათ შორის იყო არასრულწლოვანი, 16 წლის ნიკა ბუაძე. ოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიციამ ბუაძისგან თავდაპირველად აღიარებითი ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიიღო. ბუაძის ადვოკატი საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად იყო ნაცემი. პოლიციამ ბუაძის დაკითხვით დაარღვია კანონი _ არასრულწლოვანის დაკითხვა მშობლის გარეშე დაუშვებელია, დაკითხვას ბუაძის დედა არ დასწრებია!

ბათუმის სასამართლომ ოთხივე ეჭვმიტანილს, ხულიგნობის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოდნავ მოგვიანებით სამი მათგანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო არასრულწლოვან ბუაძეს, რომელიც ასევე არ აღიარებდა დანაშაულს, ბრალი დაუმძიმეს და განზრახ მკვლელობის მცდელობაშიც დაადანაშაულეს.

დაჭრილმა პოლიციელმა, მალხაზ გაბაიძემ, ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარი „ჩვენება“ შეცვალა. სასამართლომ არ გაითვალისწინა საავადმყოფოში გაკეთებული ჩანაწერი და სწორედ ეს ჩვენება მიიჩნია სარწმუნო ცნობად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მალხაზ გაბაიძე მტკიცებულებების დამალვას შეეცადა! მან წაშალა მტკიცებულებებზე კვალი, „დაჭრის“ ფაქტის შემდეგ სახლში წავიდა, გამოიცვალა, ტანსაცმელი გარეცხა, ანუ განზრახ გაანადგურა მტკიცებულებები, მაშინ როდესაც არათუ პოლიციელის, არამედ ყველა მოქალაქის ვალია, ჩხუბის მერე პატრულს გამოუძახოს და ინფორმაცია მიაწოდოს. ბუაძის მიერ გაბაიძის დაჭრის შესახებ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს „დაზარალებულის“ ჩვენება, იმ დაზარალებულის, რომელმაც მტკიცებულებები განზრახ გაანადგურა! გაბაიძე თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ მას ოთხივე ახალგაზრდა უმოწყალოდ, წიხლებით სცემდა, თუმცა გარდა ჭრილობებისა, მას ტანზე არ აღენიშნებოდა არანაირი დაზიანება.

16 წლის ნიკა ბუაძეს, რომელსაც 17 წელი საპატიმროში შეუსრულდა, სასამართლომ ხულიგნობისთვის 4, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13 წელი მიუსაჯა. რადგან ბუაძე არასრულწლოვანი იყო, სასჯელი მეოთხედით შეუმცირდა და, საერთო ჯამში, 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. სწორედ ამ საქმის პროკურორი გახლდათ ფრიდონ ქარცივაძე, ისევე როგორც ირაკლი ჩხვირკიას საქმის. როგორ და რის სანაცვლოდ იღებს ჩხვირკიას საქმეზე ქარცივაძე ე. წ. მოწმეებისგან ჩვენებებს და რა სახის მუქარები ხორციელდება მოწმეებზე, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მოწმეების სასამართლოზე დაკითხვის პარალელურად.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიას საქმეში 6 მოწმის: როლანდ ფუტკარაძის, გიგა ფუტკარაძის, იმედა ცხადაძის, თემურ ლაბჟანიას, რომან დიასამიძისა და რომან გელაძის ჩვენებებია, რომლებიც 100%-ით ემთხვევა ერთმანეთს სტილისტური შეცდომებით, ექვსივე მათგანი სიტყვა-სიტყვით იმეორებს ერთსა და იმავე ტექსტს, შესაბამისად, გვრჩება წარმოდგენა, რომ აღნიშნული ჩვენებები დაწერილია კონკრეტულად ერთი ადამიანის მიერ, მაგრამ ხელმომწერია სხვადასხვა.

აქვე გავიხსენებ 2014 წლის 26 აპრილს მომხდარ ფაქტსაც: პროკურორ ქარცივაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან სამსახურებრივი ავტომობილი დაუწვეს. უცნობმა პირმა ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა. ერთადერთი პროკურორი, რომელზეც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „შური იძიეს“, ეს ფრიდონ ქარცივაძეა. საინტერესოა, ვინ და რა მიზნით დაწვა პროკურორის ავტომობილი?

 

მარიამ ბაშარული