მევალისგან დაზარალებული სასამართლოს ბინის დაბრუნებას სთხოვს

გორის მკვიდრმა, ვლადიმერ ბერიკაშვილმა, 5 ათასი დოლარი იმ პირობით გაასესხა, რომ თანხას პროცენტთან ერთად ექვს თვეში უკან დაიბრუნებდა. ამისთვის მევალემ თავდებში საკუთრი ბინა ჩაუდო. ბერიკაშვილმა პირველი ორი თვის პროცენტის გარდა, ძირის თანხაც ვეღარ დაიბრუნა. პირიქით, მოვალე მხარემ სასამართლოში იჩივლა და გამსესხებელს თავის დროზე გადაფორმებული ბინაც ჩამოართვეს (დააყადაღეს).

ამ დროს, სასამართლოს მევალისთვის არც ნასესხები თანხის დაბრუნება მოუთხოვია და სასამართლოს ხარჯებიც ისევ ბერიკაშვილს დააკისრა.

„ქრონიკა+“ გორის რაიონის მკვიდრს, ვლადიმერ ბერიკაშვილს ესაუბრება:

_ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, გორში ჩემი საცხოვრებელი ბინა თავდებში ჩავდე. მერე ფულს ვეღარ ვიხდიდით და ამ ბინის გაყიდვა მომიწია. აქედან გარკვეული თანხა დამრჩა, საიდანაც პატარა სატვირთო მიკროავტობუსი ვიყიდე და დანარჩენი თანხის გასესხება გადავწყვიტე, რომ საარსებოდ ერთი-ორი კაპიკი მეშოვა. ხელოსანი კაცი ვარ და სხვაგან ამ თანხას ვერ გამოვიყენებდი. არც ისეთი ფული იყო, რომ ამით საცხოვრებელი ბინა შემეძინა.

ერთი თვის მერე პიროვნება გამოჩნდა, ვისაც ეს თანხა სჭირდებოდა. ასეთი რაღაც შემომთავაზეს, რომ ამ ფულის თავდებად კარალეთში ბინას მომცემდნენ და ყოვეთვიურად თანხის პროცენტს გადამიხდიდნენ. გადახდის პირობების ბოლომდე შესრულების შემდეგ აღნიშნულ ბინას უკან დავუბრუნებდი. ამისთვის შესაბამისი ხელწერილიც შევადგინეთ.

ამის შემდეგ ეს ბინა საჯარო რეესტრით გადმომიფორმა. მეც, უბრალოდ, ხელწერილი დავუწერე(!!!), რომ თანხის ანაზღაურების შემთხვევაში (რაც ექვს თვეში უნდა შეესრულებინა), ბინას უკან დავუბრუნებდი, მაგრამ მხოლოდ ორ თვეში თითოზე სამასი დოლარი გადაიხადა, უფრო სწორად, ეს თანხა წინდაწინ მომცა და დანარჩენს ყოველთვიურად გადაიხდიდა.

აი, ამის შემდეგ არანაირი თანხა აღარ მოუცია. მარტო იმას მეუბნებოდა, რომ დამაცადე, რაღაც პრობლემები მაქვს და ისევ მოგცემო. იმ ორი თვის გარდა, არაფერი მოუცია. მერე ექვსი თვეც გავიდა, მეც ცოტა უკან დავიხიე, ადამიანის მდგომარეობაში შევედი, სულ პრობლემებზე მესაუბრებოდა. მეგონა, რომ გადაიხდიდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

_ რა თანხაზეა საუბარი?

_ 5 ათასი დოლარი გავასესხე. ყოველთვიურად ამის 6%, ანუ სამასი დოლარი უნდა გადაეხადა.

ბოლოს და ბოლოს, ვუთხარი, რომ მეც მიჭირს, ხან ახლობლებთან ვარ და ხანაც მანქანაში მძინავს, ჩემი ფული დამიბრუნე, უპატრონოდ ვარ და ასე დიდხანს ვერავის შევაწუხებ-მეთქი. მასაც ორი ბიჭი ჰყავს, ერთი ახლად დაოჯახებულია. ვიფიქრე, იქნებ, მდგომარეობიდან გამოვიდეს და ჩემი გადამიხადოს-მეთქი. ასევე იმ ბინიდან არ გამომიგდია, პოლიციისთვის არ მიმიმართავს, რომ კანონი აღესრულებინათ და ეს ბინა ჩემთვის დაეცალათ, ანუ ჩემი უფლებები ასე მკაცრად არ მომითხოვია.

მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პირიქით, მე შემომიტრიალდნენ და ჩემზე საჩივარი შეიტანეს, ვითომ მე თვალთმაქცური გარიგების, რაღაც დარღვევებისა და ა. შ. (იურიდულ საქმეებში ვერ ვერკვევი) გამო მიჩივლეს და… მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც ბინის საკუთრებაზე (რომელიც მოვალემ თავდებში ჩამიდო) რეესტრის გადაწყვეტილება გააუქმა.

არადა, იმ ექვსი თვის მერე მე პირობის შესრულება და მათი ბინიდან გამოსახლებაც არ მომითხოვია. თავიდანვე იქ ცხოვრობდა და ახლაც მანდვეა. მოკლედ, ჩემს გასესხებულ თანხაზეც აღარაფერი უთქვამთ. პირიქით, თანხა, რაც მათ ადვოკატისთვის გადაიხადეს (700 ლარი), ისიც მე მომაწერეს.

გორის პირველი ინსტანციის სასამართლოს გაგაწყვეტილება ასეთი იყო. მერე სააპელაციო სასამართლოში შევიტანე განცხადება. ამდენი ხნის შემდეგ ახლა მომივიდა ცნობა, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

თან ამდენი ხნის განმავლობაში მეორე მხრიდან არანაირი ზარი, პირობა არ ყოფილა, რომ ვალდებულება შესრულდებოდა.

_ ფული ვის ასესხეთ?

_ აღნიშნულ კარალეთელ პიროვნებასთან, გვარად სუხიტაშვილთან (უფროსი შვილი პოლიციაში მუშაობს), მაკლერმა დამაკავშირა.

_ ამ პიროვნებას რა თანხა დარჩა თქვენთვის ასანაზღაურებელი?

_ ეს თანხა მოვალეს ექვს თვეში, 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დაეფარა. ვუთხარი, აი, კიდევ ერთ თვეს დაგაცლი და ჩემი გამოუვალი მდგომარეობაც გაითვალისწინე-მეთქი. მერე ვეღარ ვნახულობდი, ადამიანს ძლივსღა ვპოულობდი. ბოლოს თბილისელი და მიხსენა, რომ მის ბინას გირაოში ჩადებდნენ და ა. შ. ასეთ რაღაცებს მიგონებდა, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა.

შევწუხდი, ვუთხარი, _ ეს ბინა გაყიდე და ჩემი თანხა დამიბრუნე-მეთქი. ამ ექვსი თვის მერეც ვაცალე, რადგან მაიმედებდა, რომ ბინას გაყიდდა, ან გირაოში ჩადებდა და ვალს გადაიხდიდა.

ბოლოს და ბოლოს, ეს რვა თვეც რომ გავიდა, პირიქით, ისევ მე მომიტრიალდნენ და სასამართლოში წავიდნენ, რაზეც უკვე გესაუბრეთ.

მოკლედ, ამ ხუთი ათასიდან პირველ ორ თვეში 600 დოლარია გადახდილი, მას მერე უკვე აღარაფერი.

_ სასამართლომ დარჩენილ ვალზე არაფერი თქვა?

_ არც კი ვიცი, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აზრი როგორ გამოვიტანოთ, თავიდან ბოლომდე მიკერძოებული დამოკიდებულება იყო. თან ამ პიროვნებამ სასამართლოზე ეს ხუთიათასიანი ვალი აღიარა, მაგრამ…

_ რომ აღიარა, ამაზე სასამართლომ რა თქვა?

_ მაინც არაფერი დაუკისრებია, ამაზე აუდიოჩანაწერიც არის და მსგავსი არაფერი მომხდარა.

_ როგორ ხსნით ამ სიტუაციას, როდესაც მოვალეს თავდებში ჩადებული ბინა დაუბრუნდა, ვალი არ დაუბრუნებია და სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ამას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს?

_ აბა, რა გითხრათ? ისინი რას ფიქრობენ, ვერ გეტყვით, მათ თავებში ვერ ჩავიხედავ, მაგრამ ასეთი შედეგი მივიღეთ, რომ მოსამართლემ ბინაზე ჩემი საკუთრება გააუქმა (რეესტრში), რომელზეც თვითონვე აღიარა, მე იქ ძალით არ მიმიყვანია. არც თანხაზე დაავალდებულა. აი, ასე გამომიშვეს სასამართლოდან.

პირიქით, როგორც გითხარით, სასამართლოს იმ 700 ლარის გადახდაც მე დამაკისრეს. თვითონ მოვალე კი ათას მიზეზს იგონებდა, ვითომ მეუღლემ გულის ოპერაცია გაიკეთა და ა. შ.

_ ახლა სად ცხოვრობთ?

_ ხან ახლობლებთან, ნათესავებთან, ხანაც მანქანაში მძინავს. უსახლკარო ადამიანი, აბა, რა პირობებში იცხოვრებს?..

_ სააპელაციო სასამართლოსგან რას ელოდებით?

_ ალბათ, ზემოთა ინსტანციაში მაინც იქნება შესაძლებელი სიმართლის პოვნა. ვითხოვ, რომ იმ ბინაზე ყადაღა მოიხსნას და ჩემს საკუთრებაში დარჩეს, რადგან თვიდანვე ასეთი პირობა იყო. ახლა რომელ თანხაზე ვისაუბრო, როცა ამის ასანაზღაურებლად კონკრეტული ვადა _ ექვსი თვე იყო მითითებული, სადღაც, 7 ათასი დოლარი უნდა მოეცა და მხოლოდ 600 დოლარი ავიღე.

 

გელა მამულაშვილი