დავით მესტვირიშვილის კომფორტის ზონა

ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხვდება პროკურორი დავით მესტვირიშვილი, რომელიც დავით ხარშილაძის საქმეზე აბსოლუტურად პარადოქსულ განცხადებებს აკეთებს და შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ცრუობს კიდეც.

რამდენად რთულია, გასცე ელექტრონული ნებართვა გამოძიებისთვის კონკრეტული პირის დამატების შესახებ, თუ მთელი დღის მანძილზე სასამართლოზე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის განხილვას ესწრები და, საერთოდაც, არ ხარ პროკურატურაში?! _ ამ საკითხის გარკვევა ჯერ არ დასრულებულა და ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი, რადგან სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, მაინც ამბობს თავისას.

მოკლედ, იმის გამო, რომ პატივცემულ მესტვირიშვილს, შემოსავლებიდან გამომდინარე, დეკლარაცია არ აქვს, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საერთოდ არ არის საჯარო ინფორმაცია ინტერნეტში. გარდა ამისა, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არაა განთავსებული პროკურატურის ვებგვერდზე და არც ჭიკიპედია-ში.

სწორედ ამიტომ მის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას შევეცადე და  ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს გადავაწყდი:

ჯერ კიდევ 2012 წლის 7 ნოემბერს ონლაინ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ვებგვერდზე ქვეყნდება პოლიციის მაიორ ლადო ჩერქეზიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2007 წლის მოვლენებზე საუბრობს და ცალსახად აღნიშნავს, რომ პროკურორი დავით მესტვირიშვილი უშუალო მონაწილეა ყველა იმ გახმაურებულ საქმეში, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მიმართ აღიძრა 2004-2005 წლებში.

საქმე ეხებოდა 2005 წელს სპორტის სასახლესთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც სამი ადამიანი დაიჭრა და რომელშიც დაზარალებულ არჩილ სახვაძეს სდებდნენ ბრალს. სწორედ ამ დროს ჩერქეზიშვილზე განხორციელდა ზეწოლა ცრუ ჩვენების მისაცემად და სახვაძისთვის ბრალის დასამძიმებლად.  ჩერქეზიშვილი ამას არ დასთანხმდა, რის გამოც იგი დააპატიმრეს. იმ ინტერვიუში, რომელიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რესპონდენტი წერს:

„აქვე მინდა ვუთხრა გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომ ეს პიროვნებები: ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დათო მესტვირიშვილი (რომელიც ჩემს სასამართლო პროცესზე პროკურორი გახლდათ) და თენგიზ ხარებავა ფიგურირებენ ყველა იმ გახმაურებულ საქმეში, რომელიც აღიძრა სახელმწიფო მოხელეების მიმართ 2004-2005 წლებში. ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე, ყველა უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება ამ ადამიანების სინდისზეა! მე ვთხოვ ბატონ გენერალურ პროკურორს, როგორც, უპირველეს ყოვლისა, პატიოსან კაცს, გამოცდილ იურისტსა და განათლებულ პიროვნებას, რომ ეს ხალხი გააძევოს პროკურატურიდან, რადგან დადის ხმები მათი პროკურატურაში დატოვებისა! მე პირადად აზრს ვერ ვხედავ, სასამართლოში შევიტანო სარჩელი, თუ ის იმავე ბესო თხელიძის, შაქრო ზაალიშვილის, დათო მესტვირიშვილის, ქიქავას, ტეპნაძისა და მათნაირების ხელში მოხვდება!..“

დიახ, ეს სწორედ ის დათო მესტვირიშვილია, რომელსაც წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, უმაღლესი რანგის წარმომადგენლების „სიამოვნების“ გამო, საკმაოდ ბევრი ადამიანი უცხადებს უნდობლობას და მეტიც, არათუ არ ენდობიან, მას სიცრუეშიც კი ადანაშაულებენ.

მესტვირიშვილი ფიგურირებდა 2013 წელს ახალაიას საქმეშიც და ახლა იგი ხარშილაძის საქმეშიც პროკურორის როლს „თამაშობს“.

ვინაიდან წარსულში იყო გამოცდილება და ფაქტები მის მიმართ უარყოფით და საეჭვო დამოკიდებულებებზე, ამ ადამიანის „სიწმინდესა“ და მოვალეობის პირნათლად, სამართლიანად შესრულებაზე ბევრი ვერ დადებს თავს.

მესტვირიშვილი დღევანდელი ჩვენი სტატიის ინტერესის ობიექტს წარმოადგენს და გავიმეორებ: ვინაიდან მისი დეკლარაცია და მასზე ინფორმაცია მწირია და ბიოგრაფიული ცნობები არც მოიპოვება, ამიტომ გადავწყვიტეთ, თავად გაგვერკვია, თუ რას წარმოადგენს და როგორი ურთიერთობა აქვს მას მეზობლებთან (ეს უკანასკნელები ყოველთვის დადებითად არიან განწყობილები ჩვენი ინტერესის ობიექტების მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა იგებენ, რომ ჟურნალისტი ვარ და არ სურთ თავიანთ „ცნობად“ მეზობელზე აუგი წამოსცდეთ, თუნდაც ნაწყენები იყვნენ ერთმანეთზე).

მოკლედ, შუადღის 16:00 საათს გადაცილებული იქნებოდა, როდესაც იმ ადგილისკენ გავემართე, რომელიც სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მიდასტურებდა, რომ დეკლარაციის არმქონე პროკურორს ერთადერთი უძრავი ქონება ჰქონდა მის სახელზე და ესეც კახეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსის ბინა იყო.

ქალაქში მომატებული ტემპერატურისა და ზაფხულის ცხელი დღეების ქალაქის ცენტრისგან მოშორებით გატარება ფუფუნებაა, რაც ბატონ მესტვირიშვილს ნამდვილად ჰქონია, თანაც არცთუ ისე ცუდ ადგილას.

ჩვენს მკითხველს ეცოდინება, რომ კახეთის გზატკეცილს „კომფორტის ზონის“ აღსაწერად პირველად მაშინ  ვესტუმრეთ, როცა მოსამართლე ვეფხია ლომიძის საქმეს და მის საცხოვრებელს ვიკვლევდით. მაშინ ამ ქუჩის #10-ში ვიყავი, მაგრამ, ამჯერად, საპირისპირო მხარეს, #36-ისკენ მომიწია წამოსვლა და ამ ადგილის ძებნაც დიდად არ გამჭირვებია, თუმცა კი იყო რაღაც ნიუანსები, რომლებზეც, მოგვიანებით, ქვემოთ მოგახსენებთ.

საბოლოდ კი, როდესაც ხსენებულ პროკურორზე, საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოდგენა უკვე შექმნილი მქონდა, როგორც უკვე აღვნიშნე, კახეთის გზატკეცილისკენ დავადექი გზას. სავარაუდოდ, უქმეებს სახლში გაატარებდა, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ სახლში დამხვდებოდა, არც ისე დაბალი იყო.

კახეთის გზატკეცილი ქუჩის დასახელებაა და იგი, მარტივად რომ ვთქვათ, სამგორში, ცენტრალური მაგისტრალის უკანა ქუჩას წარმოადგენს. ხსენებული „სამგორის“ მეტროდან არა ნავთლუღის დასახლების, არამედ „ისთ ფოინთისკენ“ მიმავალი გზისკენ თუ ამოხვალთ, ზუსტად ამ გზას დაადგებით, რომელსაც ჩვენი პროკურორის სახლისკენ მიჰყავხართ.

წარსულის გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ გეზი უნდა ამეღო არა მარცხნივ (სადაც ქუჩის ნომრები კლებისკენ მიდიოდა), არამედ მარჯვნივ, ამიტომ გზასაც გავუდექი. ჯერ #17 გავიარე, მერე #19 და ა. შ. და როცა უკვე მივხვდი, რომ ამ კენტი რიცხვების პარალელურად ლუწი ნუმერაციისკენ უნდა გადავსულიყავი, ასეც მოვიქეცი. გავიარე ეკლესია და გზის გადაღმა, ბალახებში ფეხით გაყვანილ პატარა ბილიკს ავუყევი, რომელმაც მაღალსართულიან კორპუსთან მიმიყვანა: „კახეთის გზატკეცილი #34ბ“. გასაგებია, მიზანთან, გარკვეულწილად, ახლოს ვიყავი, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ კორპუსის იქით არანაირი შენობის, მით უფრო, კიდევ ერთი კორპუსის კვალიც არ ჩანდა. იქვე 25-27 წლის ბიჭები რაღაცის სათამაშოდ და ცივი ლუდის დასალევად იკრიბებოდნენ, ისეთ ადგილას, კორპუსის ქვემოთ მცხოვრებლების დასასხდომი რომ კეთდება თავისი დიდი მაგიდითა და აქეთ-იქიდან მიდგმული გრძელი სკამებით, თან ეს პატარა კონსტრუქცია გადახურულიც იყო და შეეძლოთ, სიცხისგან ან წვიმისგან დამოუკიდებლადაც გაეგრძელებინათ „საყვარელი“ საქმიანობა. თუ ამ ყველაფერს დომინოს აქტიური თამაშიც დაემატა, სურათი კლასიკურ სტილში გადადის.

მოკლედ, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და საქმეს დავუბრუნდეთ, ბიჭებს ამ მიდამოში #36-ის მდებარეობის შესახებ ვკითხე და იმწამსვე მიმასწავლეს კიდეც:

_ ამ გზას მარცხნივ უნდა გაუყვე, მერე ეკლესიას გაივლი, გზას ზემოთ აუყვები და იქ რომ კომპლექსი „კვადრატებია“, #36-საც ის წარმოადგენსო.

_ გმადლობთ-მეთქი, _ ვუთახარი ამ ბიჭს („აბა, აქეთ რას მოვდიოდი, თუ იმ ეკლესიის შენობას არ უნდა გამოვმცდარიყავი“, _ ვფიქრობდი გულში, მაგრამ არა უშავდა). ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, მზე იყო, რომელიც ასე მაგრად აჭერდა.

გავუყევი მარცხნივ და აღნიშნული წითელი აგურით ნაგები ეკლესია ვნახე, იქვე _ პატარა მოედნის მსგავსი, სადაც ტაქსის მძღოლები და გარემოვაჭრეები იყვნენ მობილიზებულები და თავიანთ საქმიანობაში ჩაფლულნი. აქედან გზა მაღლა ადიოდა, პირდაპირ ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის მისადგომებთან ჩერდებოდა და მერე კვლავ მაღლა, მარჯვნივ აგრძელებდა სწორი და „გასისინებული“, ამავე დროს, ძალიან ცხელი ასფალტი „სვლას“. ამ გზას დავადექი და აი, ვიპოვე #36-იც, მაგრამ საქმე ის იყო, რომ კორპუსის ნუმერაცია არ ეწერა, არადა, მე-5 კორპუსს ვეძებდი და სხვაგან შესვლა, დროის დაკარგვა, ბუნებრივია, არ მინდოდა.

ამ კორპუსის ქვემოთ ბებოები ისხდნენ, _ ერთი მზესუმზირას და საღეჭ რეზინს ჰყიდდა, მეორეს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ეტყობოდა, ამ მეორესთან სასაუბროდ განგებ გამოვიდა, ან გამოიყვანეს და გვერდით მოუსვეს. მათ მითხრეს, ყველა ეს კორპუსი #36 ნომერია, შვილო და კორპუსებს ნომრები აწერია, თვადაც იპოვიო. _ კარგი-მეთქი და გზას მაღლა, ამ მაღაზიისკენ ავუყევი. იმის იმედი, რომ ჩვენი ინტერესის ობიექტის საცხოვრებელი ადგილიც და ვინაობაც აქ ეცოდინებოდათ, შესაბამისად, სასარგებლო ინფორმაციას მომაწვდიდნენ, მაღალი იყო, თან ამ სიცხეში წყალსაც ვიყიდდი და ცოტა დამშვიდებული გავაგრძელებდი გზას. შევედი კიდეც, წყალი ვიყიდე, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც მოლარეებიდან რომელიმემ და არც დაცვის წარმომადგენელმა არც ამ მიდამოში მე-5 კორპუსისა და არც პროკურორის შესახებ არაფერი იცოდნენ, ამიტომ მაღაზიიდან გამოსულმა კორპუსის ნომრების საძებნელად განვაგრძე გზა.

ქუჩის მარჯვენა მხარეს უკვე სხვა ქუჩის დასახელება იწყებოდა, სულ ხუთსართულიანი ბინები იყო განთავსებული და ყველა მათგანს გარეთა მხრიდან დიდ თეთრ „დაფაზე“ შესამჩნევი ფერით კორპუსის ნომრები ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე სხვა ქუჩა იყო, მაინც ცდად ღირს-მეთქი და მე-5 კორპუსს მივაშურე, თან მახსოვდა, რომ დეკლარციის მქონე ვეფხია ლომიძე არც ისე ახალაშენებული კორპუსის ბინის პატრონი იყო ამ მიდამოში და ამის ფონზე დეკლარაციის არმქონე მესტვირიშვლის „ხრუშჩოვკებში“ ცხოვრებაც არ გამიკვირდებოდა. თუმცა, ერთი-ორი მეზობლის გამოკითხვის შემდეგ, მივხვდი, რომ ქუჩაც სხვა იყო და პროკურორი რაღაც უფრო სერიოზულსაც „გვიმზადებდა“, ამიტომ გზას უკან, კვლავ ამ მაღაზიისკენ გამოვუყევი და რას ვხედავ! _ ახალაშენებული, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დგას, რომელიც დანომრილია, მაგრამ საქმე ის იყო, რომ მაღაზიის წინ მხოლოდ მე-7 და მე-8 კორპუსებს ვხედავდი, არადა, მე-5 უნდა მენახა და ახლა მივხვდი, რომ ამის არშემჩნევა ან გადაღლილობის, ანდაც სიცხის ბრალი იყო.

წინ გოგონა მოდიოდა მწვანე თვალებით და გაშლილი თმით, მეხუთე კორპუსის შესახებ მას ვკითხე, რომელმაც დანანებით აღნიშნა, რომ არ იცოდა, არადა, მერე ვნახე, თუ როგორ დაუძახა მე-7 კორპუსის ფანჯრიდან პატარა ბიჭმა, _ სახლში ამოხვალო? ამანაც, _ კიო. მერე იმაზე დავფიქრდი, რომ იმ ბიჭებმაც, წეღან რომ აქეთკენ მომასწავლეს, კომპლექსის კორპუსები ახსენეს და მერე იმაზეც დავფიქრდი, თუ რატომ არ უნდა იცოდეს ამ გოგონამ, რომელიც მე-7 კორპუსში ცხოვრობს, თუ სად არის ამ კომპლექსის მე-5 კორპუსი.

ამას რომ თავი დავანებოთ, ახლა მაღაზიას შემოვუარე და კომპლექსის უანა მხარეს გამოვედი, ეს მე-3 კორპუსი იყო, ქალები იდგნენ და ბავშვს ათამაშებდნენ, აქედან ერთ-ერთმა კი სწორად მიმასწავლა და საუბარში ისეთი სიტყვა თქვა, რომელიც ცალსახად სამთავრობო წრის თუ სასამართლოს წარმომადგენლების საცხოვრებელ კორპუსს  უკავშირდებოდა. მაშინ დიქტოფონი ჩართული არ მქონდა და ზუსტად ვერ ვიხსენებ, რა სიტყვა აღნიშნეს.

მოკლედ რომ ვთქვა, ამ კორპუსის საძებნელად ვიწრო ადგილას, ორ კორპუსს შორის გავლა მომიწია, ამ დროს კი საქართველოში მშენებლობის ხარისხზე დავფიქრდი: რატომ აშენებენ ასე ახლო-ახლო ყველაფერს?! არ არის მთლად კარგი მოვლენა.

კორპუსებს შორის გაძრომის შემდეგ მართლაც „კოპლექსში“ აღმოვჩნდი, რომელიც გარედან არ ჩანდა. ირგვლივ აშენებული შენობები იყო, შუაში ბავშვების სათამაშო მოედანი, ერთი ადგილიდან მეორეში კიბით ინაცვლებდი, იყო პანდუსებიც და მანქანის გასაჩერებელი ადგილებიც, რომელთაგან თითქმის ყველა დაკავებული გახლდათ (ვერ დავაფასეთ ბატონი დავითის ქონებრივი შესაძლებლობები).

კიბეებით დანიშნულების ადგილისკენ გადავინაცვლე, სათამაშო მოედანზე ბავშვები დარბოდნენ და მათ წინ სკამზე შუახნის ასაკამდე ჯერარმისული მამაკაცები ისხდნენ, ეტყობა, რომელიღაც ორი ბავშვის მამები იყვნენ და ბავშვები სასეირნოდ ჩამოიყვანეს.

ამათკენ ავიღე გეზი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს, დავით მესტვირიშვილს, პროკურორს იცნობთ?

_ საიდან ხართ?

_ „ქრონიკა+“-დან.

_ „ჩვენი კორპუსიდან“? _ ვერ მიხვდა გაზეთის სახელს (რა უცნაურია).

_ არა, „ქრონიკა+“-დან.

_ აა, გასაგებია. არა, თავად არ ვიცნობთ, მაგრამ გამიგია ისე, ვიცი, რომ სადღაც აქ უნდა ცხოვრობდეს, თუმცა არ ვიცი, ზუსტად სად.

_ გმადლობთ-მეთქი, _ და წინ მდებარე მეხუთე კორპუსის შავ რკინის კარს მივაშურე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩაკეტილი დამხვდა და მხოლოდ კოდის ცოდნის, ან რომელიმე მცხოვრების სტუმრობის შემთხვევაში გაიღებოდა. ვიფიქრე, გარედან ზარს მაინც დავრეკავ და ისე გამოვკითხავ მეზობლებს-მეთქი, მაგრამ როგორც კი კიბეზე ავედი და ზარი უნდა დამერეკა, იმწამს ახალგაზრდა ბიჭმა გააღო კარი და გარეთ გამოვიდა (აქვე, არაერთხელ გამისვამს ხაზი ჩემს იღბალზე ასეთ საკითხებში და ცოტა გამეცინა კიდეც, რომ კვლავ „გამიმართლა“). _ უჰ, გმადლობ-მეთქი! _ ვუთხარი ამ ბიჭს. სანამ გამოვიდოდა, კარი დავიჭირე და იმწამსვე შიგნით აღმოვჩნდი.

ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსია და, შესაბამისად, საკმაოდ სუფთაც. ბევრი ჯერ კიდევ არ არის გადმოსული საცხოვრებლად და ამიტომ ზოგიერთ კარს ეტყობოდა, რომ იმის იქით არავინ ცხოვრობდა. რამდენიმე სართულზე თითქმის ყველა ბინის კარზე ზარი დავრეკე, თუმცა ამაოდ (შინ არ იყვნენ, ან ბინა ცარიელი იყო).

უკვე მესამე სართულზე ვიყავი, როდესაც კარი ახალგაზრდა ქალბატონმა გამიღო და კითხვაზე, თუ იცნობდა ზემოთ ხსენებულ პროკურორს, რუსული აქცენტით მიპასუხა:

_ იცით, რა, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე მსგავს ვინმესთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, არ ვიცი.

მადლობის გადახდის შემდეგ უკვე ერთი სართულით ზემოთ გადავინაცვლე. ახლა უკვე მაღლა ამავალი კიბის მარცხენა მხარეს, კუთხის ბინის კარი პატარა ბიჭმა გამიღო, 5-6 წლამდე იქნებოდა. ვუთხარი, დედას დაუძახე-მეთქი. მესმოდა ის ბიჭი როგორ ეძახდა დედას და მის კითხვაზე, _ ვინ არის? შენ რატომ არ ელაპარაკებიო? ეს პატარა ჩემზე პასუხობდა, _ ვიღაცააო. ბოლოს დედაც საქმეს მოწყდა და მოვიდა, ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა. მასაც ტრადიციული ტექსტით  მივმართე, თუ ვინ ვიყავი, საიდან და რატომ ვინტერესდებოდი მესტვირიშვილით:

_ კი ვიცნობ, მაგრამ აქ ხშირად არ ცხოვრობს, ისე მოდის ხოლმე. ძალიან ახლოს არ მაქვს შეხება, მაგრამ გამარჯობა-გაგიმარჯოს, ასეთ დონეზე კი ვიცნობ. მე მის მეუღლესთან მაქვს უფრო კონტაქტი.

_ ანუ ზემოთ, #35-ში იშვიათად არიან ხოლმე?

_ ჰო, რა, ანუ მოდის ხოლმე.

ამ დროს უკნიდან მაღალი ქალბატონი გამოვიდა, ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. გაოცდა, რატომ ვინტერესდებოდი და მერე მიპასუხა:

_ კარგი ხალხი არის, ჩვენს ოჯახთან მეგობრობენ, ვიცნობთ. ჩემი შვილი და ის მეგობრები არიან. ჩემი შვილიც პროკურორია, მისი მეუღლეც ჩვენი მეგობარია.

_ თქვენს შვილს რა ჰქვია? _ რატომღაც ჩავეძიე.

_ დათო ლეპერტი, _ მიპასუხა (მერე ამ პიროვნებაზეც მოვიძიე ცნობები და თუ საინტერსო იქნება, შემდეგ მოგაწვდით, ახლა კი მესტვირიშვილს დავუბრუნდეთ).

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი, _ და წამოვედი, შემდეგი სართულისკენ განვაგრძე გზა.

უკვე მე-6 სართულზე ვიყავი და ბინა #35-იც ვიპოვე. ფოტოები გადავუღე და ახლა მის კარის მეზობელთან დავრეკე ზარი, რომელთაც კარისთვის ქაღალდზე დაწერილი წყლის ჩვენება მიეკრათ. კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო, კითხვაზე კი, თუ ცხოვრობს მესტვირიშვილი ოჯახთან ერთად აქ? _ კიო, _ მიპასუხა:

_ მე თვითონ დიდი შეხება არ მაქვს, აქ სტუმრად ვარ, ვმუშაობ, ის აქ ცხოვრობს. როცა ვხედავთ ხოლმე ერთმანეთს, ვესალმებით, ესაა და ეს. ახლოს ნამდვილად არ ვიცნობ, რომ არ მოგატყუოთ.

_ გასაგებია, გმადლობთ-მეთქი, _ და ერთი სართულით მაღლა გავაგრძელე გზა. აქ ჰოლში დივნები იყო დალაგებული, ერთ-ერთ დივანზე კი ბავშვის სათამაშო იდო. ეტყობა, სახლში უნდა შეეტანათ. ამ დივანზე, გაგიკვირდებათ და, ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და მობილურში რაღაცებს ათვალიერებდა. იგივე კითხვაზე მიპასუხა:

_ ჩვენ აქ ყველას ისეთი სამსახური გვაქვს, რომ დილის 09:00 საათზე რომ გავალთ, საღამოს 23:00-ზე მოვდივართ, ამიტომ იშვიათად ვხედავთ ერთმანეთს, ისე კი ვხედავთ ხოლმე, ვესალმებით.

ახლა უკვე აზრი აღარ ჰქონდა გზის გაგრძელებას, რადგან, როგორც გითხარით, მეზობლები განსხვავებულს არაფერს ამბობენ, თუ ვინმე განსაკუთრებით განაწყენებული არ არის ინტერესის ობიექტზე და მით უფრო, თუ გამბედაობა ეყოფა და ჟურნალისტს ამას ეტყვის.

საბოლოოდ, ქვევით ჩამოსვლა გადავწყვიტე და შევნიშნე, რომ ბოლო რესპონდენტიდან ერთი სართულით ქვემოთ, კიბის იქით, სადაც მრიცხველები ეყენა, ერთი კაცი მოძრაობდა და ჩემს დანახვაზე სადღაც შევიდა (ალბათ, ლიფტში, მაგრამ ეს უკანასკნელი მე იქ არ შემინიშნავს) და როგორც კი პირველ სართულზე ჩამოვედი, ეს კაციც იქ დამხვდა, ხელები ზურგს უკან დაეწყო და კვლავ წრიულ მოძრაობებს აკეთებდა, როგორც კი გასასველი კარისკენ წავედი, ის ჩემ საპირისპიროდ, კიბის უკან დაიკარგა. არ ვიცი, ვინ იყო, შესაძლოა, დაცვა, შესაძლოა, უბრალოდ, აქ მცხოვრები, მაგრამ დაცვის ფორმა აშკარად არ ეცვა. როგორც კი ჩემ უკან სადარბაზოს კარი მოვიხურე, ვიგრძენი და გავიგე კიდეც, რომ ის ვიღაცამ გააღო, მაგრამ უკან არც მიმიხედავს.

გარე მიდამოს ფოტოები გადავუღე და შინისკენ მიმავალ გზას დავადექი.

 

ნინო ტაბაღუა