მამუკა კაციტაძე: ,,არ მჩვევია ფეხის ბაკუნი, მაგრამ ნახევარფაბრიკატული გადაწყვეტილებები ხელისუფლების ტვირთია!”

ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ესაუბრება:

_ აშკარაა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებულად ვერ წარიმართა. ეს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი სულისკვეთება ფართო თანხმობის მიღწევაა. დღეს გინდ ხელისუფლებამ, გინდ სხვა ვინმემ რომ მოინდომოს და თქვას, ეს ფართო შეთანხმების საგანიაო, ამას არავინ დაიჯერებს.

როდესაც ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ, მას ორი მხარე აქვს: ერთი არის სამართლებრივი და მეორე _ პოლიტიკური. სამართლებრივი თვალსაზრისით, ბუნებრივია, ამას პრობლემა არ ექნება, რადგან, ასეა თუ ისე, არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა, კონსტიტუციის მიღების წესი და სამართლებრივი კუთხით ეს წესი დაცულია. მაგრამ როდესაც პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი ტიპის თანხმობა ვერ მიიღწევა, ეს ცუდია და ამაზე პასუხისმგებლობა და პასუხის გაცემა ხელისუფლებას მოუწევს. ხელისუფლებას უდგას კიდეც ეს მოცემულობა.

კენჭისყრები უკვე შედგა და პრინციპების დონეზე კონსტიტუციის ახალი პროექტი უკვე მივიღეთ. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მუხლებზე, შინაარსსა და ა. შ. მთლიანად პროცედურაზე ვსაუბრობ და თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც (ფრაქციის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერს მოვუსმინე) ამბობენ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემა არ არის, მაგრამ პოლიტიკური კუთხით გამოწვევა არისო. ანუ ეს რეალობა მათაც აღიარეს.

ეს არის მოცემულობა და სამართლებრივი თვალსაზრისით პროცესი დასრულებისკენ მიდის. რაც შეეხება პოლიტიკურ თვალსაზრისს, ვერც ახლა, ვერც თვეების მერე ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება. ბუნებრივია, რომ ეს პასუხისმგებლობა, ეს ტვირთი, ამასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ხელისუფლების წარმომადგელებს მოუწევთ. მათი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში ლომის წილია.

გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვინც ამ კომისიაში იყო. პასუხისმგებლობის რაღაც წილი ხელისუფლების გარეთ არსებულ სიტუაციაზეც ნაწილდება, მაგრამ ვიმეორებ: პოლიტიკური პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზეა.

რას იზამ?! _ დღეს ასეთი მოცემულობაა. პოლიტიკა შესაძლებლობის გამოვლენას ითხოვს პიროვნებებისგან თუ პარტიებისგან. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს პროცესი უკეთესი შედეგის მომტანი ყოფილიყო, ამ თვალსაზრისით პოლიტიკური, ლეგიტიმაციის პრობლემები არ დარჩენილიყო. როგორც ჩანს, ქართული დემოკრატია არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ამ ტიპის პრობლემები ურთიერთთანამშრომლობით, მრავალმხრივი კომპრომისით და დიდი შეთანხმებით დავასრულოთ.

_ წინასწარი სამუშაოების შემდეგ რამდენად ელოდებოდით, რომ მაჟორიტარული სისტემა 2024 წლამდე შენარჩუნდებოდა?

_ მე რომ არ ველოდი, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ ამას, მგონი, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეც არ ელოდებოდა. მან თქვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, გადავდგებიო. მასაც არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მაჟორიტარების მხრიდან მოგონილი თუ გულწრფელი გაჯიუტებით, ეს ნაბიჯი 2020 წლისთვის ჩაიშლებოდა.

ამას ნამდვილად არ ველოდებოდი, მით უმეტეს, არ ველოდებოდი იმ ფონზე, როცა საუბარი წავიდა ბონუსებზე, სტაბილურ ხელისუფლებასა და ა. შ., მაგრამ აქ ჩემი მოლოდინი ნამდვილად მეორეხარისხოვანია.

კობახიძე ახლაც აცხადებს, რომ 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოღებას მხარს ვუჭერო. როგორც ჩანს, ადამიანმა არასდროს და არაფერი არ უნდა გამორიცხო, ზოგადად, პოლიტიკაში და, კერძოდ, ქართულ პოლიტიკაში. ესეც მოცემულობაა და ხელისუფლების, ზოგადად, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ტვირთს ამძიმებს. რა პასუხს გასცემს ამაზე ხელისუფლება საერთაშორისო რეკომენდატორებს, ეს საკითხის კიდევ ცალკე მხარეა.

_ 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი, ერთჯერადად, 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ…

_ ბლოკების გაუქმება, რეალურად, თანამშრომლობის აკრძალვაა. ანუ არჩევნებამდე პარტიებს მჭიდრო ფორმატში თანამშრომლობა რომ სურდეთ (რისი უზრუნველყოფაც ბლოკი იყო), მათ ეს, უბრალოდ, ეკრძალებათ და პარტიათაშორისი თანამშრომლობის აკრძალვა ერთმნიშვნელოვნად ცუდი გადაწყვეტილებაა. თუ აქ იმაზე იყო საუბარი, რომ პარტიები ბლოკებში ხელოვნურად კოწიწდებოდნენ, შემდეგ ამაში დაფინანსებას იღებდნენ და ა. შ., ამაზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით: დაფინანსების, წარმომადგენლების, უფასო საეთერო დროის საკითხები შეიძლებოდა საარჩევნო სუბიექტზე ტრანსფორმირებულიყო და სუბიექტს რაც მიეცემოდა, მერე წესდების მეშვეობით ბლოკის შიგნით გადაანაწილებდნენ. მოკლედ, ამ პრობლემის მოგვარება სხვა გზით შეიძლებოდა.

ბლოკების გაუქმება ძალიან ხისტი ფორმაა თანამშრომლობის აკრძალვისა, რაც პარტიების განვითარებას ნამდვილად არ წაადგება. ეს არის ხელოვნური ბიძგი იმისკენ, რომ გაუქმდით, პარტიებო, და ერთ პარტიაში ჩამოყალიბდითო. ასე მექანიკურად, ავტომატურად და დაკვეთით პარტიების შერწყმა არ ხდება.

რაც შეეხება ბარიერს: სამ პროცენტამდე შემცირებას ჩვენ ვითხოვდით, სწორედ ეს იყო ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი შეთავაზება. შარშან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებათა პაკეტი 200 000 ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში გავიტანე, იქ ბარიერის 4%-მდე შემცირება გვეწერა. სხვა წინადადებაც იყო 3%-იანთან დაკავშირებით.

ბარიერის შემცირება ორი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: 1. პარლამენტში მეტად პლურალისტული გარემოს შექმნა, ბევრი პარტიის წარმოდგენა; 2. დანაკარგის შემცირების თვალსაზრისით კარგია. როდესაც ბარიერი 5%-იანია, დანაკარგი, ანუ გაუნაწილებელი მანდატები მეტია. როდესაც ქვემოთ ჩამოდის, ბუნებრივია, რომ ეს დანაკარგი მცირდება. მაგრამ ამის ერთჯერადობა სერიოზულობას მოკლებული ამბავია. რაღაც ძღვენივითაა, რომ მართალია, ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ამ ბარიერს ერთხელ დაგიწევთ და ეს თქვენთვისაც კარგი იქნებაო.

როცა სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ, ეს დროში გავრცობილად უნდა მოხდეს და არა ფრაგმენტულად. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ერთჯერადი 3%-იანი ბარიერი მაჟორიტარების შენარჩუნების დროს იმის კომპენსაცია იყოს, რომ 2020 წელს არჩევნები ძველი სისტემით ტარდება. ეს ხელისუფლების მხრიდან კარგად მოფიქრებული შემოთავაზება არ არის.

არ მჩვევია ხელოვნური ფეხის ბაკუნი და დაშინებები, რომ ამას და ამას ვიზამთო (დღეს ბევრი საუბრობს, რომ პროცესები რევოლუციისკენ მიდის), არ მსურს ჩემს რიტორიკაში ასეთი ტექსტები გამოვიყენო, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ამის თქმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ამ ტიპის, რაღაც ნახევარფაბრიკატული გადაწყვეტილებები და შემოთავაზებები, პოლიტიკურ ფონს ამძიმებს, რომლის განმუხტვაც ხელისუფლების ტვირთია. ხელისუფლება ამბობს, რომ ამისთვის მზად ვარო. ყველა ხელისუფლება ამბობს ხოლმე, რომ ამისთვის მზად არის, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს მზადყოფნა მთლად პროდუქტიული ვერ არის. ამიტომ კითხვის ნიშანს დავსვამდი, _ რამდენად შეძლებს დღევანდელი ხელისუფლება ამ ტიპის კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემას დროსა და სირცეში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ?

_ რამდენჯერმე ახსენეთ კონსენსუსის უქონლობის პირობებში მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები. რა შეიძლება მივიღოთ ამ ყველაფრისგან?

_ ჯერ ერთი, საერთო კონსენსუსს არ ვახსენებ ხოლმე, რადგან იდეალური კონსენსუსი არ არსებობს. ყოველთვის გამოერევა ცალკეული პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც შეუვალია. 100%-იანი კონსენსუსი აქ კი არა, მაღალი დემოკრატიის ქვეყნებშიც არ მიიღწევა. თანხმობა შეიძლება მოხდეს ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე და „ვენეციის კომისიის“ დასკვნაში 90-ე მუხლი რომ ნახოთ, იქ ღიად არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებლობების ფარგლებში კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ანუ რაღაც სერიოზული დონის თანხმობა, რაც აბსოლუტურ კონსენსუსს არ ნიშნავს. ეს ჩვენთან არათუ მაღალ, არანაირ ხარისხში არ განხორციელდა, რაც სამწუხაროა.

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ვთქვი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით პროცესი დასრულებისკენ მიდის და ამ კუთხით ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას.

რა შეიძლება მოხდეს, აქაც მოზომილი ვიქნები.

ვნახოთ, აწევს ამ პოლიტიკურ ტვირთს ხელისუფლება? მაშინ ესკალირების საფუძველი ნაკლები იქნება. ვერ აწევს და პოლიტიკური დელეგიტიმაციის პრობლემა სერიოზულ დამოკლეს მახვილად დაეკიდება ხელისუფლების თავზე და ამაზე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

მაგრამ დღეს, ამ ზაფხულში, როცა სამართლებრივი პროცესი დასასრულისკენ წავიდა და ობიექტურად ვხედავთ საზოგადოებრივ განწყობებს, ალბათ, სჯობს, რომ უფრო ზომიერები, პრაგმატულები ვიყოთ. ობიექტურად შევხედოთ არა იმისთვის, რომ ვიღაცის ყურსა და თვალს ვაამოთ, არამედ ფუჭი მუქარები და ფეხის ბაკუნი ისევ პოლიტიკურ სპექტრს, ამ შემთხვევაში, ოპოზიციურს მოუტრიალდება უკან.

_ რას აპირებთ ამ თემაზე მომუშავე პარტიების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში?

_ მიმართვა უკვე გავაკეთეთ. ჩვენი ვალია, რომ ამ პროცესის შესახებ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინოთ: როგორ წარიმართა ეს ყველაფერი, რა მინუსები ან პლუსები ჰქონდა, თუ საერთოდ იყო ამის გამოვლინება? ბუნებრივია, ცხოვრებას იმ მოცემულობის გათვალისწინებით გავაგრძელებთ, რაც ახალ პოლიტიკურ რეალობაში იქმნება. რა ფორმას, ტაქტიკას ავირჩევთ, ამაზე რეცეპტების დადება და დეტალურად გაწერა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

ერთი რამ ცხადია, პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ ახალი პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით კონკრეტული აქტივობები უნდა გქონდეს. თუ პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება, პოლიტიკოსი პოლიტიკურ რეალობას მოწყდა, ის ვერავითარ შემთხვევაში ხელშესახებ, ნორმალურ შედეგზე ვერ გავა. ამიტომ ხვალინდელი ნაბიჯები ახალი მოცემულობის გასიგრძეგანებით უნდა დაგეგმო.

 

გელა მამულაშვილი