შეშინებული ხელისუფლება და 7 წლით გადავადებული სამართლიანობა

დღეს ჩვენ, წესით, წინა კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული „ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნის შესახებ უნდა გვესაუბრა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან და კონსენსუსის აუცილებლობასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციებს შეიცავდა, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში „ოცნებამ“ ისეთი რამ ჩაიდინა, რომ „ვენეციის კომისიას“ სულ თავზე გადაახია თავისი დასკვნა, ქართულ საზოგადოებას კი ენა გამოგვიყო და მოგატყუეთო, გვითხრა. არავითარი პროპორციული საარჩევნო სისტემა აღარ იქნება 2024 წლამდეო და სულ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი, მთავარია, „ოცნების“ შიგნით გვაქვს კონსენსუსიო.

ერთი სიტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების ექვსთვიანი მოლოდინი ტყუილი აღმოჩნდა; ტყუილი აღმოჩნდა  საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობაც და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის „ოცნებიდან“ წამოსული ინიციატივა; ტყუილი აღმოჩნდა, ერთთვიანი საჯარო-სახალხო განხილვის პროცესი, როცა ხელისუფლება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, თავის ადმინისტრაციულ აქტივთან იწონებდა თავს; დაბოლოს, ტყუილი აღმოჩნდა „ვენეციის კომისიაში“ გადაგზავნილი დოკუმენტი, რომელზედაც კომისიამ, სულ მცირე, ერთი თვე იმუშავა, რამდენიმე სხდომა ჩაატარა და რამდენიმე დასკვნაც წარმოადგინა.

თურმე, ტყუილში გვიცხოვრია ბოლო ექვსი თვე და ვერ გაგვიგია. მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საკუთარ ინიციატივაზე, გააუქმოს შერეული მაჟორიტარული სისტემა და გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ახალი დაპირების მიხედვით, უახლოესი შვიდი წელი კიდევ შერეული მაჟორიტარიზმი გვექნება და მერე ვნახოთ. ეს შერეული მაჟორიტარული სისტემა, ალბათ, გვახსოვს, რომელიცაა. დიახ, ეს ზუსტად ის სისტემაა,  ხელისუფლებას რომ შეუძლია, ამომრჩეველთა დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად, 73 მაჟორიტარი დეპუტატი, კანონის ძალით, მოიპაროს. დიახ, ეს ის სისტემაა, რომლის შეცვლასაც 1995 წლიდან ცდილობს ყველა ოპოზიციური ძალა და მთელი არასამთავრობო სექტორი.

პოლიტიკური პროცესი სრულ ჩიხში შევიდა. ქვეყანაში იქმნება ვითარება, როცა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საარჩევნო გარემო კი, როგორც არასდროს, ისე მოირგო ერთმა პოლიტიკურმა ძალამ.

ხელისუფლების უტიფარი ტყუილები და ფეხზე დაკიდებული საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ჩვენ ის ვიკითხოთ, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ხელისუფლების ასეთმა სიბეცემ და საერთოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც მსოფლიო დონის მატყუარა აღმოჩნდა?!

 

ლეგიტიმაცია _ პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის აუცილებელია, მით უმეტეს, აუცილებელია ჩვენნაირი, პატარა ქვეყნის ხელისუფლებისთვის. პოლიტიკურ ლგიტიმაციას მხარდაჭერაც შეიძლება ვუწოდოთ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას ნიშავს. მაგალითად, როცა ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად შეაფასებენ, ეს ნიშნავს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და მხარადჭერას. ასევე როცა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისას „ვენეციის კომისია“ მჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოგიწონებს, ნიშნავს მხარდაჭერას, მაგრამ როცა შენს საერთაშორისო პარტნიორებს თავხედურად მოატყუებ, დიდი ალბათობით, ეს მხარდაჭერა დაიკარგება. წინა ორმა ხელისუფლებამ, თავისი არსებობის მიწურულს, სწორედ ეს საერთაშორისო ლეგიტიმაცია დაკარგა. გაგახსენებთ შევარდნაძის ხელისუფლების დაისს: 2003 წლის ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა და შევარდნაძის ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჩამოუტანა, რომელსაც, მოგვიანებით, „ბეიკერის გეგმა“ უწოდეს. გეგმა ითვალისწინებდა ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნას და უზრუნველყოფდა ოპოზიციური პარტიებისთვის მაღალ წარმომადგენლობას ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. შევარდნაძემ, რომელიც, ალბათ, ათასჯერ მეტად იყო დაწმუნებული დასავლეთის მხარდაჭერაში, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და არჩევანი არა ქვეყნის, არამედ თავისი კორუმპირებული მთავრობის, ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა. საბოლოოდ, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა, ძირითადად, შევარდნაძის მომხრე პოლიტიკურ ძალებს ეკავა, მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ისეთ წესს, რომელიც ეწინააღმდეგება ბეიკერისეულ სქემას. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღევანდელის მსგავსად, ხელისუფლება მაშინაც გაიძახოდა, _ ზუსტად იმას ვაკეთებთ, რასაც „ბეიკერის გეგმა“ ითვალისწინებსო. შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა, საერთაშორისო ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს ეუთომ სტანდარტებთან შესაბამისობა დაუწუნა, რაც სერიოზული ზურგის ქარი აღმოჩნდა იმ რევოლუციური პროცესებისთვის, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარდა. რევოლუციის დროს კი დასავლეთმა „ქართველ ერს“ დაუჭირა მხარი, რაც შევარდნაძის ხელისუფლების სრულ დელეგიტიმიზაციას ნიშნავდა.

დიდწილად, სწორედ, საერთაშორისო მხარდაჭერის სერიოზულმა დეფიციტმა დაღუპა სააკაშვილის ხელისუფლებაც. საკუთარ დაუმარცხებლობაში დარწმუნებული სააკაშვილი საერთოდ ყურადღებას აღარ აქცევდა სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს და „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს. 2007 წლის 7 ნოემბერი უცხოელი პარტნიორების პირველი დიდი იმედგაცრუება იყო, უფსკრული კი უკვე აგვისტოს ომის დროს გაჩნდა, როცა ამერიკელებისა და ევროპელების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, საქრთველო მაინც აღმოჩნდა რუსეთთან ომში ჩათრეული. საერთაშორისო მხარდაჭერა ამის შემდეგაც მხოლოდ იკარგებოდა და არა პირიქით. ადამიანის დარღვეული უფლებები, გაუხსნელი მკვლელობები, პატიმართა გაუსაძლისი ყოფა, ოპოზიციის მუდმივი პროტესტები _ ეს თემები ყოველდღე ხვდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.

მიუხედავად საერთაშორისო მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობისა, მთავარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, მაინც, საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერაა. შიდა ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის პირობებში ნებისმიერი ხელისუფლება მყარად გრძნობს თავს. საკუთარი მოსახლეობა თუ გენდობა და ზურგს გიმაგრებს, როგორც იტყვიან, მთებს გადააბრუნებ, მაგრამ თუ დაკარგე ეს მხარდაჭერა, მთელი მსოფლიო რომ ხელის გულზე გატარებდეს, ხელისუფლებაში ვეღარაფერი დაგამაგრებს. სწორედ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა რომ დაკარგა წინა ორმა ხელისუფლებამ და, ამასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებმაც ზურგი აქციეს, მაგიტომაც ჩამოერთვათ ძალაუფლება.

ადარადა, „ქართული ოცნება“ უკვე სამი წელიწადია, ვერც საკუთარი მოსახლეობისა და ვერც საერთაშორისო პარტნიორების დიდი მხარდაჭერით ვერ დაიკვეხნის. ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი ბოლო ორი საყოველთაო არჩევნების შედეგებია. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ოცნებამ“ თბილისში მისული ამომრჩევლის, მხოლოდ, 44%-ის მხარდაჭერა მიიღო, ანუ იმავე არჩევნებზე მისული 56% „ოცნების“ წინააღმდეგ იყო განწყობილი. დაახლოებით იგივე შედეგი აჩვენა ხელისუფლებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. მაშინ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის მხოლოდ 48%-მა, ანუ ისევ ნახევარზე ნაკლებმა დაუჭრა მხარი „ოცნებას“, 52%-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჯერ არც ერთ არჩევნებზე არ ჰქონია მმართველ პარტიას. ეს პროცენტები, „ოცნებაში“, სულ მცირე, დაფიქრების საფუძველი უნდა იყოს და არა გაყოყოჩების. თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის, მხოლოდ ნახევარი მიდის, ე. ი. ამ ნახევრის ნახევარი უჭერს მხარს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს კი მთელი ამომრჩევლის მხოლოდ 25%-ია. ბუნებრივია, ასეთი მხარდაჭერით, როგორც იტყვიან, შორს ვერ გაფრინდები. დიდი ალბათობით, „ოცნების“ ეს მხარდაჭერა მხოლოდ შემცირდება, რადგან ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის გაიზარდოს. პირიქით, ყოველდღე შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სხვას ვერაფერს უწოდებ საკუთარი ერისთვის ჯერ ფუჭი მოლოდინების შექმნას და შემდეგ იმის განცხადებას, რომ  მოგატყუეთო.

საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერისგან შეფერთხილი „ქართული ოცნება“ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომით და დასავლური ლეგიტიმაციით. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, „რუსთავი 2“-ის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება. საინტერესოა, როგორ შეაფასებს „ვენეციის კომისია“ და, მასთან ერთად, „ევოსაბჭო“ იმას, თუ როგორ თავხედურად მოატყუა საქართველოს ხელისუფლებამ ეს ევროსტრუქტურა და როგორ ტყუილად ამუშავა და რეკომენდაციები აწერინა საკონსტიტუციო ინიციატივებზე, რომელთა განხორციელება, საბოლოო დასკვნის შემდეგ, საერთოდ გადაიფიქრა. პოზიტიური შეფასების მოლოდინი ხელისუფლებას, ბუნებრივია, არ უნდა ჰქონდეს.

 

განტევების ვაცები _ ტყუილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, რაღაც დონეზე მაინც, ახსნას საჭიროებდა. ანუ ხომ უნდა ეთქვათ საზოგადოებისთვის, რამ გამოიწვია ასეთი ჭკუის გადაბრუნება, ჰოდა, გამოძებნეს კიდეც განტევების ვაცები. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ვაცები მაჟორიტარები აღმოჩნდნენ. „ოცნების“ დახურულ პოლიტსაბჭოზე შემდეგი ზღაპარი დაიწერა, თითქოს, უმრავლესობაში მყოფი მაჟორიტარების ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და რა ქნას „ოცნების“ საწყალმა, პროგრესულმა ნაწილმა, რომელსაც ვერ გააქვს გუნდში თავისი პოზიცია, რადგან ვერ აგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 116 დეპუტატს და ამიტომ იძულებულია, დასთანხმდეს კომპრომისულ ვარიანტს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ მაჟორიტარული წესით ჩაატაროს(?!!). საერთოდ, ტყუილს მოკლე ფეხები რომ აქვს, ეს დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ „ოცნების“ ტყუილები, რატომღაც, მთლად უფეხოები გამოდიან. ნეტა, თვითონ თუ ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კახა ოქრიაშვილის, ან ვიტია ჯაფარიძის ჭკუაზე დადის?.. ნუთუ, მართლა ფიქრობენ, რომ საზოგადოება იმდენად უჭკუოა, რომ ასეთ, უნიჭო ზღაპარს ვინმე იყიდის მათგან?..

ყველას ხომ კარგად ესმის, რომ მაჟორიტარები, რომლებიც პარლამენტში, მხოლოდ საკუთარი ბიზნესის „დასაკრიშად“ სხედან, უიოლესი სამართავნი არიან. მათი ბიზნესები მათი აქილევსის ქუსლია და შესაბამისად, ვერც ერთი ეს მაჟორიტარი, პარტიული ბოსების ნების საწინააღმდეგოდ, ხმას ვერ ამოიღებს. ეს ის მაჟორიტარები არიან, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური პრიციპები არ გააჩნიათ. ისინი იყვნენ „მოქალაქეთა კავშირში“, შემდეგ გადაბარგდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, დღეს კი, როგორც იტყვიან, გადაპორტირდნენ „ქართულ ოცნებაში“. მათ არასდროს ადარდებდათ ის მაჟორიტარული ოლქები, რომლებსაც პარლამენტში წარმოადგენენ. მაგალითისთვის: მთავარი განტევების ვაცი დმანისის მაჟორიტარი, კახა ოქრიაშვილი, რომელიც 12 წელიწადია, პარლამენტის წევრია, მხოლოდ ორჯერ ნახეს მიკროფონთან მისული: ერთხელ, როცა წინა მოწვევის პარლამენტში მისი ბიზნესის, PშP-ს სააფთიაქო ქსელის ინტერესებს იცავდა და მეორედ ახლა, როცა მაჟორიტარულ სისტემას ექომაგებოდა.

 

პანიკური შიში _ ის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული მაჟორიტარული სისტემით უნდა ჩატარდეს, ესაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება და მაჟორიტარები აქ მხოლოდ საბაბად არიან გამოყენებულნი. „ოცნების“ ლიდერებს კი, როგორც ჩანს, 2020-ისთვის ძალინ ცუდი მოლოდინები აქვთ. როგორც ჩანს, მათ კარგად დათვალეს შესაძლო დანაკარგები და გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლებაში დასარჩენად ისევ მაჟორიტარული სისტემის იმედად ყოფნა სჯობს. რას ნიშნავს ეს?.. შერეული მაჟორიტარული სიტემის მეშვეობით ხელისუფლებას, დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად, 73 მაჟორიტარული მანდატი მაინც ჯიბეში უდევს, ეს კი მთელი პარლამენტის თითქმის ნახევარია. როგორი დაბალი პროცენტიც არ უნდა მიიღოს „ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში, საპარლამენტო უმრავლესობა, მაჟორიტარების წყალობით, მაინც გარანტირებული აქვს.

ისეთ პროპორციულ სისტემაში კი, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობდა, ყველა გადაუნაწილებელი მანდატების მითვისებით, დაუმსახურებელი მანდატების რაოდენობა, 30-დან 40-ც მანდატამდე მერყეობდა. რა თქმა უნდა, 40 მანდატი 73-ზე ნაკლებია, მაგრამ გარანტირებული საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი იყო.

პანიკა და ისტერიკა „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ დაიწყო, რაც „ვენეციის კომისიამ“ კატეგორიულად უარყოფითად შეაფასა ყველა გადაუნაწილებელი მადატის ერთი პარტიისთვის მითვისება. კომისიის ასეთი მკაცრი პოზიციის შემდეგ „ოცნება“ იძულებული გახდა, ზედა ზღვარის რეკომენდაციას დასჯერებოდა და დაუმსახურებელი მანდატების რაოდენობა, საშუალოდ, ოცამდე შეემცირებინა. თუმცა ეს ბოლო ვარიანტი უმრავლესობისთვის იმდენად საშიში და მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში გარანტირებულად დასარჩენად კვლავ შერეული მაჟორიტარული სისტემის დატოვება გადაწყვიტა. ნათლად ჩანს, _ „ოცნებას“ ისტერიულად ეშინია, რომ დამატებითი 20 მანდატითაც კი ვერ მიიღებს მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო უმრავლესობას. ასე რომ, მაჟორიტართა კაპრიზები აქ არაფერ შუაშია, პრობლემა ხელისუფლების შენარჩუნებაა. თავისი ამ პანიკური შიშების გადასაფარად „ოცნებისტები“ მუდამ სხვის დაბალ შანსებზე საუბრობენ და ისე უჭირავთ თავი, თითქოს საზოგადოების უკმაყოფილება მათ საფრთხეს არ უქმნიდეს(!)… არადა, ქვეყანაში უკვე სერიოზული პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია; არასაპარლამენტო ოპოზიცია ქუჩაში გსასვლელად ემზადება;  არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებასთან კონსულტაციები შეწყვიტეს; ევროსაბჭოდან და „ვენეციის კომისიიდან“ უარყოფითი შეფასებებია მოსალოდნელი. ყველაფერ ამას ერთადერთი სახელი აქვს, _ პოლიტიკური კრიზისი. კრიზისია სახელისუფლებო გუნდშიც. ცვლილებები, რომელიც 2024 წელს უნდა შევიდეს ძალაში, დაჩქარებული ტემპებით განიხილება, თან იმდენად დაჩქარებულით, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომები რომ არ ეყოთ, რიგგარეშე სხდომები დაამატეს, ოღონდაც ივნისში მორჩენილიყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებას.

ეს ის შემთხვევაა, როცა ქურდს კუდი ეწვის. „ოცნებაში“ შესანიშნავად ხვდებიან, რომ სერიოზულ დანაშაულს სჩადიან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ. იმასაც შესანიშნავად ხედავენ, რომ ქვეყანაში ავტოკრატიას ამყარებენ, მაგრამ რა ქნან, ძალიან მოეწონათ ხელისუფლება და ძალაუფლება. იმდენად შევიდნენ ძალაუფლებით ტკბობის ეშხში, რომ მზად არიან, კონსტიტუცია არათუ გადაწერონ და საკუთარ თავზე მოირგონ, არამედ თუ საჭირო გახდა, საერთოდ გააუქმონ კიდეც. მარტო ხელისუფლების თავის გასამართლებელი განცხადებები რად ღირს. მთელი მსოფლიო პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსის აუცილებლობაზე მიუთითებს, „ოცნების“ ლიდერები კი იმას გაიძახიან, _ შეხედეთ, რა მაგრები ვართ, საკუთარ პოლიტიკურ გუნდში კონსენსუსს მივაღწიეთო(?!!). ასეთი კომიკური განცხადებების მარათონში ყველას მაინც ქალბატონმა ბესელიამ გადაასწრო. მან მთელი სერიოზულობით განაცხადა, რომ საქართველოში, თურმე, უპრეცედენტო რამ მოხდა, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობამ თითქმის მთელი შემადგენლობით ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებსო. ვერაფერს იტყვი, მართლაც რომ „გინესის“ წიგნში შესატანი მიღწევაა.

 

მორიგი ტყუილი _ რაც შეეხება 2024 წელს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პერსპექტივებს, მერამდენედ უნდა მოგვატყუონ ივანიშვილმა და მისმა მეოცნებეებმა, რომ ჭკუა ვისწავლოთ და სატყუარებზე აღარ წამოვეგოთ. გავიხსენოთ, რას გვპირდებოდნენ ერთი წლის წინათ, _ „ოცნება“ იფიცებოდა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩამატარებინეთ შერეული მაჟორიტარული სისტემითო, მაჟორიტარების მეშვეობით კიდევ ერთხელ მომაპარინეთ დაუმსახურებელი მანდატებიო და 2020-ში პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთო. ხომ მოგვატყუეს?.. _ მოგვატყუეს!!! ახლა ხომ იგივეს გვეუბნებიან, _ 2020 წელსაც ჩაგვატარებინეთ მაჟორიტარული არჩევნები და შვიდი წლის შემდეგ 2024-ში გადავიდეთ პროპორციულზეო?.. და ვინმეს სჯერა, რომ არ მოგვატყუებენ?.. აუცილებლად მოგვატყუებენ!!! ვინმეს ჰგონია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა „ოცნებას“ კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება, განტევების ვაცებს ვერ იპოვიან?.. ან ისევ კახა ოქრიაშვილი და მისი რაზმი აღარ გამოდგება ამ როლზე?.. რა თქმა უნდა, ყველაფერი თავიდან გათამაშდება: ისევ აღმოჩნდებიან ხელისუფლებაში დეპუტატები, რომლებიც დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მაჟორიტარული სისტემა ძალიან დემოკრატიულია და ქართველი ერი ჯერ არ გაზრდილა ისეთ დონემდე, რომ პროპორციული სისტემის მიღება და ათვისება შეძლოსო. რაც მთავარია, 2020 წლისთვის „ქართული ოცნების“ დღევანდელ ლიდერებს კიდევ უფრო მეტად აღარ ემახსოვრებათ 2008 წლის გაზაფხული, როცა ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით 16 დღე შიმშილობდნენ პარლამენტის შენობის წინ. კარგად ექნებათ დავიწყებული, როგორ მისდიოდათ გული და როგორ გამოჰყავდათ კარვებიდან საკაცეებით, როგორ მოდიოდა პატრიარქი და მათი პოლიტიკური სახის გადასარჩენად როგორ უდებდა პირში სეფისკვერს, რათა ღირსეულად დაესრულებინათ შიმშილობა. ეს ყველაფერი უკვე აღარ ახსოვთ და  შვიდი წლის მერე ხომ საერთოდ გაერეცხებათ მეხსიერება… მაგრამ მთავარია არა ის, რა ემახსოვრებათ „მეოცნებეებს“, არამედ ის, რა ემახსოვრება ქართველ ერს. საზოგადოებას კი, როგორც ცნობილია, არასდროს არაფერი ავიწყდება, მით უმეტეს, ასეთი კაშკაშა მომენტები უახლესი ისტორიიდან.

 

ავტოკრატია ან რევოლუცია _ დღეს ხშირად ისმის, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს. საუბარია პოლიტიკურად ჩიხურ ვითარებაზე, როცა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელი ხდება. საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციული რესურსი, ცესკოს შემადგენლობა ისეა მორგებული ერთი პარტიის ინტერესებზე, რომ ხელისუფლებამ თავადაც რომ მოინდომოს, მაინც ვერ წააგებს. ასეთ დროს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ადგილი აღარ რჩება, რადგან მთელი ძალაუფლება ერთი კულუარული მმართველისა და მისი ნაზირ-ვეზირების ხელშია კონცენტრირებული. გამოსავალი, ასეთ დროს, ორია: ერთი, როცა მთელი ერი ეგუება ავტოკრატიული მმართველობის ფორმას და შიშით, ან საკუთარი ნებით ხრის თავს და უარს ამბობს დემოკრატიაზე. ასეთი მაგალითები მსოფლიოში საკმაოდ ბევრია და შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს სამ მეზობელ ქვეყანაში, სწორედ, ავტოკრატიული მმართველობის ფორმაა დამკვიდრებული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოში ავტოკრატია ვერ დამკვიდრდა. დიდი იმედია, რომ ვერც ამჯერად დამკვიდრდება!

პროცესების განვითერების მეორე ვარიანტი კი ყველასთვის კარგად ნაცნობია: როცა ესა თუ ის გათავხედებული მმართველი გადაწყვეტს, საქართველოს მოსახლეობას უყუროს, როგორც ცხვრის ფარას და როცა ფეხებზე დაიკიდებს მის ყველა სამართლიან მოთხოვნას, ცხვირში მიიღებს მუშტს, სწორედ იმ მუშტს, რომლითაც არაერთი ზედმეტად თავდაჯერებული ლიდერი გაემგზავრა პოლიტიკურ სანაგვეზე.

ის, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას უკვე დიდი ხანია უყურებს, როგორც ცხვრის ფარას, ეს სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის ჩვენმა ახალგაზრდა თავმჯდომარემაც დაადასტურა: როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას _ იზამთ, პროპორციულ სისტემაზე თუ ვერ დაითანხმებთ მაჟორიტარებსო? მან დამაჯერებლად უპასუხა, _ თანამდებობიდან გადავდგებიო. როგორც საბოლოო ჯამში გაირკვა, პარლამენტის თავმჯდომერემ, ვერ ან არ გაიტანა პროპორციული სისტემა და როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტებმა კობახიძეს შეახსენეს დანაპირები და კითხვა გაუმეორეს. და როგორ ფიქრობთ, რა უპასუხა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა?.. _ მე მაშინ ვიხუმრეო(!!!). ასეთი რამ შეუძლებელია, იკადროს პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ ის პატივს სცემს საკუთარ მოსახლეობას, და რაც მთავარია, თუ ის ოდნავ მაინც პატივს სცემს საკუთარ სიტყვას. ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის მაღალჩინოსანი, ასეთი ფიასკოს შემდეგ, თანამდებობიდან გადადგებოდა, მაგრამ ეს არ ვრცელდება საქართველოზე და სწორედ ამიტომ ჩვენ ჯერ არ ვართ ცივილიზებული ქვეყნების რიგში.

მაშ, ასე! სამწუხაროა, მაგრამ კვლავ გვიწევს იმის დაფიქსირება, რომ ვცხოვრობთ მესამე რიგის, განუვითარებელი დემოკრატიის ქვეყანაში, სადაც დაბალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება ცდილობს, ავტოკრატია მოგვახვიოს თავს; სადაც ხელისუფლება ატყუებს ყველას, შინ და გარეთ; სადაც მმართველმა გუნდმა ზურგი შეაქცია „ვენეციის კომისიას“ და მთლიანად ევროსაბჭოს; სადაც ხელისუფლება ამომრჩეველს უცხადებს, რომ ამიერიდან მათ ვერავინ დაამარცხებს არჩევნებში და თუ მაინც რომელიმე პოლიტიკური ძალა წინ გაიჭრა საარჩევნო ფინიშთან, მას ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი ადმინისტრაცია დახვდება, სადაც კომისიის 13 წევრიდან 10 ხელისუფლების დანიშნულია.

„ოცნებამ“ თავისი გააკეთა, _ ბურთი ხალხის მოედანზეა.

 

დემნა ვეშაპიძე