მიწის გადამყიდველები და ცრუინვესტორები საქართველოში _ რა სქემით მოქმედებენ ისინი?

რას ნიშნავს ტერმინი ცრუინვესტორები? რა სქემით იტაცებენ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის მიწებს და ვისი მფარველობის ქვეშ მიმდინარეობს მიწით ვაჭრობა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელშეწყობით?

2016 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საინვესტიციო აქცენტი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოზე  (GCC) გადაიტანა. იმავე წელს თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით GCC-ის საბჭოს გენერალური მდივანი, ბაჰრეინელი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი ჩამოვიდა.

მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ GCC გახლავთ ე. წ. ყურის საბჭო, რომელიც მოიცავს ერთიან საბაჟო კავშირს და საერთო ბაზარს. 2013 წელს კი დაიწყო კონსულტაციები Gჩჩ-ში შემავალ ქვეყნებს შორის ერთიანი ვალუტის შემოღების თაობაზე.

ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი თბილისში  შეხვდა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანმა ამ ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მდიდარი სავაჭრო ურთიერთობების ისტორია და რომ იგი იმედოვნებს  არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის მყარი კავშირების გაბმას.

თავიდან ისე გამოჩნდა, რომ GCC-ს სავაჭრო ბლოკში შემავალ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ტურიზმის მიმართულებით უნდა განვითარებულიყო ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ ხსენებული ვიზიტის შემდეგ საუდის არაბეთიდან საქართველოში 44 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, აქედან გაერთიანებული საემიროებიდან _ 22 ათასი. საავიაციო ხაზებმა ფრენებს მოუმატეს და Fly Dubai-მ, ყატარის ავიახაზებმა და Air Arabia -მ რეისების გაორმაგება დაიწყო. რაც შეეხება იმპორტს, 2016 წელს ყურის საბჭოს ექვსივე ქვეყნიდან საქართველოში 138 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა. თავის მხრივ, საქართველოდან ექსპორტზე GCC -ის ქვეყნებში 57 მილიონი დოლარის საქონელი შევიდა.

აქვე დავძენთ, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ექვსი არაბული ქვეყნიდან საელჩო ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ყატარს აქვს.

2017 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს, მაჯედ იბნ აბდულა ალ კასაბს შეხვდა. გახარიამ თავის არაბ კოლეგას სრულად წარუდგინა საქართველოში მიმდინარე ძვრები არაბული ინვესტიციების კუთხით. კერძოდ, ის, რომ 2016 წელს საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 10 53 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 8-ჯერ მეტია; ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 25,19 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 266%-ით აღემატება.

ისმის კითხვა, _ რის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი?!

ერთ-ერთი ადრეული მაგალითიდან დავიწყოთ: 2011 წლის შემოდგომაზე ქუვეითელმა ინვესტორმა მაჰერ აჰმედ სალამიმ კახეთში, სოფელ ჯუგაანში, 17 ჰა მიწა აუქციონზე იყიდა და მასში მილიონი ლარი გადაიხადა. უფრო სწორად, აუქციონის პირობის თანახმად, მილიონი ლარი სამი წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა, ისიც იმ პირობით, რომ უახლოესი შვიდი წლის მანძილზე ასი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. ხსენებული ინვესტიცია მოიცავდა ტურისტული კომპლექსის გაშენებას თავისი კოტეჯებით, რანჩოთი, ხელოვნური ტბებით და ა. შ. ვინაიდან ტურისტულ ზონად იმ დროს მხოლოდ შავი ზღვა ითვლებოდა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რის მიხედვითაც, მილიონი ლარის შემოტანის შემთხვევაში, ნებისმიერი ადგილი, თუნდაც უდაბნო ყოფილიყო, ტურისტულ ზონად გამოცხადდებოდა. რა თქმა უნდა, არანაირი ინვესტიცია სოფელ ჯუგაანის 17 ჰა-ში არ ჩადებულა. სქემა კი ისეთი იყო, რაზეც „ქრონიკა+“ წინა პუბლიკაციებში საუბრობდა. ნაცვლად ხელისუფებისთვის დაპირებული ასი კოტეჯისა, არაბმა „ინვესტორმა“ 12 კოტეჯის მშენებლობაზე აიღო ლიცენზია და 20-მდე ქუვეითელი ჩამოიყვანა, ვისთვისაც მიწისა და კოტეჯების მიყიდვას აპირებდა, თითო კოტეჯის _ 150 000 დოლარად. სწორედ ამ 12 კოტეჯის გაყიდვით სურდა ეშოვა ის თანხა, რითაც უკვე მოგებული აუქციონის თანხას გადაიხდიდა.

არაბული ინვესტიციის მეორე მაგალითი ფოთის პორტს უკავშირდება, სადაც, რიგი ექსპერტების აზრით, ინვესტორები  პორტის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას აპირებდნენ.

თავის დროზე, დიდი ხმაური გამოიწვია  მცხეთის რაიონში ხუთი არაბული სოფლის გაშენებამ. ორი წლის წინათ ქანდის, წილკნის, მუხრანის, საგურამოსა და წეროვნის ტერიტორიაზე არაბებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, დანიშნულება შეუცვალეს და ტერიტორიულ ერთეულებად დაყვეს. ამის შემდეგ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, წილკანში 140 ერთეულად დაყოფილი 70 ჰა მიწაა უკვე გაყიდული. მისი მფლობელია საადატია ჰუსეინ ჰუსეინი; ქანდაში გაყიდულია 56 ჰა, დანაწევრებულია 95 ერთეულად და მფლობელები გახლავთ შპს „ zenith froferTi “, ალერიზა ქალაი, სეიედ აბას ჰუსეინზადე სალათი და ა. შ.; მუხრანში შესყიდულია 52 ჰა, დანაწევრებულია 26 ერთეულად, მფლობელები: იუვალ მენახემ ბენერაფი, ფათემე ჯაჰედად ფარი; წეროვანში გაყიდულია 18 ჰა, დანაწევრებულია 53 ერთეულად და მფლობელები არიან  მოჰამად ამადა და აბდულამირ ალბინ აბუდ აბუდი.

როგორ უნდა გამოისყიდოს ეს მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ არაბებისგან, როდესაც ხელისუფლება  ოფიციალურად ახდენს მათ რატიფიცირებას? თავის დროზე ამის შესახებ „დემოგრაფიული განვითარების ფონდმა“ კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ სამი მუხლის დამატება მოითხოვა.

აღნიშნული მოთხოვნები საკმაოდ ლეგიტიმური იყო. კერძოდ, უცხოეთში ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, უცხოელ ფიზიკურ პირს უნდა შეზღუდვოდა ერთი ჰა და ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწების კატეგორიის შეცვლა სახნავი სავარგულების ერთიან მასივში არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიად დარეგისტრირების მიზნით და მათი კიდევ უფრო დანაწევრება რამდენიმე ნაკვეთად, რომელთა საქმიანობას არ წარმოადგენს აგროსფერო. ასევე, საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, უცხოელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს, 1 ჰა და ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლისა და არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიაში გადაყვანის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მთავრობის განკარგულება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიმართვის საფუძველზე. და მესამე: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას უფლება აქვს, დააყენოს საკითხი ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში (მუნიციპალიტეტი), სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციაში 1 ჰა და ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლის შესახებ, თუ არსებობს ტერიტორიული ორგანოს, თემის ან სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის 1/3-ის მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ, მათი დემოგრაფიული პრობლემებისა და მათი გაფართოების მიზნით. საკითხის დაყენების უფლება აქვს, ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ იგი უშუალოდ არის თემში საქმიანობის შემსრულებელი და აქვს შესაბამისი ნოტარიულად დამოწმებული მოსახლეობის რწმუნება.

ეს ცვლილებები, სამწუხაროდ, კანონმდებლობაში არ ასახულა.

2015 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის შეძენაზე მორატორიუმი დაწესდა, თუმცა შეზღუდვამ მხოლოდ 2016 წლამდე გასტანა. თებერვალში მორატორიუმი გაუქმდა და საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეტო მოეხსნა. ადგილობირვი მოსახლეობის უკიდურესმა გაღარიბებამ წარმოშვა რეალური საფრთხე, რომ ახლო მომავალში ქართული მიწების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდებოდა. 2016 წელს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის „ხელგაშლილობამ“ აზიის ქვეყნების ფართო დაინტერესება გამოიწვია ქართული მიწებით.

ახლა კი ყველაზე მთავარი: რამდენიმე წლის წინათ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წარმოადგინა კვლევა „ახალი 6-მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის“ შესახებ. კვლევის მიხედვით, თანაინვესტირების ფონდში შემდეგი ინვესტორები არიან დასახელებულნი: (ისინი ფონდის ვებგვერდზეც მოიხსენიებიან) დაბი გრუპი (Dhabi Group – არაბთა გაერთიანებული საემიროები); რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო (RAK Investment Authority _ არაბთა გაერთიანებული საემიროები); აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი; ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited _ ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ KazTransOil -ს); ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holdings AS _ თურქეთი); მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგს გრუპი (Milestone International Holdings Group Limited _ ჩინეთი). მაშინ არ დაკონკრეტებულა, თუ რა თანხას ჩადებს თითოეული ინვესტორი ფონდში. ინვესტორებს თანხა ერთობლივ ფონდში უნდა მოეთავსებინათ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა ფონდის მანდატის ფარგლებს მიღმა არსებული პროექტის დაფინანსებას გადაწყვეტდა, მათ შეეძლოთ, იგი სხვა ინვესტორებისთვის შეეთავაზებინათ და დაფინანსება სხვა წყაროდან მოეპოვებინათ.

მაგალითისთვის, ალექსანდრე მაშკევიჩი მილიარდერი ყაზახეთის სამთო სექტორიდან გახდა. 2011 წლის ივნისში ბელგიის სახელმწიფო პროკურორმა მაშკევიჩსა და მის ორ ბიზნესპარტნიორს ჯარიმის სანაცვლოდ ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდება მოუხსნა. ბელგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე საქმე იყო.

კიდევ ერთ ინვესტორს _ ahmed Caliks , „ Calik holdingis “ დამფუძნებელსა და ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ახლო ბიზნეს და პოლიტიკური კავშირი ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვთან („თურქმენბაში“), რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (2006 წელი) მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტოტალიტარულ, რეპრესიულ და ექსცენტრიკულ დიქტატორად მიიჩნეოდა. 2004 წლამდე, „თურქმენბაშის“ რეჟიმის დროს, აჰმედ ჩალიკს არაერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, მათ შორის, ტექსტილის მინისტრის, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლისა და თურქმენეთის ენერგორესურსების საერთაშორისო მარკეტინგის მრჩევლის თანამდებობები. ამ დროის განმავლობაში იგი მილიარდერი გახდა და „ Calik holdingis “ ისე გააფართოვა, რომ მასში სხვადასხვა სექტორში მომუშავე (დაწყებული ენერგეტიკის, ნავთობის, ტექსტილის სექტორებით და დამთავრებული ბანკით ალბანეთში) 34 კომპანია შევიდა. ცნობისთვის: წიკილეაკს-ის მიერ გამოქვეყნებული 2007 წლით დათარიღებული ამერიკული დეპეშის მიხედვით, ელჩ რიჩარდ ჰოგლანდთან ვახშმისას აჰმედ ჩალიკმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტი ნიაზოვი „მას ისე ეპყრობოდა, როგორც შვილს“. Gლობალ ჭიტნესს-ის მიხედვით, იმ პერიოდში თურქმენეთის სახელმწიფო სახსრების, დაახლოებით, 75% ბიუჯეტს მიღმა იხარჯებოდა. თურქმენეთი ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში 176 ქვეყანას შორის 170-ე ადგილზეა. 2007 წელს „ Calik holdingis “ აღმასრულებელ დირექტორად 26 წლის ბერატ ალბაირაკი დაინიშნა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძეა.

ძალიან რთულია, ასეთი სახელმწიფოს დონეზე რატიფიცირებული საინვესტიციო პროექტის შემდეგ ამხილო ცრუინვესტორები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ ასეთი გავლენიანი პატრონები ჰყავთ.

 

თამარ როსტიაშვილი