ბიუჯეტიდან დაფინანსებული განათლება

განათლების სისტემა რომ ნებისმიერ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია, ამაზე ყველა ცალსახად თანხმდება. საქართველოში ამ მიმართულებით ორმაგად მეტი სამუშაოა და ხშირად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ელემენტარული შედეგის მიღების საშუალებასაც არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ გაიზარდა მკვეთრად მიმდინარე წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანხები, თუმცა რის ხარჯზე, ეს ცალკე განხილვის თემაა.

საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად მიჩნეულია როგორც უნივერსიტეტი, სასაწავლო უნივერსიტეტი და კოლეჯი. ამ უკანასკნელზე ბევრს მცდარი შეხედულება აქვს და ჰგონია, რომ იგი არა უმაღლესი სასწავლებელი, არამედ პროფესიული სასწავლებელია, თუმცა შეცდომით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის მონაცემებით, ზემოთ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა, ჯამში, 75-ს უდრის.

უნივერსიტეტი _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;

სასწავლო უნივერსიტეტი _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა);

კოლეჯი _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

 

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, ესენია:

საზოგადოებრივი კოლეჯი _ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა.

პროფესიული კოლეჯი _ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

ჩამოთვლილებს შორის ავტორიზებული სახელმწიფო საზოგადოებრივ/პროფესიული კოლეჯების რაოდენობა შეადგენს _ 17-ს, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯების _ 6-ს და ავტორიზებული კერძო პროფესიულ/საზოგადოებრივი კოლეჯების რაოდენობა _ 52-ს.

სტატიის ყურადღებაც ამ ორი _ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსებისკენაა მიმართული.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში განათლების სამინისტრომ 91 მილიონით გაზარდა დაფინანსება. აქედან ზოგან სხვაობა მინიმალურია, ზოგან კი ორმაგ და სამმაგ ზრდას ვხედავთ.

განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ახალი პროექტი, ჯამში, 1 116 165 000 ლარს შეადგენს. ამათგან 1 31 165 000 ლარი საბიუჯეტო სახსრებს წარმოადგენს, 80 000 000 _ გრანტს, 5 000 000 _ კრედიტს.

 

განათლების სფეროსთვის გამოყოფილი თანხა შემდეგ ძირითად მიმართულებებს ხმარდება:

  • განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მართვისთვის _ ახალი ბიუჯეტის მიხედვით 21 მილიონ 229 ათასი ლარია გამოყოფილი (გასულ წელს 26 მილიონ 370 ათასი იყო);
  • ზოგადი განათლება _ 655 მილიონ 88 ათასი ლარი (ადრე _ 609 008 000 ლარი ეთმობოდა);
  • პროფესიული განათლება _ 29 მილიონ 580 ათასი (ადრე _ 25 850 000);
  • უმაღლესი განათლება _ 128 მილიონ 859 ათასი (ადრე _ 115 984 000);
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა _ 61 მილიონ 440 ათასი (ადრე – 62 458 000);
  • ინკლუზიური განათლება _ 5 მილიონ 134 ათასი (ადრე _ 3 184 000).
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება _ 115 მილიონ 980 ათასი (ადრე _ 89 091 000 ლარი).

 

ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან, როგორც ჩანს, დაფინანსება გაეზარდა 5 მათგანს და შეუმცირდა _ 2-ს. თუმცა ჩვენი ფოკუსი ახლა პროფესიულსა და უმაღლეს განათლებაზეა მიმართული, რომელიც პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში აქტიურად მიდის პროფესიული განათლების პოპულარიზება, მასზე გამოყოფილი თანხის მოცულობა მაინც დაბალია და მით უფრო უმაღლეს განათლებასთან შედარებით 4-ჯერ ნაკლები. ეს მაშინ, როცა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს და შრომის ბაზრის კვალიფიციური სამუშაო ძალით უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უფრო, მისი ეკონომიკისთვის უდავო წარმატების მომტანია. ყველასთვის ცნობილია, რომ ის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული.

ე. ი. სწორედ პროფესიულმა განათლებამ უნდა უზრუნველყოს ბიზნესი სამუშაო ძალით. საბოლოოდ კი პროფესიული განათლების გამართული სისტემა კარგად ფუნქციონირებადი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიმართულება რამდენიმე ქვეჯგუფად იყოფა, რომელზედაც მთილანობაში გამოყოფილი თანხა ნაწილდება.

მიმდინარე წლის ბიუჯეტით ზოგადი განათლების დაფინანსება გაზრდილია, თუმცა, ამავდროულად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, დაახლოებით, 2 მილიონითაა შემცირებული. წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამ მიმართულებით, 13 მილიონ 540 ათასი ლარი გამოიყო, ახლით კი _ 11 მილიონ 990 ათასი ლარი.

უმაღლესი განათლების მიმართულების დაფინანსება, დაახლოებით, 13 მილიონითაა გაზრდილი, შესაბამისად, საგრძნობი მატებაა მისი ზოგიერთი ქვეჯგუფის დაფინანსებაშიც. მაგალითად, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების წახალისებისთვის 103 მილიონის ნაცვლად ახლა 110 მილიონია გამოყოფილი.

ამ მიმართულებაშიც არის ისეთი ახალი ნაწილები, რომლებიც ბიუჯეტის წინა პროექტში საერთოდ არ ფიგურირებდა, ახლა კი საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვთ. მაგალითად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს 7 მილიონამდე ბიუჯეტი აქვს და პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“ _ 3 მილიონ 500 ათასით ფინანსდება (ეს პროექტი საქართველოს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირებასა და უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოზიდვას ისახავს მიზნად).

 

შალვა ტაბატაძე _ განათლების ექსპერტი:

_ რამდენად საკმარისია გამოყოფილი თანხები (მიუხედავად ზრდისა) აღნიშნული მიმართულებების განვითარებისა და წარმატებისთვის?

_ მიუხედავად მთლიანად განათლების ბიუჯეტის ზრდისა, განათლებასა და მეცნიერებაზე გამოყოფილი თანხები, ადრეც და ახლაც, მშპ-სთან მიმართებით ძალიან მწირია. იგი, დაახლოებით, 0.35%-ზეა. ამ დაფინანსების პირობებში განათლებასა და მეცნიერებაზე ფიქრი წარმოუდგენელია და ეს ასახვას ჰპოვებს როგორც ხარისხში, ასევე ხელმისაწვდომობაში.

თუ ავიღებთ უმაღლესი განათლების დაფინანსებას, აქ სახელმწიფოს წილი არ აღემატება 25%-ს, მაქსიმუმ _ 30%-ს და დანარჩენი 70% შიდა მეურვეობებზე მოდის, ანუ სტუდენტების ოჯახებზე, რომლებიც ამ გადასახადს იხდიან. შესაბამისად, ეს ფაქტორი სტუდენტის უმაღლესი სასწავლებლის ხელმისაწვდომობაზე აისახება, რადგან ძალიან ბევრი, დაახლოებით, 35 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, რომელთა 30% უნივერსიტეტში სწავლების გადასახადის არქონის გამო ვერ აგრძელებს სწავლას. ოჯახები ვერ უძლებენ ამ წნეხს.

სახელმწიფო დაფინანსება სასწავლებლებში არის 2250 ლარი წელიწადში და აქედან, საშუალოდ, 500 ლარს იხდის სახელმწიფო ერთ სტუდენტზე, ხოლო დანარჩენი თანხა იფარება შიდა მეურვეობებით.

მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს უმაღლესი განათლების დაფინანსება და მან უნდა მიაღწიოს მშპ-ს, მინიმუმ, 1%-ს. თუმცა ესეც შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, შეიძლება ბიუჯეტი გავასამმაგოთ, მაგრამ ხარისხი იგივე შეგვრჩეს, თუ არ ამუშავდა, პარალელურად, დაფინანსებასთან ერთად, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის მართვის მექანიზმები. უმაღლეს სასწავლებლებს სამინისტრომ ხარისხის განვითარების ახალი ეტაპები უნდა შესთავაზოს და მოთხოვნები იყოს ხარისხიანი განათლება, იგივე პროფესორ-მასწავლებელთა სწავლება, რომელიც, თავის მხრივ, შრომით ბაზარზეა მიბმული, ამ უკანასკნელს კი ბიუჯეტის მცირე წილი უჭირავს, არადა, სხვანაირად ამ სფეროს განვითარება წარმოუდგენელია და შეუძლებელიც.

 

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ ფინანსური რესურსების სიმწირეა. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სექტორში დაფინანსება გაიზარდა, ვერ ვიტყვით, რომ იგი დამაკმაყოფილებელია. პირიქით, მაკრო დონეზე რომ შევადაროთ ევროკავშირის მონაცემებს, მათ ჩამოვრჩებით და როგორი ეკონომიკური ჩამორჩენაც გვაქვს ევროპის ქვეყნებთან, იმაზე 2-ჯერ მეტად ჩამოვრჩებით განათლების დაფინანსებით, თანაც გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის მასშტაბით, განათლების დაფინანსებაში მოსახლეობის წილი შედარებით მოკრძალებულია და მთლიან ხარჯებს თვითონ სახელმწიფო იღებს.  ჩვენთან კი მოსახლეობას ღრმად უწევს საკუთარ ჯიბეში ხელის ჩაყოფა თანამედროვე ევროპელ მოქალაქეებთან შედარებით.

უმაღლეს და პროფესიულ განათლებაშიც დარღვეულია პროპორცია. ჩვენ ყოველწლიურად გვჭირდება, საშუალოდ, იმდენი პროფესიულ-ტექნიკური განათლების მქონე პირი, რამდენსაც უნივერსიტეტი ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ უშვებს. ეს თანაფარდობა დარღვეულია! უნივერსიტეტებში, დაახლოებით, 3-ჯერ მეტია ამ ადამიანების რაოდენობა, ვიდრე პროფესიულ-ტექნიკური განათლების მქონე პირების, არადა, ეს პროპორცია ერთი-ერთზე უნდა იყოს.

ქვეყანას სჭირდება არა მარტო ამდენი იურისტი ან ეკონომისტი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ტექნიკური თვალსაზრისით იმუშავებენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან და არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, ტექნიკური განათლებისა და უმაღლესი განათლების ტექნიკური სპეციალობის მქონე კონტინგენტი საქართველოში ცოტაა.

ჩვენ ორი მიმართულებით უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მოხდეს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ოპტიმიზაცია პროფესიული განათლების მიღების მხრივ და სახელმწიფომ ამ სფეროს დაფინანსება უნდა გაზარდოს.

 

სერგო რატიანი _ განათლების კომიტეტის წევრი:

_ ერთგვარად, არაეფექტიან სისტემასთან გვაქვს საქმე. „ოცნებამ“ პროგრამული დაფინანსების წესი გააჩინა, რაც გულისხმობს, რომ ზოგი სტუდენტი პროგრამულ დაფინანსებას იღებს. ანუ თუ იგი აბარებს ე. წ. უფასო ფაკულტეტზე, იღებს დაფინანსებას და გრანტსაც _ ეს არის გარკვეული უსამართლობა, იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი ორმაგ დაფინანსებას იღებს, ზოგიერთი კი საერთოდ ვერ იღებს.

მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ ადმიანები, რომლებიც ვერ იღებენ 50%-იან გრანტსაც კი, ფაქტობრივად, უფასოდ სწავლობენ. ესეც, შესაბამისად, არასამართლიანი და არაეფექტიანი განაწილებაა თანხების. აქ ძალიან ბევრი თანხა იხარჯება არასამართლიანად და არარაციონალურად. წლებია ვამბობ, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს გრანტების ნაწილში. დაახლოებით 10-12-მდე მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით ყოველწლიურად და ეს არ არის ნორმალური. თანხები უნდა განაწილდეს რეიტინგის მიხედვით _ ეს სამართლიანიც იქნება და რაციონალურიც.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აქ „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურების მშენებლობები დაიწყო, მაგრამ მგონია, რომ იმ გზით უნდა წავიდეთ, როგორც ადრე უმაღლესი განათლების კუთხით წავედით _ ჩვენ სტუდენტს ვაწვდით ფულს და მას უნდა წაიღებს კერძო სექტორში, უნდა _ სახელმწიფოში, ეს იქნება სტიმული როგორც კერძო განათლების განვითარებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე სტიმული, რომ კონკურენციაში არიან სახელმწიფო სტრუქტურები.

თუ თქვენ პროფესიული განათლების ბიუჯეტს ჩახედავთ, გარდა იმისა, რომ იგი საკმაოდ მცირეა, იქ ძალიან ხშირად თანხები არ არის ხოლმე ათვისებული.

ანუ თანხები არა მარტო არასაკმარისია, არამედ არარაციონალურადაც იხარჯება. იმის მაგივრად, რომ ადამიანებს სწავლაში დავეხმაროთ, ამისთვის გამოყოფილი თანხებით ვიწყებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ყველაფერს არარაციონალურად ვაკეთებთ.

 

სურათი ასეთია: წინა წელთან შედარებით განათლების სფეროს დაფინანსება გაიზარდა. პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, რატომღაც, ბიუჯეტდან მას 4-ჯერ ნაკლები თანხა გამოეყო, ვიდრე უმაღლეს განათლებას. ეს კი იმის ფონზე, რომ განათლების მინისტრი თავად ყოველ წუთს უწევს პროფესიულ სასწავლებლებს პოპულარიზებას. აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ თავად განათლების კომიტეტის წევრებსაც და თანხების გადანაწილების არარაციონალურობასა და არამიზნობრიობაზე საუბრობენ.

საბოლოო ჯამში, მისასალმებელია ამ მიმართულებით თანხის გამოყოფის ზრდა, მაგრამ სამუშაო რომ კიდევ ბევრია, ამაზე არავინ დაობს.

 

ნინო ტაბაღუა