ნინი ფაცაცია: „ყოველი ახალი გათენებული დღე მახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად მინუს ერთი დღე დამრჩა!“

გოგონა, რომლის აქსესუარებიც ყველას ყურადღებას იქცევს. ეს კი ისეთ დეტალს წარმოადგენს, რაც ადამიანს თავდაჯერებულობას ჰმატებს, აგრძნობინებს, რომ განსხვავებულია.

ახალგაზრდა დიზაინერს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი დედის შეფასებაა, დროის უქმად დაკარგვა ძილში ენანება. აქტიურად ფიქრობს ქვეყანაში მისი მოღვაწეობის სფეროს პრობლემებზე და გადაჭრის გზებსაც შესაბამისად აყალიბებს. მისი ნამუშევრების მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. ხატვა თავად, სხვადასხვა ვიდეომასალიდან ისწავლა და ახლა ძალიან კარგად ართმევს თავს ამ ყველაფერს. სწავლის მხრივ არ ჩერდება და ახალ გამოწვევებსაც არ ერიდება. როგორც თავად ამბობს, მისი სამიზნე აუდიტორია მოდის მოყვარული, მეოცნებე ქალბატონები არიან, რომლებსაც განსხვავებული აქსესუარი სჭირდებათ მათი მოდურობის გამოსაკვეთად.

ამ ყველაფერს დამატებული, მისი გარეგნობა ნამდვილად გამოირჩევა მომხიბვლელობით, აზროვნების მაღალ ხარისხს კი ინტერვიუდანაც ნახავთ.

მაშ, ასე: ჩვენი დღევანდელი სტუმარი 24 წლის დიზაინერი ნინი ფაცაციაა:

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?

_ ნინი ფაცაცია, 24 წლის, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი, წელს ვაბარებ მაგისტრატურაზე და პარალელურად ვსწავლობ „გაუში“ ჩემი საყვარელი სფეროს _ მოდის მენეჯმენტის კურსებზე.

სკოლის ასაკიდან გამორჩეულად მქონდა ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მახსოვს ერთი არხი ავიკვიატე, სადაც მთელი დღის განმავლობაში გადიოდა დიზაინერების ჩვენებები და ვოცნებობდი, ამ სფეროში მეც მემუშავა, მაგრამ, რატომღაც, არასდროს მიფიქრია, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში ჩამებარებინა, თუმცა შეიძლება ჩავაბარო კიდეც, თუ ამის საჭიროებას დავინახავ მომავალში.

_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც აკეთებ: რა იყო ინსპირაცია? ვისთან ერთად საქმიანობ? პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ როგორც აღვნიშნე, დიზაინერობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და არის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მექცია ჩემი ოცნება რეალობად, რით და საიდან დამეწყო. ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის იყო ტანისამოსის იდეები, რომელიც არ ვიცოდი, როგორ გადმომეცა, ამიტომ ჩემით ვცადე ამის ფურცელზე გადმოტანა ესკიზების სახით. ხატვა არასდროს მეხერხებოდა, მაგრამ ვიდეოპორტალ Yოუტუბე-ს დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია და მართლაც გამომივიდა. მამაჩემი მხატვარია და ალბათ მეც მისგან გამომყვა ეს ნიჭი. არასდროს მიფიქრია აქსესუარების გაკეთება, მაგრამ გამიზნულად გადავწყვიტე აქსესუარებით დამეწყო, რადგან ტანსაცმლის შექმნა მეტ ხარჯებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ბებია ძალიან მეხმარება ყველაფერში, კარგად ეხერხება კერვა. ამასთან ერთად, გემოვნებიანია და მასთან მუშაობა მსიამოვნებს. ერთი სიტყვით, ვიფიქრე, რომ მომავალი წარმატებისთვის საჭირო კაპიტალის მოგროვებაში აქსესუარები უფრო დამეხმარებოდა. ზუსტად ერთი წელია, სოციალურ ქსელ Iნსტაგრამ-ზე შევქმენი გვერდი, სადაც უკვე 16 000-ზე მეტი გამომწერი მყავს.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ სირთულეები, ალბათ, წინ მელოდება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არ მინდა მოხდეს, არის უკმაყოფილო მომხმარებელი. ჯერჯერობით უკმაყოფილება არავის გამოუხატავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან პრობლემაა ზომაში. მაქვს რამდენიმე ისეთი აქსესუარი, რომლის გაკეთებისთვის მილიმეტრების ცოდნაა აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ვუცვლი მის ზომაში. ყველაზე მეტ ნერვებს მაშინ ვხარჯავ, როცა შეკვეთილი ნივთი არ მიაქვთ და არც გეუბნებიან, რომ გაუქმება უნდათ, პასუხს არ გწერენ, ეს გაურკვევლობა ყველაზე ცუდი ფაქტორია.

_ რას გაძლევს ის, რომ დღეს ახლებურად ან შენებურად აჩვენებ ხოლმე საზოგადოებას შენი თვალით დანახულ მოდას და სილამაზეს?

_ ვცდილობ, შევქმნა აქსესუარები, რომელიც სიცოცხლისუნარიანია და მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს. სამიზნე აუდიტორიაა მოდის მოყვარული, მეოცნებე ქალბატონები, რომლებსაც განსხვავებული აქსესუარი სჭირდებათ მათი მოდურობის გამოსაკვეთად. ჩემ მიერ შექმნილი აქსესუარები, ვფიქრობ, წარმოაჩენს ჩემს ინდივიდუალურობას, ხასიათსა და ამბიციებს. მუდმივად ვეძებ ახალ გამოწვევებს ამ სფეროში, შექმნის დღიდან, ასე ვთქვათ, არ მოვდუნებულვარ, რაც აისახა კიდეც გაყიდვებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ვიყავი რამდენიმე ორგანიზაციის სპონსორიც. მომხმარებლის კომპლიმენტები კი იმის სტიმულს მაძლევს, რომ ახალი შევქმნა.

_ როგორია მომხმარებლების დაინტერესება?

_ ბრენდის შექმნის დღიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია და დღითი დღე იზრდება. ასეთ დაინტერესებას არც ველოდი, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მწერს, რა თქმა უნდა, ყველა არ უკვეთავს, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან ყოველი დაინტერესებული ადამიანი სტიმულს მაძლევს. ბედიერებას მანიჭებს ადამიანებისგან კომპლიმენტები, ძალიან სასიამოვნოა, როცა არ იშურებენ დადებით ემოციებს. განსაკუთრებით კი კმაყოფილი მომხმარებლის აღფრთოვანებული ემოციები მახარებს.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?

_ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობი და რჩევას ვითვალისწინებ, არის დედაჩემი. ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში მას მთავარი როლი მიუძღვის. ის ყოველთვის სწორ რჩევას მაძლევს, ყველაზე მეტად მისი ემოცია და შეფასება მაინტერესებს.

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ყველაზე დიდ სიამოვნებას, თავისთავად, ნივთის შექმნის პროცესი მანიჭებს, მაგრამ ერთი და იგივე ნივთის მეორეჯერ შექმნით ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს. მეორე რაც მიყვარს, არის ფოტოების გადაღება, არასრდროს მეზარება სხვისი პოზირება, რადგან მიყვარს მისი კმაყოფილი სახის დანახვა. ძალიან მიყვარს შოპინგი, და, საერთოდ, ნებისმიერი რამ, რაც მოდას უკავშირდება, სიამოვნებას მანიჭებს, ეს იქნება ფილმი თუ სხვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოდის სფეროთი არ შემოიფრგლება ჩემი ემოციები. ზოგადად, ვცდილობ, ნებისმიერი საქმიდან სიამოვნება მივიღო.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ ვერ ვიტყოდი, რომ ვინმესთვის საერთოდ მენანება რამე, მატერიალური იქნება ეს თუ არამატერიალური. სხვისი დახმარება ნებისმიერი სახით მსიამოვნებს. თუ რაიმის გაცემა შემიძლია, ეს პირიქით, მაბედნიერებს.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საქმეში?

_ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გჯეროდეს საკუთარი თავის, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, არასდროს შეგაშინოს წარუმატებლობამ და იბრძოლო წარმატებისთვის. უნდა გქონდეს მოთმინების უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის მხრიდან ნდობის მოპოვება. ყოფილა შემთხვევები, როცა უარი მითქვამს პირად სიამოვნებაზე, რადგან შეპირებული ვიყავი მომხმარებელს, რომ კონკრეტულ დღეს ნამუშევარს მზად დავახვედრებდი. სხვა ყველაფერი უნდა გადადო, როცა საქმეს ეხება.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?

_ ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ თავმდაბლობას. როცა ეს თვისება აქვს ადამიანს, ის ყველაზე სანდოა და დარწმუნებული ვარ, მისგან ცუდს არაფერს უნდა ელოდო.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ ასეთი გადაწყვეტილება, მგონი, ჯერ არ მიმიღია და იმედია, მომავალშიც არ მივიღებ.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელია ცინიკური დამოკიდებულება, ამპარტავნება და უხეშობა, და კიდევ ბევრი უსამართლობა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ დრო არ მენანება სწავლისთვის, მეგობრებთან ერთად ყოფნისთვის, მაგრამ მენანება გზაში საცობებში. დღის განმავლობაში ძალიან ბევჯერ მიწევს გადაადგილება ხან მასალებზე, ხან მკერავებთან, ხელოსნებთან, ბუტიკებში (რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიაში მაქვს განთავსებული პროდუქცია) და კიდევ უამრავი რამ, თბილისში საცობების ამბავი კი კარგად იცით. დრო მენანება დილით ძილში, დილით ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება, მე კი ხანდახან ძილში ვკარგავ ამ დროს და მერე მთელი დღე სანანებელი მიხდება, რადგან ვერ ვასწრებ ბევრ რამეს.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალ დროს, ძირითადად, მეგობრებთან ვატარებ, დავდივარ აუზზე.

_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში)? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, მაგრამ ლიდერული თვისებებით არასდროს გამოვირჩეოდი. პირველობა, ალბათ, ასმაგი პასუხისმგებლობაა, ბევრი მოგეთხოვება, შეცდომის დაშვების უფლება ნაკლებად გაქვს, პორველობისთვის ცალკე ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. მე კი ძალიან ემოციური ვარ, არ ვიცი, პირველობა მინდა თუ არა.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე? რას?

_ მუსიკის მოსმენაზე არ ვგიჟდები, ყურსასმენებიც კი არასდროს მქონია, ხანდახან შეიძლება, ნებისმიერი ჟანრის რამდენიმე სიმღერა ავიკვიატო.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ყოველი ახალი გათენებული დღე მახსენებს, რომ მიზნის მისაღწევად მინუს ერთი დღე დამრჩა და იმ დღემ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს.

_ რაზე ოცნებობ?

_ ვოცნებობ, რომ ჩემი ოცნებების ასრულებით ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა გაიხარონ და ჩემით იამაყონ.

_ თუ გყავს ფილმის ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ ხშირად ვაკავშირებ ჩემს ქცევას სხვადასხვა გმირის ამა თუ იმ ქცევას, თუმცა არასდროს მომსვლია აზრად, რომ მე რომელიმე გმირს ვგავარ.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ ჩემთვის მისაბაძია ყველა ის ადამიანი, ვინც აცნობიერებს, რომ ამქვეყნად არსებობს იმისთვის, რომ რაღაც სარგებლობა მოიტანოს და აქვს მიზანი. ასეთი ადამიანები საინტერესოები არიან.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ საქართველოში ამ სფეროში საკმაოდ დიდი პრობლემაა, არ გვყავს პროფესიონალი ხელოსნები, ხშირ შემთხვევაში დიზაინერების ჩანაფიქრი ვერ ხორციელდება. ასევე პრობლემაა კომერციული თვალსაზრისით, მოდის კვირეულებზე ვერ ჩამოჰყავთ ბაიკერები, ასევე ჟურნალისტები და ამ სფეროთი დაინტერესებული პირები, რომლებიც ქართულ მოდას გააშუქებენ. დიდი პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში არ არსებობენ პროფესიონალი მოდის სტილისტები და კრიტიკოსები, რომლებიც საფუძვლიანად არიან გარკვეული ამ სფეროში. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩართულობა, ფინანსური დახმარება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ჩამოსაყვანად და ქართული მოდის პოპულარიზაციისთვის კამპანიების ჩატარება. ასევე პრობლემაა ქართული წყაროების ნედლეულის ნაკლებობა. დიზაინერებს უწევთ ნედლეულის უცხოეთიდან შემოტანა, რაც კიდევ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ასევე დიდი პრობლემაა სასწავლებლებთან დაკავშირებით, აუცილებელია სააწავლო სისტემის მოდერნიზება. ამ პრობლემის მოგვარება, როგორც აღვნიშნე, შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობით, სასწავლებლებში სწავლის მეთოდოლოგიის ხარისხის გაზრდით. მნიშვნელოვანია მომზადება არა მხოლოდ დიზაინერების, არამედ ამ სფეროსთვის აუცილებელი კადრების, როგორიც არის მოდის კრიტიკოსი, მოდის სტილისტი, მოდის ჟურნალისტი და სხვა. საქართველოში ამ სფეროში განათლების მიღებისთვის არ არის საკმარისი რესურსები, აქ მიღებული განათლება არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ჩემთვის განტვირთვა არის ცურვა, ფილმის ყურება, საღამოს სეირნობა.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ ყველაზე მეტად მენატრება მამაჩემი, რომელიც 6 წელია, აღარ მყავს. ის რომ ჩემ გვერდით იყოს, დარწმუნებული ვარ, უფრო გამიადვილდებოდა წარმატების მიღწევა. დამაიმედებდა, დამეხმარებოდა ბევრ რამეში.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ჩემთვის ეს საქმე არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის საქმე, რომელიც მაძლევს თვითგამოხატვის საშუალებას და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ ადამიანები ყველაფერში თავისუფლები არ ვართ.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ მარტივად რომ ვთქვათ, თავისუფლებაა ის, როცა არჩევანს ნებისმიერ საკითხში შენი ნებით აკეთებ და არა სხვისი, ან რაიმე გარემოების კარნახით, აკეთებ იმას, რაც გინდა და როგორც გინდა, იღებ იმ შედეგს, რაც შენ გინდა, ასეთი ცხოვრება კი იდეალურს ჰგავს. იდეალური ცხოვრების მიღწევა ძალიან ძნელია. დღევანდელ რეალობაში იძულებული ხარ, სხვისი აზრები, შეხედულებები გაითვალისწინო და ამის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებებს, მარტივად რომ ვთქვათ, ვითვალისწინებთ სხვის აზრს, რითიც უკვე წინააღმდეგობაში მოდიხარ შენს თავისუფლებასთან.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ახლა თვითდამკვიდრების ეტაპზე ვარ. იმ ეტაპზე, როცა ჩემი თავის მიმართ მოთხოვნები გამეზარდა. იმ ეტაპზე ვარ, როცა უკვე მინდა, ყველაფერს ჩემით გავუმკლავდე და ვფიქრობ, დადგა ის დრო, როცა ჩემში ჩადებული შრომა უნდა გავამართლო.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ კარიერის მხრივ საკუთარ თავს ვხედავ მოდის სფეროში.

_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ არ ვიცი, რამდენად მისიად ჩავთვლით ამას, მაგრამ ჩემი საქმიანობით საშუალება მაქვს, ადამიანები გავაბედნიერო და მათ საოცნებო აქსესუარი შევუქმნა.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ვიბრძვი იმისთვის, რომ საბოლოო შედეგით დავტკბე, შევაქო საკუთარი თავი და ვთქვა, რომ მე ეს შევძელი.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემი მხრიდან ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი. ვფიქრობ, ისეთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ დამიშვია, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ჩემს მომავალზე, შესაბამისად, ალბათ, არც არაფერს შევცვლიდი.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მთავარია, გარემოებებმა შემიწყოს ხელი.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ უახლოეს მომავალში ვგეგმავ ტანსაცმლის ხაზის შემატებას, მაგრამ არ გადამიწყვეტია, ამას არსებული ბრენდის სახელით გავაკეთებ, თუ ახალ ბრენდს დავაარსებ. სამომავლოდ გეგმაში მაქვს მოდის სახლის დაარსება.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ყველაზე ხშირად ვფიქრობ წარმატების მიღწევის გზებსა და ახალი ნამუშევრის შექმნაზე.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ ხსნა ადამიანებისთვის არის სიყვარულის გამომჟღავნება, თანადგომა, ერთმანეთის გაფრთხილება. გაუფრთხილდით ერთმანეთს!

 

ნინო ტაბაღუა