დავით უსუფაშვილი: „შენების მოძრაობა“ – აქ არის ოპტიმიზმი, აქ არის მომავლის რწმენა!“

საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, „შენების მოძრაობა“ დააფუძნა. ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები და ახალი თაობის ბიზნესმენები. როგორც მოძრაობის დამფუძნებლები აცხადებენ, „შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების ოპოზიციური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლასა და დამკვიდრებას.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება დავით უსუფაშვილი:

_ „შენების მოძრაობა“ დავიწყეთ თანამოაზრეთა ფართო წრემ, ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ განვლილი კვირების განმავლობაში და გავირჯებით, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ „შენების მოძრაობაში“ გაერთიანება. სახელმწიფოს, ეკონომიკის, ჩვენი სოფლების, ქალაქების შენების, შენების იმიტომ, რომ ამ ქვეყანას აღმშენებლობა სჭირდება. გვეყო ნგრევა, მტრობა, შუღლი, მორიგი ყველა ახალი ხელისუფლების მიერ, ძველის შექმნილის განადგურება. ჩვენ ასაშენებელი გაქვს ჩვენი სახელმწიფო. სწორედ ამ იდეის გარშემო ვერთიანდებით ის ადამიანები, რომელთაც გვაქვს სხვადასხვა პროფესია, პოლიტიკური წარსული, სხვადასხვა გზა, რომელმაც დღეს აქამდე მოგვიყვანა, მაგრამ გვაქვს საერთო ხედვები იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან ბევრი პროფესიონალის ერთად დადგომა იმისთვის, რომ ყველაფერი, რასაც შევქმნით და ავაშენებთ, იყოს კარგად დაგეგმილი, გააზრებული, მყარი, ხარისხიანი, იყოს ქვეყნის ეროვნულ ფუნდამენტზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული. ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ იმ საფრთხეებისგან, რაც საერთაშორისო გართულებული ვითარებიდან გვემუქრება. გამოცდილი პოლიტიკოსები ვდგებით ახალი თაობის სამსახურში, ის ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვიღვაწეთ ქართულ პოლიტიკაში, გვქონდა წარმატებები, შეცდომები, წარუმატებლობები, მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენი მოძრაობა ძალიან მტკიცე იქნება თავის გეგმაში, კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ. ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ყველა ის ქართველი, რომელიც დაიღალა სახელმწიფოებრიობანას თამაშით, რომელიც დაიღალა იმით, რასაც დღეს პოლიტიკა ჰქვია. როდესაც ადამიანებს მხოლოდ შუღლი, მტრობა და გათიშულობა ამოძრავებს, ჩვენ ვიქნებით სახელმწიფოს მშენებლები, ჩვენი კრედო იქნება _ რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია _ ვცვლით, რაც გვაკლია _ ვქმნით! რა გვაქვს კარგი? ჩვენ გვაქვს კარგი სამშობლო და მოვუვლით! რა გვაქვს ცუდი? გვაქვს მანკიერი სახელისუფლებო და პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შევცვლით! პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უამრავ კვალიფიციურ ადამიანს არ მისცა საშუალება, ჩართულიყო საზოგადოების აღმშენებლობის საქმეში! რა გვაკლია? გვაკლია სახელმწიფო, რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო მხოლოდ თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანების დახმარებით.

_ რა გეგმები გაქვთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის?

_ ჩვენი გეგმების შესაბამისად, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც, სადაც უკვე გვეყოლება ბრძოლისთვის და შრომისთვის მზადმყოფი გუნდები. ამ არჩევნებს ვუყურებთ როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისსა და სხვა რაიონებს ჰყავდეთ უკეთესი ადგილობრივი მმართველები, მერები და საკრებულოს წევრები. ამასთანავე, ჩვენი მთავარი ამოცანაა _ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებაში მოსვლა და ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ მიზნისკენ იქნება მიმართული. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც ასევე შევხედავთ და ყველა იმ პოლიტიკურ პროცესსაც, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. პირადად დღეიდან რა პოლიტიკურ საარჩევნო პროცესშიც არ უნდა მნახოთ, ყველამ იცოდეს, რომ ჩემი მთავარი მიზანია ქართველი ხალხის იმ ოქროს ფონდის საზოგადოებრივ ასპარეზობაში ხელშეწყობა, რომელმაც წინ უნდა წაიყვანოს ქვეყანა. ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და ახალი საქართველო ახალმა ადამიანებმა უნდა შექმნან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველებმა, ვინც ხელისუფლებაში თუ პოლიტიკაში ყოფნით საკუთარი კეთილდღეობა აშენა და არა ქვეყნის მშენებლობას მოახმარა თავი, დიახ, მათ უნდა ვუთხრათ უარი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ და უმწიკვლოდ ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას, იქნებიან ამ მოძრაობის ერთ-ერთი საყრდენი. ამ თვეების განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვიცი, რომ არის გარკვეული ეჭვი და ნიჰილიზმი, _ აბა, გამოვა კიდევ ეს საქმე?! 2000 წლიდან დღემდე, მხოლოდ ამ საუკუნეში, საქართველოში გამოცხადდა 12-13 ახალი პოლიტიკური პროექტის დაწყება. სამწუხაროდ, ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა. ისიც, რომელსაც წარმატება ერქვა, იქნება ეს 2003 თუ 2012 წლების მოვლენები, სამწუხაროდ, ქვეყანა ვერ წაიყვანა სწორი გზით. მაშ, სად არის ის ფორმულა, რამ უნდა აქციოს ჩვენი პროექტი წარმატებულად?! ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, ჩვენი შეცდომები, უნდა დავინახოთ, რომ მორალისა და ზნეობის გარეშე კანონი უძლურია, მაღალი მორალისა და ზნეობის გარეშე ქვეყანა ვერ იმართება, უნდა დავინახოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანას წინ ვერ წაიყვანენ ადამიანები, რომლებიც სკამით მართავენ მას. სკამი საჭიროა როგორც ინსტრუმენტი და ადამიანები, რომლებიც სკამით ხდებიან დიდი კაცები თუ ქალები, ამ საქმეს წინ ვერ გაუძღვებიან. ამიტომ ჩვენი აქცენტი იქნება მაღალი რანგის პროფესიონალებზე, ძალიან მკაცრი ოპონირება გვექნება არსებულ ხელისუფლებასთან, რომელმაც, თუ თავად ვერ გაართვა თავი თავის მოვალეობას, ეს არ არის მთავარი, რომელმაც საქართველოში უიმედობისა და ნიჰილიზმის მორიგი ტალღა ააგორა. ეს უნდა დავძლიოთ და ჩვენს ყველა თანამემამულეს უნდა დავანახოთ, რომ ეს შესაძლებელია. „შენების მოძრაობას“ თავის საქმიანობაში ექნება ძალიან მაღალი სტანდარტი _ დიალოგი და არა მონოლოგი, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა, პირველ რიგში, შრომა და არა მხოლოდ ბრძოლა. ამაში დაგვეხმარებიან ჩვენი მეგობრები ევროპიდან თუ სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს უყურებენ იმედით, როგორც ევროპული ოჯახის მომავალ წევრს, მაგრამ საამისოდ უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ.

_ როდის უნდა ველოდოთ კონკრეტული კანდიდატურების წარდგენას და შესაძლებელია თუ არა, თქვენი კანდიდატურა ვიხილოთ დედაქალაქის მერობის მსურველად?

_ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გვექნება ფართო ღონისძიება, სადაც მოძრაობაში გაერთიანებული ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას. ამ ღონისძიებას დავამთხვევთ ჩვენს განაცხადს საარჩევნო თემატიკაზე; გამოვაცხადებთ თბილისის მერის კანდიდატის ვინაობას და საარჩევნო გუნდს, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში. მომავალი კვირიდან ვიწყებთ ძალიან აქტიურ პროცესს, გვექნება შეხვედრები ახალგაზრდებთან, ბიზნესმენებთან, თემატურ ჯგუფებთან, მოძრაობა გაიზრდება, გაფართოვდება, გაძლიერდება და მიაღწევს იმ ნიშნულს, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ ძალიან მაღალ შედეგს. ამ ღონისძიებაზე გაიგებთ ყველა ინფორმაციას. ჩვენ ვიქნებით მზად, რომ ქვეყანა უკეთ ვმართოთ. „შენების მოძრაობას“ სჭირდება ძალიან სერიოზული გათვლა, დაგეგმვა, შენებას სჭირდება პროგრამა, მომავლის გააზრება, იმის გათვლა _ რა გველის ხვალ, რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ შედეგი მივიღოთ ზეგ და მაზეგ. ძალიან გეგმაზომიერად და ჩვენი დღის წესრიგით ვაპირებთ ცხოვრებას, ეს უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ყველა არ ფიქრობს ასე და ძალიან ბევრი ხეირობს სწორედ იმ ტიპის პოლიტიკური ცხოვრებით, სადაც ვართ, სადაც ძალიან მარტივი და ადვილია იტივტივო პოლიტიკაში, მოხვდე სადმე თანამდებობაზე, მერე ჩაებღაუჭო იმ სავარძელს, როგორც ახლა ხდება. ამ დღეებშიც ბევრს საუბრობენ ამ თემებზე და მათთვის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს მიუღებელია. ამიტომ გვეყოლება მომხრეები, კონკურენტები, ვისთანაც მზად ვართ პატიოსანი ბრძოლისთვის, მაგრამ გვეყოლებიან მტრებიც, რომლებიც არც მთლად პატიოსანი მეთოდებით იბრძოდნენ დღემდე პოლიტიკურ პროცესებში და ისინი არც ხვალ შეიცვლებიან. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი გეგმით, ხედვით, ჩვენი დღის წესრიგით ვიმოძრავებთ, არც ზედმეტად ავჩქარდებით და არც მოვლენებს ჩამოვრჩებით. ამიტომ ერთი თვის თავზე გვექნება ჩვენი მოძრაობის მომდევნო განვითარების ეტაპი, შემდეგ გვექნება ადგილობრივი არჩევნების ძალიან სერიოზული ეტაპი, 2018 წლის გაზაფხულზე დავაფუძნებთ უკვე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იქნება უკვე შეთამაშებული, ურთიერთშეწყობილი, საქმეში გამოცდილებით დანახული ადამიანების ერთობა და შემდგომ წავალთ უკვე წინ გაცილებით სერიოზული მიზნისკენ და ამოცანისკენ. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ინდივიდების გაერთიანება, ეს არ არის არანაირი პარტიების გაერთიანება, ეს არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომელთაც პერსონალური, თავიანთი ინდივიდუალური არჩევანი აქვთ გაკეთებული დღეს და გააკეთებენ ხვალ.

_ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა იქნება პირველი, რის აშენებასაც დაიწყებთ?

_ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ გვექნება სახელმწიფოსა და ქვეყნის შენების ამოცანა. ძლიერი ქვეყნის გარეშე მოქალაქე თავს ძლიერად ვერ იგრძნობს. ჩვენი შენების კონცეფცია თანაბრად ეხება როგორც კონკრტეული მოქალაქის, ისე მთელი ერის საჭიროებებს. ერის საჭიროებაა იმ აღმშენებლობით პროცესში ჩართვა, რომელიც, დაახლოებით, 30 წლის წინათ ვიხილეთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, მაგრამ, სამწუხაროდ, მას შემდეგ წავედით ერისა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაქუცმაცების ჩამოყალიბების პროცესისკენ. მთავარი, რაც ასაშენებელი გვაქვს, ეს არის ერთიანი საზოგადოება, სადაც სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ერთმანეთის საჭიროების, სოლიდარობის განცდა. არც ერთი წარმატებული ქვეყანა, სახელმწიფო არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე, სადაც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს იმ დონეზე აქვთ დეზინტეგრაციული, დესტრუქციული ურთიერთობები, რაც საქართველოშია. ჩვენ შეგვიძლია ასეც გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ მაშინ უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი კომფორტი, დასაქმება, უსაფრთხოება, სოციალური პრობლემების მოგვარება. თუ ხალხი ერთ საზოგადოებად არის აშენებული, ანუ შექმნილია სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი, მაშინ შეგვიძლია პრობლემებს გავუმკლავდეთ. ამიტომ სახელმწიფოებრივად ორგანიზების შენება ჩვენი პირველი ამოცანა იქნება. სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ შენებას რეალური თვითმმართველობა სჭირდება და არა ის კოსმეტიკური რეფორმები, რომლებსაც მაინც იქამდე მივყავართ, რომ არ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომ საქმეები თავად მოაგვარონ. შენება სჭირდება ქვეყანას და შენება არის ჩვენი მსოფლმხედველობა იმიტომ, რომ ნებისმიერი რამის შექმნას ჯერ სჭირდება გააზრება, პროგრამა, გეგმა, კონკრეტული პროექტი და შემდგომ საქმის დაწყება. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებები მოდიოდნენ გეგმისა და პროგრამის გარეშე. ამ გეგმისა და პროგრამის ერთადერთი საკითხი იყო, რომ წინა ხელისუფლება არ ვარგა. ეს გავიგეთ, რომ, მაგალითად, ეს შენობა არ მოგვწონს, მივადექით, დავანგრიეთ, კი ბატონო, მაგრამ მერე? მერე ვიწყებთ მშენებლობას ქვეყნის, ინსტიტუტების, ქალაქების, გზების, სამინისტროების ისე, რომ პროექტი არ გვაქვს, ისე, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის; ისე, რომ ერთმანეთზე გადაბმული არ არის; ისე, რომ ეს ნაშენები უხარისხოა; ეს ყველაფერი არის შესასრულებელი. ჩვენი მიდგომა და კონცეფცია სწორედ შენებაა, აქ არის ოპტიმიზმი, აქ არის მომავლის რწმენა. ვერაფრის შექმნას და შენებას ვერ მოჰკიდებ ხელს, თუ არ გაქვს იმის განცდა, რომ ხვალ შეგიძლია ეს გააგრძელო, ანუ სტაბილურობაა საჭირო. შენება შეუძლებელია ფუნდამენტის გარეშე, რაზედაც აშენებ! ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის წინსვლის ჩვენი ხედვა ეფუძნება რას? _ დიახ, ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო მაგალითებზე და გამოცდილებაზე; საყრდენი კედლები უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები და არა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ხანდახან გვევლინებიან რაღაცების მკეთებლებად; სახურავი უნდა იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სტრუქტურები, სადაც ჩვენი ქვეყანა უნდა შევაფაროთ, იმიტომ, რომ იმ ვითარებაში, რაშიც დღევანდელი მსოფლიოა, დიახ, საქართველოსნაირ ქვეყანას სჭირდება თავშესაფარი, თავის დაცვა, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ჩვენი საკუთარი რესურსით წინ ვერ წავალთ, თუ ჩვენ არ გვექნება ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესი. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ შენების ხედვას, კონცენფციას და სწორედ ამიტომ _ შენება!

_ მოგეხსენებათ, თითქმის ყველა ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციულ რესურსს წარმატებით იყენებს. ამასთანავე, თითქმის ყველა არჩევნებს თან ახლავს გარკვეული ტიპის გაყალბება. თქვენს მოძრაობას აქვს თუ არა დამუშავებული რაიმე ალტერნატიული გეგმა, როგორ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები არჩევნებზე, პრაქტიკულად, არ დადიან?

_ ჩვენივე ქვეყნის მაგალითები ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს შეუძლია უზრუნველყოს ამა თუ იმ სახელისუფლებო გუნდის კეთლდღეობა, მაგრამ მხოლოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში. გადავხედოთ ჩვენივე ისტორიას _ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხელისუფლებები ახერხებდნენ საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფას მხოლოდ გარკვეული პერიოდით. ამ პერიოდის ამოწურვისას აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ადმინისტრაციული რესურსი დაჩლუნგდა, ადმინისტრაციული რესურსით ვეღარ გადიხარ ფონს. ეს დაემართა ბევრ ხელისუფლებას, ვინც დღემდე იყო, ეს დაემართება ამ ხელისუფლებასაც იმიტომ, რომ ადმინისტრაციული რესურსი, სამწუხაროდ, ეს არის ისევ ის იარაღი, რომელიც კვლავ გამოყენებაში აქვს ხელისუფლებას, მაგრამ არის მეორე _ ის პროცესები, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარეობს. ჩვენც ამას შევეცდებით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გავლენა დაჩლუნგდეს. რას ნიშნავს დაჩლუნგება? _ ჩვენ გვქონდა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც შიშზე იყო დაფუძნებული. 2012 წლის მდგომარეობით აღმოჩნდა, _ ეს დაჩლუნგდა იმიტომ, რომ უამრავმა ადამიანმა ძალიან ხმამაღლა შეუძახა იმ ადმინისტრაციულ რესურსს, _ შენი აღარ მეშინია, აი, გამოვდივარ და ვდგები. ამას სანამ სამი ადამიანი აკეთებს, მაშინ ადმინისტრაციული რესურსი ყოჩაღადაა. აი, როდესაც ამას სამასი აკეთებს, მაშინ ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი ამას ვეღარ აყოვნებს. ამ ლოგიკით, დიახ, 2020 წლის მდგომარეობისთვის, ამ ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსსაც დააჩლუნგებენ აქტიური მოქალაქეები. ჩვენი „შენების მოძრაობაც“ ზუსტად ამაზე გააკეთებს აქცენტს, რომ მოქალაქეებს მივცეთ იმედი, დავანახოთ უკეთესი არჩევანის საშუალება და ამას უკვე ვერანაირი ადმინისტრაციული რესურსი წინ ვეღარ დაუდგება.

_ ზემოთ რეალური თვითმმართველობა ახსენეთ, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს? დეცენტრალიზაციისკენ მივდიოდით და, პრაქტიკულად, ცენტრალიზაცია მივიღეთ…

_ ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი უკან! 2012 წელს ამ მიმართულებით რეფორმები დავიწყეთ, მაშინვე შიდა წინააღმდეგობები იყო და ამიტომ სრულად ვერ განხორციელდა ის რეფორმა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადაიდგა _ შვიდი ქალაქის ცნობილი თემა, მაგრამ ეს გადაიდგა იმიტომ, რომ მას უნდა მოჰყოლოდა შემდეგი ნაბიჯი. ახლა ხელისუფლებამ ნაბიჯი უკან გადადგა და ეს სინამდვილეში ძალიან დიდი სვლაა არასწორი მიმართულებით, რადგან ამ რეფორმის ამოცანა არ იყო შვიდი თვითმმართველი ქალაქი, ამ რეფორმის ამოცანა იყო საქართველოში 140 ახალი ქალაქის ტიპის დასახლების გაჩენა. ეს იდეა ფიქსი კი არ არის, ქალაქის ტიპის დასახლებაში იგულისმება ის, რომ მხოლოდ თბილისელების, ბათუმელების, ქუთაისელების პრივილეგია არ უნდა იყოს ის, რომ მოუშვებენ ონკანს და მოდის წყალი, არის კანალიზაციის სისტემა, მოწესრიგებული გზები, არის კონკრეტული კულტურული, საგანმანათლებლო, გასართობი დაწესებულებები. გადავხედოთ ნებისმიერ წარმატებულ ქვეყანას: გერმანიაში გნებავთ ბერლინში იყოთ, მიუნხენში თუ რომელიმე პატარა სოფელში, თქვენ ყველგან ნახავთ ცხოვრების გერმანულ სტანდარტს, გზები ყველგან მაღალი სტანდარტისაა, სახურავი ყველგან სახურავია და წყალი არ ჩამოდის, ყველგან ხელმისაწვდომია სამედიცინო, საბანკო მომსახურება, ნებისმიერი სხვა სერვისი, ანუ ქვეყანა ვითარდება თანაბრად. შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას, _ გვინდა, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი დავტოვოთ სამუზეუმო ექსპონატებად, ჩაივლის უცხოელი ტურისტი და დაინახავს, _ უი, როგორც ცხოვრობდნენ მე-19 საუკუნეში და ნახავს ამ ყოფას. ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა გადავარჩინოთ კულტურული ძეგლები, მაგრამ ადამიანები არ უნდა დავტოვოთ კულტურულ წარსულში. ამ თვითმმართველობის ამოცანა სწორედ მუნიციპალიტეტების ისე მოწყობა, იყო როგორც დაიგეგმა: თელავის რაიონის ტერიტორიაზე რჩებოდა ქალაქი თელავი, მაგრამ მის შემოგარენში, რაიონებში, რამდენიმე სოფელში გაჩნდებოდა სწორედ იმ ტიპის ცენტრები, რომელშიც მოხდებოდა ურბანიზაცია. ეს საერთოდ ზოგადცივილიზაციური თემაა, ქვეყნების ურბანიზაცია არ ნიშნავს კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმას, ეს ნიშნავს ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, კულტურული ძეგლების, შენობებისა თუ ტრადიციების დაცვით. ჩვენ პირიქით გამოგვდის. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი უკან. როდესაც შენებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ ყველაფრის შენებას ვგულისხმობთ.

_ რა ფინანსური რესურსით აპირებთ საარჩევნო კამპანიის წარმართვას და  ხელისუფლებაში მოსვლას?

_ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ძალას ფინანსური რესურსი სჭირდება, მაგრამ ჩვენი მიდგომა ამ საკითხში იქნება ასეთი _ ბევრისგან ცოტ-ცოტა და არა ცოტასგან ბევრი! როცა ცოტა _ ერთი, ორი, სამი ადამიანია პოლიტიკური პარტიის დამფინანსებელი, მაშინ ამ პროექტიდან სარგებელსაც ის ორი-სამი ადამიანი იღებს და არა ქვეყანა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ამ სფეროში გვქონდეს ღია და ჯანმრთელი პოლიტიკა. დიახ, პოლიტიკურ პარტიას სჭირდება ფინანსური რესურსი, მაგრამ ფინანსური რესურსი უნდა მობილიზდეს იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც თავისი ჩართულობაც წარმოუდგენიათ ამ პროცესში. ძალიან მიხარია, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე ახალი თაობის ქართველი მეწარმე დაგვიკავშირდა, რომლეთაც თქვეს, რომ ისინი ჩვენთან ერთიანდებიან თავიანთი ინტელექტით, გამოცდილებით და ასევე ფინანსურ საშუალებებსაც გაიღებენ, რაც შეუძლიათ. ეს არის ახალი ტენდენციის მიმანიშნებელი, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო მიღებული იყო ხოლმე და, ალბათ, არის კიდევ სხვა პარტიების შემთხვევაში, როდესაც ესაა დაფარული, ჩუმად, კულუარს მიღმა და ა. შ. ის ორი-სამი ადამიანი ღიად, თავისი მცირე და საშუალო საწარმოდან მიღებული შემოსავლით, ამ საქმისთვის წილს გაიღებს, ეს თანხა გაცილებით ეფექტიანი იქნება და უკეთ მოხმარდება საქმეს, ვიდრე იმ ტრადიციულ წყაროებზე ფიქრი, რომ ვინმე სუპერმდიდარს გაუჩნდება სურვილი, რომ ამ პარტიას მიეხმაროს თუ, ჯამში, პარტია მოიხმაროს!

 

თამარ ბატიაშვილი