საარჩევნო სისტემა, რომლითაც ხელისუფლებას ვეღარ შევცვლით!

ვენეციაში საარჩევნო სისტემა დაგვიწუნეს. გვითხრეს, რომ ბონუსების მითვისება, ბლოკების გაუქმება და მაღალი ბარიერის დატოვება მხოლოდ ხელისუფლების გაძლიერებასა და ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციას უწყობს ხელს. ოპოზიციას კი ასეთი საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დაასუსტებს.

ყველაფერი დღესავით ნათელია. „ვენეციის კომისიამ“ მკაფიო რეკომენდაციები გამოგვიგზავნა, რაც კი ოდესმე გამოუგზავნია, მაგრამ რად გინდა? _  როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლება „ვენეციის კომისიის“ დასკვნას მხოლოდ სათავისოდ კითხულობს.

,,ოცნებაში“ ისეთი ხელოვნური ზარზეიმი აქვთ ატეხილი, თითქოს მათ გარდა წერა-კითხვა არავინ იცოდეს ამ ქვეყანაში. ხელისუფლების წევრები ამტკიცებენ, რომ დასკვნა პოზიტიურია, რადგან მასში წერია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა კარგია. რა თქმა უნდა ამას ყველა პოზიტიურად აფასებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ერთადერთი პოზიტივია, რომელიც უამრავი არადემოკრატიული დათქმით და ჩანაწერით უფასურდება. რეკომენდაციების შესასრულებლად „ვენეციის კომისია“ ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვთავაზობს _ საკონსტიტუციო ცვლილებები მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით მივიღოთ.

როცა კონსენსუსის შესახებ კომისიამ თავის პირველად დასკვნაშიც დაწერა, ხელისუფლებაში თითქოს ვერ მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი და სრული აბსურდების რახარუხი დაიწყეს. _ აი, ჩვენ სახალხო განხილვები ჩავატარეთ და მოსახლეობასთან გვაქვს კონსენსუსიო. ამ სისულელეს ძალიან მკაფიო პოზიცია მოჰყვა კომისიის თავმჯდომარისგან. ჯანი ბუკიკიომ, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებს უხსნიან ხოლმე, ისე აუხსნა ირაკლი კობახიძეს, რომ კონსენსუსი ესაა პოლიტიკური ძალების, პოზიციის შეჯერება და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება.

მიუხედავად ევროპის ასეთი მკაცრი რეკომენდაციისა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან პოზიციების შესაჯერებლად მოლაპარაკებების გამართვას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ოთხშაბათიდან საკონსტიტუციო ცვლილებების გატანას საპარლამენტო სესიაზე აპირებს, თვის ბოლომდე კი ორი მოსმენით კენჭისყრის ჩატარებასაც გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ გაიმართება და არც არავითარი კონსენსუსი გვექნება.

თუმცა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია ვენეციიდან დაბრუნებული, ჩვენი ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისთვის გაკეთებული შეთავაზება, _ პირდაპირ ეთერში ვიდებატოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზეო. თან შეთავაზების ქვეტექსტი ისეთი იყო, თითქოს კობახიძე ამ ინიციატივით კონსენსუსთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულებასაც გეგმავდა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილოა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევას პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში დებატებისას სთავაზობს. ანუ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს საერთოდ ვერ გაუგია, რას ნიშნავს პოლიტიკური კონსენსუსი. ან კიდევ უარესი, _ ესმის, მაგრამ იმის გამო, რომ არ აწყობს, ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. სატირალი კი იმიტომ არის, რომ საქმე ეხება ქვეყნის ბედს, რომელიც, სამწუხაროდ, არაპროფესიონალი დილეტანტების ხელშია. პრეზიდენტის პასუხი, მოდით, ყველანი ერთად დავსხდეთ, პრეზიდენტიც, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, არასამთავრობოებიც და მივაღწიოთ კონსენსუსსო, კობახიძემ აღიქვა, როგორც უარი მის შემოთავაზებაზე.

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, არაფერი შეიცვლება და საარჩევნო სისტემა კვლავ ისეთი გვექნება, რომლის მეშვეობითაც პირველ ადგილზე გასული პარტია უამრავ დაუმსახურებელ მანდატს მიისაკუთრებს. ოღონდ ამას დღეს ერქმევა ბონუსების სისტემის ზედა ზღვარი, როცა მანდატების შევსება მოხდება მხოლოდ 89 მანდატამდე. მერე რა, რომ პირველ ადგილზე გასული პარტიის მხარდაჭერა შეიძლება იყოს მხოლოდ 40%?! ასეთ შემთხვევაში პარტია, რომელსაც, სამართლიანი სისტემის პირობებში, მხოლოდ 60 მანდატი ეკუთვნის, სრულიად დაუმსახურებლად მიისაკუთრებს კიდევ 21 მანდატს. როგორც ჩანს, „ოცნება“ ამ დაუოკებელ სიხარბეს, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის, ვერ დაძლევს და სისტემის სამართლიანობაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილის კულუარული მმართველობის პერიოდში ნაკლებად მოგვიწევს.

საზოგადოება მრავალი წელია ითხოვს სამართლიან არჩევნებს. ითხოვს იმის გამო, რომ შერეული მაჟორიტარული სისტემის წყალობით ის უსამართლო იყო. 1995 წლიდან მოყოლებული არსებული სისტემა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, უსამართლოდ მიესაკუთრებინა მანდატები და მცირე მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობა დაეკომპლექტებინა. ამიტომაც ითხოვდა ყველა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. და, აი, თითქოს დადგა ეს დროც, მაგრამ „ოცნებამ“ ისეთი პროპორციული სისტემა შემოგვთავაზა, სადაც ეს უსამართლობა მაინც დარჩა. დაუმსახურებელი მანდატების მიტაცება გადაუნაწილებელი მანდატებით მოინდომა. ამაზეც ერთი ამბავი რომ ატყდა და „ვენეციის კომისიამაც“ მკაცრი რეკომენდაციები გამოაგზავნა, ხელისუფლებამ მცირედით დაიხია და ამჯერად 89-მანდატიანი ზედა ზღვარი შემოგვთავაზა.

ამ სამ უსამართლობას შორის განსხვავება კარგად რომ გამოჩნდეს,  შევადაროთ დაუმსახურებლად მითვისებული მანდატების რაოდენობა. მაგალითისთვის ავიღოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, ხოლო გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 20%.

შერეული მაჟორიტარული სისტემით, რომლითაც ეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, „ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერა მხოლოდ 72 მანდატის მოსაპოვებლად ჰყოფნიდა, ანუ 48% ნიშნავს 72 დეპუტატს. იგივე 48%-ით მოიგო 73-ვე მაჟორიტარი და რადგან ჩვენი პარლამენტი ერთპალატიანია და პროპორციულიც და მაჟორიტარულიც ერთად ითვლება, „ოცნებამ“ 73 ისეთი მანდატი მიითვისა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის არ მიუცია.

იგივე არჩევნები ყველა გადაუნაწილებელი მანდატის, გამარჯვებულისთვის მიკუთვნების წესით რომ ჩატარებულიყო, მაშინ „ოცნება“ დაუმსახურებლად წაიღებდა 30 მანდატს, რადგან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 20%-ს შეადგენდა, ეს კი 150-კაციან პარლამენტში 30 მანდატს შეადგენს.

ხოლო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები „ზედა ზღვარის“ პრინციპით რომ ჩატარებულიყო, „ოცნებას“ დამსახურებული 72  დეპუტატის ნაცვლად ეყოლებოდა 89, რაც ნიშნავს, რომ 17 დაუმსახურებელ მანდატს მიითვისებდა და მაინც ერთპიროვნულად დააკომპლექტებდა მთავრობას.

ერთი შეხედვით, „პროგრესი“ სახეზეა. მოსაპარი მანდატების რიცხვი ეტაპობრივად იკლებს, მაგრამ უცვლელი რჩება უსამართლობა. ალბათ, ბევრ მტკიცებას არ საჭიროებს ის, რომ ერთი უსამართლობის მეორე უსამართლობით ჩანაცვლება  სამართლიანობას ვერ მოგვიტანს. ისევ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, _ რატომ უნდა მიისაკუთროს ხელისუფლებამ ის, რაც მას არ ეკუთვნის?!! რატომ უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლება ერთპიროვნულად, როცა არსებობს კოალიციური მმართველობის ევროპული პრაქტიკა?!! და რაც მთავარია, რატომ უნდა მიისაკუთროს ხელისუფლებამ ის ხმები, რომლებიც ამომრჩეველმა ოპოზიციას მისცა?!!

თუმცა სანამ სამართლიანი საარჩევნო სისტემის ძიებაში ვართ, ხელისუფლებამ, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ასე მოხდება, თუ „ოცნება“ უარს იტყვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. ფაქტია, ამ თემით ოპონენტების შანტაჟს ხელისუფლება არ ერიდება. ოპონენტები კი, ამ შემთხვევაში, არიან არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები ან არასამთავრობო სექტორი, არამედ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს „ოცნებაზე“ მორგებულ საარჩევნო გარემოზე, მათ შორის, „ვენეციის კომისიაც“.

შანტაჟის არსი კი შემდეგია: „ქართული ოცნება“ რამდენიმე კვირაა, აქტიურად აგუებს საზოგადოებას იმ აზრს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ისეთი მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მათ, თურმე, იმდენად პრინციპული პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ არც პარტიული დისციპლინა ადარდებთ და არც საარჩევნო სისტემის უსამართლობა. საქმე იქმდეც კი მივიდა, რომ მაჟორიტართა ეს „დაუმორჩილებელი“ ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარესაც კი აუჯანყდა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ ირაკლი კობახიძემ მაჟორიტარული სისტემის დატოვება ქვეყანაში ავტოკრატიის დამკვიდრებასთან გააიგივა. მაჟორიტარებმა კი მისი ეს განცხადება პირად შეურაცხყოფად მიიღეს და ღიად არ დაეთანხმნენ პარლამენტის თავმჯდომარეს. მაჟორიტარების ასეთ ურჩობას კობახიძემ მუქარით უპასუხა და განაცხადა, რომ თუ კენჭისყრაზე, პროპორციული სისტემა არ გავა, ის თანამდებობიდან გადადგება.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირება და განხეთქილება, მაგრამ შევეცადოთ, ამ პროცესს განსხვავებული მხრიდან შევხედოთ:

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებას სკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უდგას, ესაა სრული პოლიტიკური სიმარტოვე. ანუ ექვსი თვის განმავლობაში არ გამოჩნდა პოლიტიკური პარტია, რომელიც გაამართლებდა და მხარს დაუჭერდა ცვლილებებს. „ოცნებას“ მარტოს უწევს დაპირისპირება მთელ ოპოზიციურ სპექტრთან და არასამთავრობო სექტორთან. პოლიტიკურად ეს ძალიან წამგებიანი პოზიციაა არა მარტო ქვეყნის შიგნით, სადაც მთელი საზოგადოება ხედავს, როგორ ცდილობს ხელისუფლება ყველაზე ძალადობას, არამედ ასეთი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც შესანიშნავად ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არც კონსენსუსზე ფიქრობს და არც დემოკრატიაზე.

ახლა გავიხსენოთ, რამდენი დეპუტატის ხმაა საჭირო საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად: 150 დეპუტატის 3/4, ეს კი 113 დეპუტატია. „ქართულ ოცნებას“ თავის საკონსტიტუციო უმრავლესობაში 116 დეპუტატი ჰყავს, ანუ მხოლოდ სამი დეპუტატით მეტი, ვიდრე ცვლილების მიღებას სჭირდება. მაჟორიტარები, რომლებიც არ აპირებენ სისტემის ცვლილებას დაუჭირონ მხარი, ჯერ არავის დაუთვლია, მაგრამ იმდენი კი ნამდვილად არიან, რომ „ოცნებას“ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა დაუნგრიონ. პოლიტიკური შანტაჟიც სწორედ აქ დაიწყება.

მაჟორიტარები კენჭისყრის წინ გამოვლენ და განაცხადებენ, რომ ისინი არ ძლევენ ხმას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. შედეგად, შეიქმნება ვითარება, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და თუ არა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერი ხმები, პროპორციული სისტემა ჩავარდება და ქვეყანა ისევ შერეული მაჟორიტარული სისტემის პირობებში დარჩება. ბურთი ოპოზიციის მოედანზე, ხოლო თავად ოპოზიცია საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდება. დაუჭიროს მხარი ისეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რომელიც მთლიანად ხელისუფლებაზეა მორგებული, თუ არ დაუჭიროს მხარი და დატოვოს შერეული მაჟორიტარული სისტემა, სადაც უკვე 22 წელიწადია, ყველაფერი, ისედაც ხელისუფლებაზეა გამოჭრილი? ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის მიზანს წარმოადგენს, ოპოზიცია აიძულოს, პასუხისმგებლობა გაინაწილოს ყველასათვის მიუღებელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პერსპექტივა ნამდვილად არასახარბიელოა, არც ოპოზიციისთვის და რაც მთავარია, არც ქვეყნისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი კობახიძემ შერეული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ავტოკრატიის დამკვიდრების საფრთხესთან გააიგივა. საინტერესოა, რატომ ვერ ხედავს ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარე ავტოკრატიის აშკარა ნიშნებს „ოცნებისეულ“ პროპორციულ სისტემაში? ავტოკრატია ესაა სახელმწიფოს მართვის ფორმა, როცა მთელი ძალაუფლება ერთ ხელშია კონცენტრირებული. ახლა, უბრალოდ, შევადაროთ:

დაუმსახურებელი მანდატების მისაკუთრება და ამით ხელისუფლების უზრუნველყოფა არის თუ არა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირება?!!

პოლიტიკური ბლოკების გაუქმება და ოპოზიციისთვის გაძლიერების შანსის მოსპობა არის თუ არა კონკურენციის განადგურება, რაც ძალაუფლების მხოლოდ ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებას შეუწყობს ხელს?!!

5%-იანი ბარიერის არჩამოწევა და ასობით ათასი ამომრჩევლის ხმის დაკარგვა ნიშნავს თუ არა ოპოზიციისთვის მიცემული ხმების იგნორირებას და არჩევნების შედეგებიდან ამოგდებას, რაც მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის გაძლიერებას და მის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას უწყობს ხელს?!!

ცესკოს სრული მონოპოლიზაცია, ანუ 13-დან 10 კომისიის წევრის მისაკუთრება, არის თუ არა ძალაუფლების ერთ ხელში მოხვეჭა?!!

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც საკმარისად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ ქვეყანაში ავტოკრატია მყარდება, ხოლო თუ კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ბლოკების გაუქმებით და საარჩევნო ბარიერის არჩამოწევით საფუძველი ეყრება პოლიტიკური ორგანიზაციების განადგურებას, ეს კი უკვე სცილდება ავტოკრატიას და ქვეყნის ავტორიტარული მართვის რეჟიმში გადადის, სადაც მმართველ ძალას ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის არსებობა საერთოდ დაუშვებლად მიაჩნია.

რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტების ახლებურ შემოთავაზებას, „ქართულმა ოცნებამ“ აქ ყველა პოლიტიკური წითელი ხაზი გადალახა და ღიად განაცხადა, რომ მასზე მორგებული საარჩევნო სისტემის პირობებში, არბიტრის ფუნქციებიც მხოლოდ მას უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლება, ამჯერად,  საარჩევნო კოდექსს მიადგა გასაუპატიურებლად. კერძოდ კი მასში ისეთი ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომ არა მხოლოდ საარჩევნო სისტემა, არამედ მთელი საარჩევნო გარემო ქვეყანაში მალე მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“ იქნება მორგებული და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ადგილი აქ აღარ დარჩება.

რამდენიმე დღის წინათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ინიციატივა წარმოგვიდგინეს, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იცვლება. დღეს არსებული კანონმდებლობით, ცესკოს ადმინისტრაცია შედგება 13 წევრისგან, აქედან 6 პროფესიული ნიშნითაა დაკომპლექტებული, ხოლო 7 წევრს ნიშნავს საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე ყველაზე მეტი დაფინანსების მქონე, 7 პოლიტიკური პარტია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ნიშნით დანიშნული 6-ვე წევრი ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანია, პოლიტიკური აქცენტით დანიშნული წევრებიდან „ოცნებას“ მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს. როგორც ჩანს, ეს ძალიან ეცოტავებათ „ქოცებს“ და გადაწყვიტეს, ოპოზიციური წევრების შემცირების ხარჯზე თავისი წევრების რაოდენობა გაზარდონ. ახალი ინიციატივის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრი ეყოლება მხოლოდ იმ პარტიას, რომელმაც იმდენი ხმა მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, რამდენიც პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელადაა საჭირო. მიაქციეთ ყურადღება, საუბარია მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციაზე. რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ადგილობრივი არჩევნები რომც მოიგოს, ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება მაინც არ მიეცემა. აქამდე, საუკეთესო შვიდეულში მოსახვედრად, ადგილობრივ არჩევნებზე მიღებულ შედეგსაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც საპარლამენტოზე. როგორც ჩანს, ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებისთვის, არჩევნები აღარაა, ან, სულ მცირე, მნიშვნელობა აღარ აქვს.

ამ მორიგი, დრაკონული კანონის ამოქმედებას ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გეგმავს, და აი, როგორი სურათი გვექნება ოქტომბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, როგორი შედეგით დასრულდება თვითმმართველობის არჩევნები: „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ცესკოს პოლიტიკურ შვიდეულში დღეს მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს, უცებ გაუჩნდება ოთხი. თითო-თითო წევრი ეყოლებათ „ნაციონალებს“, ბოკერიას „ევროპელებს“ და „პატრიოტთა ალიანსს“. ანუ ცესკოს ცამეტი წევრიდან (მათ შორის, პროფესიული ნიშნით დანიშნული 6 წევრი) ხელისუფლების იქნება ათი, ხოლო სამი _ ოპოზიციის. ეს გადაწყვეტილება სამართლებრივადაც სრული აჯაფსანდალია. „ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამდგარ შედეგს ახალ კანონს არგებს.

ყველაფრის თავის თავზე მორგება „ოცნებისგან“ ახალი არაა, მაგრამ გარდა „ოცნების“ დაუოკებელი მადისა, არსებობს კიდევ ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც ასეთი საკითხების გადაწყვეტა ერთპარტიულ რეჟიმში არ შეიძლება. ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი უმნიშვნელოვანესი საკითხია სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად. პოლიტიკურ პარტიებს შორის ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეუთანხმებლად შეცვლა ყველა დემოკრატიულ ნორმას სცდება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში ერთის მაგივრად ოთხი წევრი ეყოლება, არჩევნების შედეგების გაყალბება ბევრად იოლი გახდება. ხელისუფლება თავის სასურველ პროცენტებს ისე დაწერს, რომ ცესკოდან ამბის გამომტანიც არავინ იქნება. არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თუ ვინ რამდენი ხმა მიიღო არჩევნებზე. ყველაფერს გადაწყვეტს ხელისუფლება და მისი წევრები ცესკოში. ასეთი ერთპარტიული მონოპოლია საარჩევნო კომისიაზე საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

როგორც ჩანს, 2020 წელს ხელისუფლება შიშის თვალებით უყურებს. ეტყობა, იცის, რომ ამ დროისთვის მათი პოზიციები კიდევ უფრო სუსტი და საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ამიტომაც ემზადებიან ასე. ისეთ სისტემას და გარემოს ქმნიან, სადაც შეუძლებელი იქნება ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად სხვა გზას ვერ ხედავენ და აშკარად სერიოზული გაყალბებისთვის ემზადებიან. ტოტალური გაყალბებების შემდეგ კი, ქართული ტრადიციის მიხედვით, რევოლუცია გარდაუვალია, ამიტომ ისე უნდა მოხდეს, რომ ამ გაყალბებების შესახებ საზოგადოებამ ვერ გაიგოს. სულ მცირე, ისე მაინც უნდა მოხერხდეს, რომ გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები ცესკოს არ უნდა გასცდეს. სწორედ ამისთვისაა საჭირო 13 კომისიის წევრიდან ათის ხელისუფლების ხელში კონცენტრირება. ცნობისთვის: დადგენილების მიღებას ცესკოში წევრთა 2/3 სჭირდება, რაც 13-დან 9 ხმას ნიშნავს. ასე რომ, 10 წევრით ხელისუფლება ნებისმიერ დადგენილებას მიიღებს ისე, რომ ოპოზიციის აზრი არაფერში დააინტერესებს. მეტიც, კომისიის ათ წევრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი წევრები პროცესს ხელს უშლიან და საერთოდ დაატოვებინონ დარბაზი. ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია, არჩევნების როგორ შედეგებს დაწერს ხელისუფლება. ნათელია, რომ ოპოზიციისთვის დაწერილი პროცენტები ძალიან შორს იქნება რეალურად მიღებული მხარდაჭერისგან.

საკონსტიტუციო ცვლილებების გაკეთილშობილების სამართლებრივი რესურსი თითქმის ამოიწურა. ერთადერთი, რაც დარჩა, რომ სამართლებრივად გაფორმდეს, _ პოლიტიკურ ჩიხში შევედით. ეს კი ისეთ საარჩევნი გარემოს ნიშნავს, როცა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია. თუ რა ხდება შემდგომ და რა ემართებათ ხოლმე ხელისუფლებებს, ყველასთვის ნათელია. უცნაურია, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რატომ ჰგონია, რომ მას ეს არ დაემართება?!.

 

დემნა ვეშაპიძე