შოთა ჭიჭიაშვილი: „ცხვარი კი არა, მგელი ვარ და გივი თარგამაძეს ურჩევნია, ეს კარგად გააცნობიეროს!“

წარსულში ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული და 2013 წელს მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ამნისტიით განთავისუფლებული შოთა ჭიჭიაშვილი პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭიჭიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი და თარგამაძის საქმე სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

11 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.შ.“-მა 2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც აღწერილია, როგორ იგეგმებოდა თარგამაძის აფეთქება და ვინ მონაწილეობდა მასში. სიუჟეტში თარგამაძე აცხადებს, რომ მისი აფეთქება ქართულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს და იმ პირებს ასახელებს, რომლებიც ამ საქმეში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ირიბი მონაწილის სახით გივი თარგამაძემ სიუჟეტში დაასახელა წარსულში ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი, რომელსაც ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2013 წლის 3 ივნისს, როდესაც, ამნისტიის საფუძველზე, რამდენიმე ათეულმა პატიმარმა ციხე დატოვა, მათ შორის ჭიჭიაშვილიც გახლდათ.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება შოთა ჭიჭიაშვილი:

_ რასაც გივი თარგამაძე ჩემზე ამბობს, ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. უკეთეს შემთხვევაში, მისი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია, უარეს შემთხვევაში კი _ კარგად გათვლილი და გაანგარიშებული პროვოკაცია. შესაძლებელია, აქ მე მთავარი სამიზნე არც ვარ, უბრალოდ, ეს კაცი თავისი პოლიტიკური ინტრიგებით ცდილობს, რომ ჩემი სახელი შელახოს. მინდა, მაქსიმალურად მიუკერძოებელი ვიყო, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ. საიდან გამოაქვს ამ ადამიანს ეს დასკვნები, არ ვიცი! გამოაკრეს ჩემი სურათი, თითქოს რაღაც სინდიკატის ხელმძღვანელი ვარ და თითქოს ყველაფრის თავი მე ვარ. როგორ შეიძლება, ასეთი რამის დაბრალება და საქვეყნოდ გამოჭენება?! აქვს, თუნდაც, ერთი რაიმე ფაქტი, მტკიცებულება, ან მოწმე ჰყავს, ასე რომ ლაპარაკობს? ის მაინც გაიხსენოს, ნათქვამია, _ ქურდმა ერთი ცოდვა ჩაიდინა, დამბრალებელმა, კიდევ, ათასიო… მათი ათწლიანი მმართველიბიდან ხომ შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, ეგენი რა ხალხია, რა ჯიშის, რა სისხლის, რა სული და გული აქვთ, რა სინდისი და ნამუსი… მათთვის არც ადამიანის სახელი ნიშნავს რამეს, არც ადამიანის სიცოცხლე და მინდა, გივის მოვუწოდო, _ სანამ რაღაცას იტყვის, ასჯერ გაზომოს და ერთხელ გაჭრას, იმიტომ, რომ ყველა სიტყვასა და საქციელზე პასუხი მოეთხოვება, ჯერ ღმერთისგან და მერე ადამიანებისგანაც. რასაც თესავს ადამიანი, იმას იმკის! ურჩევნია, ცოტა აზრზე მოვიდეს და ენას კბილი დააჭიროს. სანამ ჩემზე ილაპარაკებს, ჯერ საკუთარ თავს გადახედოს, თავის აზრს და გამონათქვამებს.

_ შოთა, პირადად თუ იცნობთ გივი თარგამაძეს?

_ მე მას საერთოდ არ ვიცნობ, ცხოვრებაში არ მინახავს, არ მისაუბრია. მაგ კაცთან არაფერი მაკავშირებს.

_ რატომ უნდა ეხსენებინა გივი თარგამაძეს თქვენი სახელი?

_ არ ვამტკიცებ, რომ ეს, მაინცდამაინც, ასეა, მაგრამ იმას ვუკავშირებ, რომ ამ ადამიანმა, პოლიტიკოსმა, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, უნდა, რომ საკუთარი თავი გაიპიაროს, თავისი მნიშვნელობა წარმოაჩინოს, ახლა ის მივიწყებულია და თვითრეკლამას ეწევა. სახელი კი შეიცვალეს და „ევროპული საქართველო“ იწოდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმა გივი თარგამაძე ამოარჩიეს, როგორც, ასე ვთქვათ, საკრალური მსხვერპლი. თარგამაძეს პიარის გაკეთება რომ უნდა, აშკარაა, მაგრამ იქ რა ხდება და როგორ ხდება, არ ვიცი, ინფორმაციას არ ვფლობ და ვერც ვერაფერს ვიტყვი გადაწყვეტით. ეს, უბრალოდ, ჩემი ვარაუდებია. ვფიქრობ, პარტიაში შიგნით რაღაც განხეთქილება მოხდა და გივის საკრალურ მსხვერპლად გამოყვანა უნდოდათ, რომ მერე ეყვირათ, როგორ ავიწროებენ.

შესაძლოა, თვითონაც იპიარებს თავს, იმიტომ, რომ ეგ როგორი აფეთქება იყო, ნებისმიერმა სამხედრომ იცის, თუ მიმართული აფეთქება ხდება, ის უკან ან ზევით კი არ არის მიმართული, არამედ მიმართულია მსხვერპლისკენ, ვიღაცას თუ გივის მოკვლა უნდოდა, ყველანაირი საშუალება და შესაძლებლობა ექნებოდა, რომ მოეკლა. ამიტომ ძალიან უცნაურია მისი აფეთქება და ბევრ კითხვის ნიშანს სვამს. შესაძლოა, სპეცსამსახურებიც იყვნენ, ათასი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება, მაგრამ მე არ ვიცი! ვიცი მხოლოდ ერთი რამ, რომ მე მაგ კაცს არც ფიზიკურად ვიცნობ, ცხოვრებაში გამარჯობაც კი არ მითქვამს და არანაირად გადაკვეთილა ჩვენი გზები, ის ჩემი არც მტერია და არც მოყვარე. საერთოდ, არაფერია ეგ კაცი და ასე რომ, მის მიმართ არანაირი ინტერესი არ მექნებოდა და არც მაქვს. მტრად ნუ მომიკიდებს და წყნარად იყოს. ცხვარი კი არ ვარ, რომ ჩემზე რაც უნდა, ის ილაპარაკოს! ცხვარს რომ წველიან, კლავენ და ხორცად იყენებენ, მე ის კაცი არ ვარ, ცხვარი კი არა, მგელი ვარ და გააცნობიეროს კარგად პატივცემულმა გივიმ, ის ურჩევნია! ბოდიში მომიხადოს და აღარ ახსენოს საერთოდ ჩემი სახელი! არა მხოლოდ პატივცემულმა გივიმ, არამედ, „რუსთავი 2“-მაც, ახლა რომ დაიყრუეს, დაიბრმავეს და დაიმუნჯეს თავები.

_ თუ ბოდიშს არ მოიხდიან, რას აპირებთ?

_ თუ ასე გააგრძელეს, არ გავჩერდები, სამართლებრივად ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩემი ადვოკატის მეშვეობით, სარჩელსაც შევიტან სასამართლოში. არც ძალის გამოყენება მინდა და, ზოგადად, არც არანაირი ურთიერთობა ამ უნამუსოებთან, მინდა, რომ შორს ვიყო, მე ჩემთვის და ისინი თავისთვის, რაც უნდათ, ის აკეთონ, კახურად რომ გითხრათ, _ თავში ქვა იხალონ და მუცელში სამართებელი, არანაირი ინტერესი არ მაქვს, შემეშვან, ნუ ატრიალებენ ტელევიზიით ამბებს, ნუ მახსენებენ და ჩემს სურათებს ნუ აკრავენ, თავი დამანებონ! თუ გივი მტრად მთვლის და ამაში დარწმუნებულია, ესეც თქვას, მაშინ რაღაც ფაქტები მოიყვანოს და დამიმტკიცონ, რომ მე დამნაშავე ვარ! მე ხომ ვიცი, რომ ცამდე მართალი ვარ, არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი არ მაქვს მისი აფეთქების საქმესთან, მაშინ დამიმტკიცონ! როდესაც არანაირი მტკიცებულებები არ აქვს, არანაირი ფაქტები, არგუმენტები, მოწმეები და ლაპარაობს, რატომ ლაპარაკობს?! მე რაც დავაშავე, იმის გამო კალენდარულად მოვიხადე ჩემი სასჯელი, _ რვა წელი სამარტოო საკანში გავატარე არაადამიანურ პირობებში, ფაქტობრივად, ისევ ამ „ნაციონალებმა“ მაწამეს. გამოვედი და მადლობა ღმერთს, მინდა, რომ ყველაფერი დავივიწყო, ჩემს გულში ყველას ყველაფერი ვაპატიო და ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყო. თუ, მაინცდამაინც, უნდათ, რომ ხელში იარაღი ამაღებინონ, გავყვები ბოლომდე და ეგ იქნება!

_ ეს მუქარაა?

_ ვემუქრები! მართლა ვამბობ, ცხვარი კი არ ვარ, რომ თარგამაძემ, მისმა ჭინკებმა და თანამებრძოლებმა ასე მომაკრან იარლიყები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოინდომონ ჩემი მიცემა და მიმტრონ, მე ვიღაცას კი არ დაველოდები!

_ რაიმე მინიშნებას გაძლევთ თარგამაძის განცხადება?

_ ჩემი აზრით, ვერ ისვენებენ! არ იციან, სად ვარ, რას ვაკეთებ, რას ვაპირებ, გარკვეული შიშის ფაქტორიც არის, უნდათ, რომ შორს ვიყო და კანონის ფარგლებში არ ვიყო. ციხიდან რომ გამოვედი, სამი დღის განმავლობაში ყველა ტელევიზიამ მატრიალა, აგერ როგორი მონსტრი გამოვიდა და რატომ გამოუშვესო. ვიღაცამ კი არ გამომიშვა, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, შემეხო და მისი მეშვეობით გამოვედი, ისე ვინ გამომიშვებდა, ქრთამი კი არ მიმიცია ვინმესთვის და მთავრობაში კი არ მყავდა ვინმე! ვიმეორებ: რვა წელი სამარტოო საკანში გავატარე. მე რომ მაგის შესაძლებლობები მქონოდა, ზონაში ხომ მაინც გადამიყვანდნენ და „კამერაში“ მაინც ვიქნებოდი ვიღაცასთან! არაადამიანურ პირობებში ვიყავი, 11 წელი ვიჯექი და ამნისტიით გამოვედი. არ მომასვენეს, გამოვედი თუ არა, 3-4 დღე ტელევიზიებით მატრიალეს, მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში დამიბარეს და მითხრეს, რომ ქვეყანა დამეტოვებინა.

_ კონკრეტულად ვინ დაგიბარათ?

_ მინისტრის მოადგილე ბედია და კიდევ ორი იყო _ ბექა ქებაძე და მუშკუდიანი, სახელი არ მახსოვს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო და მოადგილე. მითხრეს, რომ ეს მითითება ზემოდან იყო. დავთანხმდი და ვუთხარი, _ მადლობის მეტი რა მეთქმის-მეთქი.

_ მაშინ ხომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი იყო, მას გულისხმობდნენ?

_ დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მინისტრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ „ნაციონალების“ კადრები იყვნენ ძალოვან უწყებებში და შესაძლებელია, ეს ღარიბაშვილის ბრძანება ან მითითება არ ყოფილა, არამედ ძალოვან უწყებაში „ნაციონალებს“ ვინც ჰყავდათ წარმოდგენილი და ჩანერგილი. მაგალითად, ლორთქიფანიძე და სხვები, რომელთაც ჩემ მიმართ პირადი მტრობა და შუღლი ჰქონდათ. მე ხომ ვერ გადავამოწმებდი ამ ინფორმაციას, ღარიბაშვილს ხომ არ ვიცნობ და ვკითხავდი, მართლა შენ მიუთითე თუ არა-მეთქი? ავდექი და დავტოვე ქვეყანა, იმიტომ, რომ ორი-სამი მანქანა დამდევდა, ტელეფონიც მოსმენაზე იყო.

_ ასეთი ინფორმაცია არსებობს: თქვენ რომ ქვეყანა დაგეტოვებინათ, ამ საქმეში თამაზ თამაზაშვილი იყო ჩართული, დაადასტურებთ?

_ არა, მას ჩემთვის საერთოდ არაფერი უთქვამს, არც კი მინახავს და მისაუბრია, ამიტომ ტყუილად ვერ დავაბრალელებ, გივისავით ხომ არ მოვიქცევი, რაც არ ვიცი, იმაზე ვთქვა, რომ ისეა ან ასე. იმას კი გიდასტურებთ, შს სამინისტროში განმიმარტეს, რომ ქვეყანა დამეტოვებინა.

_ საქართველოში დაბრუნების სურვილი გაქვთ?

_ საქართველოში დაბრუნება როგორ არ მინდა, მაგრამ არ ვარ დაზღვეული, რომ იარაღს ან ნარკოტიკს არ ჩამიდებენ. ხელისუფლება ფორმალურად კი შეიცვალა, მაგრამ კიდევ ხომ იჭერენ ხალხს, კიდევ ხომ ხდება ჩადებები?! ამიტომ ვერიდები, თორემ თუ საჭირო იქნება, ვინმეს კი არ ვემალები, მართალი ვარ, რაც დავაშავე, იმაზე სასჯელი მოვიხადე, რაც გარეთ ვარ, სამი წელია, არაფერი დამიშავებია, ნორმალურად ვცხოვრობ და ვცდილობ, ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყო, რაც იყო, იყო… მადლობა ღმერთს, 40 წელს გადაცილებული კაცი ვარ, ბავშვები მყავს, ასაკიანი მშობლები მყავს, მინდა, რომ ბავშვებსა და მშობლებზე ვიზრუნო, როგორც ნებისმიერ წესიერ ადამიანს შეეფერება, რა პასუხისმგებლობაც გვაკისრია ბავშვებისა და მშობლების წინაშე. მინდა, რომ იცოდეს საზოგადოებამაც, ხელისუფლებამაც, განსაკუთრებით ძალოვანმა სტრუქტურებმა, მე არავის ვემალები, თუ საჭირო გახდა და დამიბარებენ, ჩამოვალ, ჩვენებასაც მივცემ და რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ იმიტომ, რომ ცამდე მართალი ვარ! ეს კაცი რეებს ლაპარაკობს, არ ვიცი! თუ ვიღაცას ვიცნობდი 20 წლის წინათ, ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ორგანიზატორი ვარ?! რას პროვოკატორობს, ეს საიდან და რის საფუძველზე დაასკვნა?! პირი რომ გააღო და ლაპარაკობს, რატომ მწამებს ცილს?! რაც ვიჯექი, ის მეყო! ვაფრთხილებ: კანონით დასაშვები ყველა საშუალებით თუ ადამიანურად, პასუხს გავცემ! დაბალი ღობე არ ვარ, რომ ასე ატრიალოს პატივცემულმა გივიმ ჩემი სახელი! ბოდიში მომიხადოს ყველამ, ვინც ეს ცილი დამწამა და ჩემი სახელის ხსენებას საერთოდ მოეშვან! მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც ის მიზანი მაქვს, ჩემი თავი ვაპიარო, ერთი რიგითი ქართველი ვარ, ცხოვრებაში ცუდიც მქონდა, კარგიც, ცუდიც ჩამიდენია და კარგიც, ამას ღმერთი განსჯის, გივის სალაპაკო კი ნამდვილად არ ვარ!

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება შოთა ჭიჭიაშვილის ადვოკატი _ ალექსი შოშიკელაშვილი:

_ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ შოთა ჭიჭიაშვილის მიმართ შეგნებულად გაავრცელა შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ცილისმწამებლური ბრალდება.

11 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ ერთ-ერთი სიუჟეტი დაეთმო გივი თარგამაძესთან ინტერვიუს, რომელიც მისი მანქანის აფეთქების საკითხს შეეხებოდა. სიუჟეტში შოთა ჭიჭიაშვილი გამოყვანილია კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელად.

აღნიშნული ტონალობა და შოთა ჭიჭიაშვილის დაკავშირება ჩადენილ დანაშაულთან გივი თარგამაძის მცდელობით მთელ გადაცემას გასდევს და, საბოლოო ჯამში, შოთა ჭიჭიაშვილი გივი თარგამაძის მიერ გამოყვანილია დანაშაულებრივი სინდიკატის ხელმძღვანელად, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას ხელმძღვანელობდა. გივი თარგამაძე წარმოდგენილ შემთხვევაში მიზნობრივად ახდენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება შოთა ჭიჭიაშვილის წინააღმდეგ და ეს ყოველივე, უკეთეს შემთხვევაში, მისი ფანტაზიის ნაყოფია. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ ბოდიში მოიხადოს გივი თარგაძემ. ტელევიზიამ მეორე მხარეს არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

ასევე, კერძო საუბარი მქონდა ჟურნალისტთან. დღევანდელი პოზიციით, „რუსთავი 2“-ს ტვირთი გადააქვს რესპონდენტზე, ანუ გივი თარგამაძეზე. მათი პოზიციით, ის ვერსია განავითარეს, რასაც რესპონდენტის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია უდევს საფუძვლად. ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს შოთა ჭიჭიაშვილის მოძიება, ვინაიდან შოთა არ არის საქართველოში და კონტაქტი არ ჰქონდათ. ბოლოს კი განაცხადა, რომ ჩვენს განცხადებას იურიდიულ სამსახურს გადასცემს, ისინი გვიპასუხებენ ამომწურავად. ჟურნალისტმა ისიც მითხრა, რომ ხელმძღვანელობასთან შეთანხმდება და შეეცდება, სკაიპის მეშვეობით ჩაწეროს შოთა ჭიჭიაშვილი. ჯერჯერობით ველოდები ტელეკომპანიის პასუხს და ასევე რა რეაგირება ექნება გივი თარგამაძეს და მოიხდის თუ არა ბოდიშს.

_ თუ თქვენს განცხადებას რეაგირება არ მოჰყვება, რას აპირებთ?

_ შევთანხმდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ჯერჯერობით, ისრები იქითკენ გვაქვს მიმართული, რომ საზოგადოებამ სწორი ინფორმაცია მიიღოს და სიმართლე გაიგოს. თუ ამას რეაგირება არ მოჰყვება, სამართლებრივ ბრძოლას წინ არაფერი უდგას!

 

თამარ ბატიაშვილი