„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250 -ის ინდექსში მოხვდა

„თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შევიდა. ეს ნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს 350 კომპანიას შორის მოხვდა, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

ამ ცვლილების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება „თიბისი ბანკის“ აქციებზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ეს აქციების ლიკვიდურობაზეც იმოქმედებს. „თიბისი ბანკის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, ხოლო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში „თიბისიმ“ შარშან გადაინაცვლა.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს. კომპანია FTSE  250 ინდექსში ხვდება საბაზრო კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ.

როგორც „თიბისი ბანკის“ დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, ამჟამად „თიბისი ბანკის“ კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 900 მილიონი ფუნტია, ხოლო 2016 წლის აგვისტოს შემდეგ „თიბისი ბანკის“ დღიურად ნავაჭრი აქციების საშუალო ღირებულება შეადგენს 1, 300 000 ფუნტ სტერლინგს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:

„ FTSE 250-ში შესვლა არ არის მხოლოდ „თიბისი ბანკის“ წარმატება, _ ეს მთლიანად ქართული მეწარმეობის, ქართული კომპანიების წარმატებაა. ის, რომ  FTSE 250 ინდექსში უკვე ორი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, ქვეყნის რეპუტაციას ამყარებს და კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილდეთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, FTSE 250-ში შესვლის შემდეგ მეტი საშუალება გვექნება, უფრო ბევრი ახალი ინვესტორი მოვიზიოთ და ჩვენი აქციების ლიკვიდურობა გავზარდოთ. საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განვვითარდეთ, პროდუქტებისა და მომსახურების მიმართულებით რეგიონის ლიდერები ვიყოთ“.

 

ბირჟის უმაღლეს ინდექსში გადასვლის პარალელურად, „თიბისი ბანკს“ ლონდონში საკმაოდ სერიოზული შეხვედრა ჰქონდა ინვესტორებთან. შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტმა 100-მდე არსებულ და პოტენციურ ინვესტორს ქართულ ეკონომიკასა და საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენები და „თიბისი ბანკის“ სტრატეგია გააცნო. როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო.

რაც შეეხება სამომავლო სტრატეგიას, „თიბისი ბანკი“ ყველა საბანკო მიმართულებით გეგმავს განვითარებას. ასევე გეგმაშია მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიურად დაფინანსება ლარის რესურსით. ახლახან დასრულდა მოლაპარაკება საერთშორისო კომპანია  „სიმბიოტიკსთან“, რომელიც „თიბისი ბანკს“ 45 მილიონი ლარის რესურსს გამოუყოფს. ამ თანხით „თიბისი ბანკი“ მცირე, საშუალო და მიკრობიზნესებს დააფინანსებს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე:

„მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში დოლარიზაცია 65-დან 61%-მდე შევამცირეთ. მჯერა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სესხები ბანკებმა აიღონ ლარში და სულ რამდენიმე დღის წინათ „სიმბიოტიკსთან“ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ დაახლოებით 45 მილიონი ლარი გამოგვიყონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებს მოხმარდება“.