„ჩემი და ივანიშვილის საუბრის დეტალებს არ შევეხები, თუმცა რაც ძირითადი იყო, იმის შესახებ პირველად თქვენთან ვსაუბრობ“

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება დავით ჯანდიერს:

_ თქვენ მონაწილეობდით კონკურსში, რომელსაც უნდა შეერჩია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხუთეული. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ ვერ მოხვდით ამ ხუთეულში. როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა უარი კომისიამ თქვენს კანდიდატურაზე?

_ კომისიამ ჩემთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. კმაყოფილი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ამომწურავად მეპასუხა იმ კითხვებისთვის, რაც უშუალოდ ჩემს პროფესიას ეხებოდა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ამგვარ შეკითხვებს სვამდნენ კომისიის ის წევრები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელისუფლებას. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩემი საქმიანობა მოძრაობაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეთარგმნათ იმგვარად, თითქოს მე ვერ ვიქნებოდი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გამოტანისას. ეს შეკითხვები მოდიოდა ზუსტად იმ ხალხისგან, ვისაც არანაირი კითხვა არ გასჩენია მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ქალბატონი კობახიძე ინიშნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. გასაუბრებისას კომისიის სახელისუფლებო წევრები არც მალავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ჩემს იმ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელსაც სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველების საქმიანობაზე ვაკეთებ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მე აქეთ დამიწუნეს პოლიტიკური მოტივით, თავად მათი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. სამწუხაროა, რომ ხუთეულში ასევე ვერ მოხვდნენ კონკურსში მონაწილე სხვა კვალიფიციური სპეციალისტები. ისევე როგორც სხვებს, მეც მქონდა იმედი, რომ კომისია გაითვალისწინებდა იმ მწარე გამოცდილებას, რომ მათ მიერ სუბიექტურად შერჩეული კანდიდატები დაიწუნა სტრასბურგმა და ამჯერად მაინც შეარჩევდნენ ისეთ კანდიდატებს, რომელთა მიმართაც არ იარსებებდა კითხვის ნიშნები.

_ კომისიიდან კონკრეტულად ვინ შეგაფასათ დაბალი ქულით?

_ ჩემთვის ცხადი იყო, რომ დაბალი ქულები დამიწერეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოფიციალურად აღარც მომითხოვია, ვინ რა დამიწერა. გასაუბრების დროსვე იგრძნობოდა მათი ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ, როგორც უკვე გითხარით, სწორედ იმ კრიტიკული განცხადებების გამო, რომელსაც მე ვაკეთებ. სიაში მეექვსე თუ მეშვიდე ვიყავი, რაც იმას მოწმობს, რომ კომისიის დამოუკიდებელმა, არასახელისუფლებო წევრებმა მაღალი ქულებით შემაფასეს, მაგრამ მხოლოდ მათ მიერ დაწერილი მაღალი ქულები ვერ მოახდენდა გავლენას და ვერ გადაწონიდა სახელისუფლებო წევრებისგან დაწერილ დაბალ ქულებს, ამიტომაც მივიღე ის საშუალო ქულა.

_ ამ კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იყო. 2012-2013 წლებში თქვენ მისი მოდგილე ბრძანდებოდით, თქვენ შორის არსებული მწვავე კონფლიქტის გამო მან 2013 წელს აღარ წარგადგინათ მოადგილედ. ამ კონფლიქტმაც ხომ არ იქონია გავლენა კომისიის გადაწყვეტილებაზე?

_ გასაუბრებისას მინისტრი კი ცდილობდა, მაქსიმალურად თავშეკავებული ყოფილიყო ჩემ მიმართ და ეს თავშეკავება ეჩვენებინა დამსწრე საზოგადოებისთვის, მაგრამ ცხადია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის საფიქრებლად, რომ მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვლებოდა. მე, მის ადგილზე, ობიექტურობისთვის, საერთოდ ავიცილებდი გასაუბრებაში მონაწილეობას და შეფასებას. იგი ასე უნდა მოქცეულიყო წინა კონკურსის დროსაც, როდესაც მის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეს აფასებდა, რომელიც შემდეგ სტრასბურგმა დაიწუნა.

_ მაშინ ამომწურავად არც გაცემულა კითხვებზე პასუხი, რა მოხდა 2013 წელს იუსტიციის სამინისტროში? რამ გამოიწვია თქვენსა და წულუკიანს შორის ურთიერთობის ისე დაძაბვა, რომ შეუძლებელი გახდა ერთად მუშაობა? 

_ დიახ, ამ თემაზე საჯაროდ არც მისაუბრია, რადგან იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო… თუმცა ყველაზე სერიოზული პრობლემა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ჩემი ხელმძღვანელობით ნოტარიატის რეფორმა შემუშავდა. ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით რეფორმა შემუშავდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად, რაც გულისხმობდა, რომ ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა გადაეწყვიტა სასამართლოს და არა იუსტიციის მინისტრს. იუსტიციის მინისტრს არ სურდა, რომ მისი უფლებამოსილება შეზღუდულიყო და საკმაოდ მწვავე და ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სტანდარტი მოითხოვდა ამას. ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა და შეუძლებელი გახდა თანამშრომლობა.

_ მაშინ თქვენ არ გისაუბრიათ, მაგრამ თავად წულუკიანმა, როგორც სჩვევია, საკმაოდ არაკორექტული განცხადება გააკეთა თქვენთან მიმართებით.

_ კარგად აღნიშნეთ: „როგორც სჩვევია“. სწორედ ამიტომაც არ გამიცია პასუხი მის განცხადებებზე… საზოგადოებისთვის ძალიან ხშირად ყოფილა გაუგებარი მისი განცხადებები და მე ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ ვყოფილვარ. მან საჯაროდაც ვერ დაიცვა ზომიერება იმ პირის, ამ შემთხვევაში, ჩემ მიმარ, ვისთანაც ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. როდესაც პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი თანამდებობიდან  გადადგა, მე ავტომატურად შემიწყდა უფლებამოსილება. ახალი მთავრობის ფორმირებისას, მინისტრს უნდა დაესახელებინა მოადგილეების ახალი შემადგენლობა და აღარ დამასახელა, რაც ბუნებრივიც იყო და ველოდი კიდეც. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი მინისტრის მოადგილე და აქედან 6 თვის განმავლობაში მინისტრთან ურთიერთობა არ მქონია.

_ არც გელაპარაკებოდათ?

_ დიახ და ამდენად მე ველოდი კიდეც, რომ აღარ დამასახელებდა.

_ ესეც რაღაც ქოცური ნოუჰაუა, მინისტრი არ ელაპარაკება თავის მოადგილეს 6 თვე…

_ გაბუტულია…

_ როდესაც თქვენ შორის ურთიერთობა ასე გამწვავდა, ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსში და ფლობდა თუ არა ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, ანდა სხვა მინისტრები?

_ მისი გაბუტვის მიუხედავად, მე ვაგრძელებდი ჩემი მოვალეობის შესრულებას და ვუძღვებოდი საკურატორო სფეროს. თუმცა საბოლოო გაბუტვამდე ჩვენ შორის ურთიერთობის დაძაბვას დაემთხვა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის თანაშემწემ დამირეკა და გადმომცა, რომ პრემიერ-მინისტრს ჩემთან შეხვედრა სურდა. იმჟამად მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა და მე, როგორც პირველი მოადგილე, მინისტრის მოვალეობას ვასრულებდი. ვიფიქრე, რომ ამიტომაც მხვდებოდა პრემიერი. შევხვდი ივანიშვილს და მან თავიდანვე დაიწყო წულუკიანთან დაკავშირებით საუბარი.

_ თქვენს კონფლიქტზე უკვე ფლობდა ინფორმაციას?

_ დიახ, იგი კარგად იყო ინფორმირებული, რაც ხდებოდა, ამომწურავად ფლობდა ინფორმაციას, მაგრამ იმ საუბრის აქცენტები მაფიქრებინებს, რომ ამ შეხვედრის მიზანი ჩვენი კონფლიქტი კი არა, ზოგადად, წულუკიანის მმართველობის სტილი იყო. მე ახლა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი საქციელი, მაგრამ ივანიშვილი სხვადასხვა პირისგან ფლობდა ნეგატიურ ინფორმაციას წულუკიანთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა არ იყო დაკავშირებული არც რაიმე გადაწყვეტილების მიღებასთან, ან რაღაც შეთქმულების მოწყობასთან, უბრალოდ, ის შეწუხებული იყო არსებული სიტუაციით, არ მალავდა უკმაყოფილებას წულუკიანის მმართველობის სტილზე და მირჩია კიდეც, უფრო მეაქტიურა, რჩევები მიმეცა, რომ მას არ მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ცხადია, მეც დავეთანხმე, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სამინისტრო ერთპიროვნულად არ უნდა იმართებოდეს და მინისტრს მოადგილეები იმისთვის ჰყავს, რომ მინისტრთან ერთად უძღვებოდნენ დარგს. ამ შეხვედრაში დამალული არაფერი ყოფილა. ბატონმა ივანიშვილმა მითხრა კიდეც, რომ ის წულუკიანთან დარეკვას აპირებდა და იმის თქმას, რომ მოადგილეები უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ სამინისტროს მართვაში, რათა რაც ხარვეზები იყო, დროულად გამოსწორებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში დამალული არაფერი ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი თავად ბატონი ივანიშვილი იყო და არა მე, წულუკიანის ტიპაჟიდან გამომდინარე, ველოდი კიდეც, რომ როდესაც ის ამ შეხვედრის შესახებ შეიტყობდა, განაწყენდებოდა და ნეგატიური რეაქცია ექნებოდა. ასეც მოხდა. მაშინ, ჯერ კიდევ, მელაპარაკებოდა, _ მძიმედ, მაგრამ მაინც. მითხრა, რომ ივანიშვილს შევხვედრივარ… ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, ამის შემდეგ აბსოლუტურად გავიდა კონტაქტიდან, ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი არ მცემდა ხმას.

_ ანუ წულუკიანმა ურჩობა გამოუცხადა ივანიშვილს? მან დაავალა, მოადგილეები უფრო აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული პროცესებში და ამის ნაცვლად არათუ აქტიურად არ გრთავთ საკითხების გადაწყვეტაში, საერთოდ აღარც გელაპარაკებათ.

_ დიახ, რეალურად, კონტექსტი ეს იყო. გაბუტვაზე მეტიც ხდებოდა. იუსტიციის სამინისტროში ელექტრონული მმართველობაა. კანონის მიხედვით, მინისტრი ვერ განსაზღვრავს მისი შემცვლელის ვინაობას ქვეყანაში მისი არყოფნის შემთხვევაში. ვინაიდან მე პირველი მოადგილე ვიყავი, ავტომატურად, მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ვასრულებდი და კანცელარიის, ფოსტის პროგრამა ჩემზე უნდა გადმორთულიყო იმისთვის, რომ დოკუმენტებზე ხელმოწერა ყოფილიყო და სამინისტროს ფუნქციონირება არ შეჩერებულიყო, მაგრამ… როდესაც ის მიდიოდა, ფოსტა ჩემზე არ ირთვებოდა და მუშაობა პარალიზებული იყო. ვერ ვასრულებდი მინისტრის მოვალეობას. ამის შესახებაც ჩავაყენე საქმის კურსში ზემდგომები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი და ივანიშვილის საუბრის დეტალებს არ შევეხები, თუმცა რაც ძირითადი იყო, იმის შესახებ პირველად გულახდილად თქვენთან ვსაუბრობ.

_ თავის დროზე, თქვენი დანიშვნა თავად წულუკიანის ინიციატივა იყო…

_ დიახ, მართალი გითხრათ, არჩევნებამდე ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ მან თავისი თავი წარმოაჩინა სამინისტროში. სამწუხაროდ, მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ის აბსოლუტურად შეცვალა თანამდებობამ და სრულიად განსხვავებული ადამიანი გახდა.

_ მსგავსი კონფლიქტები ხელისუფლებაში ხშირად ხდება, კონკრეტული პირები ერთად ვერ ახერხებენ მუშაობას, ვიღაც რჩება, ვიღაც მიდის იმ კონკრეტული უწყებიდან, მაგრამ ის არ მიდის ხელისუფლებიდან და საქმიანობას აგრძელებს სხვა სახელმწიფო უწყებაში. რატომ არ დაინიშნეთ შემდეგში არსად? თქვენ აღარ გსურდათ თუ ხელისუფლების მხრიდან აღარ იყო შემოთავაზება? მას შემდეგ, რაც წულუკიანმა აღარ წარგადგინათ მოადგილედ, გქონდათ თუ არა საერთოდ კომუნიკაცია ივანიშვილთან?

_ დიახ, გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და ამ სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე ერთ-ერთი თანამდებობის პირს შევხვდი. ეს შეხვედრა ეხებოდა ჩემს ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშვნას სასამართლო ხელისუფლებაში, მაგრამ შემდეგში, რატომღაც, ეს საკითხი შეჩერდა და განვითარება აღარ მოჰყოლია. იმ ინფორმაციით, რომელსაც მე ვფლობ, წულუკიანის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მე არ ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში არსად.

_ ასეთი გავლენიანია წულუკიანი? შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, საერთოდ, ქოცური რეალობისთვის აღმოჩნდით მიუღებელი. ცხადია, დაუჯერებელი იმაში არაფერია, რომ წულუკიანს ეს მოეთხოვა, მაგრამ არა მგონია, მის აზრს ასე უაპელაციოდ ითვალისწინებდეს ყველა მინისტრი.

_ მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად იყო, თუმცა მეც უფრო მგონია, რომ, რატომღაც, ზოგადად, მიუღებელი აღმოვჩნდი ხელისუფლებისთვის. თუმცა შემდეგში იყო თხოვნები, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესები დამეცვა ცესკოში, „ოცნებასთან“ აფელირებული თანამდებობის პირები არ მალავდნენ ჩემდამი სიმპათიას, პირდაპირ ეთერში თუ ეთერს მიღმა, მაგრამ, რატომღაც, ასე მოხდა, რომ შემდგომში ჩემი საქმიანობა აღარ დაუკავშირდა ხელისუფლებას.

_ სტრასბურგის სასამართლოს რომ დავუბრუნდეთ, თუ თავის დროზე წულუკიანი თქვენი აქ, საქართველოს სასამართლოში დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თავისთავად ცხადია, არ დაუშვებდა, რომ თქვენ სტრასბურგში წასულიყავით…

_ ცხადია, იუსტიციის მინისტრს არ სურდა ჩემი კანდიდატურის სტრასბურგში წარდგენა, მაგრამ, ამჯერად, მხოლოდ მას კი არა, ზოგადად, ხელისუფლებას არ სურდა ჩემი იქ წარდგენა. არ სურდათ მარტივი მიზეზის გამო: ხელისუფლება არ მენდობა. კარგად იცის, რომ საკმაოდ პრინციპული ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, რეალიზება. მე ანგარიშს არ გავუწევ ხელისუფლების პოზიციას გადაწყვეტილების გამოტანისას. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი „მინუსია“ და ამ „მინუსის“ გამო, ბუნებრივია, არ მენდობოდნენ. ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

_ თუ თავის დროზე უარი თქვეს აქ, ქართულ სასამართლოში თქვენს დანიშვნაზე, თუ ასე კარგად აცნობიერებთ, რომ ამდენად მიუღებელი ხართ არსებული ხელისუფლებისთვის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი მხრიდან იყო თუ არა ერთგვარი ავანტიურიზმი, გნებავთ, პროვოკაცია, განაცხადის შეტანა ამ კონკურსში? გსურდათ გეჩვენებინათ, როგორ ამბობენ ისინი უარს ხელისუფლებისთვის არასასურველ კვალიფიციურ კანდიდატურაზე?

_ შეიძლება, ასეც ითქვას… გასაუბრებაზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ჩემს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ აქვთ. ეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ „ტვ1“-ის ეთერში დებატების დროსაც დაადასტურა პირდაპირ ეთერში. მათი შეშფოთება განპირობებული იყო იმით, რომ ისინი არ მენდობოდნენ და იცოდნენ, რომ მე არ ვიქნებოდი მათდამი ლოიალური სტრასბურგში.

_ ფაქტია, თქვენ მიუღებელი აღმოჩნდით ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თქვენს შემდგომ კრიტიკულ განცხადებებს, თქვენთვისაც აღმოჩნდა ეს ხელისუფლება მიუღებელი. რის გამო გახდა ეს ხელისუფლება თქვენთვის მიუღებელი?

_ ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია სასამართლო სისტემაში, სამართალდამცველ ორგანოებში არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, ხელისუფლება გარიგებაში შევიდა იმ ჯგუფთან, რომელიც სიტუაციას მართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. არანაირი ნაბიჯები არ იდგმება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. მოსამართლეთა კორპუსში განსხვავებული აზრის დეფიციტია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად. არაფერს აკეთებენ როგორც მოსამართლეთა კრების მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული მოსამართლე წევრები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ მიერ იქ არჩეული არამოსამართლე წევრები. მოსამართლე წევრებთან ერთად, სწორედ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა წევრებმა დაუჭირეს მხარი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას! პირის მოსამართლედ დანიშვნას ხმათა ორი მესამედი სჭირდება, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული წევრების მხარდაჭერის გარეშე მურუსიძე ვერ გახდებოდა მოსამართლე! ჩვენ დავინახეთ, რომ გირგვლიანის განაჩენის ავტორი მისაღები გახდა ამ ხელისუფლებისთვის! მისაღები გახდა იმისთვის, რომ მას და მის ჯგუფს ახალი დაკვეთები და დავალებები შეესრულებინა! ამის გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორც კი განსხვავებული აზრი გამოთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა, იგი მაშინვე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ ვნახეთ, რა განცხადებებსაც აკეთებდნენ იუსტიციის საბჭოს ცალკეული წევრები ურთმელიძის ცნობილ განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის უხეშად ჩაერია გამოხატვის თავისუფლებაში და რეალურად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სარედაქციო თავისუფლება. ამის გარდა, ჩვენ საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებული სკანდალის მოწმეც გავხდით, რამაც სრულიად გააქრო ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფიქრობს არა გამოსავლის პოვნაზე, სისტემის გაჯანსაღებაზე,  არამედ იმაზე, თუ როგორ ჩაახშოს განსხვავებული მოსაზრებები. ეს პრობლემები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება და გამოხატულებას პოულობს კონკრეტულ საქმეებში, მათ შორის, ისეთ საქმეებში, როგორიც არის „რუსთავი 2“-ის საქმე, „კაბელების საქმე“ და ა. შ. ჩვენ გამუდმებით გვესმის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო  ორგანიზაციების განცხადებები სასამართლოს სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.  სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა დღეს არავითარ ნდობას არ იმსახურებს. წინა ხელისუფლების დროსაც, ძლიერი სასამართლო ხელისუფლება რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ის გადაცდომები და დანაშაულებები, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს. თუ ჩვენ არ მოგვწონს წინა ხელისუფლება, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სასამართლოს, რომელიც მაშინ იყო და თუ ჩვენ არ მოგვწონს დღევანდელი ხელისუფლება, ამაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელ სასამართლოს. პრობლემა ის არის, რომ სასამართლოში არაფერი შეცვლილა, მოსამართლეები არ შეცვლილან, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით არაფერი განხორციელებულა. ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა ისევ ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ და ისევ ის გავლენიანი პირები სასმართლო სისტემაში, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ალაგებდნენ სიტუაციას. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი კომფორტის გასამყარებლად მზად არიან, ემსახურონ ნებისმიერ ხელისუფლებას და ასრულონ მათი დაკვეთები. შეიცვლება მომავალში ხელისუფლება? ისინი გადავლენ იმ ხელისუფლების სამსახურში, ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სასამართლო, რომელიც მზად არის, ემსახუროს პოლიტიკურ ნებას და სხვას არაფერს.  ამიტომ არის, რომ ჩვენში სასამართლო ხელისუფლება, რომლის მთავარი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების, პროკურატურისა და პოლიციის, ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლი, დაკავებულია არა ამ ფუნქციის შესრულებით, არამედ იმით, რომ თავად თბილად, კარგად იყვნენ კონფორმისტულ მდგომარეობაში. პოლიციას, პროკურატურას კი არ აკონტროლებენ, თავს უკრავენ ყველაფერზე.  უკვე საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა სამართალდამცველ ორგანოებში შექმნილი სიტუაცია ნარკოპოლიტიკასთან, ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.

_ ესეც ისევ სასამართლოს უკავშირდება, გასაგებია, რომ ამას სამართალდამცველები სჩადიან, მაგრამ მას აკანონებს და ნარკოტიკის ჩადებაზე თვალს ხუჭავს სწორედ სასამართლო. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერზე თანხმობას აცხადებს და ვერდიქტი გამოაქვს სასამართლოს. ყველასთვის ნათელია, როგორ და რატომაც დააკავეს ელისო კილაძის შვილი. დღესავით ნათელია, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს იმისთვის, რომ შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება დედამისისთვის, დაეშინებინათ, დაეშანტაჟებინათ, იძულებული გაეხადათ, გარიგებოდა მათ და გაჩუმებულიყო. მიუხედავად ამისა, სწორედ სასამართლომ დახუჭა თვალები ყველაფერზე და შეუფარდა პატიმრობა აღმკვეთ ღონისძიებად, ახლაც, ისევ პატიმრობაში დატოვა. ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, თორემ ეს სისტემურია. ყველას ვერ ეყოლება დედა ელისო კილაძე, რომელსაც შეუძლია განგაში ატეხოს და ყველას გააგებინოს, რა ხდება. ასეთი არაერთია და ეს ყველაფერი ხდება სწორედ სასამართლოს თანხმობით, სასამართლოს ხელშეწყობით, მხოლოდ პოლიცია ვერც შევარდნაძის დროს ახორციელებდა ჩადებას, ვერც სააკაშვილის დროს და ვერც დღეს განახორციელებს. 

_ სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ სასამართლო უნდა ახორციელებდეს ეფექტიან კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მათ შორის, პოლიციაზე, პროკურატურაზე, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო განხილვები, საერთოდ, სამართალწარმოება ფორმალურ ხასიათსღა ატარებს. საეჭვო გარემოებებია როგორც „რეპერების საქმეში“, ისე ელისო კილაძის შვილის საქმეში. დათო ხარშილაძის დაკავების ოქმი არ შეესაბამება რეალურად მომხდარს და ადგილზე იმყოფებოდნენ ძალოვანი სტრუქტურის სხვა წარმომადგენლებიც, გარდა მითითებულისა. ეს იმ დროს, როდესაც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რომელიც გარანტირებულია ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლით, მოითხოვს, რომ ოქმი სიზუსტით უნდა იყოს შედგენილი, რომ არ იწვევდეს ეჭვებს, როგორც ეს თქვა სასამართლომ ქურთის საქმეზე თურქეთის წინააღმდეგ. მუხთარლის საქმე არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეჭვმიტანილია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ადამიანის გატაცებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები. არ არსებობს არავითარი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს პირი საკუთარი ნებით მივიდა საზღვართან და, ფაქტობრივად, ჩაბარდა იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც მას სდევნიდა. ჩვენ ვნახეთ, რა უარყოფითი გამოხმაურებებია სხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით; ვნახეთ, რა რეზოლუციაც მიიღო ევროპარლამენტმა, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ თუ გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ არ ჩატარდება, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან. თავისთავად ცხადია, ეს ვნებს ჩვენს ქვეყანას და გარდა ამისა, იმედგაცრუებული ვართ ხელისუფლებაზე, რომელსაც შეუძლია, მოძალადეს ჩაუგდოს ხელში ადამიანი, რომელიც გამოექცა ძალადობას. წინასწარი შეცნობით, არასათანადო მსხვერპლად აქციოს, წაართვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, ფეხქვეშ გათელოს ადამიანის უფლებები. ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ვიმეორებ, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა საზოგადოების ნდობა სამართალდამცველი ორგანოებისა და მართლმსაჯულების მიმართ. ამის მიზეზი არის იმ ინსტიტუციურ პრობლემებში, რომელსაც ვაკვირდებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ნარკოპოლიტიკა ტრადიციულად გამოიყენებოდა, როგორც ზემოქმედების საშუალება, მაგრამ არასოდეს ყოფილა ის გამოხატვის შეზღუდვის საშუალებად ასე ნათლად წარმოჩენილი, როგორც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ.

_ გულისხმობთ რეპერებისა და ელისო კილაძის შვილის საქმეებს?

_ დიახ, მათ საქმებს. რეპერების საქმემ, ელისო კილაძის შვილის საქმემ, ასევე მუხთარლის საქმემ განსაკუთრებით გააფერმკრთალა ნდობა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ, ამ საქმეებს სწორედ ერთი რამ, განსაკუთრებულობა აერთიანებს, ყველა საქმის უკან სერიოზული ეჭვი დგას, რომ მათ გამოხატვისთვის უხდიან სამაგიეროს. ასევე, იწყება გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, მაგრამ ეს საქმეები ან უვადოდ დევს თაროზე, ან გამოძიება წყდება. ვერც ერთი პოლიციელი თუ პოლიციელთა ჯგუფი ვერ გაბედავს ვერც ნარკოტიკის და ვერც იარაღის ჩადებას, მფარველებისა და ზემდგომთან შეთანხმების გარეშე. ჩადება ხდება ზემოდან და დაუსჯელობის სინდრომსაც ეს იწვევს. არავითარი ნდობა ამ გამოძიების მიმართ არ არსებობს და არავითარი კონკრეტული შედეგი არასოდეს გვინახავს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილი გადაცდომისა და დანაშაულის ფაქტებზე.

_ დიახ, წყდება, როგორც ახლა შეწყდა იმ პოლიციელებზე საქმე, რომელთა კისერზეცაა ელისო კილაძის შვილის პატიმრობა.

_ დიახ, არაერთი წელია, არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა უფლაბადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, მექანიზმი იმისთვის, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს ისევ სამართალდამცველები არ იძიებდნენ. ეს რჩევა, ჯერ კიდევ, 2012 წელს მისცა ამ ხელისუფლებას თომას ჰამერბერგმა, მაგრამ ამ ხელისუფლებას ურჩევნია, სამართალდამცველების დანაშაული ისევ სამართალდამცველებმა გამოიძიონ.

_ ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლოზე, შევეხეთ „რეპერების საქმესაც“, მაგრამ გასულ კვირას ისეთი ფაქტი მოხდა, რომელიც აზრს უკარგავს, საერთოდ, ყველაფერს. ბერა ივანიშვილმა რეპერებზე ერთი პოსტი დაწერა და თავდაყირა დადგა ყველაფერი _ შეკერილი საქმე უკუღმა გადაკერეს, სწორედ სასამართლომ, სწორედ იმის გათვალისწინებით, რა სურს „ბატონიშვილს“, გადაწყვეტილება მიიღო. გამოუშვეს რეპერები და არ გამოუშვეს ელისო კილაძის ვაჟი, ამ ფაქტებმა ნათლად აჩვენა დღევანდელი სასამართლოს სახე. აქ საქმე უკვე სასამართლოს ეხება და არა ნარკოტიკების ჩამდებებს. ჩამდებმა ერთსაც ჩაუდო და მეორესაც. სასამართლო აღმოჩნდა, რომ არის გა-ბერილ მდგომარეობაში.

_ ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ როგორც რეპერები, ისე ელისო კილაძის ვაჟი უდანაშაულონი არიან. მივესალმები სასამართლოს გადაწყვეტილებას რეპერების საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სააპელაციო სასამართლო არის პოლიტიკური დავალების შემსრულებელი, ისევე როგორც მთელი სასამართლო სისტემა. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, _ არავინ გამოუშვებდა რეპერებს, რომ არა ბერა ივანიშვილის პოსტი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ცალკეულ პირთა განცხადებებს დიდი გავლენა აქვს სასამართლოზე. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ივანიშვილების ოჯახს გავლენა აქვს სასამართლოზე და ეს მიუთითებს მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად არასწორადაა ჩვენი სასამართლო სისტემა მომართული. სასამართლო ექცევა გავლენის ქვეშ, მნიშვნელობა არ აქვს სწორი, მართებული პოზიციის ქვეშ ექცევა იგი თუ არასწორი პოზიციის ქვეშ. დიახ, ბერა ივანიშვილის პოზიცია იყო სწორი, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანის პოზიციას ასე ეჯაჭვება სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ცხდაყოფს იმას, თუ რამდენად შორს არის სასამართლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისგან. ეს რეპერები იგივეს ამბობდნენ პირველ ინსტანციაში, რაც თქვეს მეორე ინსტანციაში. ამის მიუხედავად, პირველ ინსტანციაში მანამ, სანამ ბერას პოსტი იქნებოდა, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო მეორე ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში, როდესაც უკვე ბერა ივანიშვილის პოსტი წამოეწია ამ საქმეს, ისინი გაათავისუფლეს. ეს არის ინდიკატორი, ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ სასამართლო, მოსამართლის გადაწყვეტილებები და შინაგანი რწმენა არის ძალიან მყიფე და ის უკავშირდება იმას, თუ ვინ რომელ კონკრეტულ პოზიციაზე დგას.

_ არ იყო ბერას პოსტი ელისო კილაძის შვილზე და დატოვეს პატიმრობაში.

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბერას პოსტი რომ იყოს ელისო კილაძის შვილთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

_ მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილი ვითარებაა თქვენი უკმაყოფილებისა და ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზი, თუ ის შექმნილი ზოგადპოლიტიკური რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია?  

_ სასამართლო სისტემაში, სამართალდამცველ ორგანოებში არსებული მძიმე მდგომარეობა ჩემთვის გადამწყვეტია და საკმარისია საიმისოდ, რომ კრიტიკულად ვიყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ამას ემატება ქვეყანაში არსებული არასახარბიელო კრიმინოგენური ვითარებაც და ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, გასაქანი დასაქმდეს და წარმატებული იყოს თავისი ცოდნის, პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.  თუკი ჩვენ გვინდა უკეთესი ხვალინდელი დღე, ამ უკეთეს ხვალინდელ დღეს მივაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საუკეთესოებს მივცემთ შესაძლებლობას რომ შესაბამისი პოზიციები დაიკავონ, ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გააკეთონ, თითო აგური დადონ ამ ქვეყნის კეთლდღეობისთვის. თუ ჩვენ გასაქანს არ მივცემთ კეთილსინდისიერ ხალხს, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება, უნარი, რომ საქმე აკეთონ და გასაქანი ექნებათ კვლავ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან ზემოთ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს, უკეთესი კი არა, საერთოდ ჩვენი ხვალინდელი დღე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

_ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდით, მინისტრის მოადგილედ დაინიშნეთ. ფიქრობდით, რომ ხუთი წლის თავზე ამ სიტუაციაში მოგვიწევდა ცხოვრება?

_ არა, ცხადია, ასე არ ვფიქრობდი… ვფიქრობდი, რომ გაცილებით პერსპექტიული იქნებოდა ეს ქვეყანა მომავალი თაობისთვის, ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნებოდა… ჩვენ დღეს გვაქვს პარლამენტი, რომელიც, სამწუხაროდ, არ ასახავს სრულად მოსახლეობის განწყობებს, ჩვენ დღეს გვაქვს პარლამენტი, რომელიც არ ახორციელებს ეფექტიან საპარლამენტო კონტროლს ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებზე, მთავრობაზე და ა. შ.  ასევე, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ გრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე; გვყავს მინისტრები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილნი არიან რეალობას, მათი განცხადებები, უმეტესწილად, სრულიად არ ესადაგება მოსახლოების მოთხოვნებს, საჭიროებებს. საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმაზე კი არაა ორიენტირებული, რომ დააკმაყოფილოს მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნილებები, არამედ იმაზეა ორინეტირებული, როგორ დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები, როგორ იზრუნოს საკუთარ კეთილდღეობაზე და რაც მთავარია, იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება და გაიხანგრძლივოს საკუთარი ყოფნა ხელისუფლებაში.

 

რევაზ შატაკიშვილი