საოჯახო კინოთეატრი და ზეიმი ხანდაზმულთათვის

„მარჯანიშვილის“ მეტროდან თუ აღმაშენებლის გამზირს თამარ მეფის ქუჩისკენ გაუყვებით, გზა აუცილებლად მიგიყვანთ სათნოების სახლ „კათარზისამდე“. ეს არის ადგილი, სადაც ხანდაზმულები კულტურულ და მატერიალურ საზრდოს პოულობენ და ძალიან დიდ სითბოს იღებენ.

თბილად და სუფთად მოწყობილი მისაღები ოთახი, სამზარეულო, ლამაზად მორთული და მწვანეში ჩაფლული ბაღი და ახლა უკვე კინოთეატრი _ ეს „კათარზისია“.

14 ივნისს აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მოვლენა მოხდა ბენეფიციართათვის, _ ამ ადგილს უფასო კინოთეატრი შეემატა, რომელიც 30 მაყურებელზე გათვლილ კინოდარბაზს წარმოადგენს გარდერობით, სადაც ხანდაზმულებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ საინტერესო ტელეგადაცემები ნახონ, არამედ ყოველდღიურად დაესწრონ კონოსეანსებს (3D ფორმატის), სადაც ფილმებს მათი ინტერესების გათვალისწინებით შეარჩევენ.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით სათნოების სახლს თურქი სპონსორები სტუმრობდნენ.

კინოთეატრის რემონტი და მოწყობა საქართველოში მოქმედი თურქული კომპანიების შემოწირულობებით განხორციელდა, ამიტომ ამ დღეს, გარდა კინოდარბაზის გახსნისა, თურქული საღამო მოეწყო და მოწვეულები იყვნენ თურქეთის ელჩი და საქართველოში მოღვაწე თურქული საზოგადოების წარმომადგენლები მეუღლეებთან ერთად.

„ეს ღონისძიება, დაახლოებით, სამი-ოთხი თვის მანძილზე იგეგმებოდა, ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთი ახალი სოციალური სამსახურის შეთავაზების შესაძლებლობა მოგვეცა ბენეფიციარებისთვის. სპონსორები და სტუმრები აქ არიან, ძალიან ვიმხიარულეთ, ყველას კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დამსწრეს გვერდით დგომისა და მოსვლისთვის“, _ აღნიშნა „ქრონიკა+“-თან „კათარზისის“ პრეზიდენტმა, ოლეგ ალადაშვილმა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა და სტუმრებს მასპინძლობდა, ასევე, ასოციაცია „კათარზისის“ პრეზიდენის მოადგილე, გულიკო რომანიშვილი, რომელმაც „ქრონიკა+“-სსაც უმასპინძლა და აღნიშნა, რომ ამ კინოთეატრის დაარსების იდეა და მოთხოვნა სწორედ ბენეფიციარებიდან მოდის:

„საოჯახო კინოთეატრი ბებიების დამოკიდებულებიდან გამომდინარე გვინდოდა გაგვეკეთებინა. თავად ხანდაზმულების მოთხოვნით ვხსნით ახალ სამსახურებს და სერვისებს. სამგანზომილებიანი ფილმების ნახვა უნდოდათ, მათაც სურთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჰქონდეთ წვდომა და ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ქალთა ასოციაციისა და BEKO-ს დახმარებით, სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით, ხანდაზმულებს ეს ახალი სერვისი მივაწოდეთ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით“.

კინოთეატრის დათვალიერებისა და ოფიციალურად გახნის შემდეგ სტუმრებმა და ბენეფიციარებმა „კათარზისის“ ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მათ ხანდაზმულების კონცერტი იხილეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

„დღეს ჩვენთან ზეიმია! ისეთი საყვარელი ხალხი მოვიწვიეთ, რომელთაც წვლილი შეაქვთ „კათარზისის“ მუშაობაში. რაც შეეხება ჩვენს თვითშემოქმედებას, ისინი მოხუცები არიან, მაგრამ დღეს 84 წლის კაციც კი ცეკვავდა ქართულს. რამდენადაც ძნელია მათთან მუშაობა, იმდენად ადვილია და მიხარია, როცა მათაც უხარიათ.

ჩვენ ხომ მათ სულიერ საზრდოს ვაძლევთ. ყველაფერს ვაკეთებთ, თეატრი იქნება ეს, ცეკვები თუ სიმღერები. ასე რომ, თვითშემოქმედება მაღალ დონეზე დგას, ამის შესაძლებლობას კი ხელმძღვანელობა გვაძლევს“, _ აღნიშნა „კათარზისის“ რეჟისორმა, სამხატვრო ხელმძღვანელმა, ილია ნიშნიანიძემ.

„ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა, მადლობა ყველას, ვინც მხარი აგვიბა და სტიმული მოგვცა. მონაწილეებმაც გავიზიარეთ მათი სიხარული. მადლობა ყველას“, _ თქვა ლერი ზანგულაშვილმა, _ ღონისძიების 84 წლის მონაწილემ.

ხოლო მისმა მეწყვილემ, ცეკვა „დაისის“ მოცეკვავე იამზე ციხელაშვილმა აღნიშნა: „დღეს კონცერტი გვქონდა, ბენეფიციარები მოვემზადეთ ცეკვებით, სიმღერებით. მოხუცები სულ ნატრობენ, როდის ჩავატარებთ ღონისძიებას და დღეს ყველანი დიდი სიხარულით ველოდით ამ კონცერტს. გვყავს კარგი რეჟისორი, რომელმაც არაჩვეულებრივად მოამზადა ნომრები, ასე რომ, ყველაფერი კარგად ჩატარდა“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღონისძიებას თურქი სპონსორები ესწრებოდნენ, რომლებსაც „კათარზისთან“ წლობის მეგობრობა აკავშირებთ.

კომპანია BEKO-ს წარმომადგენელი, მეჰმედ მელექი: „დაახლოებით 15 წელიწადია, რაც კათარზისთან გვაქვს ურთიერთობა და ყოველთვის ერთობლივად ვაკეთებთ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, მაქსიმალურად ვუდგავართ მათ გვერდით, ვმეგობრობთ. დღეს ასეთი მოთხოვნა იყო და მათ საოჯახო კინოთეატრი ვაჩუქეთ“.

კინოდარბაზის გარდერობის დიზაინის შექმნაში კი ორგანიზატორებს დიზაინერი რამაზ ჭურაძე ეხმარებოდა.

ღონისძიება ქართულ და თურქულენოვანი იყო. ბენეფიციარებმა შეასრულეს როგორც ქართული, ისე თურქული სიმღერები და ცეკვები, იყო მხატვრული კითხვის ნომრებიც. ღონისძიებამ კმაყოფილი დატოვა ყველა მხარე და განსაკუთრებით „კათარზისის“ ბენეფიციარები, რომლებიც მუდამ ელიან სითბოსა და მათ მიმართ ყურადღებას.

„კათარზისის“ პრეზიდენტი და კეთილ საქმეში ჩართული ადამიანები კვლავ განაგრძობენ აქტიურ მუშაობას და ხანდაზმულებისთვის ბედნიერი წუთების შექმნას.

 

  1. S. 14 ივნისს კი სამწუხარო მხოლოდ ერთი რამ იყო, _ აღნიშნულ დღეს არც ერთი ქართული კომპანია არ იდგა „კათარზისის“ გვერდით!

 

ნინო ტაბაღუა