მთავარი საზოგადოება „სად არის ხელისუფლება, როდესაც ამდენი ინფორმაციაა ალექსი ახვლედიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ?!“

„სად არის ხელისუფლება, როდესაც ამდენი ინფორმაციაა ალექსი ახვლედიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ?!“

1187
0
გაზიარება

თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის აუდიტის შედეგად, მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში საუბრობს. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელსა და მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანს მილიონობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში, აუდიტის სამსახურის მსგავსად, „საქართველოს მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ წარმომადგენლებიც ადანაშაულებენ და მთავარ პროკურატურაში უჩივიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ააიპ „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის აუდიტის შედეგად აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა. თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის აუდიტის შედეგად ინტერესთა კონფლიქტისა და ხელშეკრებულებების ურთიერთდაკავშირებულ მხარეებთან გაფორმების შემთხვევები დადგინდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ვერ იქნა წარმოდგენილი საორგანიზაციო კომიტეტის 2011-2015 წლების შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება, ბალანსები და მასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები. ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე. არ არსებობდა სასაწყობე აღრიცხვის სისტემა. შესყიდული ფასეულობების გადაცემა პასუხისმგებელი პირების მითითების გარეშე ხდებოდა. 2016 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილია როგორც ზედმეტობა, ასევე 4 ათასზე მეტი დასახელების აქტივის დანაკლისი: „ამდენად, აუდიტის ჯგუფი არ გამოთქვამს მოსაზრებას 2016 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბუღალტრულად აღრიცხული 28.2 მილიონი ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივების არსებობისა და სისრულის შესახებ, აგრეთვე არაფინანსური აქტივების მოძრაობასთან დაკავშირებული ოპერაციების სისრულის, სიზუსტისა და შესაბამისობის თაობაზე“, _ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწიურ ანგარიშში.

გარდა ამისა, უწყების მონაცემებით, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შესყიდვების 95% განხორციელებულია არაკონკურენტულ გარემოში _ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საორგანიზაციო კომიტეტს შესყიდვების გამარტივებული საშუალებით განხორციელებისთვის ნებართვის მიღების მოთხოვნით თბილისის მერიისთვის მიმართული აქვს ფესტივალის გახსნამდე 21 თვით ადრე. გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზად კი ის ვალდებულებებია დასახელებული, რომელიც სახელმწიფოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წინაშე, ჯერ კიდევ, 2011 წლის 7 მარტს ჰქონდა აღებული:

„შესყიდვების დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება გადაუდებელი აუცილებლობის არსებობასთან და სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მთავრობის განკარგულება სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შესრულებაზე გამოცემულია 11-12 თვით ადრე, სანამ გაფორმდებოდა ხელშეკრულებები სამშენებლო სამუშაოებისა და სხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე; საორგანიზაციო კომიტეტისთვის შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბი ცნობილი იყო 2011 წელს. შესაბამისად, დროული დაგეგმვის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა შესყიდვების კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, კონკურენციის პირობებში ვალდებულებების შესრულება“, _ აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის აუდიტით ინტერესთა კონფლიქტისა და ხელშეკრულებების ურთიერთდაკავშირებულ მხარეებთან გაფორმების შემთხვევებიც დადგინდა:

„2014 წლის 7 ივლისს თბილისში, დიღმის საცდელ ტერიტორიაზე, სასტუმრო „მოხალისეს“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ვილა არტთან“, ღირებულებით 6,404.9 ათას ლარზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2011 წლის 27 დეკემბრამდე აღნიშნული კომპანიის თავდაპირველი მესაკუთრეები/მფლობელები შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებული იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტში 2015 წლის განმავლობაში, ხოლო 2011 წლის 27 დეკემბრიდან შპს „ვილა არტის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იკავებდა საორგანიზაციო კომიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების მენეჯერის თანამდებობას, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ხელშეკრულების გაფორმებამდე 6 დღით ადრე. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 6,404.9 ათასი ლარის ანგარიშსწორება მიმწოდებელ შპს „ვილა არტთან“ ნაწარმოებია ისე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც შუალედური, არც საბოლოო ანგარიშსწორების აქტი და არც ექსპეტიზის დასკვნა არ ყოფილა წარმოდგენილი. ასევე, 2014-2015 წლებში საორგანიზაციო კომიტეტსა და შპს „ვილა არტს“ შორის გაფორმებულია 7 ხელშეკრულება, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით 8,123.2 ათას ლარზე“, _ წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.

აუდიტით ასევე დადგინდა შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად ხელშეკრულებების გაფორმებას საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებთან, რომლებიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს წარმოადგენდნენ.

აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებები გაფორმებულია ახალ დარეგისტრირებულ და გამოცდილების არმქონე კომპანიებთან: „მაგალითად, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 2015 წლის 6 აპრილს 597.8 ათასი ლარის ღირებულების მძლეოსნობის დარბაზის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ჯი-ემ-სი“-სთან, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი კვირით ადრე იყო დაფუძნებული“, _ ნათქვამია ანგარიშში.

 

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრნენ „საქართველოს მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ წარმომადგენლები _ თამარ შანიძე და ბესიკ გოცირიძე.

 

თამარ შანიძე:

_ მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანის ხელმძღვანელობით ახლახან მძლეოსნობაში ზაფხულის ჩემპიონატი ჩატარდა დახურულ დარბაზში. ასეთი რამ წარმოუდგენელია. 90-იან წლებში, როდესაც გაპარტახებული იყო ქვეყანა, როდესაც არაფერი მუშაობდა და ყველაფერი მოშლილი იყო, მაშინაც კი, ზაფხულის ჩემპიონატი, ღია სტადიონზე ტარდებოდა. არ ვიცი, რა დონემდე დავიდა მძლეოსნობა და რა დონემდე მიიყვანა ამ კაცმა, რომ ამ დღეში ჩააგდო ყველაფერი. სხვადასხვა წყაროდან ვიცი, რომ მწვრთნელები, სპორტსმენები უკმაყოფილო ჰყავს, მთავრობა უკმაყოფილოა, აუდიტის დასკვნაში ეს ყველაფერი ნათლად არის წარმოდგენილი. რატომ არის ეს კაცი ისევ თავის ადგილზე?! მილიონობით ფული გაფლანგა და პასუხს არავინ სთხოვს, დააქცია და დაანგრია ყველაფერი! არა მარტო მძლეოსნობა დაანგრია, 2015 წელს ოლიმპიადისთვის ამხელა თანხა რომ გამოიყო და ამ კაცმა 28 მილიონზე მეტი რომ შეჭამა, ეს ფული მარტო მძლეოსნობას ხომ არ მოაკლდა?! _ ქვეყანას მოაკლდა, სპორტის სხვადასხვა სახეობას მოაკლდა, დარბაზები, რომელიც ააშენა და დღეს უვარგისია, სტადიონი, რომელიც ააშენა და მძლეოსნობის უნდა ყოფილიყო, ფეხბურთის ფედერაციამ წაიღო. არ ვიცი, რა ხდება! კარგი, წაიღო ფეხბურთის ფედერაციამ, მაგრამ ხომ შეიძლება, გადაიხადო არენდის თანხა, შევიდნენ მძლეოსნები და ბავშვებმა სტადიონზე ივარჯიშონ, იმიტომ, რომ ახლა მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატები იქნება ზაფხულში. როგორ შეიძლება, 200-მეტრიან მანეჟში, დახურულ დარბაზში ივარჯიშოს ბავშვმა, ჩახუთულ დარბაზში, შემდეგ გავიდეს და შედეგები მოსთხოვო. სპორტსმენს თუ პირობა არ აქვს შექმნილი, შედეგები როგორ ექნება?! ამდენი ფული რომ გაფლანგა, ნუთუ საქართველოს ჩემპიონატი არ შეიძლება ჩაატარო სტადონზე, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი ხარ, თუ ამდენ საქმეს აგვარებ, თუ ამდენ მილონს ჭამ, ნუთუ არ შეგიძლია, 1500 ლარი გადაიხადო იჯარით და საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარო ღია სტადიონზე?! ამ ბავშვებს მანეჟში სული რომ ამოხადე მტვერსა და ნაგავში, წაიყვანო და სტადიონზე ავარჯიშო?! რამდენი წელია, ამ საკითხებზე ვლაპარაკობთ, ხომ შეიძლება, კითხვები გვაქვს და პასუხები გასცე?! ადრე „ობიექტივში“ ვიყავით მიწვეულები და იქ ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე, პირდაპირ ეთერში დარეკა და თქვა, შევხვდები და ვისაუბრებ ამ ხალხთანო, მაგრამ ტყული თქვა, იმის შემდეგ საქართველოდან რამდენჯერმე გაიქცა… როგორც ჩანს, მერე ჩაფარცხა საქმეები, ფულები კარგად ჩამოარიგა და ისევ ჩამოვიდა. ახლაც რაღაც ეიფორიაშია. მძლეოსნობას არაფერი ეშველება, რაც იყო, იმასთან შედარებით, ასი თავით უკან ვართ! ამდენი ხალხია სპორტში, რატომ არ იღებს ხმას?! დავიჯერო, მარტო ჩვენ შეგვტკივა გული ამ ქვეყანაზე? სად არის სპორტის სამინისტრო, სად არის ხელისუფლება, როდესაც ამდენი ინფორმაციაა ამ კაცის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ?! თუ მძლეოსნობა არ იქნება, სპორტის არც ერთი სახეობა არ განვითარდება! ეს სპორტის სახეობა ისეთია, დანარჩენი ამის გარეშე წარმოუდგენელია, სპორტის დედოფალი ტყუილად კი არ ჰქვია. მძლეოსნობა არის იმის საფუძველი, რომ ადამიანი შემდეგ გაიმართოს, ბავშვმა თავიდან თუ ნაბიჯები ვერ გადადგა, სირბილს ხომ ვერ დაიწყებს?! კიბე-კიბე ხომ უნდა ავიდეთ, მაგრამ არავის არაფერი აინტერესებს! ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი მძლეოსნების გამოსვლა სამარცხვინო იყო. მილიონობით ფული დაიხარჯა, ბავშვებს საზღვარგარეთ უშვებდა შეკრებაზე და იქ ამზადებდა. როდესაც საქართველოში შეჯიბრი ტარდება, პირიქით, უნდა ეცადო, რომ აქაურ პირობებს შეაჩვიო. სპორტსმენი როდესაც შეჯიბრზე მიდის სხვა ქვეყანაში, ადრე ჩადის, რომ იქაურ პირობებს შეეგუოს. იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენი თავის ბილიკს შეჩვეოდა, ეს საზღვარგარეთ უშვებდა და მილიონებს ხარჯავდა. მთავარი მწვრთნელი, ქალბატონი ლუდმილა, რომელიც ბალტიისპირეთიდან ჩამოიყვანა, ძალიან დიდ ხალფასს იღებდა, ბავშვები კი დაღუპა. ფაქტობრივად, სამი ბავშვი გამოაცალეს სიკვდილს ხელიდან, მომკითხავი არავინ ჰყავს. ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ოლიმპიადის დროს მეოთხე ბილიკზე უნდა მდგარიყო, არ იყო. კომენტატორი აცხადებდა, ბავშვი ბილიკზე არ იდგა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ცუდად გახდა. უფროს მწვრთნელს რაღაც წამლები მიუცია და ამის ნიადაგზე ბავშვი კინაღამ მოკვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს. აქეთ ახვლედიანი აქცევს მძლეოსნობას და იქით მეორე დამაქცევარი ჩამოიყვანა. იმას არაფერი ენაღვლება, შენი ქვეყანა არ აინტერესებს, ის იმიტომ დადიოდა საზღვარგარეთ და იმიტომ მიჰყავდა ბავშვები, რომ იქ თავისი მოსწავლეებიც ეყოლებოდა. ამხელა გამოცდილების მქონეა ჩვენი ქვეყანა, ამდენი დამსახურებული ადამიანი გაიზარდა მძლეოსნობაში, საქართველოში დაილია მწვრთნელი? მაგრამ არ აინტერესებს! წინააღმდეგობას ვინც უწევს, ყველას ხსნის. ასე ჩამოყვანილები კი თავს უხრიან ყველაფერზე იმიტომ, რომ დიდ ფულს უხდის. ღარიბაშვილი როდესაც იყო პრემიერი, წერილი დავწერეთ და შეხვედრა მოვითხოვეთ, მის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, პრემიერს თქვენთვის არ სცალიაო. ვუთხარი, _ აბა, ვისთვის სცალია, მაშინ ხომ ეცალა, საარჩევნოდ ხმები რომ უნდოდა-მეთქი. _ ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ხვდებაო.

აბა, ვისთვის არის პრემიერ-მინისტრი, საინტერესოა, ვინ არიან ის არაჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც იღებენ?! პრეზდენტს მივწერეთ წერილი და უპასუხოდ დატოვა, არავის არაფერი აინტერესებს! მე და თქვენ ერთი ლარი რომ მოვიპაროთ, სად ვიქნებით, ძალიან ადვილად წარმოსადგენია, კაცმა ამდენი მილიონი მოიპარა და პასუხს არავინ სთხოვს! ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები რომ ჩატარდა, გახსოვთ, ალბათ, როგორ იჯდა ლერი ხაბელოვის გვერდით, მისი მარჯვენა ხელი იყო და მას შემდეგ დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურმა კომიტეტმა როგორ ჩაატარა არჩევნები. უამრავი დარღვევა აქვთ და დღეს სასამართლოში უჩივის მეძმარიაშვილი, ანალოგიური უამრავი დარღვევა ექნება ახვლედიანსაც მძლეოსნობის ფედერაციაში, იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, ალექსი ახვლედიანი დაიყენო გვერდით და დარღვევა არ გქონდეს?! ეს ხომ აბსურდია, ის ხომ შეცდომებით აკეთებს ყველაფერს! უხეშად რომ ვთქვათ, ამ კაცმა მარტო ფულის კეთება იცის! აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც წერია, უცებ ქმნიდა რაღაც კომპანიებს, იქ რიცხავდა ამ ფულებს და ათეთრებდა! ძალიან კარგად ვიცით, ეს რა კომპანიებია, ვინც იყვნენ და რა მაქინაციებსაც აკეთებდნენ! ყველა ეს კომპანია ახვლედიანის იყო, თავისი მოყვანილი ნდობით აღჭურვილი ხალხით დაკომპლექტებული, რიცხავდა ამ კომპანიაში ფულებს და, საბოლოოდ, ეს თანხა ისევ მის ჯიბეში მიდიოდა! მაშინაც ვყვიროდით ამ საკითხზე და კაციშვილმა ყური არ გამოიბერტყა. ვიღაცას, შეიძლება, არც აწყობს! ახლა ხომ დაწერა აუდიტმა დასკვნა, ჩვენ რასაც ვლაპარაკობდით, ხომ გამართლდა, ვნახოთ, სადამდე მივლენ. მიაქციონ ყურადღება, დაგვიბარონ და დაგვკითხონ, რა მაქინაციებს აკეთებდა და ფულს როგორ ათეთრებდა, არ აინტერესებთ?!

 

ბესიკ გოცირიძე:

_ ამდენი წელია, ფედერაციის პრეზიდენტი რომ ხარ, შედეგი მაჩვენე, ფულს რომ ხარჯავ! ჩემს დროს ფულს რომ ხარჯავდნენ და შედეგებს ვერ იღებდნენ, მწვრთნელს ხსნიდნენ, საყვედურს უცხადებდნენ, ან ხელფასს უქვითავდნენ… შე კაი დედმამიშვილო, ერთი შედეგი მაინც მაჩვენე… ქალაქის მერიიდან რომ გამოვითხოვეთ თანხების შესახებ ინფორმაცია, პროკურატურაში შევიტანეთ და გამოძიებას ვითხოვთ, სად დაიხარჯა. ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, გამოძიება გაჩერებულია, ერთხელ დამკითხეს და იმის შემდეგ პროკურატურიდან არაფერი ისმის. ახვლედიანმა წელსაც ისე ჩაატარა არჩვენები, რომ განცხადებაც კი არ გაუკეთებია, თავისი წრე ჰყავს, საარჩევნო ყუთში პირობითად ჩააგდებენ რაღაცას და დამთავრდა.  სპორტსმენები უნდა წაეყვანა შეჯიბრზე და იცით, რა გააკეთა? ისლანდიაში საკლუბო ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა და ახვლედიანს საქართველოს ნაკრები უნდა წაეყვანა, თავისი ძმაკაცები წაიყვანა, მეგობარი გოგონა და ვიღაც-ვიღაცები. სულ 25 კაცი უნდა წასულიყო, 15 კაცი წავიდა, აქედან 10 იყო ახვლედიანის ძმაკაცი, დანარჩენი 5 _ სპორტსმენი. ბავშვები თბილისში დატოვა, _ საბუთები, ვერ გავაკეთეო. ამ დროს ყველას წესრიგში ჰქონდა საბუთები. ერთი კვირა ისლანდიაში იგრიალეს, მერე საფრანგეთში გადმოფრინდნენ და ერთი კვირა იქ იგრიალეს, მერე ჩამოვიდნენ. ეს ფულები გაიფლანგა და ამ საკითხს კაციშვილი არ დაბრუნებია. კარგად მიჩქმალა ყველაფერი და დღესაც ამ სკამზე ზის! მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი სპორტსმენი წაიყვანა, არც მწვრთნელი და არც არავინ, იმასთან ერთად თავისი რვა ძმაკაც-დაქალი ჰყავდა წაყვანილი. „ევროსპორტზე“ აჩვენებდნენ და რუსი კორესპონდენტი დაგვცინოდა, სამარცხვინო არ არის?! ახლა იმას ვცდილობთ, იქნებ, გაზეთით მაინც მივაღწიოთ იმას, რომ სპორტის მინისტრს შევხვდეთ. მინისტრია, მთავრობის წევრია, დაიბარონ, ან ჰკითხონ, _ რა ხდება მძლეოსნობაში?!

 

თამარ ბატიაშვილი

დატოვეთ კომენტარი