ზღვისფერთვალება ხელოვანის დიდოსტატისეული ცხოვრება

თუ მისი ნახატები არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. ეს შესანიშნავია!

თავად მიზანდასახულობის ეტალონს მოგაგონებთ, რადგან მისთვის არ არსებობს დრო: დღისით არქიტექტორია, ღამით _ მხატვარი. ღრმად სწამს, რომ თუ რაიმე დიდებულის გაკეთება გინდა, მთელი ენერგია, დრო, ძალა მასში უნდა ჩადო. დიდებული ადამიანები ხომ სანახევროდ არაფერს აკეთებენ…

როდესაც მას პირველად შევხვდი, ფიზიკურად ემზადებოდა კონკურსისთვის (კონკრეტულად რისთვის, ამას ქვემოთ წაიკითხავთ). დღეს მას გაგაცნობთ, როგორც მხატვარსა და არქიტექტორს.

წარმოშობით აფხაზეთიდან დღეს მარტო ცხოვრობს თბილისში და მთელ თავის ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნის. არსაკიძისა არ იყოს, ის მართლაც სულს დებს ნამუშევრებში და სწორედ ამიტომ იწვევს მისი შემოქმედება აღფრთოვანებას.

შესანიშნავი რესპონდენტია _ ადამიანი, რომელიც ნათლად ხატავს თავის პერსონას.

და პლუს, სამყაროს თავისი ზღვისფერი თვალებით წარმოგვიდგენს.

 

გაიცანით, ეს დავით ქარდავაა _ ხელოვანი საქართველოდან…

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?

_ მე ვარ დავით ქარდავა, 27 წლის. დავიბადე და ბავშვობის გარკვეული წლები გავატარე აფხაზეთში, ვცხოვრობდი ასევე ზუგდიდში. თუმცა მშობლების დამსახურებით აფხაზეთთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. სკოლა იქ, აფხაზეთში დავამთავრე, შემდეგ კი სწავლა თბილისში გავაგრძელე, სამხატვრო აკადემიაში. მას შემდეგ, აგერ უკვე, მეათე წელია, აქ ვცხოვრობ.

_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც აკეთებ (რა იყო ინსპირაცია, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი)?

_ სიმართლე გითხრათ, თავდაპირველი მოტივაცია არ მახსოვს, რამ მაიძულა სოფელში, აფხაზეთში, 5-6 წლის ასაკში, აგურის ნატეხები ამეღო ხელში და ტანკების მიერ გაჩანაგებული ასფალტის გზების ნარჩენებზე დამეხატა რაღაცები. მხოლოდ ის მახსოვს, რომ სახეების დახატვას ვცდილობდი. ამან სისტემატური სახე რომ მიიღო, შემდეგ ფურცელი და ფანქარი შემომაჩეჩეს ხელში და იქიდან მოყოლებული ჩემმა გატაცებამ უკვე რაღაც მიმართულება მიიღო. შემდეგ ზუგდიდში ცხოვრების პერიოდი დაემთხვა და იქ უკვე სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს _ სულ სხვა სამყაროს კარი გაიხსნა ჩემთვის. 90-იანების მძიმე პერიოდი ხატვაში გავატარე.

_ გარდა მხატვრობისა, რას საქმიანობ?

_ საკმაოდ მრავალმხრივი ბავშვი ვიყავი, სპორტის რამდენიმე სახეობაში ვვარჯიშობდი ბავშვობაში, გარდა ამისა, ვხატავდი; ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი. ალბათ, წერაზე ლიტერატურის სიყვარულმა იმოქმედა. წერას აუცილებლად დავუბრუნდები, ისევე როგორც ხატვას დავუბრუნდი დიდი ხნის პაუზის შემდეგ. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე და პროფესიით მუშაობაც მალევე დავიწყე. ამჟამადაც ვმუშაობ, ჩემი დროის ძირითადი ნაწილი არქიტექტურას მიაქვს. აკადემიაში სწავლის ბოლო კურსების მერე ხატვა შევწყვიტე და აქამდე მივიწყებული მქონდა, რამდენიმე თვის წინათ კი ისევ მივუბრუნდი და ახლა ორმაგი ცხოვრება მაქვს, _ დღისით არქიტექტორი ვარ _ ღამით მხატვარი.

_ საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებაზე თუ გიფიქრია, ან შეკვეთებს ხომ არ იღებ?

_ დიახ, ხანდახან შეკვეთებს ვიღებ, ძირითადად, პორტრეტებს ვხატავ შეკვეთით. საკუთარი ნახატების გაყიდვა ჯერ არ დამიწყია, მიუხედავად იმისა, რომ მსურველები უკვე საკმაოდ არიან. მინდა, ჯერ პერსონალური გამოფენა გავაკეთო და შემდეგ ვიფიქრებ გაყიდვაზე.

_ რა სირთულეები შეგხვდა ცხოვრებაში?

_ ზოგადად, სირთულეებს ძალიან ჩვეულებრივად ვხვდები, მარტივი ცხოვრება არასდროს მქონია, ყოველთვის იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ მივხვდი, რომ ასეთია ცხოვრება და ეს არ არის ტრაგედია, ასეთი სიტუაციების დროს ადამიანი იწრთობა, პრობლემების გადაჭრას სწავლობს და პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ცხოვრებაზე. ყველაზე დასამახსოვრებელი სირთულე ის იყო, როდესაც 17 წლის ასაკში აფხაზეთიდან წამოვედი, მშობლები იქ დავტოვე და მარტო დავიწყე ცხოვრება. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამან სულ სხვანაირ ადამიანად ჩამომაყალიბა: უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული გავხდი და რაც მთავარია, კარგი კულინარი.

_ რას გაძლევს ის, რომ დღეს ახლებურად, ან შენებურად აჩვენებ ხოლმე საზოგადოებას შენი თვალით დანახულ სილამაზეს?

_ როდესაც ვისმენ, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა ადამიანზე ჩემმა ნახატმა, თუ როგორ უღრმავდებიან, ცდილობენ დაინახონ დაფარული აზრები, ამოიკითხონ თავისთვის ნაცნობი თემები, მშობლიური ემოციები, ეს ყველაფერი ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე, საოცარი მოტივაციით მავსებს და ვხვდები, რომ სწორი მიმართულებით მივდივარ.

_ როგორია მნახველების მხრიდან დაინტერესება? ინტერაქცია?

_ ჩემდა გასაკვირად, ხატვის დაწყებიდან ძალიან მალევე აიტაცეს ნახატები და განხილვები დაიწყეს, პირადად ჩემთან საუბრები ნახატებზე, ქვეტექსტებზე. ამისთვის მზად არ ვიყავი, სიმართლე გითხრათ. როცა ხატვას დავუბრუნდი, ნულიდან დავიწყე შემოქმედება, ბავშვობის წლების ნამუშევრები ძალიან ცოტა დამრჩა. ახლა კი, უბრალოდ, ჩემთვის ვხატავდი, ვიცლებოდი დიდი ხნის დაგროვილი ემოციებისგან. არ მიფიქრია, თუ ასეთ დაინტერესებას გამოიწვევდა სხვებშიც. როცა ნამუშევრების ინტერნეტში განთავსება დავიწყე, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, _ მნახველებისა და ჩემი დიალოგი ნახატების მეშვეობით.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?

_ ამ თემაზე მხოლოდ ერთეული ადამიანების აზრი მაინტერესებს და ისინიც ჩემი კოლეგები არიან. განსაკუთრებით კი ჩემი ერთი უცხოელი მეგობარი, რომელსაც ძალიან ღრმა ცოდნა აქვს ხელოვნებაში, საკუთარი თვალით აქვს ნანახი უამრავი შედევრი, ის ბევრს მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყანაში ნახულობს დიდი მხატვრების ნამუშევრებს. მისი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ როგორც კი ვასრულებ ნახატს, ყოველთვის ვუზიარებ და შემდეგ ერთად განვიხილავთ.

_ რომელი მხატვარია შენთვის გამორჩეულად საყვარელი და რატომ?

_ ზოგადად, ყველა მხატვარში ვპოულობ რაღაც ისეთს, რის გამოც პატივს ვცემ მის შემოქმედებას და შემიძლია, ვისიამოვნო ნამუშევრებით. თუმცა განსაკუთრებით ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა და გამორჩეულად შემიყვარდა XX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე პოლონელი მხატვარი, ზდზისლავ ბექსინსკი. მისი სამყარო საოცარია, ერთი დანახვით გაჯადოებს, მისი პოსტაპოკალიპტური პეიზაჟები, უცნაური, არარეალური პერსონაჟები, რომლებიც თითქოს კოშმარებიდან გაცოცხლდნენ. თან საოცარი პალიტრა აქვს, საოცარი ფერები, რომლებიც დამატებით ქმნის ფანტასტიკის შეგრძნებებს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მხატვრის სიზმრებს ვათვალიერებ.

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ვხატავ მუსიკის ფონზე, რძიანი ყავის თანხლებით. ეს მყოფნის სრული ექსტაზისთვის.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ საერთოდ არ ვარ ეგოისტი. არ ვიცი, ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი. განსაკუთრებით ხელგაშლილი ვარ შეყვარებულობისას, ზედმეტად მზრუნველი ვხდები. ალბათ, ეს მოსაბეზრებელიც არის, ამიტომაც არ მყავს ახლა შეყვარებული. ერთადერთი ეგოიზმი, რაც შეიძლება ჩემს თავში ვიპოვო, შემოქმედებას ეხება, უკანასკნელ თეთრებსაც კი დავხარჯავ სახატავ მასალებში, მშიერსაც მივლია, ოღონდ სახატავი მასალები მქონოდა. ამისთვის არაფერი მენანება.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ პასუხისმგებლობის გრძნობა,  შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. ღრმად მწამს, რომ არაადამიანური შრომის გარეშე შედევრები არ იქმნება. მხოლოდ მაშინ გამოგივა რაღაც ხელიდან, როცა სანაცვლოდ ბოლომდე დაიხარჯები, ნახევრად გაღებული ძალისხმევით მხოლოდ იმის ნახევარს მიიღებ, ვიდრე შეგეძლო მიგეღო. უნდა გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ფიქრობ, რომ შეგიძლია. მხოლოდ მაშინ განვითარდები და გამოწურავ შენი თავიდან მაქსიმუმს. არ მინდა ოდესმე შემაწუხოს აზრმა, რომ პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოვიყენე.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ იგივე თვისებებს, რის დანერგვასაც ჩემს თავში ვცდილობ. ვაფასებ მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ არც ერთი ჩემი გადაწყვეტილება არ მინანია. ვცდილობ, ამაზე საერთოდ არ ვიფიქრო, არ ღირს დროის ხარჯვა იმაზე, რასაც უკვე ვერ შეცვლი. ჩემმა გადაწყვეტილებებმა მომიყვანა აქამდე. შემიძლია ვაკეთო საყვარელი საქმე მშვიდად და ამაზე ვიყო მხოლოდ ფოკუსირებული.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ წუწუნი. ძალიან მაღიზიანებს ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც სულ მცირე პრობლემებისგანაც კი ტრაგედიებს ქმნიან, იწყებენ წუწუნს და ყველგან და ყველაფერში პრობლემის მიზეზს ეძებენ, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში ეძიონ. აბრალებენ ყველაფერს მეზობელს, ამინდს, უიღბლობას, ფორტუნას, ქვეყანას, რომ თურმე არასწორ ქვეყანაში გაჩნდნენ, თორემ აგერ იმ ქვეყანაში ვარსკვლავებს მოწყვეტდნენ. ასეთი ადამიანები, უბრალოდ, პასუხისმგებლობას გაურბიან. ასევე საშინლად მაღიზიანებს სიცრუე. პატივისცემის გრძნობა მაშინვე მიქრება, თუ შევატყობ, რომ ადამიანი ცრუობს.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ ხატვისთვის, ამ ეტაპზე ეს ერთადერთი რამ არის, რისთვისაც საერთოდ არ მენანება დრო, ამიტომ ვათევ კიდეც ღამეს ღამეზე და საერთოდ ვერ ვგრძნობ, ისე გადის დრო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ღამისთევა ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, ხატვისთვის არც ერთი გათენებული ღამე არ მენანება. ვფიქრობ, რომ ეს მსხვერპლი ამად ღირს.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს და ვცდილობ, ისიც ძალების აღსადგენად გამოვიყენო, შევხვდე მონატრებულ მეგობრებს, ვნახო ფილმი, ან სადმე გავისეირნო, ვეთამაშო ჩემს კატას. მარტო ყოფნაც მიყვარს ძალიან, მუსიკის მოსმენა, რამის წაკითხვა.

ძალიან მიყვარს, აგრეთვე, სპორტი, რაც თავი მახსოვს, სულ ვვარჯიშობ, სხვადასხვა სპორტის სახეობა მაქვს მოვლილი სამოყვარულო დონეზე. ბოლოს ბოდიბილდინგით ვიყავი დაკავებული და საკმაოდ კარგი შედეგიც მქონდა, საქართველოს ჩემპიონატზეც ვმონაწილეობდი, საპრიზო ადგილზე ვერ გავედი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რომ შეჯიბრისთვის მზადყოფნის დონეს მივაღწიე. ეს ძალიან დიდი შრომის ფასად დამიჯდა. არჩევანის წინაშე როცა დავდექი, ხელოვნება ავირჩიე და ახლა ვერ ვახერხებ ვარჯიშს. მთელ დროს მუშაობასა და ხატვას ვუთმობ.

_ მაქსიმალისტი ხარ? ყველაფერს უმაღლეს დონემდე ასრულებ? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ თუ რამე საქმეს მოვკიდებ ხელს, თავით ვეშვები და მთლიანად მიპყრობს იგი. ალბათ ეს არის მაქსიმალისტობა, არ მიყვარს სანახევროდ გაკეთებული საქმე, მირჩევნია, საერთოდ არ მოვკიდო ხელი, თუ ბოლომდე დახარჯვას არ ვაპირებ.

_ რა მუსიკას უსმენ ხოლმე?

_ მუსიკის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება. არ მიყვარს სიჩუმეში ჯდომა, არც სიჩუმეში ხატვა. შეიძლება, ხატვისას ისე ვიყო ჩაფლული პროცესში, რომ საერთოდ ვერ გავარჩიო მოცარტის კომპოზიციაა თუ მოტორჰედი „ხერხავს“, მაგრამ თუ სიჩუმეა, ეს აშკარად მაწუხებს. თუ ახალი ნახატის დაწყებას ვაპირებ და შთაგონება მჭირდება, მაშინ აუცილებლად კლასიკურ მუსიკას მივმართავ. მჯერა, რომ კლასიკური მუსიკა შთაგონებას აძლიერებს და მისტიკურ ფიქრებს მიღვიძებს. ძალიან მომწონს თანამედროვე კომპოზიტორები, მაქს რიხტერი, ჯადოსნური კომპოზიციები აქვს, რომელიც პირველივე ნოტიდან მთიშავს და სულ სხვა სამყაროში გადავყავარ. აგრეთვე პოლონელი კომპოზიტორი აბელ კორზენიოვსკიც ანალოგიურად მოქმედებს ჩემზე. გარდა კლასიკური მუსიკისა, როკისა და მეტალის აქტიური მსმენელი ვარ უკვე წლებია.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ერთი დღით მაახლოებს სიკვდილთან. ეს ნახევრად ხუმრობით. ყოველი ახალი დღე შანსია, ხელახლა ვცადოთ ის, რაც არ გამოგვივიდა გუშინ, ახალი ძალებით. ჩემთვის ეს არის საშუალება, ახალი თვალით შევხედო ნამუშევარს, დავინახო ის, რაც გუშინ ვერ დავინახე დაღლილობისგან, ან თუნდაც იმიტომ, რომ ერთი დღით პატარა ვიყავი.

_ თუ გყავს ფილმის ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ დიახ, არის ასეთი პერსონაჟი, კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებიდან „დიდოსტატის მარჯვენა“. ეს არის კონსტანტინე არსაკიძე, გარდა იმისა, რომ ისიც არქიტექტორი იყო და თან მხატვარი, როგორც მე, ვფიქრობ, მისი ხელოვნებისადმი სიყვარულით და თავგანწირული დამოკიდებულებით ვგავარ. როცა პირველად წავიკითხე, აღფრთოვანებული ვიყავი ნაწარმოებით. საერთოდ, ხელოვნება კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ამ წიგნმა. კითხვისას კი ჩემს თავს კონსტანტინესთან ვაიგივებდი.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ მისაბაძი მაგალითი არ მყავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა შემოქმედება და ცხოვრების გზა მოტივაციას მაძლევს და ბევრს ვსწავლობ მათგან. პირველი ასეთი ადამიანი იყო პაბლო პიკასო, ასე თუ ისე, ვიცნობდი მის შემოქმედებას, მაგრამ როცა მისი ბიოგრაფია წავიკითხე (ერთი ამოსუნთქვით), აბსოლუტურად შევიგრძენი მისი გენიალობა. ადამიანი, რომელიც სიკვდილამდე ემსახურა ხელოვნებას და ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა დედამიწაზე. ამისთვის კი კოლოსალური შრომა გასწია, მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველდღიურად მუშაობდა. ასეთი ადამიანები მოტივაციას მმატებენ.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ საქართველოს პრობლემა ის არის, რომ ყველა პოლიტიკაშია ჩართული, პროფესიონალი თუ არმცოდნე. ზოგადად, ყველა ადამიანი იმას რომ აკეთებდეს, რაც ესმის და რაც იცის, გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნებოდა. თუმცა პოლიტიკა წინა პლანზეა და ეს იმ ფონზე, როცა უამრავი სოციალური პრობლემა და სიდუხჭირეა ქვეყანაში, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ხელოვნება ვერ იქნება აყვავებული. უბრალოდ, არ სცალია ხალხს ამაზე ფიქრისთვის, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეებში შეინიშნება ხელოვნებისადმი ინტერესი, ამიტომაც უჭირთ აქ ხელოვნებს თავიანთი ხელოვნებით ღირსეული ჰონორარების მიღება, ზოგადად, ცხოვრება და განვითარება, პოტენციალის გამოვლენა და შესაბამისად დაფასება. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელი არ არის და არ უნდა გახდეს დამწყები ხელოვნებისთვის ხელის ჩაქნევის საბაბი. პირიქით, მეტი მოტივაცია და მონდომება გვმართებს ყველას.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ პოლიტიკური პრობლემების მოგვარების გზებს ვერ დავსახავ, რადგან ამისთვის შესაფერისი კომპეტენცია არ გამაჩნია. ვფიქრობ, ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ხელოვნებისადმი ინტერესიც და ხელოვნების როლიც გაიზრდება, ზოგადად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ მაშინ ვისვენებ, როცა ვხვდები, რომ უკვე „გადავიწვი“ და ასეთ დროს ყველაზე კარგი დასვენება ჩემთვის ძილია. ისე კი ძალების აღსადგენად ყველაზე კარგი ადგილი ჩემი სახლია აფხაზეთში, მშობლებთან, ის რამდენიმე დღე, რასაც წელიწადში ერთხელ მათთან ერთად ვატარებ, მთლიანად მავსებს სასიცოცხლო ენერგიით.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ ბოლო 10 წლის მანძილზე კი მივეჩვიე მარტო ცხოვრებას, მაგრამ ჩემი და და მშობლები ხშირად მენატრებიან. ასევე ძალიან მენატრება ხოლმე ჩემი სახლი.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ეს ჩემთვის ყველაფერია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხატვა, ამის გარეშე ჩემი თავის რეალიზებას ვერ შევძლებ და მთელი ცხოვრება რაც არ უნდა ვაკეთო, ბედნიერი ვერ ვიქნები.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ აბსოლიტურად თავისუფალი არავინაა, ის ფაქტი, რომ საკუთარ სხეულში ხარ გამომწყვდეული, უკვე გზღუდავს ადამიანური სისუსტეებით, მოთხოვნილებებით და ემოციური დამოკიდებულებებით ადამიანებზე, ან თუნდაც ნივთებზე. თუმცა არის მომენტები, როდესაც ვგრძნობ თავისუფლებას და დარწმუნებული ვარ, ყველა მხატვარი გამიგებს და არა მარტო მხატვარი…

როდესაც პირისპირ რჩები ტილოს წინაშე ფუნჯით ხელში და გრძნობ, რომ თითქოს ჯადოსნური ჯოხი გიჭირავს, გრძნობ თითქოს შეგიძლია ახალი სამყარო შექმნა, შენი წილი სამყარო, სადაც შენ ხარ შემოქმედი და აბსოლუტურად თავისუფალი ხარ. აი, აქ არის ჩემი თავისუფლება!

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ახლა ძალიან საინტერესო ეტაპი მაქვს, როცა ენერგიით და ენთუზიაზმით ვარ სავსე და ვგრძნობ, რომ ყველაფერი ჩემს ხელშია და ბევრი რამე შემიძლია. ვგრძნობ, რომ გზის დასაწყისში ვარ და საინტერესო მოგზაურობა მელოდება.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი უკვე ვიპოვე და ალბათ გამიმართლა კიდეც, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ზოგადად ცხოვრებაში, დაბადების მერე მნიშვნელობით მეორე, როცა ხვდები, რომ საკუთარი თავი იპოვე.

_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ?

_ არ ვიცი, ზოგადად, ყველას აქვს თუ არა მისია, ყველამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს ამაზე პასუხი. მე ხატვისას ვგრძნობ, რომ იმას ვაკეთებ, რისთვისაც დავიბადე. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ უაზროდ და უბრალოდ არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია. დიახ, ეს არის ჩემი მისია.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ პირველ რიგში, ვიბრძვი საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს, ალბათ, ინსტინქტია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველა ამისთვის იბრძვის. ვიბრძვი და ვმუშაობ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო და გამოვწურო ჩემი თავისგან რაც შემიძლია. მაინტერესებს, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, ალბათ, რომ ოჯახთან უფრო მეტ დროს გავატარებდი. ქვეყანაში ვისურვებდი, ისეთი გარემო იყოს, სადაც ყველა თავის ოცნებას გაჰყვება და არ მოუწევს ოცნებებზე უარის თქმა იმის შიშით, რომ ამ საქმით თავს ვერ გაიტანენ მომავალში.  შეიძლება, დღევანდელი გადმოსახედიდან უტოპიურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, აბსოლუტურად რეალურია და აუცილებლად დადგება ასეთი დროც.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების აზრი საკუთარი თავის შეცნობაში მდგომარეობს. აღმოაჩინო შენი თავი ამ უკიდეგანო სამყაროში, სადაც მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, მტვრის ნაწილაკები ვართ, იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ საკუთარი კვალიც დავტოვოთ.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის შანსი ყველას აქვს. მხოლოდ ისინი აღწევენ მას, ვინც სხვებზე მეტად მონდომებული იქნებიან და საჭირო ძალისხმევას ჩადებენ ამაში. არ აქვს მნიშვნელობა დროს, ვიღაც თუ აღწევს წარმატებას ე. ი., შესაძლებელია. არ არსებობს კარგი დრო წარმატებისთვის. თუ არ გააკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, ის კარგი დრო არასდროს დადგება. ის მაშინ მოდის, როცა დაიმსახურებ.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ ბავშვობიდან პრინციპულად არ მინდოდა მოწევა და ახლაც ასე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, არც არასდროს დავიწყებ.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ სხვა ხვედრს არ ვისურვებდი, მაგრამ სპორტისადმი ჩემს ინტერესს თუ გავითვალისწინებთ, ადვილი შესაძლებელია, სპორტს გავყოლოდი და იქაც არ დავიშურებდი ძალისხმევას მაქსიმუმისთვის.

_ და მაინც, ვინ არის დავით ქარდავა?

_ მოკლედ რომ ვთქვათ, ხელოვანი. როგორი მასშტაბის და რამდენად კარგი, ამას დრო გვიჩვენებს.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ ჩემი უახლესი სამომავლო გეგმები ხატვას უკავშირდება. პირველ რიგში, სტუდია მჭირდება, სადაც მშვიდად შევძლებ მუშაობას, რადგან ბინა სადაც ახლა ვცხოვრობ, ცოტა ხანში ვეღარ დაიტევს ნახატებს და სამუშაო სივრცე არ მექნება. როცა სტუდიის (სახელოსნო) პრობლემას მოვაგვარებ, შემდეგ უკვე იმაზეც ვიზრუნებ, რომ მხოლოდ ღამე კი არა, დღისითაც ვხატო და მთელი ჩემი დრო ხატვას დავუთმო. ვემზადები პირველი პერსონალური გამოფენისთვის.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ნახატებისთვის სხვადასხვა სიუჟეტები მიტრიალებს თავში. ყველგან და ყველაფერში ინსპირაციას ვეძებ და ეს პროცესი ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. როგორ ტრანსფორმაციას განიცდის პირველი იდეა, რომელიც თავში მომდის, როცა ფურცელზე გადამაქვს. ხშირ შემთხვევაში ხატვის პროცესში იმდენად იცვლება, რომ საერთო არაფერი აქვს პირველ იდეასთან. პროცესში უფრო იკვეთება ჭეშმარიტება და ნახატი თვითონ გკარნახობს სიუჟეტის განვითარების მიმართულებებს.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ წლების მანძილზე მარტო ცხოვრებამ საკუთარი თავის იმედზე ყოფნას მიმაჩვია, თუმცა მყავს ისეთი ადამიანებიც, ვისი იმედიც ვიცი, რომ შემიძლია მქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, ესენი მშობლები არიან და ამაში, ალბათ, საოცარი არაფერია, ისინი ერთადერთი ადამიანები არიან, ვისაც საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვართ.

_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?

_ სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ყველაზე საინტერესო ეპოქაში დავიბადე. ეპოქა, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, XX საუკუნე დამთავრდა, იქ უკვე შექმნეს ეპოქა უდიდესმა ხელოვანებმა, XX საუკუნეში შექმნილი შედევრები დიდი ხანი იქონიებენ გავლენას XXI საუკუნის ხელოვნებაზე. თუმცა ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასაკაფი და ჩვენს ეპოქას უნდა ვუპასუხოთ.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ ასეთი აკვიატებული გამონათქვამი არ მაქვს, მაგრამ მიყვარს ჩემი თავისთვის იმის შეხსენება და შეგონება, რომ არაფერია შეუძლებელი.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ ვფიქრობ, ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის. მაგრამ ჩემი სურვილი და გზავნილიც ის იქნება, რომ არ შეგეშინდეთ აკეთოთ ის საქმე, რაც გულით გინდათ, მიჰყევით თქვენს ოცნებებს, ნუ იცხოვრებთ სხვისი ოცნებებით, ცხოვრებით და უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება ამ ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელი არაფერია!

 

ნინო ტაბაღუა