ბონდო თაბუკაშვილი: „ეს მთავრობა ჩვენთვის არ არის!“

დედაქალაქის მკვიდრი, ბონდო თაბუკაშვილი, რომელიც 47 წელიწადია, თბილისის მეტროპოლიტენში სულ ღამით მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია, სამსახური დატოვოს. თაბუკაშვილი „ქრონიკა+“-თან პენსიის არასამართლიან გადანაწილებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, შრომის კანონმდებლობას ყურადღება მიაქციოს.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბონდო თაბუკაშვილი:

_ 47 წელიწადია, თბილისის მეტროპოლიტენში ვმუშაობ, სულ ღამით. ამჟამად გვირაბის ოსტატი ვარ. თითქმის ორი წელიწადია, თვალზე პრობლემები დამეწყო, ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ საშველი მაინც არ არის, კარგად ვერ ვხედავ, ფრთხილად დავდივარ, ორიენტაციას ვიცავ, რომ არ წავიქცე. სამსახურში მითხრეს, _ შენზე ძალიან გული გვწყდება, ბრწყინვალე სპეციალისტი ხარ, 47 წელიწადი გიმუშავია და ამ ხნის განმავლობაში ერთი დარღვევაც არ გაქვს, მაგრამ სხვა გზა არ არის, სამსახური უნდა დატოვოო. ვუთხარი, _ ჩემით არ წავალ, მაშინ გამაგდეთ-მეთქი. არ ვადანაშაულებ, მადლობაც კი გადამიხადეს, მაგრამ მე რა ვქნა?.. რაც მქონდა საშუალება და დასამარხი თანხა, შევარდნაძემ წაიღო საფლავში…

_ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელფასი…

_ ეს მთავრობა ჩვენთვის არ არის! მე რატომ მეკუთვნის პენსია 180 ლარი, როცა კაცს თავის ცხოვრებაში არ უმუშავია, იმასაც 180 ლარი აქვს?! ხალხმა 20 წელი პოლიციაში იმუშავა, იმათ 500-600 ლარი აქვთ პენსია. ღამის საათებს არ მიხდიდნენ და იუსტიციის მინისტრს მივწერე, არ მიმიღო. სამინისტროში მივაკითხე, მითხრეს, _ შენი განცხადება კაჭარავას აწერიაო. შემხვდნენ, მომისმინეს და მითხრეს, განვიხილავთო. იმდენი ხანი ველოდე, პასუხი არ გამცეს! მეორედ მივედი, ვუთხარი, _ სულ არ მინდა, მინისტრმა მიმიღოს, მაგრამ შრომის კანონმდებლობა რომ დაიწერა, საჩვენო იქ საერთოდ არაფერი წერია, ამ საკითხზე მინისტრი თუ არ მიმიღებს, ვინც ეს შრომის კანონმდებლობა დაწერა, იმან მიმიღოს და იმას ავუხსნი-მეთქი. _ წერილი დაწერეთ და იუსტიციის მინისტრ ალექსანდრე ბარამიძის სახელზე შემოიტანეთო. მეც დავწერე წერილი და შევიტანე. გავიდა დრო, დამირეკეს და იუსტიციის სამინისტროში გასაუბრებაზე დამიბარეს გვარად კახიშვილთან. ახალგაზრდა ქალბატონი შემხვდა, ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი. როცა ვუთხარი, რომ 47 წელიწადი მხოლოდ ღამით ვმუშაობდი, გაიკვირვა, _ ასეთი სამუშაო არსებობსო?! ვუთხარი, _ რომ არსებობს და არავინ იცით, ამიტომ მოვედი თქვენთან-მეთქი. _ რამდენი კაცი მუშაობთ ყოველ ღამეო? _ 300 კაცამდე ვართ-მეთქი. _ სად არის დანარჩენი, მარტო თქვენ რომ დარბიხართო?! _ მართალი ხართ, მაგრამ ზოგი იმის მოყვანილია, ზოგი ამის და ვერ ამხელენ, სულ რომ არ გააგდონ სამსახურიდან-მეთქი. ბოლოს მითხრა, _ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ამას დავწერთ და პარლამენტში გადავაგზავნით, დანარჩენი იმათი საქმეა, მეტს ვერაფერს გავაკეთებთო. მადლობელი დავრჩი იმ ქალბატონის, არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ნორმალურად ამიხსნა ყველაფერი. ამ ამბიდან ერთი წელი გავიდა, მეორე დაიწყო და შარშან სექტემბერს ღამის საათების ანაზღაურება დაგვინიშნეს.

_ თქვენს წერილს შედეგი გამოუღია…

_ კი, გამეხარდა, 200 ლარამდე მომემატა ხელფასი, ბევრი არ არის, მაგრამ ქალაქში მაინც ფულია, ზოგს 200 ლარი არ აქვს მთლიანად ხელფასი, მაგრამ რად გინდა?.. ახლა უნდა წამოვიდე სამსახურიდან… ჯანდაბას, ხალხმა მიიღოს, ღმეთმა მისცეს, მაგრამ დღეს 700-800 ლარი ფული არ არის… როდესაც ხალხს არსად უმუშავია, მოვიდნენ, დაასკუპეს თანამდებობებზე და 3000 ლარი აქვთ ხელფასი. ამ დროს წარმოდგენა არ აქვთ სამსახურზე. ჩემი გულის ტკივილიც სწორედ ეს არის. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ჩემნაირი ადამიანების ბედი და შრომის კანონმდებლობაში მიუთითოს, რომ თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნოთ!