2017 წლის გახმაურებული საქმეების ანალიზის შედეგები

  1. შესავალი

 

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2017 წლის მარტში გახმაურებული სამი სისხლის სამართლის საქმის (შოთა პაკელიანი, დავით ხარშილაძე, მიხეილ თათარიშვილი) სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას შეეხება. დოკუმენტის მომზადების დროისთვის ორ საქმეზე ჩატარებულია წინასასამართლო სხდომა, ხოლო შოთა პაკელიანის საქმე დასრულებულია საპროცესო შეთანხმებით. როგორც ცნობილია, სამივე საქმის ბრალდებული, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები, საწყისი ეტაპიდანვე საუბრობდნენ საქმეებში არსებულ არაერთ პროცესუალურ დარღვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ პაკელიანსა და პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება,  EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს წარმოადგინოს აღნიშნული საქმის შეფასებაც იმ არაერთი ხარვეზის გათვალისწინებით, რაც საქმის შესწავლამ გამოავლინა. ამის მიზეზია საპროცესო შეთანხმების დადების მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინება ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ უნდობლობის პირობებში ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმება საქმის სასურველი შედეგით დასრულების ერთადერთ გზას უკავშირდებოდა.

წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანია, კონკრეტული საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე შეფასდეს, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს გამოძიება ხსენებულ საქმეებში და არსებობს თუ არა იმ ეჭვების საფუძველი, რომელსაც დაცვის მხარე გამოთქვამდა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თვითნებური და უკანონო მოქმედებების თაობაზე. EMC-ის მიერ აღნიშნული შეფასებულია იმის მიხედვით, იყო თუ არა დაცული შესაბამისი პროცესუალური ნორმები გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა:

  • გამოძიების დაწყება;
  • ბრალდებულების დაკავება და მათი პირადი ჩხრეკა;
  • ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები;
  • აღკვეთის ღონისძიების განხილვა სასამართლოს მხრიდან;
  • წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა.

ასევე,  EMC განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებს ამ საქმეებში, რომელიც, ცხადია, გავლენას ახდენს თავად მიმდინარე გამოძიების კანონიერების შეფასებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეების ანალიზის დროისთვის წინ არის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის ეტაპი (გარდა პაკელიანის საქმისა), საქმეები შეფასდება იმ მოცულობით, რაც გონივრულია საქმეთა განხილვის ამ ეტაპისთვის და რაც საკმარისია იმის შესაფასებლად, არსებობს თუ არა ხსენებულ საქმეში იმ ტიპის პროცესუალური დარღვევები, რაც შეიძლება აჩენდეს ეჭვებს მთავარი მტკიცებულების გაყალბებასთან/უკანონო ჩადებასთან დაკავშირებით.

EMC-იმ ანალიზის მეთოდად გამოიყენა საქმის მასალების დეტალურად შესწავლა და ბრალდებულების კანონიერ წარმომადგენლებთან გასაუბრება, ასევე მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი, სახალხო დამცველის აპარატთან კომუნიკაცია, გამოძიების ორგანოებისა და სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური საქმეების ანალიზი.

როგორც ითქვა, კვლევა მიზნად არ ისახავს კონკრეტულ პირთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენას. დოკუმენტის მიზანია ხსენებულ გახმაურებულ საქმეებში შესაძლო პროცესუალური დარღვევების გამოკვეთა და მათი მაპროვოცირებელი სისტემური მიზეზების აღმოჩენა კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში.

 

  1. შესწავლილი საქმეების სამართლებრივი შეფასება

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებათა თვითნებობის, ნარკოტიკული საშუალებების ჩადებისა თუ ასეთი საქმეების მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით წარმართვის სისტემურ პრობლემაზე მითითება წლების განმავლობაში ხდებოდა როგორც ადგილობრივი ინსტიტუტების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის, თომას ჰამარბერგის 2011 წლის 30 ივნისის ანგარიშშიც, რომელიც იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარების საქმეებში ჩხრეკის დროს ხშირად გამოვლენილ ისეთ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობდა, რაც ეჭვის ქვეშ აყენებდა ჩხრეკის კანონიერებას და ამოღებული მტკიცებულების სამართლებრივ დასაშვებობას. ამავე საკითხს ეთმობა სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშიც, რომელიც მიუთითებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლის განჩინების გარეშე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მოქალაქეთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე, რაც განსაკუთრებით ხშირი შემთხვევა ნარკოტიკული საშუალების (და იარაღის) უკანონო შეძენა-შენახვის დროს იყო.

საქმეთა შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც საფუძვლად უდევს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, საგამოძიებო უწყების მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობას ისევ იძლევა. შესწავლილმა სამმა საქმემ გამოავლინა მათთვის საერთო სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც გამომდინარეობს საკანონმდებლო რეგულაციებიდან და ხარვეზიანი პრაქტიკიდან და რაც საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების სამართლიანად და ობიექტურად განხორციელებას, ასევე ზრდის სამართალდამცველი ორგანოების თვითნებობის რისკებს.

 

2.1. ოპერატიული ინფორმაციით გამოძიების დაწყების თანმდევი პრობლემები

შესწავლილ სამივე საქმეში სამართალდამცველი ორგანოების მიერ გამოძიების დაწყებისა და საგამოძიებო მოქმედების _ პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველს ოპერატიული ინფორმაცია წარმოადგენს. ოპერატიული ინფორმაცია არის საიდუმლო თანამშრომლის (კონფიდენტი) ან სხვა ანონიმური პირის მიერ გამომძიებლის ან ოპერატიული თანამშრომლისთვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული. ოპერატიული ინფორმაციის მიღებისას აღნიშნული ინფორმაციის მიმღები პირი ადგენს პატაკს, რომელშიც ასახავს მიღებული ინფორმაციის შინაარსს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობის მიუთითებლად.

პატაკი გულისხმობს პოლიციის თანამშრომლის წერილობით განცხადებას, სადაც ის უთითებს, რომ მიიღო ინფორმაცია, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. პოლიციის თანამშრომლის ამ განცხადების საფუძველზე ივსება ფორმა #1, რაც ოფიციალურად ადასტურებს გამოძიების დაწყებას. პატაკის წარდგენასთან ერთად ხდება მისი ავტორის მოწმის სახით დაკითხვა. სწორედ პატაკისა და ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმების ერთობლიობა ედება საფუძვლად შემდგომი საგამოძიებო მოქმედების _ ჩხრეკის ჩატარებას. იმის შესაფასებლად, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული გარემოებები ჩხრეკის ჩატარების საპროცესო სტანდარტს, მნიშვნელოვანია პატაკის სამართლებრივი ბუნების დადგენა. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, იგი განხილულ უნდა იქნეს მტკიცებულებად დოკუმენტის სახით, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. ამავე მუხლის თანახმად, დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო-კინო-ვიდეო-ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით, ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. აქვე აღსანიშნავია, რომ პოლიციელის პატაკიც და მისი გამოკითხვის ოქმიც პროცესუალურად ერთი წყაროდან შექმნილ ორ სხვადასხვა მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელთა ერთობლიობაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ედება საფუძვლად. აღნიშნული წყაროს გადამოწმების შეუძლებლობა პრაქტიკაში მოუგვარებელი პრობლემაა, როდესაც პოლიციელის ჩვენება, წყაროს დასახელების გარეშე, სასამართლოს მიერ ყოველგვარი შემოწმების გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა.

მოცემულ სამივე შემთხვევაში მოქალაქეთა ჩხრეკა ანონიმურად მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაუდებელი აუცილებლობით მოხდა და ბრალდებულები (ხარშილაძე და თათარიშვილი) მიუთითებდნენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების რეალური საფუძველი არ არსებობდა. ასეთი საფუძვლის არსებობას, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ის გარემოებაც აყენებს ეჭვქვეშ, რომ საგამოძიებო ორგანო ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში ახდენს გასაჩხრეკი პირის ადგილმდებარეობის დადგენას და მის პირად ჩხრეკას, რაც მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს ოპერატიული ინფორმაციის მიღებას და შემდგომი პროცედურების ჩატარებას. პაკელიანის შემთხვევაში ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან მის პირად ჩხრეკამდე დროის შუალედი 10 წუთს, ხარშილაძის შემთხვევაში 4 წუთს, ხოლო თათარიშვილის შემთხვევაში 30 წუთს შეადგენს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატიული ინფორმაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა მიიღო, თავად თათარიშვილი კი დაბა სურამში იმყოფებოდა და მისი ჩხრეკა ბათუმიდან თბილისისკენ მომავალმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს, 30-წუთიანი ინტერვალი ინფორმაციის მიღებასა და საგამოძიებო მოქმედებას შორის ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს.

მოქმედი კანონმდებლობით ოპერატიული ინფორმაციის წყაროს გადამოწმება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის არც ერთ სტადიაზე არ ხდება არც საპროკურორო და არც სასამართლო ზედამხედველობით, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, საგამოძიებო მოქმედების დასაწყებად ეს საფუძველი რეალურად არსებობდა თუ არა. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს“. ამავე კანონის მე-12 მუხლი განსაზღვრავს იმ ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. ამავე კანონის მე-9 მუხლი კი მე-12 მუხლით განსაზღვრულ ორგანოებს ანიჭებს უფლებამოსილებას, ნორმატიული აქტებით განსაზღვრონ თანამდებობის პირთა ის წრე, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ასეთ ინფორმაციაზე. კანონის ამგვარი რეგულირებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოპერატიული ინფორმაციის წყაროსთან წვდომის თაობაზე მოსამართლის კომპეტენცია იმთავითვე გამორიცხულია და „ოპერატიულ ინფორმაციასა და წყაროზე წვდომასთან დაკავშირებით გამომძიებელს უფრო მეტი ნდობა აქვს გამოცხადებული, ვიდრე მოსამართლეს“. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში მოსამართლე ოპერატიული ინფორმაციის შემცველი პატაკისა და პატაკის ავტორის გამოკითხვის ოქმის ერთობლიობით იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების თაობაზე ნებართვის გაცემისა თუ შემდგომში მისი დაკანონების შესახებ ისე, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს არსებობის ფაქტი; რეალურად მიაწოდა თუ არა აღნიშნულმა წყარომ საგამოძიებო ორგანოს პატაკში აღნიშნული ინფორმაცია; ინფორმაციის მიწოდება ხომ არ იყო განპირობებული რაიმე ქვენაგრძნობით. არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებს ეძლევათ შეუზღუდავი თვითნებობის შესაძლებლობა, რომელზედაც სასამართლო კონტროლის განხორციელება გამორიცხულია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის კარგად არის ცნობილი ინფორმატორების მიერ მოპოვებული ინფორმაციის სასამართლოს მიერ გადაუმოწმებლობის საფრთხეები. მას არაერთხელ განუმარტავს, რომ თუმცა შესაძლებელია ანონიმური ინფორმატორების გამოყენება გამოძიების ეტაპზე, დაუშვებელია მსჯავრდების აგება „ანონიმურ ჩვენებებზე მთლიანად ან გადამწყვეტი ხარისხით“. მეორე მხრივ, ანონიმური ჩვენებების გამოყენება „ყოველთვის არ ეწინააღმდეგება კონვენციას“, მაგრამ ადეკვატურად უნდა დაბალანსდეს სირთულეები, რომლებსაც ის უქმნის დაცვას.

 

2.2. გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული დაკავება და ჩხრეკა

შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამივე შემთხვევაში ბრალდებულთა პირადი ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარდა და სასამართლომ ამის შემდეგ პირადი ჩხრეკა დააკანონა. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეები _ პოლიციის თანამშრომლები და გასაჩხრეკი პირები _ სამივე შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ პირადი ჩხრეკის ადგილის, დროისა და საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების _ ჩხრეკის კანონიერების საკითხის განხილვის პროცედურას სასამართლოს მიერ. სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, მოსამართლემ საკუთარი შეხედულებისამებრ განიხილოს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხი მხარეთა ან/და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. გარდა ამისა, მოსამართლე უფლებამოსილია, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებისა და საფუძვლების შესწავლის მიზნით, გაეცნოს ყველა საჭირო მასალას. თუმცა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის გაცემის ან კანონიერად ცნობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს დახურულ სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც იმ პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, არ აძლევს საშუალებას, ზეპირი განმარტებები გააკეთოს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვაში მხარეების ან/და იმ პირის მონაწილეობის შესახებ სავალდებულო წესის შემოღება, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, მნიშვნელოვნად მიაჩნდა სახალხო დამცველს, ჯერ კიდევ, თავის 2013 წლის ანგარიშში. აღნიშნული ცვლილების შემოღება ხელს ვეღარ შეუშლის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მოქმედება უკვე ჩატარებულია და სისხლის სამართლის საქმისთვის საჭირო ინფორმაცია, ნივთი თუ სხვა მტკიცებულება ამოღებულია გამოძიების მიერ. ამ დროს ბრალდებულის ან/და იმ პირის მონაწილეობა სასამართლოს მიერ საკითხის განხილვაში, რომლის მიმართაც ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, ვერ იქნება გამოძიებისთვის რაიმე სახით ხელშემშლელი გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია ჩხრეკის ჩატარების დროს იმ პირს, რომლის მიმართაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ტარდება, მის უფლებაში უსაფუძვლო ჩარევისგან დამცავი ნაკლები გარანტიით აღჭურვავს, ვიდრე ეს კანონის ძველი რედაქციით იყო გათვალისწინებული. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებული რედაქციის 331-ე მუხლი საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებდა, ჩხრეკისა და ამოღებულის ჩატარების დროს მოეწვია, მაქსიმუმ, ორი დამსწრე, რომელიც დაადასტურებდა ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების ფაქტს, მის მიმდინარეობას და შედეგებს. ამ უფლებით აღჭურვილი იყო როგორც ბრალდებული პირი, რომლის მიმართაც ჩხრეკა ტარდებოდა, ისე პირი, რომელიც არ იყო ბრალდებული, თუმცა ეხებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება. დამსწრე ვალდებული იყო, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში და შემდგომ ხელმოწერით დაედასტურებინა ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა, შედეგები და უფლებამოსილი იყო, ოქმზე გაკეთებინა განცხადება და შენიშვნა. იგი შემდგომში შეიძლებოდა დაკითხულიყო მოწმედ ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით. მიუხედავად დამსწრის მექანიზმის შესაძლო ხარვეზებისა, ნათელია, რომ საგამოძიებო მოქმედების ადრესატს ესაჭიროება დამატებითი დაცვის გარანტიები უშუალოდ ჩხრეკის ჩატარებისას.

სასამართლოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის დაკანონებასთან დაკავშირებით მორიგ პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და ფორმალურ მსჯელობაზე დაყრდნობით საგამოძიებო მოქმედების კანონიერად მიჩნევა. სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის შეფასების საგანს წარმოადგენს, თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობის დროს. კანონიერების შეფასება, ერთი მხრივ, ეხება ცალკეული საგამოძიებო მოქმედებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურული წესების დაცვას, მეორე მხრივ კი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მატერიალური საფუძვლის არსებობას მისთვის კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, როდესაც მოცემულია ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობა.

შესაბამისად, მხარეს ეკისრება ვალდებულება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისას დაასაბუთოს, რომ საგამოძიებო მოქმედებისთვის არსებობს საკმარისი ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა. სასამართლო კი, თავის მხრივ, ვალდებულია შეამოწმოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ეხება როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განჩინების გაცემის, ისე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხის განხილვას. საპროცესო კოდექსის ამგვარი რეგულაციის მიუხედავად, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შემოწმების დროს, სასამართლო არ მსჯელობს ჩხრეკის მატერიალური საფუძვლის არსებობის თაობაზე, არ აფასებს, იყო თუ არა საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საკმარისი, რაც საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამის დადასტურებაა განხილულ სამ საქმეში არსებული სასამართლოს განჩინება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერების თაობაზე, რომელიც მოკლედ მიუთითებს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სახეზე იყო სასამართლოს განჩინების გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი _ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურების საშიშროება. სასამართლო არც ერთ შემთხვევაში არ განიხილავს, ოპერატიული ინფორმაცია და პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას ადასტურებს, აკმაყოფილებს თუ არა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. სასამართლო სამივე შემთხვევაში ზოგადად განმარტავს, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები ჩხრეკის სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარებისთვის, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას კანონიერად მიიჩნევს.

ზემოთ აღნიშნული საკითხების ერთობლიობა, გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით, იძლევა გასაჩხრეკი პირის უფლებებისა და ინტერესების შელახვის შესაძლებლობას, რაც განხილული სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობის დროსაც არ გამოირიცხებოდა.

ჩხრეკასთან მიმართებით არსებული პრობლემური ეროვნული საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის ფონზე საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შეფასება.

ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ინტენსიური ჩარევის გამართლებას გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით აფასებს. მისი ერთგვაროვანი პრაქტიკა პირადი ჩხრეკის, საცხოვრებლის, სამუშაო ადგილის ჩხრეკასთან მიმართებით მოითხოვს, რომ ჩხრეკა პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის აუცილებელი იყოს. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სახეზეა, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ხელი არ მიუწვდება სხვა, პირადი ცხოვრების უფლებაში ნაკლებად ჩამრევ ღონისძიებაზე. ამასთან, ჩხრეკა, კანონით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით, პერსპექტიული უნდა იყოს. აღნიშნულთან ერთად, ჩხრეკა უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი ქმედების სიმძიმისა და დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის სიძლიერის პროპორციული. ევროპული სასამართლოს მიდგომა ჩხრეკის ჩატარებისთვის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან მიმართებით ასევე მაღალ სტანდარტს აწესებს და მკაცრად განსაზღვრავს ჩხრეკის პროპორციულობის საკითხს, ასევე აფასებს დაცულ უფლებაში ჩარევის კანონიერებას და ლეგიტიმური მიზნის არსებობას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ სასამართლო უწყების გარეშე განახორციელონ ჩხრეკა, ასეთ უფლებაზე „ძალიან მკაცრი შეზღუდვები“ უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მოხდეს მე-8 მუხლის დარღვევის პრევენცია.

შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებში ასევე საინტერესოა სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან მოქმედებათა იდენტური თანმიმდევრობა _ გამოძიების დაწყება პოლიციის თანამშრომლის პატაკის საფუძველზე, რომელშიც ის მიუთითებს ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ. ამის შემდეგ ხდება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკა და პირის დაკავება, ანუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

მოქმედების ამ თანმიმდევრობისგან განსხვავებით, პაკელიანის შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის მიღებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პირდაპირ პაკელიანის დაკავება _ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოჰყვა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლი განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველს, რაც მოცემულია მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად პირი დაკავების მომენტიდან ბრალდებულად ითვლება, საქმეში უნდა მოიპოვებოდეს გამოძიების ეტაპზე კანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და არა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის გადამოწმება, თავის მხრივ, გამოძიების არც ერთ სტადიაზე არ ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ხსენებულ საქმეში საპროცესო ნორმების მოთხოვნათა უხეში დარღვევით განხორციელდა.

 

2.3. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მტკიცების სტანდარტის პრობლემა

განხილული საქმეების შესწავლამ აჩვენა, რომ ბრალდებული სამივე პირის შემთხვევაში გამოძიების დაწყება და შემდგომში სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით წარიმართა. თუმცა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების მოპოვების/შეძენის ნაწილში ფაქტობრივი გარემოებების გამოსაკვეთად და ბრალდების გასაძლიერებლად.

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებით, სასამართლო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, EMC-მა გამოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც პირი მსჯავრდებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის და ასევე გადაწყვეტილებები, სადაც იმავე ბრალდების ნაწილში სასამართლომ გამოიტანა ბრალდებულის გამამართლებელი გადაწყვეტილება. გამამტყუნებელი განაჩენების შესწავლით გამოვლინდა, რომ სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ გაამახვილა ყურადღება ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროსა და ვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირდაპირ იყო მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების გამოძიების მიერ დაუდგენლობის შესახებ.

ამ საკითხთან მიმართებით საინტერესოა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისს მიღებული ერთ-ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო მსჯელობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას წარმოადგენდა მის საცხოვრებელ ეზოში დაშლილ მდგომარეობაში არსებულ საბურავებში კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალების _ ჰეროინის უკანონოდ შეძენა და შენახვა. სასამართლოს მიერ ბრალდებულის გამართლების საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ „ბრალდების მხარის მიერ სათანადოდ არ იქნა დასაბუთებული სისხლის სამართლის საქმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც არსებით გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გამოკვეთილი უნდა ყოფილიყო ის მტკიცებულებები, რაც უტყუარად მიუთითებდა უშუალოდ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაზე“. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უშუალოდ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და მის მიერ ამ ნარკოტიკის შენახვის ფაქტს. აღნიშნულის გამო, სასამართლომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ  გადაწყვეტის პრინციპზე მითითებით ბრალდებული გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტის დაუდგენლობას არ ეხება და გამამართლებელი განაჩენი საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლოვი შეფასებით დადგა, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი მათ შორის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ფაქტის დაუდგენლობაც იყო, რაც საკითხის სწორ, მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში ძალიან იშვიათ განმარტებას წარმოადგენს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული გადაწყვეტილებების ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროისა და ვითარების დაუდგენლობა, ბრალდების მხარის მიერ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებების განუხორციელებლობა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს. გამოთხოვილი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასთან მიმართებით სასამართლოს პრაქტიკა, ბრალდების მხარის მსგავსად, ფაქტობრივად, არ ამახვილებს ყურადღებას ნარკოტიკული საშუალების შეძენის/მოპოვების გარემოებებთან დაკავშირებით და ბრალდების შესახებ დადგენილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის თაობაზე მითითებას საკმარისად მიიჩნევს ამ ქმედებისთვის პირის ბრალეულობის დასადასტურებლად. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება ბრალდებულის სასარგებლოდ ყველა ეჭვის გადაწყვეტისა და ბრალდების მხარის მიერ ბრალდების მტკიცების ვალდებულების პრინციპს. სამწუხაროდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი მიუთითებს, რომ ამ ნაწილში ეფექტიანი სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება და საგამოძიებო ორგანოებისთვის მტკიცების ტვირთი შემსუბუქებულია.

 

2.4. ძალის გადამეტებისა და თვითნებობის პრობლემა

შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ვინაიდან დაკავებული პირები მიუთითებდნენ ჩხრეკისა და დაკავების დროს მათ მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე, ასევე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ შოთა პაკელიანი და დავით ხარშილაძე  აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოწმეთა სახით არიან დაკითხულები. ბრალდებულ მიხეილ თათარიშვილის მიმართ არაპროპორციული ძალის შესაძლო გამოყენების თაობაზე რეაგირების მიზნით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყება ხსენებულ საქმეებში პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილების სავარაუდოდ გადამეტების ფაქტზე, თავისთავად, დადებითად უნდა შეფასდეს, ასევე მნიშვნელოვანია დროული და ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება საგამოძიებო ორგანოს მიერ, საკმარისი საფუძვლის არსებობისთანავე ამ პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება იმისთვის, რომ არ არსებობდეს ეჭვი გამოძიების ფორმალურობასთან მიმართებით.

პოლიციის მიერ ძალის გადამეტების პრობლემა, შესწავლილი სამი საქმის გარდა, ზოგადად, აქტუალურია საპოლიციო საქმიანობასთან მიმართებით, რაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას. სახალხო დამცველი თავის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებს, რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისთვის. პოლიციის მიერ ძალის გადამეტების პრობლემა განპირობებულია შიდა პროაქტიული მონიტორინგის არაეფექტიანობით, ასევე არაეფექტიანი საპროკურორო კონტროლითა და პოლიციის თანამშრომელთა დაუსჯელობით. გავრცელებული პრაქტიკით საქართველოს პროკურატურა წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) საფუძველზე იწყებს, ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე და 1443-ე მუხლების გამოყენებისა. ამგვარ პრაქტიკას ადასტურებს განსახილველ სამ საქმეში პოლიციის თანამშრომელთა მიმართ დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციაც.

პოლიციის მიერ ძალის გადამეტების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია პირის დაკავების მომენტიდან მის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მოპყრობის გარე კონტროლი, რაც სხვადასხვა გზით მიიღწევა. მათ შორისაა შსს-ს დაქვემდებარებულ ორგანოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა, იმ ადგილების სრული მეთვალყურეობით უზრუნველყოფა, სადაც დაკავებულ პირებს უწევთ ყოფნა. ამასთან, მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერების ინფორმაციის სახით ავტომატურ რეჟიმში ჩაწერა და გარკვეული გონივრული ვადით შენახვა. ასევე, აუცილებელია პოლიციის ყველა იმ თანამშრომლის აღჭურვა ფორმაზე დამაგრებული ვიდეო მოწყობილობებით, რომლებიც უშუალო კონტაქტში არიან მოქალაქეებთან.

პოლიციის მიერ ძალის გადამეტების პრევენციისთვის ასევე მნიშვნელოვანია იზოლატორში შესახლებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმება კონფიდენციალურ გარემოში, იზოლატორის თანამშრომლების დასწრების გარეშე მხოლოდ ექიმის მონაწილეობით. აღნიშნულთან ერთად, პრობლემურია დროებითი მოთავსების იზოლატორებში დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება დაკავებულ პირთა მიმართ, პოლიციის სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ჟურნალების ხარვეზების გარეშე შევსება, დაკავების ოქმსა და იზოლატორში გარეგნული დათვალიერების ოქმს შორის განსხვავებული მონაცემები დაკავებული პირის დაზიანებების თაობაზე.

პოლიციის სისტემაში ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაკავებული პირების საჩივრის სწრაფი და მიუკერძოებელი განხილვის უფლება, ინსტიტუციურად და სტრუქტურულად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოსაძიებლად და დევნის განსახორციელებლად, ასევე სამართალდამცველთა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ადამიანის უფლებების, მოპყრობის, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების, ისევე როგორც მასების მართვის საკითხებზე ჯეროვანი მომზადება.

 

2.5. შესწავლილი საქმეების საერთო შეფასება

განხილული საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა სისტემური პრობლემები აჩვენა ბრალდებული პირების მიმართ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას. საქმის მასალების შესწავლით გამოვლინდა როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა. საგამოძიებო ორგანოების თვითნებობის წინააღმდეგ სათანადო კონტროლის საკანონმდებლო მექანიზმის არარსებობა და საქმის მასალებში გამოკვეთილი მთელი რიგი სამართლებრივი დარღვევები, მათ შორის, ერთიანი ხელწერა, ქმნის უნდობლობის საფუძველს ამ საქმეებში მართლმსაჯულების ობიექტურად და სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით.

ასეთი შეფასების საფუძველს იძლევა საქმეთა შესწავლის შედეგად გამოკვეთილი შემდეგი გარემოებები:

  • სამივე საქმის დაწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სათანადო კონტროლს არ ექვემდებარება, ასევე, ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან არაგონივრულად მოკლე დროში ბრალდებულების ჩხრეკის განხორციელება;
  • სამივე საქმეში ჩხრეკის ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობით, რომლის დაკანონებისასაც სასამართლოს არ შეუფასებია კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის არსებობა;
  • პაკელიანის დაკავება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს;
  • პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაციის არსებობა, რომელზედაც მიმდინარეობს გამოძიება;
  • ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის დროისა და ვითარების შესახებ მსჯელობისა და მტკიცებულებების სიმცირე;

 

III.           ცალკეული სისხლის სამართლის საქმეების შეფასება

 

  1. შოთა პაკელიანის საქმის ფაქტობრივი გარემოებები

(შოთა პაკელიანი საქმის მიმდინარეობისას არ აღიარებდა წარდგენილ ბრალდებას, თუმცა დოკუმენტზე მუშაობის დასრულების დროისთვის მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა):

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 23 მარტს ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შოთა პაკელიანის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოგვიანებით, პაკელიანის მიმართ გამოძიება წარიმართა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით _ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, პაკელიანს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება და თავადაც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. საქმის მასალებით დგინდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვიდან ათ წუთში პაკელიანი მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებამდე იგი შეეცადა გაქცევას და წაქცევის შედეგად მიიღო დაზიანებები მუხლზე, ხელსა და თავის არეში. პაკელიანის დაკავების შემდეგ, საქმის მასალების მიხედვით, პოლიციის თანამშრომლებმა იგი დაკავების ადგილზევე გაჩხრიკეს და მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს მუყაოს ქაღალდში შეხვეული ნივთიერება, რაზედაც შედგა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი და პაკელიანი გადაიყვანეს პოლიციის მე-7 განყოფილებაში.

საქართველოს პროკურატურამ პაკელიანის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების მიმართ, ბრალდებულის დაზიანებებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

 

1.1. შესაძლო დარღვევები პაკელიანის სისხლის სამართლის საქმეში

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ბრალდება

პაკელიანის სისხლის სამართლის საქმის თანახმად, გამოძიება მას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა.

პაკელიანის ბრალდების შესახებ დადგენილებაში საუბარია ორივე ზემოთ ხსენებულ ქმედებაზე. თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, საგამოძიებო ორგანო ნივთიერების შეძენის დადასტურების მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებებს არ ახორციელებს. ამ ეტაპზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დგინდება, თუ რა ვითარებაში და როდის შეიძინა ეს ნივთიერებები ბრალდებულმა. შეძენის ფაქტის გამოკვლევისა და დადასტურების გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად წაყენებული ბრალის სარწმუნოება, განსაკუთრებით საქმეში არსებული სხვა პროცედურული ხარვეზების გათვალისწინებით. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის ფაქტის დადგენა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან უფრო სარწმუნოს ხდის ბრალდებულის მიერ ამ ნივთიერების ფლობის ფაქტს, თუმცა გავრცელებული პრაქტიკით და ამ საქმეშიც, ბრალდების შესახებ დადგენილებაში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენის თაობაზე მითითების გარდა, საგამოძებო ორგანო, სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე, შეძენის გარემოებებზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას.

 

დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე

შოთა პაკელიანის სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო 2017 წლის 23 მარტის ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების პოლიციის თანამშრომლის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის) პატაკი.

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, შოთა პაკელიანს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. პატაკში მითითებულია, რომ პაკელიანი იმყოფებოდა გუმათჰესის ქუჩაზე. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციის თანამშრომელი, მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, გამოკითხულია იმავე დღის 21:40-21:55 საათზე. პაკელიანის ფაქტობრივი დაკავების დროდ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია 2017 წლის 23 მარტის 22:05 საათი. აშკარაა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირის გამოკითხვასა და პაკელიანის დაკავებას შორის დროის შუალედი ათ წუთს შეადგენს, რაც ძალიან მცირე დროა სხვა პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირების, პაკელიანის ადგილსამყოფლის დადგენისა და საგამოძიებო მოქმედებებზე გადასვლისთვის.

საქმის მასალების მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობით პაკელიანის დაკავებას საფუძვლად დაედო რამდენიმე გარემოება: პაკელიანის დანაშაულზე წასწრება, დანაშაულის ჩადენის ადგილზე მისი დანახვა და მის მიმართ დაუყოვნებლივი სისხლისსამართლებრივი ღონისძიების განხორციელება დაკავების მიზნით, დანაშაულის კვალის აღმოჩენა მასთან და მისი მიმალვის შესაძლებლობა.

როგორც ირკვევა, პაკელიანის პირადი ჩხრეკა დაიწყო დაკავების შემდგომ, 22:06 საათზე, მას შემდეგ, რაც პაკელიანი ბრალდებულის სახით უკვე დაკავებული იყო. გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან დაკავების საფუძვლად დანაშაულზე წასწრების მითითება იმ პირობებში, როდესაც დანაშაულის საგნის _ ნარკოტიკული ნივთიერების _ ამოღება მხოლოდ დაკავების შემდგომ განხორციელებული პირადი ჩხრეკით მოხდა, დაუსაბუთებელი და უკანონოა. ამავე გარემოების გათვალისწინებით, უკანონოა დანაშაულის ჩადენის ადგილას მისი დანახვის გამო მის მიმართ დაუყოვნებელი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება დაკავების მიზნით და დაკავების მიზეზად პაკელიანის ტანსაცმელზე დანაშაულის აშკარა კვალის აღმოჩენის მითითება.

საგულისხმოა, რომ ბრალდებული არ უარყოფს პოლიციელების დანახვის შემდგომ გაქცევის მცდელობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაკავების ერთადერთი კანონისმიერი საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო. აღნიშნულის მიუხედავად, დაკავების ამ საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც, პრობლემურია დაკავების განხორციელება და შესაბამისად, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. დაკავებისა და შესაბამისად, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოითხოვება გამოძიების სტადიაზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. მოცემულ შემთხვევაში კი პაკელიანი დააკავეს იმ ეტაპზე, როდესაც საქმეში არსებობდა მხოლოდ პატაკი და გამოკითხული იყო პატაკის შემდგენი პოლიციელი. ნათელია, რომ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის არსებობის პირობებში პაკელიანის დაკავებით დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტი.

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკა

 

პაკელიანის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიდან ვლინდება, რომ 2017 წლის 23 მარტს, 22:06 საათზე, მის დაკავებას იმავე ადგილზე მისი პირადი ჩხრეკა მოჰყვა, რომელიც 7 წუთის შემდეგ, 22 საათსა და 13 წუთზე, დასრულდა. ოქმის თანახმად, ჩხრეკის დაწყებამდე პაკელიანს მიეცა წინადადება, კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ნივთიერების ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ, რაზედაც ბრალდებულმა უარი განაცხადა. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის თაობაზე ოქმში მითითებულია, რომ შოთა პაკელიანი ცდილობდა გაქცევას, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა. ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკის შედეგად პაკელიანის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან აღმოჩენილი და ამოღებულია ღია შეფერილობის ქაღალდში გახვეული მოყავისფრო შეფერილობის მძაფრი სუნის მქონე ნივთიერება, რომელიც სამართალდამცველი პირების მიერ მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა, ლუქზე პოლიციის თანამშრომლება გააკეთეს ხელმოწერები, ხოლო შოთა პაკელიანმა ლუქზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ნივთიერების გარდა, პაკელიანის პირადი ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულ და დალუქულ იქნა ბრალდებულის პირადი ნივთები: მობილური ტელეფონი, სანთებელა და ფულადი კუპიურები.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისთვის განმარტების მიცემა ნარკოტიკული ნივთიერების ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ, პაკელიანის ტანსაცმლის პირადი ჩხრეკა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული საგნების დალუქვა, ღამის განათების პირობებში, მთლიანობაში, 7 წუთში განხორციელდა, რაც, პაკელიანის წინააღმდეგობის ფონზე, კითხვებს აჩენს ოქმში მითითებული გარემოებების სისწორესთან დაკავშირებით და ეჭვის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩხრეკის ჩატარების დროის, ადგილისა და ვითარების შესახებ საქმის მასალებში დაფიქსირებულ მონაცემებს.

როგორც აღინიშნა, შოთა პაკელიანის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის საფუძველს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია წარმოადგენდა. აღნიშნულის გარდა, საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მას თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. პაკელიანის პირადი ჩხრეკის საფუძველს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტისა და 119-ე მუხლების ერთობლიობით, წარმოადგენს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომელიც ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობის არსებობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წინაპირობად აწესებს. ოპერატიული ინფორმაციის თაობაზე პატაკი და ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც იგი პატაკში მითითებულ ინფორმაციას ადასტურებს, ერთსა და იმავე წყაროს ეყრდნობა და საეჭვოა, ამ შემთხვევაში, რამდენად სრულდება კანონმდებლის მოთხოვნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის _ ინფორმაციის ერთობლიობის არსებობის თაობაზე.

განსხვავებით ჩხრეკის ოქმისგან, ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებაზე საუბრობდა გამოკითხვის ოქმში, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებით, მან მთლიანად გადაყლაპა მასთან არსებული ნარკოტიკული საშუალება. მისი განმარტებით, ამას მოჰყვა მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, მისი გაშიშვლება ოთახში მყოფი პოლიციელებისა და სხვა მოქალაქეების თანდასწრებით, პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგადაც მას არაფერი არ აღმოაჩნდა და ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც პაკელიანის პირადი ჩხრეკის ოქმშია მითითებული, მას არ ეკუთვნის. დაცვის მხარის მიერ მოპოვებული და საქმეში მტკიცებულების სახით არსებული პოლიციის განყოფილების ვიდეოჩანაწერებით დასტურდება ბრალდებულის პოზიცია მისი განყოფილებაში მიყვანის შემდეგ გაშიშვლებისა და ჩხრეკის თაობაზე.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის გარდა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ პაკელიანი ნამდვილად ფლობდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. იმ პირობებში კი, როდესაც დადასტურებულია, რომ პაკელიანმა დაკავებამდე მოასწრო გადაეყლაპა მასთან არსებული ნარკოტიკული ნივთიერებების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული არაგონივრულად მცირე დრო, ზოგადად მტკიცებულებების სიმწირესთან ერთად აჩენს ეჭვებს საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

 

ბრალდებულის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დაგვიანებით

პაკელიანის დაკავებისა და ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ (განყოფილებაში ბრალდებულის შეყვანის დროდ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია 2017 წლის 23  მარტის 22:31 საათი), ბრალდებულის ჩვენებისა და საქმეში არსებული სამედიცინო ბარათის თანახმად, 2017 წლის 24 მარტის 00:30 საათზე (შეყვანიდან 2 საათის შემდეგ), საგამოძიებო ორგანოში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასწრაფო დახმარების ექიმებმა პაკელიანს დაუმუშავეს მარჯვენა მუხლზე არსებული ჭრილობა, რომელიც მან, მისივე ჩვენების თანახმად, დაკავების დროს გაქცევის შედეგად მიიღო და დაადეს სახვევი, ასევე მას დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა და შეავსეს სამედიცინო ბარათი. პაკელიანის განმარტებით, ექიმების წასვლის შემდეგ იგი მიხვდა, რომ მის მიერ გადაყლაპულმა ნარკოტიკულმა ნივთიერებამ მოქმედება დაიწყო, რის შესახებაც მან იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს აცნობა და მოითხოვა სოდიანი წყალი კუჭის ამორეცხვის მიზნით. მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ ეს ნივთიერება სასწრაფოდ არ გამოიდევნებოდა მისი ორგანიზმიდან, მიღებული ნარკოტიკული საშუალება, მისი დიდი ოდენობის გათვალისწინებით, მას სიკვდილამდე მიიყვანდა. ბრალდებული უთითებს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი მოთხოვნა ერთი საათის განმავლობაში სერიოზულად არ აღქმულა, მათ ბრალდებულის განმარტება „სიმულიანტობად“ მიიჩნიეს და პაკელიანს ფიზიკური შეურაცხყოფით _ თავის არეში დარტყმების მიყენებით უპასუხეს.

ბრალდებულის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც პაკელიანის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიციის იმავე სამმართველოს შენობაში ინფორმაციის მისაღებად იმყოფებოდა, გამოკითხვის ოქმით ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც პაკელიანის ახლობლებს პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის ყვირილი ესმოდათ და პოლიციისგან რამდენჯერმე მოითხოვეს მასთან შეშვება, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას აცნობა, რომ პაკელიანი იყო შეუძლოდ და სასწრაფო დახმარება ჰყავდათ გამოძახებული. ამავე პოლიციელმა მას მისცა შესაძლებლობა, ენახა პაკელიანი, რომელიც იყო განყოფილების ერთ-ერთ ოთახში მწოლიარე მდგომარეობაში, უგონოდ და სრულიად უკონტაქტო.

ექიმების გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ პაკელიანს განყოფილებაში 2017 წლის 24 მარტის 02:10 საათზე მიაკითხა, რის შემდეგაც ბრალდებული 02:58 წუთზე მიიყვანეს საავადმყოფოში და შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ, 04:10 საათზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მან 3 დღე კომატოზურ მდგომარეობაში დაჰყო.

პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულის სახით დაკავებული პაკელიანისთვის სამედიცინო დახმარების მიწოდება მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების შემდგომ მოხდა. საგულისხმოა, რომ პაკელიანის დაკავებაში მონაწილე პოლიციის ორივე თანამშრომელი გამოკითხვის ოქმებში განმარტავს, რომ პოლიციის განყოფილებაში პაკელიანს მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია ნარკოტიკული საშუალების გადაყლაპვის შესახებ. მათი ჩვენებების მიხედვით, თავდაპირველად სასწრაფო-სამედიცინო დახმარება პოლიციის თანამშრომელთა ინიციატივით გამოძახებულ იქნა პაკელიანის მუხლსა და ხელზე არსებული დაზიანების დასამუშავებლად, რაც მან წაქცევის შედეგად მიიღო. მათივე განმარტებით, პირველ ჯერზე გამოძახებული სამედიცინო ბრიგადის წასვლის შემდეგ პაკელიანმა ნამდვილად განაცხადა, რომ ის შეუძლოდ იყო, თუმცა მას არც სასწრაფოსთვის და არც გამომძიებლებისთვის არ უთქვამს, თუ რა აწუხებდა. სწორედ ამით ხსნის საგამოძიებო ორგანო საქმის მასალებში პაკელიანის სამედიცინო დახმარების მეორე და მესამე ჯერზე გამოძახების მიზეზის მიუთითებლობას. პოლიციელთა ამ განმარტების მიუხედავად, ისინი ასევე არ უარყოფენ, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ ჩაიყო ხელი შარვლის მარჯვენა ჯიბეში პაკელიანმა გაქცევის დროს და „ამ ხელით პირში რაღაც ჩაიდო“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, პოლიციელთა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, საკმარისი უნდა ყოფილიყო ვარაუდისთვის, თუ რა ქმედებას განახორციელებდა პაკელიანი, რომელიც პოლიციელებს ნარკოტიკის უკანონო შენახვისთვის უნდა დაეკავებინათ.

სსსკ-ის 38-ე მუხლის მეორე ნაწილი დაკავებულს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო შემოწმებით. პაკელიანს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა წაქცევის შედეგად დაზიანებული მუხლის შესახვევად, თუმცა, პაკელიანის განმარტებით, ამის შემდეგ მისი არაერთი თხოვნა ნარკოტიკული საშუალების კუჭიდან ამორეცხვის თაობაზე პოლიციის თანამშრომლებმა საათზე მეტი ხნის განმავლობაში უგულებელყვეს.

პოლიციის პატიმრობაში მყოფი პირისთვის სამედიცინო დახმარების მიწოდების გაჭიანურებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დარღვევისა და არასათანადო მოპყრობის კონტექსტში განიხილავს. საქმეში „ანგელოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის დარღვევა, ვინაიდან პოლიციის განყოფილებაში მყოფ ბრალდებულს არ გაეწია დროული სამედიცინო დახმარება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. სასამართლოს განმარტებით, დაკავებულის სიკვდილი შედეგი იყო პოლიციის უმოქმედობისა, პირისთვის დროული სამედიცინო დახმარება გაეწიათ. აღმოჩნდა, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა პირის სიკვდილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პაკელიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, ექიმების მიერ დაცვის მხარისთვის მიცემული განმარტებით, პაკელიანის საავადმყოფოში გადაყვანის მცირეხნიანი დაგვიანებაც კი შეიძლებოდა ლეტალური შედეგით დასრულებულიყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სპეციალურ მოთხოვნებს ითვალისწინებს იმ პირთა სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფისთვის, რომელთა თავისუფლებაც შეზღუდულია სახელმწიფოს მიერ. კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, პატიმრობაში მყოფი პირის ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად, სავალდებულო და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმა, მისი დაგვიანებით, ან/და სავსებით არასაკმარისად მიწოდებას ევროპული სასამართლო კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად აფასებს. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის გაყოფილებაში პაკელიანის განცხადებებს, რომ მის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მიღების გამო მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, პოლიციის თანამშრომელთა დაგვიანებული რეაგირება მოჰყვა. ამან კი, საბოლოოდ, პაკელიანის უგონო მდგომარეობა და მისი ინტოქსიკაცია გამოიწვია. მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდა მას სამედიცინო დახმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ არაადამიანურ მოპყრობად მიიჩნევა ინტენსიური ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ტანჯვა და იმგვარი განზრახი მოპყრობა, რომელიც ხანგრძლივად იწვევს რეალურ სხეულებრივ დაზიანებას, პაკელიანის მიმართ პოლიციის შენობაში დაგვიანებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენით შეიძლება ადგილი ჰქონდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) და ნარკოლოგიური ექსპერტიზების არარსებობა

პაკელიანის სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დანიშნულა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა _ პაკელიანის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შესანახ საშუალებაზე _ ღია შეფერილობის ქაღალდზე იყო თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალა და დადებით შემთხვევაში ვის მიეკუთვნებოდა ის. აღნიშნული ექსპერტიზა აუცილებელია, რათა გამოძიების მიერ ჩატარებული პაკელიანის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შესანახ საშუალებასთან პაკელიანის შემხებლობა დადგინდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს ეჭვი ამ ნივთიერების წარმომავლობასთან მიმართებით განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პაკელიანმა მასთან არსებული ნარკოტიკული საშუალების პირადად მოხმარება მოასწრო გაქცევის დროს და მისი პოზიციით, ჩხრეკის დროს ის ამ ნივთიერებას აღარ ფლობდა. საქმეში ბიოლოგიური ექსპერტიზის არარსებობა საქმის მთავარ მტკიცებულებასთან _ ნარკოტიკულ საშუალებასთან და მის შესანახ საშუალებასთან მიმართებით ნივთიერი მტკიცებულებულის წარმომავლობისა და შესაბამისად, მისი სარწმუნოობის შესახებ ეჭვს წარმოშობს. სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოებისას უნდა არსებობდეს შესაბამისი ნივთიერი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, რისი მეშვეობითაც დგინდება ნივთიერი მტკიცებულების კავშირი სისხლის სამართლის საქმესთან. აღნიშნული ინფორმაციის არარსებობა იწვევს დაუძლეველ ეჭვს მტკიცებულების წარმომავლობასა და საქმესთან მისი შემხებლობის თაობაზე. თუ მტკიცებულების წარმომავლობა უცნობია, შეუძლებელია შეფასდეს მისი სანდოობა და შესაბამისად, ის უტყუარიც ვერ იქნება.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას _ ე. წ. ბიოს, თუმცა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნით ასევე არ დაუდგენია, რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო პაკელიანი პოლიციის განყოფილებაში მისი მიყვანის დროს.

პაკელიანის სისხლის სამართლის საქმეში ბიოლოგიური/გენეტიკური ექსპერტიზის, ისევე როგორც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა საგამოძიებო ორგანოს მიერ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისთვის აუცილებელი იყო, რათა გამოკვეთილიყო შემხებლობა ბრალდებულსა და ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას შორის. ამ ფაქტის დადგენა საქმის მთავარი მტკიცებულების წარმომავლობისა და გამოძიების სრულყოფილად წარმართვის აუცილებელი წინაპირობა იყო, რაც, დღემდე საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, უგულებელყოფილია.

 

პოლიციის თანამშრომელთა მიერ შესაძლო ძალის გადამეტება

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მიერ მოქალაქე შოთა პაკელიანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად.

პაკელიანის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ პოლიციის განყოფილებაში მისი მიყვანის შემდეგ მას თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ფაქტის აღიარება მოსთხოვეს და როდესაც პაკელიანმა აღნიშნული უარყო, პოლიციელებმა მას თავის არეში 15-20 დარტყმა მიაყენეს. ბრალდებული ასევე ადასტურებს, რომ პოლიციელთა დანახვის შემდეგ მან გაქცევა სცადა და წაიქცა, თუმცა დაზიანებებთან მიმართებით განმარტავს, რომ წაქცევის შედეგად მხოლოდ მარჯვენა მუხლი და მარცხენა ხელის იდაყვი დაიზიანა. პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილ პაკელიანის დაკავების ოქმში კი დაზიანებებთან დაკავშირებით, მარჯვენა მუხლისა და მარცხენა ხელის იდაყვზე ესკორიაციების გარდა, აღნიშნულია, რომ დაკავებულს ვიზუალური დათვალიერების შედეგად სახეზე, ცხვირსა და შუბლზეც ჰქონდა კანის დაზიანებები, რაც მან დაკავების დროს წაქცევის შედეგად მიიღო.

ერთი მხრივ, სადავოა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის დაკავების ადგილზე შევსების ფაქტი, რაზედაც პაკელიანი განმარტავს, რომ მისი დაკავების ადგილზე არანაირი ოქმი არ შევსებულა. საქმეში არსებული დოკუმენტაციის შეჯერებით არ გამოირიცხება, რომ ოქმში დაზიანებებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით არის შეტანილი და იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ პაკელიანისთვის მოგვიანებით მიყენებული დაზიანებებიც ამ ოქმში იყოს ასახული. საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტაცია, თუ რა მდგომარეობაში იყო პაკელიანი პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს და პოლიციის განყოფილების მიერ დაცვის მხარისთვის მიცემული წერილობითი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ მათ რაიმე ვიდეოჩანაწერების გადაცემის შესაძლებლობაც არ გააჩნიათ.

პაკელიანის ახლობლები, რომლებიც მისი პოლიციის განყოფილებაში მიყვანიდან მალევე ამავე განყოფილებაში იმყოფებოდნენ, ადასტურებენ, რომ მათ ესმოდათ პაკელიანის ყვირილი ერთ-ერთი ოთახიდან, რაც მათ მიერ გაკეთებული და საქმის მასალებში არსებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება.

საქმის მასალებში არ მოიპოვება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პაკელიანის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეები თანხმდებიან ბრალდებულის მარჯვენა მუხლსა და მარცხენა ხელის იდაყვზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის შესახებ, სადავოა პაკელიანის სახეზე აღნიშნული დაზიანებების მიზეზი. საგამოძიებო ორგანოს დანიშნული აქვს საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, რომლითაც შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტზე მექანიკური ზემოქმედების, მასში გაყალბების არსებობის დადგენა, თუმცა არა უშუალოდ სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პაკელიანის საქმეში პრობლემური გარემოებებია:

  • დაკავებისა და ჩხრეკის განხორციელება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;
  • პაკელიანის ჩხრეკა პოლიციის განყოფილებაში და არა მისი დაკავების ადგილზე, როგორც ეს ჩხრეკის ოქმშია მითითებული;
  • სამედიცინო, ნარკოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზების ჩაუტარებლობა;
  • ბრალდებულისთვის პოლიციის განყოფილებაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მისი ჯანმრთელობის კრიტიკულად გაუარესების შემდგომ;
  • პოლიციის მხრიდან ბრალდებულის დაკავების შემდგომ სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტება.

 

  1. დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალების თანახმად, დავით ხარშილაძის მიმართ გამოძიება დაიწყო, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 13 მარტს, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, დავით ხარშილაძე იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და იგი ეწეოდა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას. მოგვიანებით, ხარშილაძის მიმართ გამოძიება წარიმართა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე.

ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირის გამოკითხვიდან 4 წუთში, 13 მარტს, ხარშილაძეს თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და საქმის მასალების მიხედვით, მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკები, მათში მოთავსებული ფხვნილითა და 3 ცალი აბით. აღნიშნულის შემდეგ ხარშილაძე დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ დავით ხარშილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2.1 დარღვევები დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმეში:

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა

საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. ხარშილაძის მიმართ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ხარშილაძის პირადი ჩხრეკის შემდეგ, ბრალდების შესახებ დადგენილებით, ხარშილაძის ბრალდება გამოიხატა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, კერძოდ, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,1626 გრამი ნარკოტიკული საშუალების _ „ბუპრენორფინის“ უკანონოდ შეძენაში, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად.

ბრალდების ამგვარად ფორმულირების მიუხედავად, საქმის მასალებში არ იკვეთება საგამოძიებო ორგანოს მცდელობაც კი დადგინდეს, რა ვითარებაში მოხდა ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა და ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამ გარემოების აღნიშვნის გარდა, საქმის მასალებში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენასთან მიმართებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განხორციელებული არ არის.

 

ოპერატიული ინფორმაცია

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, გამომძიებლის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, ოპერატიული ინფორმაცია დავით ხარშილაძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის თაობაზე მიიღო 2017 წლის 13 მარტს. აღნიშნულის თაობაზე, ამავე დღეს, 16:20-16:31 საათზე გამოიკითხა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, რომელმაც ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დავით ხარშილაძის ადგილსამყოფელად მიუთითა ბოჭორიშვილის ქუჩა. აღნიშნულის შემდგომ დავით ხარშილაძეს, იმავე დღის 16 საათსა და 35 წუთზე, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. გაუგებარია, თუ როგორ მოესწრო ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან 4 წუთის შუალედში დავით ხარშილაძის პოვნა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედების დაწყება.

 

დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკა

დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი „დუტის“ ჟილეტის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი თეთრი ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკები, რომლებიდანაც ერთ წონაკში მოთავსებულია სამი ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის აბები თითოეულზე ცალ-ცალკე არსებული ნაჭდევი წარწერებით ბ8, ხოლო მეორე წონაკში მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ასევე ამოღებულ იქნა ხარშილაძის პირადი ნივთები: მობილური ტელეფონი, მისი პლასტიკური ბარათი და ფულადი კუპიურები, ასევე ლითონის რგოლზე დაკიდებული 4 ცალი გასაღები. ამავე ოქმის თანახმად, ამოღებული პოლიეთილენის პარკის წონაკები დაილუქა ორ ფუთად და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, ასევე დაილუქა პირადი ნივთები. საქმის მასალებში არსებული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმში ხარშილაძე მიუთითებს, რომ პირადი ჩხრეკის დაწყებამდე პოლიციის თანამშრომლებს მისთვის არ შეუთავაზებიათ ხარშილაძის ჯიბეში არსებული ნივთების ნებაყოფლობით წარდგენა. ბრალდებულის განმარტებით, მისი პირადი ჩხრეკის დროს მას თავზე ჰქონდა წამოფარებული მის ჟილეტსა და სვიტერზე არსებული ქუდები და მხედველობა შეზღუდული ჰქონდა.

დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარემ ხარშილაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადი ნივთების ადვოკატისთვის ჩაბარების დროს არ დაიცვა ნივთების ლუქის მთლიანობა. დაცვის მხარე ამ დარღვევაზე მითითებით ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად ჩხრეკასთან მიმართებით განხორციელებულ მოქმედებებს და არ გამორიცხავს პირად ნივთებზე ბრალდებულის გენეტიკური კვალის გამოყენებას შემდგომ ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზებისთვის.

 

დავით ხარშილაძის დაკავება

საგამოძიებო ორგანოს მიერ დავით ხარშილაძის პირადი ჩხრეკის შემდეგ იგი, 2017 წლის 13 მარტის 16 საათსა და 55 წუთზე, დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით. დაკავების ოქმი შედგა 16:57-17:10 დროის შუალედში. დაკავების საფუძვლებად ოქმში მითითებულია დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრება, მასზე ან მის ტანსაცმელზე აღმოჩენილი დანაშაულის აშკარა კვალი და მისი მიმალვის შესაძლებლობა.

ბრალდებულმა მისი დაკავების შესახებ განმარტა, რომ მისი აზრით, სამართალდამცველმა პირებმა დაკავების დროს გამოიყენეს არაპროპორციული ძალა.

ამ საქმეში სადავოა დავით ხარშილაძის დაკავების ზუსტი დრო და შესაბამისად, დაკავებულისთვის მის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული განმარტებების მიცემის საკითხი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარშილაძის პირადი ჩხრეკა დაიწყო 16 საათსა და 35 წუთზე და დასრულდა 16 საათსა და 55 წუთზე. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ ხარშილაძე პირადი ჩხრეკის დაწყებამდე შეეცადა გაქცევას, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და ხარშილაძე დაწვენილ იქნა ასფალტის საფარზე ისე, რომ დაზიანებები არ მიუღია. დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ხარშილაძის დაკავების დროს წარმოადგენდა არა დაკავების ოქმში აღნიშნული 16 საათი და 55 წუთი, არამედ ხარშილაძის ასფალტის საფარზე დაწვენის მომენტი პირადი ჩხრეკის დაწყებამდე. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ხარშილაძის დაკავება მოხდა დაუდგენელ დროს, მაგრამ არაუგვიანეს 16:35 საათისა.

დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 15 მარტის განჩინებით ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ხარშილაძის დაკავების ზუსტ დროდ ითვლება და დაკავების ვადის დინების ათვლა იწყება მისი მიმოსვლის თავისუფლების ფაქტობრივი შეზღუდვის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, თუ როდის და სად იქნება შედგენილი დაკავების ოქმი. პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსის მიხედვით, ხარშილაძეს მიმოსვლის თავისუფლება, ფაქტობრივად, შეეზღუდა 16:35 საათზე და დაკავების ვადაც ამ მომენტიდან აითვლება. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბრალდებულის დაკავებიდან სასამართლოში წარმოდგენამდე კანონით დადგენილი 48-საათიანი ვადა დარღვეული არ იყო და აღნიშნული არ მიიჩნია არსებითი ხასიათის დარღვევად, რაც მისი დაკავებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველი იქნებოდა სსსკ-ის 175-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლოს ამ მსჯელობას არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია 2017 წლის 21 მარტის განჩინებით (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და განმარტა, რომ გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა გასაჩხრეკმა პირმა უარი განაცხადოს უკანონო ნივთის წარმოდგენაზე, სცადოს მისი გადაგდება ან გაქცევა, რა დროსაც დასაშვებია პროპორციული ძალის გამოყენება და ეს უნდა შეფასდეს, როგორც სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული იძულება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პირის მიმართ, ნებაყოფლობით, ნივთის წარმოდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში. სასამართლოს შეფასებით, ხარშილაძის ასფალტზე დაწვენა იყო ხსენებული იძულების გამოყენება და არა დაკავება, რის გამოც დაკავების ვადების ათვლა, უფლებების განმარტება და სხვა პროცედურები, რაც ახასიათებს დაკავებას, არც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან დაკავება დამოკიდებული იყო პირადი ჩხრეკის შედეგებზე და წინასწარ არავინ იცოდა, გამართლდებოდა თუ არა ოპერატიული ინფორმაცია. განჩინებაში მოყვანილი მსჯელობის თანახმად, ოპერატიული ინფორმაცია არ არის საკმარისი პირის დაკავებისთვის.

ხარშილაძის დაკავების ზუსტ დროსთან დაკავშირებით არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების ფონზე მხედველობაშია მისაღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა, თუ რა მომენტიდან მიიჩნევს იგი ადამიანის თავისუფლებას შეზღუდულად მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით. საქმეში „კრეანგა რუმინეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ პირის დაკავების მომენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამართალდამცველი ორგანოების მიერ პირის კონტროლის ქვეშ მოქცევის მომენტი შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და პირველი ინსტანციის მიერ დავით ხარშილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებულ განჩინებაში მოყვანილი მსჯელობის ერთობლივი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ხარშილაძის ფაქტობრივი დაკავების მომენტს ჩხრეკის დასაწყებად მისი ასფალტზე დაწვენის დრო წარმოადგენდა. სამართალდამცველი ორგანოების მიერ ამ მომენტიდან უნდა უზრუნველეყოთ იგი ბრალდებულისთვის პროცესუალურად მინიჭებული უფლებების სარგებლობით და მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველ ორგანოს დაკავებისთვის კანონით დადგენილი 48-საათიანი ვადა არ დაურღვევია, ხარშილაძის დამკავებელი პირების მოქმედებით მისი სამართლებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა.

 

სასამართლოს მიერ განჩინების განხილვისთვის დადგენილი ვადის დარღვევა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარშილაძეს 2017 წლის 15 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს განჩინება გაასაჩივრა დაცვის მხარემ 2017 წლის 17 მარტს, მისი გამოტანიდან 48-საათიან ვადაში, სსსკ-ის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, თუმცა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დაარღვია საჩივრის განხილვისთვის სსსკ-ის 207-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული 72-საათიანი ვადა და მისი განხილვა 21 მარტს, ერთდღიანი დაგვიანებით დაასრულა.

სასამართლოს მიერ დაკავების/დაპატიმრების კანონიერების შემოწმების დროს საქმის განხილვის ვადის დარღვევა განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც სასამართლომ თავად უნდა დაიცვას მოქალაქეები თავისუფლების შემზღუდველი უკანონო გადაწყვეტილებებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას განიხილავს კონსტიტუციის მე-18 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5

მუხლთან (თავისუფლების უფლება) კავშირში და მიუთითებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის, იმავდროულად, ითვალისწინებს თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით, გადაამოწმოს დაკავებისა თუ დაპატიმრების კანონიერება და მართლზომიერება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, თუ დაპატიმრება უკანონოა“. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის პირადი თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის, საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, შეუზღუდავი უფლება, თუმცა ის აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან“. მისი განმარტებით, პირადი თავისუფლების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობის, მისი გადაწყვეტილების საფუძველზეა დასაშვები და სასამართლო, ერთი მხრივ, მოქმედებს როგორც ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შეზღუდვის უფლებამოსილებით აღჭურვილი ლეგიტიმური ორგანო. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა პრობლემა სააპელაციო სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების კანონიერების გადამოწმებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა მაშინ, როდესაც პირის თავისუფლების შეზღუდვის მართლზომიერების საკითხი უნდა გადაწყდეს.

მართალია, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ შეცვალა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხარშილაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, თუმცა საქმის განხილვისთვის კანონით დადგენილი 72-საათიანი ვადის დარღვევით საფრთხის ქვეშ დააყენა პირის დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესაძლებლობა, არ გაითვალისწინა რა, რომ როცა საკითხი ეხება დაკავების/პატიმრობის კანონიერების შემოწმებას, თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის თითოეულ საათს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს პატიმრობით თავისუფლების უფლებაში ჩარევის ინტენსიობის გათვალისწინებით.

 

პოლიციის თანამშრომელთა მიერ შესაძლო ძალის გადამეტება

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ მოქალაქე დავით ხარშილაძის მიმართ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ხარშილაძის დაკავების დროს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყება საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვა სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითი მიმართვით, რომლითაც მან საგამოძიებო ორგანოს აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე მიუთითა.

ბრალდებულის სახით დაკავებული დავით ხარშილაძის ჩვენების თანახმად, მისი დაკავების დროს დაკავების უფლებამოსილების მქონე პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავების დროს გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა. სახალხო დამცველის რწმუნებულის მედიაში გავრცელებული განცხადებით, იგი დაკავებულთან იმყოფებოდა მისი ბრალდებულის სახით დაკითხვისა და ხარშილაძისგან საექსპერტო კვლევის ნიმუშის აღების პროცესში, „დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც, მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ამის მიუხედავად, ხარშილაძის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ დაკავებულს რაიმე სახის დაზიანებები სხეულზე არ აღენიშნებოდა. დამკავებელი პოლიციის თანამშრომლის მიერ ხარშილაძის დაზიანების თაობაზე მიუთითებლობით მთლიანად ოქმის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ხარშილაძის მიმართ არაეთიკური მოპყრობის ფაქტზე 2017 წლის 14 მარტს დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების წინადადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განმარტა, რომ „პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს 2017 წლის 13 მარტს თავად შეესწრო სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც დაკავებული დ. ხ.-ს მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში“. განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ვალდებულებას, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმის შესაძლო პროცესუალურ დარღევებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:

  • ჩხრეკისა და დაკავების განხორციელება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ბრალდებულის დაკავების დროს სამართალდამცველი პირების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება და ბრალდებულის უფლებების განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა დამკავებელი პირების მიერ;
  • ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადი ნივთების კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევით დაულუქავ მდგომარეობაში დაცვის მხარისთვის გადაცემა;
  • აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით;
  • ბრალდებულის მიმართ პოლიციის თანამშრომლების სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

 

  1. მიხეილ თათარიშვილის სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები

მიხეილ თათარიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილებამ 2017 წლის 15 მარტს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოგვიანებით თათარიშვილის მიმართ გამოძიება წარიმართა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თათარიშვილი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. იგი იმყოფებოდა დაბა სურამში, თამარ მეფის ქუჩაზე. საქმის მასალების თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირის გამოკითხვიდან ნახევარ საათში, თათარიშვილი დაბა სურამში გაჩხრიკა პოლიციის ორმა თანამშრომელმა გადაუდებელი აუცილებლობით, მისგან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რის შემდეგაც იგი დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს ხაშურის რაიონის პოლიციის განყოფილებაში.

 

თათარიშვილის პირადი ჩხრეკა და დაკავება

საქმის მასალების თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებლის მიერ 2017 წლის 15 მარტის 00:35-00:45 დროის შუალედში, ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირის გამოკითხვის შემდეგ, იმავე ღამის 01:15-01:40 პერიოდში, მიხეილ თათარიშვილს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, დაბა სურამში, თამარ მეფის ქუჩაზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ლისტის მაგვარი ტაბლეტები წარწერით შUBUთEX, რომელთა ოდენობა, მთლიანობაში, 18-ს შეადგენდა. ამოღებული ნივთები, პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაილუქა.

საინტერესოა, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან უმცირეს დროში _ 30 წუთში მოხდა მიხეილ თათარიშვილის პოვნა დაბა სურამში თამარ მეფის ქუჩაზე და მისი პირადი ჩხრეკა ამავე დეპარტამენტის იმ პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებიც ბათუმიდან თბილისისკენ მოემართებოდნენ და სატელეფონო კომუნიკაციით დაევალათ ამ ჩხრეკის ჩატარება. საქმეში არსებული დაცვის მხარის მიერ გამოკითხული პირების ინფორმაციით, თათარიშვილი იმყოფებოდა არა თამარ მეფის ქუჩაზე, არამედ თავის ორ მეგობართან ერთად იგი იყო დაბა სურამის ერთ-ერთ სასაუზმეში, საიდანაც პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა ის გარეთ გაიყვანა და რამდენიმეწუთიანი ხმამაღალი საუბრის შემდეგ ის ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. დაკავების ოქმში დაკავების ადგილის თაობაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების ფონზე საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით თათარიშვილის დაკავების ადგილად სასაუზმის მითითებით და ამით დაცვის მხარის პოზიციის დადასტურებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად დაკავების ოქმის სანდოობა.

მიხეილ თათარიშვილი პირადი ჩხრეკის შემდეგ, 2017 წლის 15 მარტის 01:40 საათზე, დააკავეს მისი ჩხრეკის ადგილზე. დაკავების ოქმის თანახმად, აღნიშნული საპროცესო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, დაკავების ოქმის შევსება დაიწყო ადგილზევე, თუმცა გაურკვეველი მიზეზით იგი დასრულდა დაბა სურამის პოლიციის განყოფილებაში. სსსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამკავებელს ევალება დაკავების ოქმის დაუყოვნებლივ შევსება. აღნიშნულისგან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით შეუძლებელია. ასეთ დროს დასაშვებია დაკავებულის პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე ოქმის შევსება. ვინაიდან თათარიშვილის დაკავების ადგილზე ოქმის შეუვსებლობის ობიექტური მიზეზი სამართალდამცველებს არ დაუსახელებიათ, აღნიშნული პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა

საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. თათარიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. თათარიშვილის პირადი ჩხრეკის შემდეგ, ბრალდების მხარის ვერსიის თანახმად, 0,144 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ამოღების შემდეგ, მას ბრალი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში.

ბრალდების ამგვარი ფორმულირების მიუხედავად, საქმის მასალებში არ იკვეთება საგამოძიებო ორგანოს მცდელობაც კი, დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა.

ამასთან, საქმის მასალებში მოიპოვება თათარიშვილის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნა გამოთხოვილი, თუმცა მაინც არ დგინდება შემდგომში ამ ნარკოტიკული საშუალებების მიმართ თათარიშვილის განზრახვა. ასევე საქმის მასალებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ გამოძიების მიერ თათარიშვილის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონის ფაქტზე პირდაპირ დაკავებით გამოირიცხება იმის დადგენის შესაძლებლობა, ხომ არ ექნებოდა ადგილი ამ ნარკოტიკული საშუალების შემდგომში გასაღებას. საგამოძიებო ორგანოს ამ მიმართულებით არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით არ უმუშავია, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სრულ, ობიექტურ და ყოველმხივ გამოძიებასთან მიმართებით.

 

თათარიშვილის სისხლის სამართლის

საქმის შესწავლის შედეგად პრობლემურია შემდეგი საკითხები:

  • ბრალდებულის დაკავება და ჩხრეკა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ბრალდებულის დაკავების ადგილთან მიმართებით საქმეში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები;
  • ნარკოტიკული საშუალების შეძენის გარემოებებთან მიმართებით საქმეში არარსებული მტკიცებულებები.

 

  1. რეკომენდაციები

 

საქართველოს პარლამენტს:

  • განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება/დამატებები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობას, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას და ოპერატიული ინფორმაციის წყაროს; ასევე, მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, საკითხის განხილვისას დაკითხოს საგამოძიებო მოქმედებების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი და ამ ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილე სხვა პირები, საგამოძიებო მოქმედების/ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას არსებული გარემოებების თაობაზე;
  • განხორციელდეს ცვლილებები საპროცესო კანონმდებლობაში, რათა საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა) ადრესატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების კანონიერების თაობაზე;
  • განხორციელდეს ცვლილებები საქართველის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც გამორიცხავს საგამოძიებო ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას მის მიერ ჩხრეკის ჩატარების დროს, მათ შორის, განხილულ იქნეს დამსწრეთა, ან ამ მექანიზმის ალტერნატივის შემოღების საკითხი, ასევე, საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების საკითხი;
  • შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტების დროულად და ეფექტიანად გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით;

 

საერთო სასამართლოებს:

  • გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების საკითხის განხილვისას სასამართლომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების ხარისხიანი განხორციელება და საქმის საფუძვლიანი შესწავლა. კერძოდ, კანონის მოთხოვნების საპასუხოდ, ადეკვატურად მოახდინოს საგამოძიებო ღონისძიებების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების, მათ შორის, კანონით დადგენილი სტანდარტის არსებობის შემოწმება;
  • ნარკოტიკული დანაშაულების განხილვისას სათანადო ყურადღება გაამახვილოს ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობის, შეძენების დროისა და ვითარების საკითხზე. ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

სამართალდამცველ ორგანოებს:

  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის ბრალდების დროს საგამოძიებო ორგანომ განახორციელოს საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალების შეძენის დროისა და ვითარების დადგენის მიზნით;
  • უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის უფლებების დაცვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, მათ შორის, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში სამედიცინო დახმარების დროული ხელმისაწვდომობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფისთვის გაიზარდოს გამომძიებლებისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა და დადგინდეს სავალდებულო უმაღლესი იურიდიული განათლების კრიტერიუმი;
  • პოლიციის აკადემიამ უზრუნველყოს მოქალაქეებთან კომუნიკაციის, ადამიანის უფლებების საკითხების, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხებში მრავალჯერადი გადამზადება და ხარისხის შეფასება;
  • პოლიციის ყველა დანაყოფი, რომელსაც უშუალო შემხებლობა აქვს მოქალაქეებთან, აღიჭურვოს სამხრე ვიდეო კამერებით; ასევე ვიდეო მეთვალყურეობა დაწესდეს პოლიციის ყველა განყოფილებაში, მათ შორის, იმ სივრცეებში, სადაც პირების გამოკითხვა, ან დაკავებულის მოთავსება ხორციელდება;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უზრუნველყოს პროაქტიური შიდა მონიტორინგის განხორციელება ძალის გადამეტების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
  • პროკურატურამ გააძლიეროს საპროკურორო ზედამხედველობა საგამოძიებო პროცესზე, მათ შორის, არასათანო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე.