ტარიელ კაკაბაძე: „ეს ქალი სასამართლოს სირცხვილია და მას რეპუტაციას ულახავს“

ადვოკატთა ნაწილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს და ამჯერად კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს აგროვებს.

ამის შესახებ ისინი „ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან.

ტარიელ კაკაბაძე _ ადვოკატი:

_ ხარჩილავასთან არანაირი პირადი წყენა არ მაქვს. ეს ყველამ კარგად იცის! თანაც, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ პირადი წყენის საფუძველზე სხვაზე, მით უმეტეს, პროფესიონალზე, ცუდი ვთქვა, მაგრამ ხათუნა ხარჩილავას, როგორც მოსამართლეს, მოსამართლედ ვერ აღვიქვამ. ასევე უმეტესობა ჩემი კოლეგებისა, ამ მოსამართლეს ობიექტურ არბიტრად ვერ აღიქვამს. ის იცით, ვინ არის? _ მიკერძოებული ძალიან მსუბუქი ნათქვამია. ის არის პროკურორის პროკურორი! პროკურორიც კი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, პროკურორიც კი ვერ უჭერს ბრალდების მხარეს ისე, როგორც ხსენებული მოსამართლე აკეთებს ამას. არანორმალურად სუბიექტურია! მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალიან ბევრი ღირსეული მოსამართლე გვყავს, ხათუნა ხარჩილავა არათუ თბილისის საქალაქოში, არამედ მთლიანად, _ ალბათ, მთელ საქართველოში ყველაზე მიკერძოებული მოსამართლეა.

_ ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ.

_ მას, უბრალოდ, არ შეუძლია, ობიექტურად ჩაატაროს დაკითხვები, არ შეუძლია, ორივე მხარეს სრულყოფილად მოუსმინოს და ყველა მტკიცებულებას ობიექტური ანალიზი გაუკეთოს. ეს გარემოება კი აფერხებს ყოველგვარ მტკიცებულებას, რომელიც საქმეში დევს. ხარჩილავა იმას კი არ ცდილობს, რომ ჭეშმარიტება იპოვოს, ანდა რომელი მხარის არგუმენტაციაა უფრო ძლიერი, არამედ თავიდანვე, როდესაც საქმე განსახილველად მასთან მიდის, ცდილობს, გამამტყუნებელი განაჩენი დაასაბუთოს.

_ ბატონო ტარიელ, რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას?

_ ამჟამადაც მაქვს წარმოებაში ასეთი საქმე, რომელსაც ხათუნა ხარჩილავა განიხილავს. ეს არის მოსამართლე, რომელსაც შეუძლია, დაკითხვების დროს უმნიშვნელოვანესი მოწმის ჩვენებას (მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა ეფუძნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შეჯიბრებითობის პრინციპს, ანუ მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას) ანულირება გაუკეთოს. როდესაც კითხვას უსვამ პროკურატურის მოწმეს, მოსამართლეს უფლება არ აქვს, თავისი ინიციატივით განარიდოს ეს შეკითხვა, თუ მეორე მხარე, ანუ პროკურორი ამას არ გავალდებულებს. ეს მოსამართლე კი, როდესაც ხვდება, რომ პროკურატურის მოწმისგან ბრალდებულისთვის სასურველ ჩვენებას იღებ, ვერ უძლებს ცდუნებას და თვითონ აპროტესტებს, თვითონ ახდენს კითხვის განრიდებას! ანუ დაცვას ეუბნება, ამ კითხვას ნუ სვამო ისე, რომ რეალურად არ ელოდება პროკურორის პროტესტს. მარტივი მაგალითი მოგიყევით, როდესაც მოსამართლე აშკარად სცდება თავის უფლებამოსილებებს და უკვე მხარეთა კომპენტენციაში იჭრება, ანუ სურს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს და ყველაფერი, რაც კი ხელს შეუშლის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, აღკვეთოს და გააბათილოს.

ახლახან ერთ საქმეში ჩავერთე აპელაციაში, სადაც პირველსავე ინსტანციაში ხარჩილავამ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. მისი სხდომის ოქმები შევისწავლე და გაოცებას ვერ ვმალავ! დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნები, ხოლო ბრალდების მხარეს _ ექსპერტიზის სავარაუდო დასკვნები. მოსამართლემ ოქმში პირიქით ჩაწერა, რომ თითქოს ექსპერტიზის სავარაუდო დასკვნა დაცვის მხარეს ჰქონდა წარდგენილი და კატეგორიული _ ბრალდების მხარეს, ამიტომ იგი ბრალდების მხარეს მიემხრო. ფაქტობრივად, მოსამართლემ განაჩენში ტყუილი ჩაწერა. გამომძიებელი, რომელმაც ეს მტკიცებულებები მოიპოვა, სასამართლოში არ იყო დაკითხული. ეს პროკურორის შეცდომა იყო და, შესაბამისად, სასამართლოს ამაზე უნდა ემსჯელა. განაჩენში კი საერთოდ არ მსჯელობს კონკრეტული მოსამართლე. ამ საქმეში უამრავი დარღვევაა.

კიდევ ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: პროკურატურამ მტკიცებულების სახით სიდი დისკი წარმოადგინა, სადაც ორ პიროვნებას შორის საუბარი იყო ჩაწერილი. ჩანაწერში თითქოს ერთი პიროვნება მეორეს ეუბნებოდა, რომ ერთმა პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა. ის პიროვნება, რომელიც ამბობს, რომ  ამ პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული, სასამართლოში დასაკითხად არ მოუწვევიათ.

_ რატომ?

_ პროკურორს მისი ჩვენების ეშინოდა, რომ სასამართლოში სხვა ჩვენებას მისცემდა. ხათუნა ხარჩილავა კი, მიუხედავად ამისა, მაინც დაეყრდნო და დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი იმ სიდი დისკის საფუძველზე, რომელიც დაულუქავი სახით იყო წარმოდგენილი. არადა, კანონმდებლობა პირდაპირ გვეუბნება, რომ ნივთმტკიცებულება აუცილებლად დალუქული სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა. ხარჩილავასთვის კი ეს ყველაფერი უმნიშვნელო დარღვევა იყო და, საერთოდ, დარღვევა არ ყოფილა, როგორც განაჩენში განმარტა და გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა. ამ საქმეშიც ეს მოსამართლე თავისი ინიციატივით აყენებდა პროტესტებს, თავისი ინიციატივით უსვამდა მოწმეს კითხვებს ისე, რომ მხარეს არ ეკითხებოდა. ამის უფლება მოსამართლეს არ აქვს. ანუ მოსამართლემ დამაზუსტებელი კითხვა რომ დასვას, მხარეებისგან თანხმობა უნდა აიღოს და თუ ორივე მხარე თანხმობას მისცემს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დასვას დამადასტურებელი შეკითხვა. ამას ხარჩილავა, ფაქტობრივად, არ აკეთებდა. საოცრებებს სჩადის ეს ქალი. მისი მიზანია, პროცესი იმ კუთხით წაიყვანოს, რომ როგორმე გამამტყუნებელი განაჩენი დაასაბუთოს და ადამიანი დიდი ხნით გაუშვას პატიმრობაში. მიმაჩნია, რომ ეს მოსამართლე დემოკრატიული საზოგადოებისთვის ნამდვილად მიუღებელია. შეგიძლიათ, მის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიკითხოთ. ეს არის მოსამართლე, რომელიც ყველაზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ვერ ნახავთ ვერც ერთ ადვოკატს, ვინც მას დადებითად დაახასიათებს.

_ როგორ ფიქრობთ, თუ მიკერძოებულია, რა არის მისი მოტივაცია?

_ ამასთან დაკავშირებით ჩემი ვარაუდი მაქვს და არა მარტო მე… მაგრამ ვარაუდებზე ნუ მკითხავთ და ნუ მასაუბრებთ. მე გესაუბრებით ფაქტებზე და იმაზე, რაც ჩემი თვალით ვნახე და რაც ჩემი ყურით მოვისმინე. სწორედ ამიტომ ვამბობ, _ არანაირი პირადი დაინტერესება ამ მოსამართლის მიმართ არ გამაჩნია. ამით ზარალდება მართლმსაჯულება, ამით ზარალდებიან ბრალდებულები, რომელთა მიმართაც მარტივად შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში, გამამართლებელი განაჩენი დადგეს. მაგრამ თუ საქმე ხათუნა ხარჩილავას დაეწერება, ფაქტობრივად, ეს ადამიანი განწირულია, ძალიან დიდი ხნით წავიდეს პატიმრობაში. ვსვამ კითხვას, _ რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანის ბედი იმაზე, დაეწერება თუ არა საქმე ხათუნა ხარჩილავას?! ეს ძალიან სამწუხაროა.

_ წარსულში რას წარმოადგენდა ეს ქალბატონი?

_ წარმოდგენა არ მაქვს. როგორც ვიცი, სხდომის თანაშემწე თუ მდივანი იყო. მე ვიცი, რას წარმოადგენს დღეს. მიშას დროს ხომ ამბობდნენ, მოსამართლეები მიკერძოებულები იყვნენო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დროსაც არ ყოფილა ასეთი მიკერძოებული მოსამართლე, როგორიც დღეს არის საქალაქო სასამართლოში ხათუნა ხარჩილავა.

_ გამამართლებელი განაჩენები თუ აქვს?

_ სავარაუდოდ, აქვს. როგორ არის, იცით? _ ხანდახან ისეთი საქმეა, რომ, ალბათ, პროკურატურაც დარწმუნებულია, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება. მე და ჩემს ათობით კოლეგას ამ მოსამართლისგან გამამართლებელი განაჩენი და რამე ობიექტური გადაწყვეტილება საერთოდ არ გვსმენია.

_ ამის გამო შეგაქვთ საჩივარი მასზე?

_ დიახ, აუცილებლად შევიტან. ახლა ერთ საქმეს ველოდები, რომელიც მას აქვს წარმოებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას შევხედავ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, უმკაცრესი რეაგირება მოვახდინო. სხდომის ოქმები მაქვს, სადაც ეს მოსამართლე უხეშად და სამარცხვინოდ არღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. აუცილებლად მექნება ამ ყველაფერზე რეაგირება. ასევე ვიცნობ უამრავ ადვოკატს, რომელიც ანალოგიურს პირებს.  დარწმუნებული ვარ, არიან სხვა ადვოკატებიც, რომლებმაც უკვე მოახდინეს რეაგირება. ხათუნა ხარჩილავა არის სირცხვილი სასამართლოსი _ იგი სასამართლოს რეპუტაციაზე,  სასამართლისადმი ნდობის ჩამოყალიბებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ბევრჯერ ასეთი რამეც გაუკეთებია: დაცვა უსვამს კითხვას პროკურატურის მოწმეს და ეს მოსამართლე თვითონ ამბობს, რომ ამ კითხვას ნუ სვამთ, არ გაძლევთ ამის უფლებას და კითხვა განრიდებულია, ვინაიდან თქვენ ეს კითხვა უკვე დასვითო. არადა, ეს კითხვა არ დამისვამს არც მე და არც პროკურორს. სულ სხვა კითხვა დავსვი და მოსამართლე თვალებში ნაცარს მაყრის პროცესის მიმდინარეობის დროს. წარმოიდგინეთ, აბა, როგორ უნდა ენდოთ ასეთ მოსამართლეს?!

_ უცნაურია, ზაზა ხატიაშვილი სხვანაირად ფიქრობს, _ მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, გადასარევი მოსამართლეაო.

_ იმიტომ, რომ ხარჩილავამ ერთი ადვოკატი გაამართლა. არადა, იმ ადვოკატს ხარჩილავა კი არა, პროკურორიც გაამართლებდა, ისეთი აბსურდული ბრალდება ჰქონდა.

 

ეკატერინე მაჭარაშვილი _ ადვოკატი:

_ ამ ქალბატონმა სრულიად უდანაშაულო ადამიანს მკვლელობის მცდელობის მუხლი შეუფარდა. ამ დროს ეს არ იყო მკვლელობის მცდელობა, ეს იყო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ვითხოვდით გადაკვალიფიცირებას, მაგრამ მან 7 წელი და 6 თვე მიუსაჯა პატიმრობა. ახლა ეს საქმე აპელაციაშია.

_ კონკრეტულად, რა შემთხვევა იყო?

_ ამ ადამიანს არ ჰქონია დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. ხელში ჯოხი ეჭირა, რომელზედაც გასაღებების მრავალი აცმა იყო და ამ აცმაში გასაღებებს შორის იყო პატარა სუვენირის ფორმის დანა. ჯოხი მანქანაში შეყო და ამ გასაღებების აცმიანი ჯოხით სცემა დაზარებულს. თუ მოკვლა უნდოდა, ან გამოაცალკევებდა ამ დანას, ან მანქანის კარს გამოაღებდა და ა. შ. მხოლოდ რამდენჯერმე დაარტყა. სასწრაფო დახმარების მანქანამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა, საღამოს უკვე  გამოწერეს და მეორე დღეს ტაქსაობდა. ექსპერტიზის დასკვნით, ნაცემ ადამიანს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ხარჩილავამ მკვლელობის მცდელობის მუხლი მისცა. ამ დროს, როდესაც მცდელობა გაქვს, უნდა გქონდეს განზრახვა და რატომ ვერ მიიყვანა ბოლომდე? ამ ადამიანს არანაირი მოტივაცია არ ჰქონია მისი მოკვლის. რომ ჰქონოდა, მოჭიდავეა და გაუჭირდებოდა?! გასაღებების აცმით სცემა და წამოვიდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ პროცესზე თვითონვე დაადასტურა, რომ ეს იყო პურის დასაჭრელი დანა და არა ჯოხი, როგორც ექსპერტიზაში ეწერა. ეს იყო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში.

ადრე სხდომის მდივანი იყო. გამამართლებელი განაჩენი აქვს ერთი თუ ორი. მეტი არა.

_ კურსი აქვს ასეთი აღებული, თუ რა ხდება?

_ ფაქტია, რომ გამამართლებელი ცოტა აქვს, იმიტომ რომ პროკურატურის მიმართ მიკერძოებულია.

 

თამარ როსტიაშვილი