ჯალათი პროკურორები! – „ამ არაადამიან(ებ)მა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე!“

2012 წელს ლადო ჩერქეზიშვილმა იმდროინდელ გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიმართა და ე. წ. ჯალათი პროკურორების სია გადასცა. აქ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, თუ ვინ არის ლადო ჩერქეზიშვილი?

ჩერქეზიშვილი გახლდათ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე კრიმინალური პოლიციის ხაზით, თბილისის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი და ბოლოს, 2007 წლის 21 თებერვლამდე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოში უფროსი გამომძიებელი. სწორედ ამ პერიოდში ის დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2005 წელს სპორტის სასახლესთან მომხდარი ინციდენტი შეახსენეს, როდესაც სამი ადამიანი დაიჭრა. კონკრეტულად დაინტერესდნენ ერთ-ერთი მათგანით _ არჩილ სახვაძით, თუ რა როლი მიუძღოდა მას ამ დანაშაულში. არადა, სახვაძე დაზარალებული იყო და მის საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა. შსს-ს კი ისეთი ადამიანის პოვნა უნდოდა, რომელიც სახვაძეს დანაშაულს დაუმძიმებდა. ჩერქეზიშვილმა კითხვაზე, _ კი მაგრამ, რისთვის სურდათ სახვაძისთვის ცრუმოწმის მოძებნა? პასუხად მიიღო, რომ სახვაძემ 5 დეკემბრის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი მოკლა. მანამდე სახვაძე დაკავებული ჰყავდათ სხვადასხვა ბრალდებით, თუმცა იგი პოლიციელის მკვლელობას არ აღიარებდა. ვინაიდან სახვაძე ჩერქეზიშვილის საქმეში დაზარალებულად ფიგურირებდა, ამ მხრიდან სცადეს მისი ბრალეულობის დამძიმება. ანუ ჩერქეზიშვილს ცრუმოწმეს სთხოვდნენ, რომელიც სახვაძეს ორი ადამიანის დაჭრაში დაადანაშაულებდა.

ლადო ჩერქეზიშვილმა ცრუმოწმის მოყვანაზე უარი განაცხადა, სამსახურში დაბრუნებულს კი მაშინდელმა სამხარეოს უფროსმა, საშა მაისურაძემ, აცნობა, რომ სამინისტროში მისი განთავისუფლება დაავალეს.

2007 წლის 20 თებერვალს ლადო ჩერქეზიშვილმა პატაკი დაწერა, მეორე დღეს კი იგი დააკავეს. მას მიუყენეს მუხლი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ 2005 წელს პროკურატურას ხელი შეუშალა „სახვაძის საქმის“ გამოძიებაში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩერქეზიშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა, თავისი ჩვენებით, უდანაშაულო ხალხისთვის ზიანი მიეყენებინა.

ამის შემდეგ ყოფილი შსს-ს თანამშრომლისთვის _ ჩერქეზიშვილისთვის _ საშინელება დაიწყო. საჯარო მოხელეების, კერძოდ, პოლიციელების, საკნები ცალკე იყო. დილით პატიმარს საკნიდან გამოიყვანდნენ, ვითომ ადვოკატთან მიჰყავდათ და გზადაგზა სხვადასხვა საკანში შეჰყავდათ. ეს იყო ეგზეკუციის ერთგვარი მეთოდი. ამის შემდეგ ნაცემი ჩერქეზიშვილი შეჰყავდათ ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც ხვდებოდნენ ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დათო მესტვირიშვილი, რომელიც ჩერქეზიშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორი გახლდათ. ეს ხალხი ფიგურირებდა ყველა იმ გახმაურებულ საქმეში, რომელიც აღიძრა სახელმწიფო მოხელეების მიმართ 2004-2005 წლებში. ჩერქეზიშვილმა 2012 წელს პირადად მიმართა იმდროინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და საქმის კურსში ჩააყენა, რომ ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე, ყველა უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება ამ ადამიანების სინდისზეა. მოსთხოვა ამ ხალხის გაძევება პროკურატურიდან.

ჩერქეზიშვილს ზემოთ დასახელებული პროკურორები, მათ შორის, დავით მესტვირიშვილი ემუქრებოდნენ, რომ სასჯელს ოც წლამდე გაუზრდიდნენ, თუ „მოწმეს“ არ მოიყვანდა და უდანაშაულო ადამიანს არ დაადანაშაულებდა. დღეგამოშვებით მას საკანში „პატიმრები“ სცემდნენ, რომლებსაც, რატომღაც, სამხედრო ჩექმები ეცვათ! ერთხელ კი ისე სცემეს, რომ ჩერქეზიშვილის ადვოკატიც ვერ ახერხებდა მის ნახვას.

სულ ბოლოს, ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს, პროკურორებმა ოჯახის ახლობელი „მოუნახეს“, რომელსაც განცხადება დააწერინეს, რომ ვითომდა ლადო ჩერქეზიშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსად ყოფნის დროს, საქმის კურსში იყო, თუ როგორ გროვდებოდა ქურდული „ობშჩიაკი“ და ამაზე დაუმძიმეს მუხლი. მეტიც, ამანაც რომ ვერ გაჭრა, ჩერქეზიშვილის სასამართლო პროცესზე (სადაც პროკურორი დავით მესტვირიშვილი იყო) დარბაზში მისი სიმამრი დააკავეს.

და აქ მოხდა ყველაზე უცნაური რამ: სასამართლომ ყველა ეპიზოდში, კერძოდ, სამოხელეო დანაშაულში ლადო ჩერქეზიშვილი გაამართლა! დაუტოვეს არასამოხელეო ეპიზოდი და ჩერქეზიშვილს მიუსაჯეს 8 წელი, მის სიმამრს კი _  5 წელი!

ახლა კი ამონაწერი ლადო ჩერქეზიშვილს ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც მან 2012 წელს მისცა:

„ბოლოს და ბოლოს, ზეწოლას ვერ გავუძელი, როცა სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე მამაჩემმა აღშფოთება გამოთქვა, ხოლო პროკურორმა დათო მესტვირიშვილმა მას უთხრა: შენ ყოფილი პოლიციელი ხარ, ცოტა ხმას დაუწიე, არ ამომაქექინო შენი საქმეები, თორემ შენც დაგაკავებთო! ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მამაჩემის ჯერიც დადგა (არადა, გარეთ ცოლი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მრჩებოდა!). და ასე, უკანონო პატიმრობის ერთი წლისა და სამი თვის თავზე, მაღიარებინეს ის, რაშიც ადრე სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამამართლა! როგორც კი ყველა წაყენებული ბრალდება ვაღიარე, იმ დღესვე დათო მესტვირიშვილმა ჩემს სიმამრს საკნის კარი გაუღო და სახლში გაუშვა, მე კი რვაწლიანი პატიმრობა წელიწადნახევრით შემიცვალეს. გამომატანინეს ყველა განცხადება, თუ სადმე მქონდა დაწერილი: არასამთავრობოების სახელზე, სოზარ სუბარის სახელზე და 2008 წლის 20 აგვისტოს გამათავისუფლეს.

ახლა მინდა, რომ ამ არაადამიანებმა პასუხი აგონ ყველაფერზე. ამ პირებმა უამრავი ხალხი გააწამეს და ააწიოკეს! ესენი უშუალოდ იყვნენ პოლიციის კურატორები და ყველა საქმეში, ყველა პროვოცირებულ დანაშაულში მიუძღვით ბრალი! ბოლო დროს ბევრ საქმეს გავეცანი, ბევრი უკანონო განაჩენი ვნახე და ყველგან ეს გვარები ფიგურირებს! ვიმედოვნებ, რომ სხვებიც მომბაძავენ და უჩივლებენ ამ და მათ მსგავს ჯალათებს“.

ლადო ჩერქეზიშვილის საქმის პროკურორი სასამართლო პროცესზე გახლდათ დავით მესტვირიშვილი. იგი მოითოხვდა მისთვის ბრალის მაქსიმალურად დამძიმებას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩერქეზიშვილმა არ მოიყვანა ე. წ. ცრუ მოწმე და ტყუილად არ დაადანაშაულა ადამიანი.

იგი დღესაც მუშაობს პროკურატურაში და ყველაზე გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობს.