გაუქმებული მორატორიუმი, ანუ როგორ შეიძლება მიწები (მაინც) გაიყიდოს უცხოელებზე?

„ქრონიკა+“ აგრძელებს წინა ნომერში დაწყებულ გამოძიებას არაბებზე მიყიდულ მიწებთან დაკავშირებით და ვინაიდან ამ პროცესში ქართველი მაღალჩინოსნები არიან ჩარეული (რომლებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასაც, ხელმოწერებითა და ფოტოსურათებით გამყარებულ ფაქტებს, გამოძიების პროცესში წარმოგიდგენთ), ძალიან მნიშვნელოვანია პუბლიკაციის ეს ნაწილი, სადაც ვეცადეთ გადმოგვეცა კანონმდებლობით დაშვებული და დაუშვებელი რეგულაციები მიწების გასხვისებასა და გაყიდვასთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ფაქტებისა და ფოტომასალის წარმოდგენის შემდეგ ჩვენ მათი იურისტები დაგვიკავშირდებიან. ამიტომაც რომ არ შეწუხდნენ, ჩვენი დროც დაზოგონ და თავიანთიც, გულდასმით გაეცნონ ამ მასალას.

მაშ, ასე! 2012 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, დადგინდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია შეჩერდებოდა მანამ, სანამ „მიწის კოდექსის“ პროექტი არ შემუშავდებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი გახლავთ, რომელმაც პირობა დადო, რომ მიწების პრივატიზაცია მიწის კოდექსის ამოქმედებამდე არ განახლდებაო.

მართლაც, 3-4 თვის განმავლობაში სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გაუყიდია. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე სახელმწიფო უწყება ერთად _ პარლამენტის აგრარული კომიტეტი, ეკონომიკის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო _ აქტიურად მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ზოგადი კანონის შემუშავების პროექტზე, რომელსაც, პირველ რიგში, პრივატიზაციის საკითხები უნდა დაერეგულირებინა.

მოცემული პერიოდისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს მიერ უკვე აღრიცხული იყო. ძალიან საინტერესო და საყურდღებო განცხადებას აკეთებს იმ დროს მიწების განკარგვის სააგენტო იმის შესახებ, რომ ამ პროცესში, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვისას, მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან, რათა არ მოხდეს მიწის კერძო მესაკუთრეების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლების ხელყოფა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვას წინ უსწრებს შესაბამისი მიწის ნაკვეთის დეტალური შესწავლის პროცესი, რაც უზრუნველყოფს კერძო მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, ვინაიდან, სულ მალე, პროცესები საპირისპირო მიმართულებით განვითარდება. არადა, საქმე ეხება ოფიციალურ განცხადებას, რომელსაც კანონთან გათანაბრებული ძალა აქვს.

2014 წელს, იმ დროს, როდესაც მიწის კოდექსსა და სხვა შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული, ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სასოფლო-სამეურნეო მიწები საპრივატიზაციოდ გამოიტანა.

ასე და ამრიგად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება 2014 წლის მაისიდან განახლდა. იმ ეტაპისთვის გაიყიდა 187 ჰა სახნავ-სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი და იჯარით გაიცა 66 ჰა საძოვარი. სააგენტოში 32 593 ჰა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე იყო დაინტერესება, რომელთაგან სახნავი _ 6 748 ჰა, სათიბი _ 2 969 ჰა, საძოვარი _ 2 2876 ჰა გახლდათ. ჩამოთვლილ ფართობებზე ეტაპობრივად უნდა გამოცხადებულიყო აუქციონები.  ინფორმაციისთვის დავძენთ, რომ სახნავ-სათიბი მიწის ფასი 1 ჰა-ზე 622 ლარი გახლდათ.

იმავე წელს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის განახლებიდან რამდენიმე დღეში, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. ასე გაეხსნათ უცხოელებს ხელ-ფეხი, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში მქონე ქართული მიწების, სულ რაღაც, 600 ლარად დასაკუთრებაზე.

და აი, სწორედ ამ დროს გამოდის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი  ილია მეორე და სატელევიზიო მიმართვას ავრცელებს:

(სრული ციტირება)

„ჩემი ერთ-ერთი ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში, ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შემოღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. როცა ვიკითხეთ, თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება. კერძო ადამიანმა არ გაყიდა ნაკვეთი და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი.

ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლაც არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ. დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნიათ ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდის უცხო ხალხი, უცხო ქვეყნები და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება“, _ არ დაუმალავს მაშინ კათოლიკოს-პატრიარქს.

პირველად და უკანასკნელად, საქართველოს მიწის ბალანსი 2004 წელს გაკეთდა, რის მიხედვითაც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შეადგენდა 3025,8 ათას ჰა-ს, აქედან სახნავი _ 802,1 ათას ჰა-ს, მრავაწლიანი ნარგავები _ 263,5 ათას ჰა-ს, სათიბი _ 143,5 ათას ჰა-ს და საძოვარი _ 1796,6 ათას ჰა-ს. აღნიშნული ბალანსი მოიცავდა მონაცემებს დასავლეთ საქართველოში მიწების მეორადი დაჭაობების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში _ გაუდაბნოებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული სხვა არასასურველი პროცესების შესახებ. 2004 წლიდან მოყოლებული ეს პროცესები, ბუნებრივია, უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა, მაგრამ იმის შემდეგ მიწების აღწერა აღარ მომხდარა. დღესდღეობით არავინ იცის, რამდენია სახნავ-სათესი და რამდენი _ საძოვარი.

საქართველოს მთავრობა არსებული კანონმდებლობით მიწის გაყიდვის სამ ეტაპს არეგულირებს. მეტი, უბრალოდ, არ არსებობს!

პირველ შემთხვევაში მიწის შეძენის მსურველი თუ ხართ, უნდა მონახოთ მიწის ნაკვეთის გამყიდველი. როცა მონახავთ გამყიდველს და შეთანხმდებით ფასზე, აუცილებელია, გამყიდველს მოსთხოვოთ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურიდან, აუცილებლად საკადასტრო რუკით და დარწმუნდეთ, რომ საყიდელი მიწის ნაკვეთი არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით, იპოთეკით _ ანუ არ არის დაყადაღებული. ამის შემდეგ გამყიდველი და მყიდველი აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას ნებისმიერ ნოტარიუსთან, რომლის დროსაც გამყიდველმა უნდა იქონიოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშეც რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრატორთან, რითიც გარკვეული თანხა დაიზოგება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მყიდველი მიიღებს მის სახელზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს _ ამონაწერს სარეგისტრაციო სამსახურიდან;

მეორე შემთხვევაში, მყიდველი თავად ან სხვისი დახმარებით არჩევს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთს.

რათა დარწმუნდეს, რომ მის მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი არავის სარგებლობაში არ არის, ამისთვის აუცილებლობას წარმოადგენს გააკეთოს ამ მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი და განცხადებით მიმართოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზით. ამის შემდეგ სარეგისტრაციო სამსახური იძლევა ორი სახის ინფორმაციას რეესტრის ხელმისაწვდომობისა და მიწის მესაკუთრის შესახებ (ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან და საინფორმაციო ცენტრიდან), სადაც აღნიშნული იქნება პოტენციური მყიდველის მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთის მდგომარეობა;

მესამე შემთხვევაში, თუ შერჩეული მიწის ნაკვეთი თავისუფალია, ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, მყიდველი განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ თბილისის არქიტექტურულ სამსახურს. განცხადებას აუცილებლად თან უნდა დაერთოს ტოპოგრაფიული რუკის ასლი (დაინტერესებული მიწის ნაკვეთის მონიშვნით) 1: 500 და 1: 2000 მასშტაბით. არქიტექტურის სამსახურმა საკითხი უნდა განიხილოს 30 დღის განმავლობაში და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მასალები წარედგინება შესაბამის სამსახურს შემდგომი მსვლელობისთვის. სათანადო უწყებებთან დადებითი შეთანხმებისას, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა, რის შემდეგაც გამოცხადდება აუქციონი. აუქციონის პირობები გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებში, ხოლო მყიდველი აუქციონში მიიღებს მონაწილეობას. აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში და მიწის ნაკვეთის სათანადო ღირებულების გადახდის შემდეგ ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

„გრინვაილდის“ შემთხვევაში ვერც ერთი ეს ეტაპი „ქრონიკა+“-მა ბერ მოიძია. თუ რა მოიძია, ამას „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში წაიკითხავთ.

2014 წლის მაისიდან ეკონომიკის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა განაახლა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი _ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმება და სამინისტროს გადაწყვეტილება ერთმანეთს დაემთხვა.

2014 წლის შემდეგ იწყება ყველაზე დიდი აფერა საქართველოში მიწების გაყიდვა-გასხვისება-განკარგვასთან დაავშირებით. 2017 წელს სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ბექა ნაცვლიშვილმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვისას ხაზგასმით განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანას არ აქვს დადგენილი მიწის ბალანსი, თუ ვის ეკუთვნის და რა კატეგორიის მიწები გვაქვს, დაუშვებელია მისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება; რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და გასხვისების აკრძალვა; რომ შემდგომში თუ მოვა ოდესმე სათავეში ნეოლიბერალური და რადიკალურ-ლიბერალური ხელისუფლება, მიწის გასხვისება იყოს განუხორციელებელი. მიწა ამოწურვადი რესურსია და ის კანონი, რითაც მიწის უცხოელებზე გაყიდვა შეჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ გაიყიდება. ანუ ხსენებულ კანონპროექტში აკრძალვა არსად არ არის ჩადებული _ მხოლოდ შეჩერებაა!

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

თამარ როსტიაშვილი