ფრთხილად, გვიპიპინებენ

სწორედ იმ დღეს, როდესაც ხალხმა არც რაჲ უწყოდა, თუ როგორ იყო მისი ქვეყნის რეალური „მეფე“, პატრიარქმა იქადაგა და მოგვიწოდა, რომ ვიფიქროთ მეფეზე

ქოცხელისუფლებაც, რომელიც სწორედ ახლა გვახვევს თავს ცალკე ჩვენგან და ცალკე ვენეციის კომისიისგან წუნდებულ კონსტიტუციას და საპარლამენტო რესპუბლიკით გვემარიაჟება, გამოენთო და კვერი დაუკრა პატრიარქს, რომ ამ თემაზე დისკუსიის გახსნა, თურმე, ძალიან საინტერესო სიგნალია და ღირს დაფიქრებად.

და თუ პატრიარქის საკვირაო ქადაგება სიგნალია, ე. ი. საპატრიარქოდან გვიპიპინებენ. რატომ? იმიტომ, რომ სულაც არ გვისიგნალებენ პირველად.

პატრიარქმა ამ ქადაგებაში ახსენა, რომ საქართველო უძველესი ქვეყანაა, უძველესი კულტურით, რომ, იქნებ, გვეფიქრა იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით ხვალ? იქნებ, გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო უძველესი მონარქიაა, რომ ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა, რომ დღეს ხშირია შემთხვევა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, რომ ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.

დავიწყოთ იმით, რომ თუ გაუთავებლად ვიფიქრებთ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, არავინაც აღარ ვიქნებით ხვალ! _ აი, ესაა მწარე სიმართლე. ღმერთმა ადამიანს თვალები წინ დაუყენა და არა უკან, წინ დაუყენა იმისთვის, რომ წინ იყუროს და არა უკან! გაუთავებლად უკან ყურება რომ ყოფილიყო საჭირო, თვალები უკან გვექნებოდა და წინ ხანდახან მოვიხედავდით! უკან-უკან ვინც იყურება, ის ვერ ხედავს, რაა წინ და ცხვირპირს იმტვრევს.

რაც შეეხება ფორმულას: „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“, პატრიარქმა ამ ფორმულით, ჯერ კიდევ, 2007 წელს შესთავაზა საზოგადოებას მონარქიის აღდგენაზე დაფიქრება, თუმცა მანამდეც აკეთებდა განცხადებებს…

მოგვიანებით, უფრო სწორად მაშინ, როცა მთლად ახალი არჩეული იყო დღევანდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი, მეფობის აღდგენის საკითხს უფლისწულის ნათლობამ რეფლეში მისცა. მაშინ მეფის ინსტიტუტის აღდეგნის აუცილებლობაზე უფლისწულის ნათლია, რაინდი ვასაძე ალაპარაკდა. მოგვახსენა, რომ უფლისწულის ნათლობის ფაქტით საფუძველი ჩაეყარა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. მერე პლატონ სამანიშვილივით გამოწყობილი ეთერ-ეთერ დადიოდა და გვმოძღვრავდა, რომ, თურმე, ჩვენს ხალხს, ფრანგებისგან, რუსებისგან განსხვავებით, არასოდეს უთქვამს უარი მონარქიაზე და რომ ძალით ამოგვგლიჯეს ეს უფლება. როგორც ჩანს, მას მეხსიერება ფაფანაკივით სადღაც მიგდებული დარჩა და, შესაბამისად, დაავიწყდა რომ ქართველებს ეს უფლება სწორედ იმ რუსეთმა ამოგვგლიჯა, რომელმაც მისივე, ვასაძისავე თქმით, საქართველო გააერთიანა. თუ გახსოვთ, იდგა და გვიმტკიცებდა, რომ საქართველო ოთხჯერ გაერთიანებულა: ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და რუსების მიერ. რაინდი ვასაძე ისე ერკვევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ბრძენი ბიძინა ნიცშეს შემოქმედებაში. ოდნავ რომ მაინც ერკვეოდეს, საქართველოს გამაერთიანებლებიდან არათუ გამოტოვებდა, საგანგებოდ გამოჰყოფდა ბაგრატ მესამეს და გიორგი ბრწყინვალეს. და არც იმ სიბრძნეს დააბრახუნებდა, რომ რუსეთმა საქართველო გააერთიანა. რუსეთმა საქართველო კი არ გააერთიანა, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად მიიერთა. ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ მეჩვენებინა სიტუაციის კომიზმი და პარადოქსულობა, თუ როგორ ცდილობდა რუსებისგან ამოგლეჯილი უფლების უკან „ჩარგვას“ რუსეთის მეხოტბე ვასაძე. თუმცა თუ კარგად ჩავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს სულაც არაა პარადოქსული _ ვანო მერაბიშვილი, ჯერ კიდევ, 7-8 წლის წინათ ამბობდა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა მოსკოვიდან მოდიოდა. აღნიშნულ ინტერვიუში დღეს ციხეში გამომწყვდეული მერაბიშვილი აღნიშნავდა, რომ მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელ პირად როგორც კი დანიშნეს პრიმაკოვი, უცბადვე გაჩნდა ქართველი მეფის პროექტი ბაგრატიონთა გვარიდან. აღნიშნავდა იმასაც, რომ ბაგრატიონთა შთამომავალი სასწრაფოდ დააქორწინეს ამავე გვარის სხვა შტოს მემკვიდრეზე: „თანაც საამისოდ ქალი ქმარსაც კი დააშორეს და რა? პროექტი ქორწინებასთან ერთად დაიმსხვრა“, _ აღნიშნავდა მაშინ მერაბიშვილი და, ალბათ, იმ დაშორებას გულისხმობდა, რაც ჰორიზონტზე შორენა ბეგაშვილის გამოჩენას მოჰყვა, თავის დროზე, სამეფო ოჯახში. შემდეგ ბაგრატიონები კვლავ შეარიგეს და უფლისწულიც იშვა. მისი ნათლობის მერე კი ვასაძის აჭიკჭიკება სწორედაც რომ ამყარებს მერაბიშვილის განცხადების საფუძვლიანობას. მაგრამ ერთი კითხვა მაინც ჩნდება, _ თავის დროზე, რუსეთს მეფის პროექტი სააკაშვილის ალტერნატივად სურდა. რატომ გააქტიურდა იგივე საკითხი 2013 წელს და რატომ აქტიურდება ახლა, 2017 წელს?..

ჯერ კიდევ 2013 წელს ვწერდი, _ ხომ არ ეთამაშებოდა პუტინი ივანიშვილს პოლიტიკურ ჭადრაკს და მეფით ქიშს ხომ არ უცხადებდა მას? ეს კითხვა აქტუალობას, ვგონებ, არც დღესაა მოკლებული.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც პერიოდულად გვისიგნალებენ მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით, ამ იდეას იმ სოუსით „გვაჭმევენ“ და გვაპარებენ, რომ საქართველოში, სადაც ყველას პირველკაცობა სწყურია, მეფობა ამ „წყურვილს“ აზრს დაუკარგავსო. ერთ-ერთ სამეფო საიტზე (ჰტტპ://წწწ.გეოროყალ.გე) იმასაც წაიკითხავთ, რომ ქვეყანაში მეფის არსებობის დროს სხვა ვერავინ იქნება პირველი. პირველკაცობის მოსურნეს რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს და რაც არ უნდა ძლიერი პოლიტიკოსი იყოს, ეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში მასზე მაღლა მეფე დგას, რომელიც მას განიხილავს, როგორც შვილსო. რომ, თურმე, მეფისთვის პირველკაცობის პრობლემა არ დგას, თურმე მისთვის განგებაა, მსახურებაა, ვალდებულებაა ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე და, თურმე, მას ეს ადგილი არც კარიერისადმი სწრაფვით მოუპოვებია, არც ქვემძრომობით, არც პოზიორობით, არც თამაშით, არც ქრთამის აღებ-მიცემით. თურმე, ეს ნებელური კი არა, ფატალური ყოფილა, იგი თურმე მეფობისთვის დაიბადა და მეფურად გაზარდეს.

ეს ისევეა ჭეშმარიტება, როგორც იმ ბრძენი კაცის ზებრა არის „კლეჩატი“. გეგონება, მთელი მსოფლიოს ისტორია თხას შეეჭამოს და არ ვიცოდეთ, რა ხდებოდა საუკუნეების მანძილზე სწორედ იმ სამეფო ოჯახებში პირველკაცობისთვის: რა ხოცვა-ჟლეტა, რა ინტრიგები, ერთმანეთის მოწამვლა და უბედურება. ან ის არ ვიცოდეთ, რომ ამ მხრივ არც ქართველი ბაგრატიონები ჩამორჩებოდნენ უცხოელ „კოლეგებს“. გეგონება, ტახტზე ასულ 15 წლის სოლომონ პირველს შეთქმულება დედაჩემმა მოუწყო და არა დედამისმა; გეგონება, ბაგრატიონს ბაგრატიონი არ ჩამოუგდია ტახტიდან, ან ინტრიგები არ უხლართავს და სულ პირზე ამბორით უთმობდნენ ტახტს ერთმანეთს. რა, განა ასე არ „დაუთმო“ ტახტი დემნა უფლისწულმა ბიძამისს? თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ თამარის მამამ მართლაც დაასაჭურისა და თვალები დასთხარა ძმისწულს? არა, ბატონო, ეგ იმდროინდელი „რუსთავი 2“-ის დეზინფორმაციაა. როგორც დიდი ქართველი ისტორიკოსი, მოსე ჯანაშვილი წერდა, საქართველოს ბედ-უბედობა თითქმის ყოველთვის იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენი შვილი ჰყავდა მეფეს.

„უბედურება იყო, როდესაც მეფეს ჰყვანდა ორი, სამი თუ ბევრი შვილი: მეფე-მამის სიკვდილის დროს და ხშირად მის სიცოცხლეშივე ძმათა შორის იბადებოდა შური, მტრობა, სიძულვილი, განხეთქილება, ქვეყნის გაყოფა-განაწილება… საქართველოს გრძელს ისტორიაში ერთი მეფეც არა სჩანს ისეთი, რომ გაემეტოს თავისი შვილი, როდესაც ამას მოითხოვდა სახელმწიფოს ერთიანობისა და სიმტკიცის ინტერესი. ისეთი მეფეც კი, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, „ანდერძში“ ავალებდა თავისს მემკვიდრეს დიმიტრის: თუ გამოდგესო, ჩემმა ვაჟმა ცვატამაც იმეფოსო… “ _ წერდა მოსე ჯანაშვილი.

შორეულ ისტორიაში ექსკურსიასაც რომ მოვეშვათ, აქეთ გავიხსენოთ, რა ხდებოდა, ვიდრე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელზე დააქორწინებდნენ. იქნებ, დაგავიწყდათ, რამდენი კანდიდატურა განიხილებოდა და რა ინტრიგები მძვინვარებდა? ხორხე ბაგრატიონის (დავითის მამა) და _ მარიამ ბაგრატიონი, საერთოდ, აცხადებდა, რომ ირაკლი ბაგრატიონს ხორხე მოკვეთილი და გაძევებული ჰყავდა სამეფო ოჯახიდან და ა. შ. ამ ეტაპმაც გაიარა, ბაგრატიონების კახეთის შტო ბაგრატიონების ქართლის შტოზე დააქორწინეს, მაგრამ მიბრძანდით და ნახეთ: ჰტტპ://სამეპოსახლი.ჯიმდო.ცომ-ზე სამეფო სახლის მეთაურად და ტახტის მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონია დასახელებული, ჰტტპ://წწწ.როყალჰოუსეოფგეორგია.გე-ზე სამეფო სახლის უფროსად _ დავით ბაგრატიონი. სიძე-სიმამრი იმაზე ვერ შეთანხმებულა, რომელია სამეფო სახლის უფროსი და ეგენი ან ტახტს გაიყოფენ, ან რეგენტობას დაუთმობენ ერთმანეთს ტახტზე პატარა უფლისწულის აყვანის შემთხვევაში? ან სხვა ბაგრატიონებს პრეტენზიები გაუნულდებათ?

ვგონებ, უფლისწულის კბილა ბავშვიც კი მიხვდება, რომ აქ მეფობის აღდგენა პირველკაცობის პრობლემას არათუ მოხსნის, სურათს ბევრად შემზარავს გახდის, _ თუ პრეზიდენტობისთვის ერთმანეთის უცხო პირები ჭამენ, მეფობის აღდგენის შემთხვევაში, ძმები და ბიძაშვილები დაერევიან ერთმანეთს და მთლად კაენის ცოდვის ყურება და ატანა მოგვიწევს.

პატრიარქი სიმშვიდით გვახარბებს, კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაშიო, მანამდე ვასაძე გვახარბებდა ესპანეთის მაგალითით. რომელ მშვიდობაზე და მტრედის ღუღუნზეა ლაპარაკი, როდესაც იმ ესპანეთში, ბოლო 2 საუკუნეში, 7-ჯერ დაამხეს მეფე?! ახლა მეფეები ვამხოთ? მე შენ გეტყვი და ურიგო პრაქტიკა გვაქვს მიღებული პრეზიდენტების დამხობა-გაძევებაში, ან იმ მეფეთა დროს ვიყავით ამ მხრივ უნიჭო. ჩამოვთვალოთ, რამდენი მეფე რამდენჯერ გვყავს დამხობილი? ყველას თუ არა, ნაწილს მაინც მიუწვდება ხელი ამ ქვეყანაში უცხოურ პრესაზე და მშვენივრად ვიცით, როგორი კმაყოფილებიც არიან იმ ესპანეთში მეფითა და მისი ოჯახით; ვიცით, რა გაუთავებელ სკანდალებშიც არიან მეფის ოჯახი და მისი გარემოცვა გახვეულნი _ ფინანსურშიც, სექსუალურშიც და ყველანაირში: ხან იმას გაიგებ, რომ მეფის სიძემ ფული მიითვისა და ხან _ რას. ცალკე თემაა, რატომ უნდა ვინახოთ მეფე, სამეფო ოჯახი და ახლა მაგათი ლაქიები? უფლისწულის ნათლიას თუ დავუჯერებთ, მონარქია აქეთ უამრავ ფულს მოუტანს საქართველოს და, თურმე, მეფის შენახვა იაფი ჯდება.

ჯერ ერთი, გასარკვევია, ვინ არის მონარქიის რესტავრატორების ბუღალტერი და რა მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ იაფი ჯდება და რომც იაფი ჯდებოდეს, რატომ უნდა ვინახოთ მეფე? ამ 4 წლის წინათ ჩოხიან ნათლიას უცნაურად და უხერხულადაც კი ეჩვენებოდა მეფის შენახვაზე საუბარი და იცით, რატომ? როგორც მაშინ ვასაძე „აზიაცკებიდან“ ხტებოდა, სააკაშვილმა ამ ქვეყნიდან 7 თუ 8 მილიარდი გაიტანა და ამ ფონზე ყოფილა უხერხულ-უცნაური. აი, ახლა ვასაძეს მიშას ის ქიშმირის პალტო უნდა ჩააცვა პაპანაქებაში, რაც იმ 7-8 მილიარდის ნაცვლად აღმოუჩინეს და არ უნდა გახადო მთელი ზაფხული.

და ყველაზე დიდი ტყუილი ამ მთელ ამბავში: თან გვესაუბრებიან მონარქიის აღდგენაზე და თან გვესაუბრებიან კონსტიტუციურ მონარქიაზე. საქართველოში კონსტიტუციურ მონარქიას არასოდეს უარსებია და რის აღდგენაზეა ლაპარაკი? იმ ჩვეულებრივი, ფეოდალური მონარქიიდანაც 2 საუკუნეზე მეტი გვაშორებს. რომც დაწესდეს (და არა აღდგეს) ეს კონსტიტუციური მონარქია, შევინარჩუნებთ ზომიერებას და არ ვისკუპებთ „ფეოდალურში“? არადა, რეალურად, ფეოდალური მონარქიაც სანატრელი გაგვიხდება და მივიღებთ კონსტიტუციური მონარქიის ნიღაბს ამოფარებულ თეოკრატიულ მონარქიას. რანაირად? ძალიან მარტივად. მონარქიის აღდგენას სწორედ ეკლესია უჭერს მხარს აქტიურად და დროდადრო პიპინ-პიპინით. როგორც უკვე ვთქვით, სწორედ პატრიარქმა შესთავაზა საზოგადოებას ეს იდეა, ჯერ კიდევ, 2007 წელს, სწორედ ეკლესიის ძალისხმევით მოხდა ბაგრატიონთა ქორწინება, ახლაც ეკლესია გამოდის ამ სიგნალით და თუ საბოლოოდ მოხერხდა კიდეც მონარქიის აღდგენა, მეფე სამუდამო ვალში აღმოჩნდება ეკლესიასთან, მით უმეტეს, რომ, როგორც მაშინ იქნა ხაზგასმული, მემკვიდრე უნდა აღიზარდოს პატრიარქის ზედამხედველობით, საეკლესიო პირთა გარემოცვაში. ესეც რომ არა, მეფის ახალი, თან რეალურად უბერკეტო ინსტიტუტი ვერანაირად გაუწევს კონკურენციას იმ ძლიერ ინსტიტუტს _ ეკლესიას, რომლის წინაშე თვით სააკაშვილიც კი იძულებული ხდებოდა, უკან დაეხია და ანგარიში გაეწია მღვდელმთავრებისთვის. კარგად ვნახეთ ისიც, რომ 2013 წლის 17 ივნისს როგორ დაანახვა ეკლესიამ ძალა ივანიშვილს. ასე რომ, მონარქიის აღდგენით, კონსტიტუციური მონარქიის ნაცვლად, ჩვენ მივიღებთ თეოკრატიულ მონარქიას _ მღვდლების მარიონეტ მეფეს.

 

რეზო შატაკიშვილი