საარჩევნო სამზადისი ქუთაისში და ფარული „ომი“ მმართველ გუნდში

ქუთაისში საზოგადოება უკვე აქტიურად განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსახლეობა პარტიებისგან იმ პირთა ვინაობის დასახელებას ელოდება, რომლებიც მერის სავარძლის დასაკავებლად იბრძოლებენ.

ჯერჯერობით, ოფიციალურად, არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ განუცხადებია, თუ ვინ იქნება მათი სახე, თუმცა არაოფიციალურად რამდენიმე კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ქალაქში 10-მდე პოლიტიკური პარტიაა. მერობისა და საკრებულოს წევრების კანდიდატურების შერჩევის პროცესი, უმეტესობა მათგანში, უკვე გადამწყვეტ ფაზაშია.

როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ქუთაისის ამჟამინდელი მერი, შოთა მურღულია, თანამდებობას ვეღარ შეინარჩუნებს და „ქართული ოცნება“ მისი კანდიდატურის დასახელებას აღარ აპირებს. შოთა მურღულია თეიმურაზ შაშიაშვილის შემდეგ ერთადერთი მერია, რომელმაც ქალაქის თავის პოსტი ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა და შიდაპარტიული დაპირისპირებისა, არა მარტო საკუთარი პოზიციების დაცვა შეძლო, არამედ _ მერიის მაღალი თანამდებობების მისთვის სასურველი ადამიანებით დაკომპლექტებაც. მურღულია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, მანამდე იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო; 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი იგი, როგორც არჩეული მერი, ისე იკავებს აღნიშნულ პოსტს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაშინ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩევნებზე გამოცხადებული მოსახლეობის ხმების 50.63% მიიღო.

მურღულია ქალაქის სამსახურში ყოფნისთვის ისევ მზადაა, თუკი მმართველი გუნდი მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „მე არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე იმიტომ, რომ აქ თუ გუნდური გადაწყვეტილება და გუნდური მხარდაჭერა არ იქნა, მარტო ქალაქის მერი ვერაფერს გააკეთებს. მზად ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. რომელი პოზიციიდან იქნება და საიდან, ამას დიდი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს“, _ ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა და შესაძლებელია თუ არა, შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებში მმართველი გუნდის სახე ისევ ის იყოს? თუმცა „ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანები კულუარებში საუბრობენ, რომ მურღულიას პოსტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის საშუალება არ მიეცემა და ამის მიზეზად მმართველ გუნდში არსებულ იმ 2 ბანაკს ასახელებენ, რომლიდანაც ერთში ქუთაისის მერი და მისი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ და რომლის პოზიციებიც, ბოლო თვეებში, საგრძნობლად შესუსტებულია.

შოთა მურღულიას გავლენის დასუსტებაში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარიას ასახელებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მისი სკამის დაკავებას შეეცდება.  თავად ჭიღვარია მის შესაძლო მერობას ჟურნალისტებთან არც უარყოფს და არც ადასტურებს: „საბოლოო გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის შესახებ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ჯერჯერობით, ამ თემაზე კონსულტაციები არ დაწყებულა“, _ აცხადებს იგი, თუმცა დასძენს, რომ თუკი პოლიტიკური გუნდი არჩევანს მასზე შეაჩერებს, იგი ამჟამინდელი მერივით ასევე მზადაა, ქალაქს ემსახუროს.

პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი იობაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატს პრემიერი, ან ვიცე-პრემიერი წარადგენს. მისივე თქმით, ქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად ცნობილი გახდება იმ პირის ვინაობაც, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. თუმცა ვინ არიან ისინი, პარტიაში, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ. გიორგი იობაშვილის განმარტებით, ამის შესახებ პარტიაში კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იქნება თუ არა ამ კონსულტაციების შედეგად შერჩეული მერობის კანდიდატად ვიცე-გუბერნატორი ჭიღვარია, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რამდენად გაუწევს იგი კონკურენციას სერიოზული ფინანსური მხარდაჭერისა და ტრადიციულად ქცეული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე იმ ცნობილ სახეებს, რომელთა დასახელებასაც ოპოზიციური პარტიები აპირებენ, რთული სათქმელია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჭიღვარიას ცნობადობა მოსახლეობაში ძალიან დაბალია და „ოცნებას“ დიდი ძალისხმევა მართებს ამ მიმართულებით.

სწორედ წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიის საშტატო ერთეულს მესამე ვიცე-მერის პოსტი დაემატა. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა განმარტა, ახალი შტატის დამატება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს უკავშირდება, რომელიც 2017 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, ქალაქის მერიას 13 თანამდებობის პირი უნდა ჰყავდეს. როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაისის ბოლოს აცხადებდა, შესაძლებელია, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებამდე აღნიშნულ პოსტზე აღარც არავინ დაინიშნოს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ დავით გოგისვანიძის განცხადებით, არჩევნებამდე მსგავსი ცვლილებების განხორციელბა მიზანშეწონილი არ იყო: „თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება, ახალ მერს ავირჩევთ და რა აუცილებლობა იყო, რამდენიმე თვით არჩევნებამდე შტატის დამატება? ეს თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გამოიწვევს საბიუჯეტო ცვლილებას“, _ განაცხადა გოგისვანიძემ.

მიუხედავად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ არჩევნებამდე მესამე ვიცე-მერი, შესაძლოა, ქალაქს არ ჰყოლოდა, იგი მალევე დაინიშნა. ოპოზიცია და არა მარტო, ყოველივეს არჩევნებს უკავშირებს. იურისტები განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ახალი ვიცე-მერის შტატის შემოღებას კანონი არ ავალდებულებდა. მეტიც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც მერიამ არგუმენტად მოიყვანა, მსაგავსი ჩანაწერი საერთოდ არ არსებობს.

„ქუთაისის მერია არ არის ვალდებული, 13 თანამდებობის პირი ჰყავდეს. ამ საკითხს „თვითმმართველობის კოდექსი“ არეგულირებს, სადაც წერია, რომ უნდა ჰყავდეს, არაუმეტეს, 13 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს 13 თანამდებობის პირის არსებობა“, _ განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანმა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოში“ კი განმარტავენ, რომ  თვითმმართველობის კოდექსი თანამდებობის პირთა მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებულზე ნაკლების არსებობა დასაშვებია.

ქუთაისის საკრებულომ მესამე ვიცე-მერის შტატის შემოღებას, მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, მაინც დაუჭირა მხარი. ცვლილებიდან 5 დღეში კი, ასევე წინასწარ გაკეთებული დაპირების მიუხედავად, ვიცე-მერი დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა გრიგოლ დალაქიშვილმა დაიკავა, რომლის თქმითაც, მისი კანდიდატურა თავად შოთა მურღულიამ შეარჩია და დაასახელა. გრიგოლ დალაქიშვილს   საკურატოროდ საბინაო სამსახური, ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანება, ააიპ სპორტული და კულტურულ-სახელოვნებო გაერთიანებები ჩაბარდა. ეს ის რგოლებია, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა სოლიდურია და რომლებიც არჩევნების შედეგებზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. ქუთაისში უკვე საუბრობენ, რომ ახალი ვიცე-მერი სწორედ შოთა მურღულიას საქმიანობის საკონტროლოდ დაინიშნა, რასაც თავად ახლად დანიშნული ჩინოვნიკი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და პასუხობს, რომ ეს ასე არ არის და ამ გადაწყვეტილებით ქალაქის ხელმძღვანელმა, უბრალოდ, კეთილი ნება და კანონის მოთხოვნის მიმართ პატივისცემა გამოხატა. დალაქიშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ იგი საქმით დაამტკიცებს, საჭირო იყო თუ არა ახალი ვიცე-მერის შტატის შემოღების აუცილებლობა? თავად შოთა მურღულია კი უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებებს, რომ, თითქოსდა, იგი აიძულეს, დალაქიშვილი, რომლის კანდიდატურაც, გავრცელებული ინფორმაციებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოდის, მის მორიგ მოადგილედ დაენიშნა და მიღებულ გადაწყვეტილებას, მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე აუცილებლობას უკავშირებს: „ეს მნიშვნელოვნად ზრდის ადმინისტრაციული ფუნქციების დატვირთვას. მეორე, _ სამუშაოები იმდენად დიდია, რომ მოქმედი ორი ვიცე-მერი ამ თემებში აქტიურად არ იყო ჩართული და მესამეც, _ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპონენტი მნიშვნელოვნად ძლიერდება. ამ მიმართულებით ძნელი იყო მუშაობა, ამიტომ ის წარმომადგენელი დავამატეთ, რომელსაც ზუსტად ეს ფუნქცია ექნება. დანიშვნა თუ უნდოდათ, აქამდე ვერ დამინიშნავდნენ?“ _ აცხადებს შოთა მურღულია და კითხვითვე პასუხობს ბრალდების ადრესატებს.

ქუთაისის მესამე ვიცე-მერი იმერეთის ვიცე-გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასთან დაახლოებულ პირად სახელდება. მას ხშირად ხედავენ საჯარო შეხვედრებზე ამ უკანასკნელთან ერთად. ყოველივე ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს ოპოზიციის ეჭვს, რომ დალაქიშვილის ძირითადი მოვალება ჭიღვარიას ინტერესების დაცვა და არჩევნებისთვის შესაბამისი ფონის შექმნაა.

ქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატი, ყოფილი რესპუბლიკელი ნატო ქათამაძე მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირებამ უკვე საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია: „ოცნების ოფისში ყოველ საღამოს ჩხუბია. არავისთვის სიახლე არ არის, რომ მმართველ გუნდში დიდი ხანია, შიდადაპირისპირებაა“, _ განმარტავს იგი და დასძენს, რომ მესამე ვიცე-მერის დანიშვნა მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო სამზადისზე მიუთითებს. „გრიგოლ დალაქიშვილს მერიაში ის სფეროები ჩააბარეს, რომლებიც არჩევნებს იგებს“, _ განმარტავს ქათამაძე.

რაც შეეხება არჩევნების სხვა მოთამაშეებს, გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი შესაძლებელია, საქართველოში კარგად ცნობილი სახე იყოს. ქუთაისის მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს გრიგოლ ვაშაძესთან და ხატია დეკანოიძესთან.

„ხატია დეკანოიძე და სხვა სავარაუდო კანდიდატებიც მზად არიან, პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ამ საკითხს, თუმცა საბოლოო შეთანხმება გუნდურად მიიღება და ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი“, _ განაცხადა პარტის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, ბესიკ ბრეგაძემ.

შეაჩერებს თუ არა პარტია საბოლოოდ არჩევანს ხატია დეკანოიძეზე, რომელიც საზოგადოებისთვის 2007 წლიდან გახდა ცნობილი, როცა იგი პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა და რომლის შემდეგაც რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, 2015-16 წლებში უკრაინაში, როგორც ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

უკვე დაწყებულია და საზოგადოება მალე შეიტყობს იმ პიროვნებების ვინაობასაც, რომლებიც „ევროპული საქართველოს“ სახელით მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატად ყოფილი პარლამენტარი გია თევდორაძე და გუნდის წევრი კოტე რატიანი მოიაზრებიან.

„შიდა სამზარეულოში მოვიაზრებით ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი, თუმცა ოფიციალური კონსულტაციები, ჯერჯერობით, არ ყოფილა. ასევე ვიცი, რომ ცენტრალურ დონეზე რამდენიმე საინტერესო ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ კონკრეტული მონახაზი, ჯერჯერობით, არ არსებობს“, _ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა კოტე რატიანმა.

ქუთაისის მერად ცნობილი სახის ხილვა სურს პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძეს:

„შესაძლოა, ქუთაისის მერობის კანდიდატად ისეთი სახე ვიხილოთ, რომელიც საერთო ნაციონალური ცნობადობით და წონადობით გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ ამ პოსტზე რაც შეიძლება სოლიდური ფიგურა შევარჩიოთ. სჯობია, საზოგადოებას ისეთი ადამიანები შევთავაზოთ  კანდიდატებად, რომლებიც ახალი ხედვით, ახალი ენერგიით შეძლებენ ქვეყნისა და ქალაქის გადარჩენას“, _ მიაჩნია გიორგი თევდორაძეს, თუმცა ასევე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ისიც განიხილონ ერთ-ერთ კანდიდატად.

საარჩევნო სამზადისს ახალი ოფისიდან „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები დაიწყებენ. პარტიის ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია განმარტავს, რომ შიდა კონსულტაციები არა მარტო ქუთაისის, არამედ იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარსადგენ კანდიდატებზეც მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, გვეყოლება მერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ასევე, გვეყოლება, ყველგან მაჟორიტარობის კანდიდატებიც. გვექნება სრულფასოვანი საარჩევნო სია“, _ აცხადებს წულაია.

ლეიბორისტული პარტიის წარმატებაში დარწმუნებულია ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევის პროცესი და მალე გაირკვევა, თუ ვინს რა პოზიციაზე წაარდგენენ.

ადამიანური რესურსისა და, შესაბამისად, კვალიფიციური კადრების არსებობაზე აკეთებენ აქცენტს „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს“ ქუთაისის ოფისში და აცხადებენ, რომ აპირებენ როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას.

მიუხედავად იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსში“ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარებაში პრობლემას ხედავენ, კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებიან და საარჩევნო მარათონში ჩართვას მაინც აპირებენ. პარტიაში უახლოეს ხანში გეგმავენ, საზოგადოებას წარუდგინონ როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრობის კანდიდატები.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი რჩეულების ვინაობა, ზემოთ დასახელებულ პარტიებთან ერთად, ზაფხულის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქუთაისში ბევრ სიურპრიზს გვპირდება, _ დაძაბული პოლიტიკური ბრძოლით და ბევრი საინტერესო და კარგად ცნობილი სახის გამოჩენით. მთავარი ინტერესის საგნად მაინც ის რჩება, რამდენად მოახერხებს „ოცნება“ გასული არჩევნების დროს მერობის კანდიდატის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული მოსახლეობის ხმების 50,63%-ის გაუმჯობესებას, ან, თუნდაც, ამავე მაჩვენებლის შენარჩუნებას?

ქუთაისი ერთ-ერთი დიდი საარჩევნო ოლქია საქართველოში. აქ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, არჩევნები, შედარებით, ყოველთვის მშვიდად მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, სიმშვიდეს ქუთაისელები ამჯერადაც შეინარჩუნებენ, მაგრამ როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გადაწყვეტილების მიღებისას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, მათზე დიდ გავლენას იქონიებს ქალაქის საპარლამენტო სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები თუ მიღებული გადაწყვეტილებები. ფაქტია, რომ ბოლო დროს მოსახლეობაში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პარლამენტის ქუთაისში არსებობას ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. როგორც ადრე, ისე ამჯერადაც, ქალაქი პარტიების მიერ უხვად გაცემულ დაპირებას ელის, მაგრამ რომელი მათგანი აღმოჩნდება დამაჯერებელი და იქნება თუ არა ეს დაპირება მორიგი სატყუარა ქუთაისელთა ხმების მოსანადირებლად, რთული სათქმელია.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე