ვინ არის გამომძიებელი თამაზ ჯინიყაშვილი?!

2

ავტოპორტრეტი მთავარი პროკურატურისთვის, სადაც ჯერ კიდევ უკუნი სიბნელეა! 

ხელისუფლების შეცვლამ ქვეყანაში ბევრს გაუჩინა იმედი, რომ სამართალს მიაღწევდნენ, ნაკლებად იქნებოდნენ დამოკიდებულნი კონკრეტულ ლობისტებზე და „შეკერილ საქმეებზე“, რითაც წინა მმართველი გუნდი ამ დრომდე ისტორიას შემორჩა. „ქრონიკა+“-მდე კიდევ ერთმა ასეთმა ფაქტმა მოაღწია. კერძოდ, ავტოავარიაში დაზარალებული ტაქსის მძღოლი გამომძიებელს დამნაშავის ხელის დაფარებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უკვე გენინსპექციას მიმართა, სამართალს მაინც ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომ „ქრონიკა+“-ის მეშვეობით კიდევ ერთხელ იწყებს ბრძოლას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც გამოძიება ამ დრომდე „სასათბურე პირობებს“ უქმნის.

ზურაბ შენგელია – დაზარალებული ტაქსის მძღოლი:

_ ფირმა „ფინქსის“ ავტოპარკში ტაქსის მძღოლი ვიყავი და 2000 წელს გამოშვებული „ოპელ-ასტრა“ ჰეჩბეკით ვემსახურებოდი ხალხს. ისე, 8 წელია, ტაქსის მძღოლი ვარ. მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საღამოს 5 საათზე, გადასასვლელი ხიდიდან ნაძალადევის მიმართულებოთ ვმოძრაობდი. შუქნიშანზე ავტომანქანებთან ერთად გავჩერდი და უკნიდან შავი „იქს-5“, სახელმწიფო ნომრით „MIX 105“ დამეჯახა. მაშინვე გადმოვედი ავტომანქანიდან, ორივე მანქანა დავათვალიერე, მაგრამ რადგან არც ერთი არ იყო დაზიანებული, მეორე მანქანაში მჯდომ პიროვნებებს ხელი ავუწიე და ასე ვანიშნე, დაზიანება არ არის-მეთქი. დარტყმის შემდეგ ისინი მანქანიდანაც არ გადმოსულან და ზომბებივით ისხდნენ ერთ ადგილზე, ანუ დარტყმის გამო რეაქციაც არ ჰქონიათ. ამის შემდეგ 100 მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ იგივე მანქანა შეეცადა, ჩემთვის მარჯვნიდან გაესწრო, მაგრამ ბოლომდე გასული არ იყო, უკვე მეორედ რომ დაეჯახა ჩემს მანქანას. მარჯვენა წინა ფრთაში მარცხენა მხარე დამარტყა და გადამაგდო საპირისპირო მხარეს, სადაც ყვითელ სამარშრუტო მიკროავტობუსს შევეჯახე. სამარშრუტო ტაქსიც დაზიანდა, იქ მჯდომ გოგონას კი ცხვირი ორ ადგილზე გაუტყდა და ოპერაცია დასჭირდა. ჩემი მანქანა გადასაგდები გახდა, ისე დაიმტვრა, რადგან წინა ნაწილი სალონში შემოვიდა.

მეც მივიღე საშინელი ტრავმა, ფეხი მომტყდა, კოჭი ამომაცალეს და დღეს რკინებით დავდივარ, შუბლზე გახეთქილი ახლაც მეტყობა და 12 ნაკერი მადევს. ფილტვში წყალი ჩამიდგა აირბაგის გახსნის გამო. ასევე მქონდა სხვა მრავლობითი დაზიანება. დამნაშავე მანქანა შემთხვევის ადგილიდან მაშინვე გაიქცა, თუმცა 20 მეტრში სხვა მანქანა, უკვე ჯიპი დაამტვრია და იქიდანაც მიიმალა. როცა მიხაილოვის საავამყოფოში გონზე მოვედი და გავაცნობიერე, რაც მოხდა, გავიხსენე, რომ იმ მანქანაში, რომელიც ორჯერ დამეჯახა, მაქსიმუმ, 30 წლამდე ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. ჩემი და სამარშრუტო ტაქსიში დაზიანებული გოგონას გადაყვანის მერე მოსულა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და გამომძიებელი. თვითმხილველებს მათთვის იმ მანქანის აღწერილობასთან ერთად, მისი სახელმწიფო ნომერიც უთქვამთ, მაგრამ ამათ უპასუხიათ, ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო. წესით და რიგით, ის მანქანა მაშინვე უნდა გადაეცათ ძებნაზე, იქ მჯდომი ადამიანებისთვის ალკო და ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და გაერკვიათ ავტოავარიის რეალური მიზეზი.

_ ეჭვი გაქვთ, რომ ავტომანქანაში, რომელიც დაგეჯახათ, ალკოჰოლის ქვეშ მყოფი ადამიანები ისხდნენ?

_ სამივეს, მათ შორის, მძღოლის  მოქმედება იყო არაადეკვატური, რადგან სხვა რომ არაფერი, ფხიზელ მდგომარეობაში სამჯერ ვერ დაეჯახები მანქანას. თანაც ასეთ შემთხვევაზე რამე რეაქცია მაინც ხომ უნდა გქონდეს და როგორც გითხარით, მათ ეს არ ჰქონდათ – ზომბებივით იყვნენ პირველი დარტყმის მერე და თვალებსაც არ ახამხამებდნენ. ეს ყველაფერი მართლაც უცნაური იყო და ამაში ეჭვი, ცხადია, პირველ რიგში, გამომძიებელს უნდა შეჰპარვოდა. გაქცეულმა მანქანამ ჩემ შემდეგ ჯიპიც დაამტვრია, მერე გავიგე, რომ, თურმე, ის არ ჩივის. არ ვიცი, მათ შორის რა შეთანხმება მოხდა, მაგრამ გამომძიებელმა ეს ყველაფერი კარგად იცის.

საავადმყოფოში ფეხზე ოპერაცია დამჭირდა – კოჭი ამომაცალეს, რადგან ამ ადგილზე ზემოდან ჩამომავალი ძვლები დამსხვრეული მქონდა. ორივე მხარეს მაქვს ფეხი გაჭრილი და ერთ მხარეს 7 ნაკერი მადევს, მეორეზე – ხუთი. ძვლები ტრავმატოლოგმა ამიწყო, მაგრამ ახლაც ვკოჭლობ. საავადმოფოში შემიყვანეს თუ არა, ალკოტესტი ჩამიტარეს. საკაცეზე ვიწექი, შუბლს მიკერავდნენ, პატრულმა და გამომძიებელმა რომ ჩამაბერინეს, მაგრამ ფხიზელი ვიყავი. მერე თქვეს, დანარჩენს ჩვენ მივხედავთო, მაგრამ არაფერსაც არ მიხედეს.

_ გამომძიებელი ვინ არის, ალბათ, დაგკითხათ, არა?!

_ გამომძიებელი არის თამაზ ჯინიყაშვილი. საავადმყოფოში ამ ადამიანმა მხოლოდ ის მკითხა, რამე გახსოვსო? მაგრამ ისეთ დღეში ვიყავი, თავს მიკერავდნენ და რა უნდა გამეხსენებინა? – არა-მეთქი, – მაშინ ვუთხარი. მერე კი საავადმყოფოში აღარ მოსულა. ოპერაცია ჩამიტარეს, ნარკოზიდანაც გამოვედი, სახლშიც გამომწერეს, მაგრამ ის არ გამკარებია. როგორც ვიცი, საავადმყოფოში თუ არა, სახლში მაინც აკითხავენ ხოლმე დასაკითხად ისეთ დროს, როცა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ როცა გამომძიებელი არც იქ გამოჩნდა, 112-დან მოვიძიე და თავად ვიპოვე. ამის მერე დამკითხა სახლში და ცხადია, ყველაფერი მოვუყევი. რომელიც დამეჯახა, იმ მანქანის მეპატრონე და მგზავრებიც მოვიკითხე. გამომძიებელმა მითხრა, მანქანის პატრონი დიდ დიღომში ცხოვრობსო. დასაკითხად რომ მოვიდა და ფურცელი გადმოიღო, იქ ეწერა მძღოლის ტელეფონის ნომერი, სახლის მისამართი და მისი ყველა სხვა მონაცემი. ამით იმის თქმა მინდა, რომ გამომძიებელს, ჩემთან როცა მოვიდა, მასზე სრული ინფორმაცია უკვე ჰქონდა, მაგრამ მათთვის არანაირი დაკითხვა არ ჩაუტარებია. ის კი არა, სამი კვირის განმავლობაში მანქანის პატრონი თავისთან ვერ მიიყვანა და არც მანქანა გადაუყვანია საჯარიმოზე, ან ექსპერტიზაზე. დიდი ხნის მერე, როცა თავისთან მიიყვანა, ჩემი ნომერი მისცა მათ და ისინიც ამოვიდნენ. ეს იყო დაახლოებით თებერვლის ბოლოს.

ჩემთან მოვიდნენ მანქანის მძღოლი და კიდევ ორი პიროვნება იგივე მანქანით, რომლითაც ამ დღეში ჩამაყენეს. მანქანას დარტყმის არანაირი კვალი უკვე აღარ ეტყობოდა, რადგან გაეკეთებინათ და შეეღებათ. მათ ვუთხარი, რომ ის ტაქსი იყო ჩემი ოჯახის მარჩენალი, რადგან დღიურად 30-40 ლარს ვიღებდი. ეს უნდა გადამიხადოთ, სანამ მე ვიწვები-მეთქი. – კი ბატონოო, ხვალვე მოგაკითხავთო, – შემპირდნენ. ამ საუბრის მერე 6 თვის განმავლობაში აღარავინ გამოჩენილა. ერთი თვის მერე თავად დავურეკე და როცა ვკითხე, – რატომ დაიკარგნენ? – სასამართლოს ველოდებითო, – მიპასუხეს. მას მერე გამომძიებელსაც აღარ დაურეკავს და მასაც მხოლოდ მე ვურეკავდი. უკვე მოკლე პასუხებით იფარგლებოდა, -ექსპერტიზას ველოდებიო. იმასაც კი არ აკეთებდა, რომ განემარტა, რატომ ჭიანურდებოდა ექსპერტიზა და გამოძიება როდემდე უნდა გაგრძლებულიყო?! ზოგჯერ ვურეკავდი და ტელეფონს საერთოდ არ იღებდა.

_ ექსპერტიზის პასუხი დღემდე არ გაქვთ, თუ რა ხდება?

_ საპატრულომ ჩაატარა ერთი ექსპერტიზა და დაასკვნეს, რომ შეჯახების კონტაქტი იყო, თუმცა მერე გამომძიებელმა თქვა, ეს არ იქნება ძლიერი საბუთი სასამართლოზე, ამიტომ სამხარაულის ექსპერტიზას გადავცემ და ყველაფერს იქ უკეთ დაადგენენო. სამხარაულში შემთხვევიდან თვენახევრის მერე ჩაუტარეს ორივე მანქანას ბიო-ქიმიური და სხვა ექსპერტიზები, მაგრამ მათი მანქანა უკვე გაკეთებული იყო და, ცხადია, კვალიც წაშლილი იქნებოდა. შეჯახების პერიოდში გამომძიებელს რომ ძებნაზე გადაეცა მანქანა, ამდენი ექსპერტიზაც არ დასჭირდებოდა და ადვილად გახდებოდა ყველაფერი ცხადი. ამდენი ხანი გავიდა, მანქანა გააკეთეს, მზეში, წვიმაში, მტვერში ატარეს და რა კვალიღა დარჩებოდა?! მაგრამ ესენი მაინც ამბობენ, სამხარაულის ექსპერტიზა ძლიერია და მაინც გაარკვევსო, თუმცა ექსპერტიზამაც გააჭიანურა დასკვნების გაცემა.

_ მათ რა არგუმენტით გააჭიანურეს, რას გეუბნებიან?

_ ექსპერტიზას საბოლოო დასკვნის გამოტანის ვადა 27 მარტიდან 1-ლ ივლისამდე ჰქონდა, მაგრამ როგორც მეუბნებიან, დღემდე არ არის დასრულებული. ტელეფინით მპასუხობენ, – სამი ექსპერტიზაა დანიშნული, რომლებიც ერთმანეთზეა აკინძული. თუ ერთი არ დაიწყო, მეორე ვერ კეთდება, მეორე თუ ვერ გაკეთდა, მესამე ექსპერტიზა ვერ ტარდებაო და ა. შ.

_ ვერაფერი გავიგე, სიმართლე გითხრათ, ეს რა პასუხია?

_ ჩვენც ვერ გავიგეთ და ამიტომ მოვედით თქვენთან. დაწყებული მაინც თუ არის ეს ექსპერტიზა, ისიც არ ვიცი. სრულ ინფორმაციას იმიტომ არ მეუბნებიან, რომ განცხადება ვინც შეიტანა, თურმე, მხოლოდ მას აქვს უფლება, დეტალებზე ინფორმაცია მოითხოვოს. ისიც მითხრეს, რომ თუ ექსპერტიზის დაჩქარებაა საჭირო, წერილის შემომტანმა ამაზე ცალკე უნდა მოგვმართოსო. დავურეკე გამომძიებელს და ვუთხარი, – იქნებ, დაჩქარებული ექსპერტიზისთვის შეიტანოთ განცხადება-მეთქი, მაგრამ მაპასუხა, – დაჩქარებაზე ბევრი პროცედურაა ჩემგან საჭირო და ვერ გავაკეთებო. ამის მერე ორი თვე გავიდა და დღეს ექსპერტიზა კიდევ არ აქვთ.

_ თქვენი აზრით, ასე რატომ აჭიანურებენ გამოძიებას, ვინმეს ინტერესები დევს ამაში?

_ ძალიან დიდი ალბათობაა, რომ იმ პიროვნებას, ვინც დამეჯახა, ვიღაც მფარველობდეს, ან სხვა რამესთან გვქონდეს საქმე. გამომძიებელმა როგორც მითხრა, მძღოლი მუშაობს თბილისში, ფეიქრებზე. იქ კი არის „პირველის“ ქარხანა და დაშლილი ავტომანქანების ბაზრობა. ერთხელ ისიც მითხრა, იმიტომ არ ცხადდება, მივლინებაში, ქალაქგარეთ არის წასულიო, მაგრამ არც ის ვიცი, აქვს თუ არა საბუთი ამ ადამიანს, რომ იმ რიცხვებში ნამდვილად იყო მივლინებით სადმე? თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, გამომძიებლის ინტერესებში ავარიის მოხდენისთანავე რატომ არ შედიოდა გაქცეული მანქანის ძებნაზე გადაცემა? ეს აუხსნელია. ძებნაზე რომ გადაეცათ, მოეძებნათ მანქანა, რომელიც დამეჯახა და გამომძიებელს თავისი მოვალეობა შეესრულებინა, აუცილებლად აღმოჩნდებოდა, რომ მინიმუმ არაფზიხელ მდგომარეობაში იყვნენ და ყველაფერი ცხადი გახდებოდა. სამხარაულის ექსპერტიზას გაჭიანურებაში ბრალს არ ვდებ და ამაშიც გამომძიებელს ვადანაშაულებ, რადგან რამდენჯერაც იქ დავრეკე, ოპერატორები მეუბნებიან, გამომძიებელმა ახალი დეტალი მოიტანა და ექსპერტიზამ ამიტომ გადაიწიაო. რამდენი ხნით გადაიწია და როდის მორჩება, არ იციან, შესაბამისად, სრულ ინფორმაციასაც ვერ მეუბნებიან.

_ თქვენ ახლა რას ითხოვთ, ჩვენ როგორ უნდა დაგეხმაროთ?

_ მინდა, რომ გამომძიებელს, თამაზ ჯინიყაშვილს, ჩემს საქმესთან შეხება არ ჰქონდეს. წესით და რიგით, ასეთი ადამიანი გამომძიებლად არც უნდა მუშაობდეს, რადგან მას კანონიერად რომ წაეყვანა საქმე, ამდენი ხნის განმავლობაში დასრულებული იქნებოდა. გამომძიებელმა უდიდესი ზარალი მომაყენა საქმის გაჭიანურებით – ჯერ ერთი, დანაშაულის კვალი თავისი ქმედებებით წაშალა და ახლა არავინ იცის, ექსპერტიზა რას დაადგენს, ან სასამართლო წაშლილ კვალზე გაარკვევს თუ არა სიმართლეს? თუ ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებ, მანქანების საჯარიმო თანხა, რომელიც ამ ეტაპისთვის 2 ათასია, ჩემი გადასახდელი იქნება, ამას დაემატება ჯარიმა – 2 ათასი ლარი. სამარშრუტო ტაქსიში დაზიანებულმა გოგონამ შეიძლება ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ჩატარება მოითხოვოს და ისიც ჩემი გასასტუმრებელი იქნება და მე კიდევ ინვალიდი დამტოვა, ფეხიდან რკინები მაქვს ამოსაღები. ეს ყველაფერი უკვე გამომძიებლის უნიათობის გამო დამემრთა, თუმცა ზუსტად არ ვიცი, კიდევ რა იმალება მის ასეთ ქმედებებში?

საჩივარი უკვე შევიტანე საპატრულო პოლიციაში, საგამოძიებოში და ახლა დავწერე გენერალურ ინსპექციაშიც. ვუჩივი გამომძიებელს, რადგან მისი საქმიანობა ჩემთვის საეჭვო გახდა. რისი გამომძიებელია, თუკი შეჯახების მთავარი მოქმედი პირის მოყვანა ვერ მოახერხა, თავის დროზე ვერ დაკითხა, მანქანის ექსპერტიზა ვერ ჩაატარა, სანამ არ გააკეთებდნენ?! დამნაშავეებს მანქანა გააკეთებინა და მერე მიიყვანა დაკითხვასა და ექსპერტიზაზე და მითხარით, აბა, რა უნდა ვიფიქრო?!

თუ გენინსპექციამაც არანაირი შედეგი არ გამოიღო, მერე უფრო ზედა ინსტანციებს მივმართავ და გამომძიებელს ასეთ საქციელს არ ვაპატიებ! მთავარი დამნაშავე ახლა არის გამომძიებელი და მისი ამ საქმისთვის ჩამოცილებას და დასჯას ვითხოვ. სამხარაულში როცა ვრეკავ, მეუბნებიან, რომ საუბარი იწერება. ვისაც ჩემი არ სჯერა, ამოიღოს სამხარაულში ჩემი დარეკილი და გაშიფროს, რას მეუბნებიან. ისინიც გამომძიებლისკენ იშვერენ ხელს, – გამომძიებლის მოტანილი ახალი დეტალის გამო გრძელდება ექსპერტიზაო.

როცა გამომძიებელთან ყავარჯნებით სამსახურში მივედი, სხვა გამომძიებლებიც წამომესივნენ. ვკითხე, – რატომ არ გადასცეს ძებნაზე ავტოავარიის მერე მანქანა-მეთქი?! მაგრამ სხვები გამოექომაგნენ, _ გამომძიებელს ის კი არ ევალება, ყველა „გარაჟი“ დაირბინოს და მანქანა მოძებნოსო?! თუ მანქანის ნომერი იცი, ამ ადამიანის მისამართი და ყველა ინფორმაცია მის შესახებ ცნობილია, რატომ არ უნდა მივიდეს და დეტალები არ გაარკვიოს? აბა, გამომძიებლის ფუნქცია სხვა რა არის, იქნებ, გამაგებინონ?! მეუბნებოდა, გაქცეული მძღოლი ტელეფონს ხან მითიშავს, ხან გამორთული აქვს, ქალაქგარეთ არისო და ასეთი უსუსური თუ უნდა იყოს გამომძიებელი, არ ვიცი. მერე მამაჩემმაც დაურეკა ჯინიყაშვილს და როცა ჰკითხა, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი, უპასუხა, სხვა საქმეები გამომიჩნდა და ზურას საქმე ამიტომ გადავდეო. სხვა საქმე საქმეა და ჩემი რატომ არ არის საქმე, ვერც ეს გავარკვიე. ადამიანმა დამამტვრია, დამაკოჭლა, ტვინის შერყევა დამმართა, ფილტვში წყალი მაქვს, ახალგაზრდა გოგო ცხვირმოტეხილია და გამომძიებლის  წყალობით დანაშაული დღემდე იფარება. ეს თურმე საქმე არ არის, იქნებ, თქვენ მაინც გამაგებინოთ, დანაშაული მაშინ რას ჰქვია?!

„ქრონიკა+“ გამომძიებელ თამაზ ჯინიყაშვილს დაუკავშირდა. მას განვუმარტეთ, რომ დაზარალებულმა ზურაბ შენგელიამ არა მხოლოდ გენინსპექციასა და საპატრულოში შეიტანა განცხადება, არამედ მედიასაშუალებაც, კონკრეტულად „ქრონიკა+“ ჩართო საქმეში. ცხადია, მას იმ ნიუანსებში გარკვევაც ვთხოვეთ, რომლის შესახებაც ავტოავარიაში დაზარალებული მძღოლი მოგვიყვა, თუმცა გამომძიებლისგან, შეძლება ითქვას, მხოლოდ კანცელარიული პახუხი მივიღეთ და ახალი არაფერი მოგვისმენია:

„საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, მიმდინარეობს გამოძიება და არ მაქვს უფლება, მეტი რამე გითხრათ. თვითონ შენგელიამ ყველაფერი იცის და ის მოგიყვეთ. როცა ექპერტიზა დამთავრდება, პროკურატურა გაარკვევს ყველაფერს“. ცოტა არ იყოს, უცნაური აღმოჩნდა საქმისადმი მსგავსი მიდგომა, მედიისთვის გაკეთებული კომენტარიც, არადა 1-ლი ოქტომბრის დადგომა, ზოგადად, ხელისუფლების შეცვლა იმიტომ იზეიმა ქართველმა ხალხმა, რომ დასრულებულიყო უსამართლობა. „ქრონიკა+“ ამ საქმეს მართლაც ბოლომდე გაჰყვება, მთავარ პროკურატურას კი ნამდვილად უნდა ერჩივნოს, უწყებაში მეტად კვალიფიციური, პროფესიონალი და ოპერატიული კადრები ჰყავდეს.

ნელი ვარდიაშვილი

4

q

qq