უცხოელებზე უკანონოდ გაყიდული მიწები, კონკრეტული მფლობელები და მათი მფარველი მაღალჩინოსნები

 

„ქრონიკა+“ აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას _ უცხოელებზე მიწების მიყიდვის გაუგონარ ფაქტებსა და ამ საქმეში უშუალოდ მონაწილე მაღალჩინოსნებს. ვინ ითბობს ხელს სახელმწიფოსგან მითვისებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და მათი უცხოელებზე „კაპიკებად“ მიყიდვის ხარჯზე?..

კომპანია „გრინვაილდ ჯორჯია“ თურქულ-არაბული კომპანია გახლავთ, სადაც, დაახლოებით, 33% თურქეთის მხარეს ეკუთვნის, 3% _ ქართველ წარმომადგენელს და დანარჩენი _ არაბებს. აღნიშნულმა კომპანიამ მიწა შეისყიდა ვლადიმერ გურგენიძისგან. ვლადიმერ გურგენიძეზე მიწა, თავის მხრივ, გადააფორმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილე ვაჟა ლილუაშვილმა (დღეს იგი ფარული კადრების საქმეზე სასჯელს იხდის). რაც მთავარია, არაბებისა და ქართველების ერთმანეთთან დაკავშირება განახორციელა ყოფილმა პარლამენტარმა _ თემურ ფეიქრიშვილმა.

არაბებმა 10 ჰა-მდე მიწა ტაბახმელაში იმ პირობით შეისყიდეს, რომ მასზე დიდი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებდნენ.

 

გთავაზობთ, თავის დროზე, კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group tabaxmelaSi Green Valley City-ს პროექტს განახორციელებს. „მწვანე ქალაქი“ შედგება ვილებისა და აპარტამენტებისგან. კომპანია ნებართვას ძალიან მალე მიიღებს და მშენებლობას დაიწყებს. კომპანიის მეორე პროექტი კი ორი 21-სართულიანი „თაუერის“ მშენებლობაა ბათუმში, რომელიც აპარტამენტებს, ოფისებსა და მაღაზიებს მოიცავს. პროექტების საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.

Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულზე განთავსდება, ტერიტორიის 35% დაიფარება სიმწვანით. პროექტში ინტეგრირებული იქნება თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან. პროექტი 10 შენობას მოიცავს, მთლიანობაში, 510 საცხოვრებელ განყოფილებას, სტუდიოს ტიპის ერთ და ოროთახიან აპარტამენტებს. აქ ასევე იქნება კერძო საცხოვრებელი ზონა, სადაც განთავსდება „ლაქშერი ვილები“. არაბული კომპანიის განმარტებით, Green Valley City-ში დაინერგება მაღალი ხარისხის რეკრეაციული სერვისები, პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის მოედნების, ჩოგბურთის კორტების, საჯარო ბაღებისა და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, „ლაქშერი“ რესტორნების, კაფეებისა და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.

ბათუმის „ტყუპი თაუერების“ პროექტი კი, კომპანიის განმარტებით, ბათუმში ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პროექტი იქნება. პროექტი შედგება ორი თანამედროვე დიზაინის „თაუერისგან“, ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრისგან, რომელიც სიდიდით მეორე იქნება ბათუმში. „თაუერები“ გახდება პირველი პროექტი დამოუკიდებელი სანაპიროთი საქართველოში. ის მდებარეობს ბათუმის ცენტრში ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან ახლოს. „თაუერებში“ განთავსდება დასავლური და აღმოსავლური რესტორნები, შენობებს ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბი დააკავშირებს. აშენდება დიდი საცურაო აუზი, ასევე, დახურული აუზი, სპორტული დარბაზი, საუნა-ჯაკუზი. კვადრატული მეტრის ფასი კი 1300-1500 დოლარითაა განსაზღვრული.

გასული წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, ალი საედ ალ სალამმა განმარტა, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა უძრავი ქონების განვითარებისთვის ევროპაში ბუნებრივი გარემოთი, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და მიმზიდველი ინიციატივებით, როგორიცაა საგადასახადო სისტემა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სტრატეგიული მდებარეობაა, ქვეყანა ახლოსაა არაბულ სამყაროსთან“.

 

„ქრონიკა+“ გამოძიების პირველ სამ ნაწილში ტაბახმელის თემას, კერძოდ, „გადაგდების“ სქემას შეეხება, შემდგომ ორში კი _ ბათუმის.

საქართველოში დარეგისტრირებისთანავე „გრინვაილდ ჯორჯიამ“ ტაბახმელის ნაკვეთის გენერალური გეგმის, პროექტირების, აზომვითი სამუშაოებისა და ა. შ. ჩასატარებლად მიმართა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფირმა „კირკიტაძე და კომპანიას“. ამ უკანასკნელთან 250000-დოლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაო.

აქედან იწყება ყველაზე საინტერესო.

 

„ქრონიკა+“-ს „კირკიტაძე და კომპანიის“ დაზარალებული თანამშრომლები ესაუბრებიან.

ილო შარაშენიძე _ არქიტექტორი:

_ სამუშაოებს სანამ ჩვენ შეგვიკვეთდა, „გრინვაილდ ჯორჯიამ“ მთელი რიგი ვალდებულებები აიღო საკუთარ თავზე ინვესტიციის განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. უამრავი სამუშაო გავუკეთეთ _ გზების გაყვანა, დაკვალვა, მოწესრიგება, შემოღობვიდან დაწყებული, „გრგ“-თი და დაპროექტებით დასრულებული.

_ ეს ინვესტიცია რამხელა უნდა ყოფილიყო?

_ თავად როგორც ამბობდნენ, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი.

_ რა უნდა გაშენებულიყო ამ ადგილას?

_ პანსიონატის ტიპის კოტეჯები, ანუ დასვენების კუთხით მრავალფუნქციური სააგარაკე ტიპის კომპლექსი. იქ იქნებოდა სავაჭრო ცენტრიც. ჩვენ არაბები მერს შევახვედრეთ იმ მოტივით, რომ მათ ინვესტირება სურდათ. შეხვედრა ჩვეულებრივი, გაცნობითი ხასიათის იყო.

ეს არის უზარმაზარი ობიექტი 8,5 ჰა-ზე, რომლის დაპროექტებაც და ვალდებულების გაწერაც უცხოეთში სამ წელიწადში კეთდება. რაც მთავარია, ყველაფერი სწორადაა შეთანხმებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, დასრულებული პროექტი ეტაპობრივად განხორციელდებოდა. დავამთავრეთ პროექტი და მერე არაფერი, სიცარიელე! მოვიდა მათი ქართველი წარმომადგენელი, ვახტანგ გურგენიძე და კარგად იყავითო, _ გვითხრა. ჩვენმა კომპანიამ პროკურატურასა და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

_ რა სამუშაოებიც შესრულდა, ის გადაეცათ?

_ რა თქმა უნდა! იმ სამუშაოებს, რასაც ვასრულებდით, დოკუმენტურად, პერმანენტულად ვუგზავნიდით.

_ თუ გადახდილი არ ჰქონდათ?

_ ისინი ითხოვდნენ და ჩვენ როგორ არ გადაგვეგზავნა? მაგრამ ისინი მაინც ვერ დაიწყებენ თავიანთ საქმიანობას არსებული მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან, ყველაფერთან ერთად, ზედამხედველობითი ნაწილი გვაქვს ჩაბარებული და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ.

_ ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყველა დოკუმენტი გადაეცით, ისინი მშენებლობის კუთხით ვერაფერს დაიწყებენ?

_ ვერა.

_ რას ამბობენ, რატომ მოვიქეცით ასეო?

_ ვითომდა დროში ვერ ჩავეტიეთ, რაც სრული აბსურდია. მათი პრობლემა ჩვენი დროში არჩატევა კი არ იყო, არამედ ის, რომ მენეჯმენტი არ აქვთ დაწყობილი, ეს კი შემდგომ ბევრ ჩრდილოვან ფაქტორს ქმნის.

 

როსტომ კირკიტაძე _ „კირკიტაძე და კომპანიის“ ხელმძღვანელი:

 

_ დიდი ხანია, თურქულ კომპანიებთან ვმუშაობთ და საკმაოდ შედეგიანად. ერთ დღეს სწორედ ასეთი თურქული კომპანიის წარმომადგენელი მოვიდა და ამიხსნა, რომ ტაბახმელაში 10 ჰა მიწის ნაკვეთის „გრგ“ და შემდგომ სამშენებლო ობიექტების პროექტები უნდა გაგვეკეთებინა. აღნიშნულ ნაკვეთს არც გზა ჰქონდა და არც მისასვლელი. მიწის არაბებზე გაყიდვის შემდეგ ერთობლივი თურქულ-არაბული კომპანია შეიქმნა და მასზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. მიწის გადაფორმებამდე თურქებსა და არაბებს დოკუმენტურად დაადასტურებინეს, რომ ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტიციას ჩადებდნენ. საქმე ის არის, რომ 10 ჰა-მდე მიწას სასოფლო-სამეურნეო სტატუსი ჰქონდა და სხვანაირად არასასოფლო-სამეურნეოში ვერ გადაიყვანდნენ. მარტო გადაყვანაში უცხოელებს 200-300 ათასი დაეხარჯებოდათ.

მაშ, ასე! თურქულ-არაბულმა კომპანია „გრინვაილდ ჯორჯიამ“, მიწის შესყიდვის შემდეგ, გადაწყვიტა, მასზე დიდი სამშენებლო პროექტი განეხორციელებინა და ჩვენ მოგვმართა. შეგვიკვეთეს კონკრეტული პროექტი და ჩვენც, პირველ რიგში, „გრგ“-ს გაკეთება დავიწყეთ. უკვე გითხარით, რომ ამ ნაკვეთს არც მისასვლელი ჰქონდა და არც ბილიკი. ეს ჩვენ არ გვეხებოდა, მაგრამ სამი თვე თითქმის ყოველდღე დავდიოდით ეკონომიკის სამინისტროში, ვეუბნებოდით, რომ ინვესტიციას დებენ, ხალხი დასაქმდება, ტაბახმელა აგუგუნდება, ცალკე წავკისი მშიერია და ა. შ. 800 კვ.მ. გზა ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ გამოვაყოფინეთ და სერვიტუტიც დავადეთ. „გრინვაილდს“ ცალკე მარტო ამაში უნდა გადაეხადა ჩვენთვის თანხა, მაგრამ მათთვის არაფერი მოგვითხოვია. უბრალოდ, პროექტის გაკეთება რომ გვევალებოდა, ვერ ვაკეთებდით, სანამ გზა არ იქნებოდა. არადა, ამხელა გამოცდილების კომპანია ვართ და ნაკვეთის გაყიდვა გზის გარეშე არ გამიგია. მოკლედ, გავიყვანეთ გზა და დავიწყეთ „გრგ“-ს გაკეთება, მოვუგვარეთ კომუნიკაციები. მეორე ხელშეკრულება ნაკვეთის შემოღობვაზე დამიდეს და სამი კილომეტრი შემოვღობეთ. სხვათა შორის, მეორე ხელშეკრულებით 80 ათასი ლარი აქვთ გადასახდელი. შემოღობვა რომ დავასრულეთ და „გრგ“ გამოვიტანეთ, იმ დროისთვის სახლებისა და კოტეჯების პროექტები უკვე გამზადებული გვქონდა. მოკლედ, ის მომენტია, უნდა შევყაროთ დაჩქარებული წესით დამტკიცებაზე, რომ „გრინვაილდის“ დირექტორი ვახტანგ გურგენიძე მოვიდა და გვეუბნება, _ არაბებს თქვენ მიერ შესრულებული საქმე აღარ უნდათ, მიდიანო. ამ დროს 30 სახლის პროექტი უკვე გაკეთებულია და მათივე დავალებით შეტანილი გვაქვს დამტკიცებაზე.

_ „გრინვაილდთან“ ხელშეკრულება გაფორმებული გქონდათ?

_ რა თქმა უნდა. თავიდანვე გავაფორმეთ 250 ათას დოლარზე.

_ ბატონო როსტომ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები გაიწელა და კირკიტაძის კომპანია ვადაში ვერ ჩაეტიაო.

_ რა ვადაზეა საუბარი?! საქმის წარმოება რომ დაიწყოს მიწის ნაკვეთზე, რასაც ესა თუ ისე შენობა-ნაგებობა იკავებს, კვადარტულზე მერიის ხაზინაში ერთი ლარი უნდა გადაირიცხოს. გურგენიძეს სურდა, რომ საქმის განხილვა დაეჩქარებინათ. ასეთი რამ გვითხრა, _ 43 ათასი უკვე გადმორიცხეს და თქვენ მარტო გვითხარით, რა არის გადასახდელი და რამდენიო? ფაქტია, არაფერი გადახდილა და ეს თანხა იქ არ წასულა. არც ერთი პროექტი საქმის წარმოებაში არ არის გარდა ერთისა. ის ერთიც ჩვენი კეთილი სურვილით გავიყვანეთ. დაგვიანებას რაც შეეხება, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დამკვეთს ჩემთვის შესასრულებელი სამუშაო უნდა მოეწოდებინა, ანუ დამკვეთი ვალდებულია, მასალა გადმომცეს ხელის მოწერის მომენტში. თუ მოცემულ დროში არ მომაწოდა, მე როგორ გავაკეთებ? სხვათა შორის, ხელშეკრულების პირველი პუნქტი ეს იყო. საბუთი მაქვს, რომლის მიხედვითაც სექტემბერში უნდა ჩამებარებინა სამი სახლი, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია, თუ რა ფართისა და ზომის უნდა ყოფილიყო, ოქტომბერში მომაწოდეს. ისიც სრული ინფორმაცია და დასრულებული დოკუმეტი არ ყოფილიყო. ანუ ის დოკუმენტი არ იყო, რითაც პროექტი კეთდება. რა ვქნა მე ამ დროს, როგორც შემსრულებელმა, _ ზომას და ფართს მე ხომ არ განვსაზღვრავ?

_ თქვენ როდის გაიგეთ, რომ გადაგაგდეს?

_ როგორც კი აღნიშნული დოკუმენტი გამოვიდა, მაშინვე გაქრნენ. მიიჩნიეს, რომ ყველაფერი ხელთ ჰქონდათ. არადა, მშენებლებს თებერვალში შევხვდით. როდესაც კომპანია მშენებლობას აღარ აპირებს, წინასწარ უნდა ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, იმიტომ რომ ჩვენ დაუღალავად ვაგრძელებდით ჩვენს სამუშაოებს. იმაზე მეტს ვაკეთებდით, რაც ხელშეკრულებით გვევალებოდა.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენი გადაგდების სქემა წინასწარ ჰქონდათ ჩაფიქრებული?

_ საბოლოო ჯამში, ვერ გავიგეთ, რა გააკეთეს?.. ეჭვი გვაქვს შემდეგზე: ჯერ ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ ინვესტიციას ჩავდებთო და ამ მოტივით იაფად იღებენ 10 ჰა მიწას; შემდეგ იწყებენ დამიჯვნას და 200-300 კვ.მ.-ად ყიდიან. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის აქ ჩადებული. სავარაუდოდ, „გრინვაილდი“ აქ არაფრის აშენებას არ აპირებს. აღნიშნული გარემოება სარჩელშიც მივუთითეთ. უბრალოდ, მიწების გაყიდვა უნდათ.

_ მაშინ თქვენ რატომ გამუშავეს?

_ სხვანაირად საბაბს ვერ შექმნიდნენ.

 

დავით მაჭარაშვილი _ არქიტექტორი:

_ სანამ „გრგ“ დამტკიცდებოდა, ვახტანგ გურგენიძემ დამირეკა და მითხრა, რომ მშენებლებს უნდათ შეხვედრაო. კოტეჯების პროექტებზე მე ვმუშაობდი. მშენებლები ქართულ-გერმანული კომპანიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომელთაც სამი წლის განმავლობაში მთლიანი ობიექტი უნდა ჩაებარებინათ, ანუ 70 ათას კვ.მ.-ზე რა ფართიც იყო განთავსებული, სრულად უნდა აეთვისებინათ თავისი ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებითა და ა. შ. უნდა დაემთავრებინათ კოტეჯები, სასტუმროები, პანსიონატის ტიპის სახლები _ თუ რამე ფუნქციის მქონე შენობა იყო, ყველაფერი გამზადებული უნდა ჩაებარებინათ ამ სამ წელიწადში. ძალიან გამიკვირდა და გურგენიძეს ავუხსენი, რომ სამ წელიწადში ფიზიკურად შეუძლებელია ააშენო და დაამთავრო ყველაფერი, მით უმეტეს, როცა მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია არის წარმოდგენილი-მეთქი. რამდენიმე რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის… პირველად მაშინ შემეპარა ეჭვი.

_ თქვენგან რა უნდოდათ?

_ ჩვენგან უნდოდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმებულიყო ყველა პროექტი. შევთანხმდით, მშენებლობის პირველი ეტაპზე რა და როგორ უნდა ყოფილიყო. ჩვენთან შეხვედრის შემდეგ მათ იცოდნენ, რომ მშენებლობა 30 სახლით უნდა დაეწყოთ. ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ „გრგ“-ს დამტკიცებიდან იწყებოდა ჩვენი პროექტების მომზადება, მაგრამ ვინაიდან მერიასთან „გრგ“-ს შეთანხმების პროცესი და პერიოდი გაგრძელდა, პროექტის შუალედი რაც იყო, იმისთვის გამოვიყენეთ, რომ სხვა საქმეები წინდაწინ გვეკეთებინა. ერთი წუთითაც არ გავჩერებულვართ. „გრგ“13 მარტს დამტკიცდა.

როდესაც თურქი წარმომადგენლის მაგივრად „გრინვაილდს“ გურგენიძე ჩაუდგა სათავეში, ჩვენი პრობლემა იყო კომუნიკაცია. მხოლოდ მეილზე მიმოწერით ხორციელდებოდა. ამ დროს ჩვენი საქმის სპეციფიკა უშუალო შეხებას მოითხოვს, სადაც სიტყვიერად აუხსნი ადამიანს, დაანახვებ, იქვე შეცვლი რაღაცას… რეალურად, ასეთი პიროვნება გვჭირდებოდა. ყველა ინფორმაცია, რომელიც კეთდებოდა, გურგენიძის ხელში გადიოდა. ჯერ მას ვუთანხმებდით და ის შემდგომ უთანხმებდა ადმინისტრაციას.

_ ვახტანგ გურგენიძე „გრინვაილდში“ თავიდანვე იყო?

_ არა, შემდეგ შემოვიდა. საქმე ის არის, რომ გურგენიძე ამონაწერით დღესაც არ არის აღმასრულებელი დირექტორი, ისევ არაბია. გურგენიძე დაინიშნა, როგორც მინდობილი პირი. უბრალოდ, თვითონ ამბობდა, აღმასრულებელი დირექტრი ვარო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, ვახტანგ გურგენიძე ჩვეულებრივი, ფურცელზე გაფორმებული პიროვნება იყო და არაფერს წყვეტდა. როდესაც უცხო ქვეყანაში ნახევარმილიარდიან ინვესტიციას ახორციელებ, შიდა სამზარეულოც დალაგებული უნდა გქონდეს. დღესდღეობით არაბები უშუალოდ გურგენიძისგან იღებენ ინფორმაციას და გამორციხული არ არის, რომ მათ არ იცოდნენ, სინამდვილეში აქ რა ხდება. მაგალითად, არ იცოდნენ, რომ შემსრულებელი კომპანია დიდ თანხაში გადაგვაგდეს. რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ის სამუშაო შესრულდა, „გრგ“ გამოვიდა, შელშეკრულების თანახმად მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, გადავუგზავნეთ  და კარგად იყავითო, გვითხრეს. შესაბამისად, კომპანიამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ის 8 ჰა-ც დავაყადაღეთ.

 

„ქრონიკა+“ ესაუბრა ასევე თურქული კომპანიის წარმომადგენელ აჰმედ ადგულს, რომელიც ირწმუნება, რომ „გრინვაილდ ჯორჯიაში“ თურქული მხარე არაფერ შუაშია და რომ ყველაფერი მას მერე აირია, რაც კომპანიაში საქმეების წარმოება ვახტანგ გურგენიძემ ითავა:

 

_ თქვენ ამბობთ, რომ ამ საინვესტიციო ჯგუფმა თურქეთში ეს პროექტი განახორციელა?

_ თურქეთის რამდენიმე ქალაქში მსგავსი პროექტები განახორციელეს. მე ისიც არ ვიცოდი, რომ პროექტების შეჯერების შემდეგ მშენებლობა გერმანულ ფირმას უნდა წარემართა. ყველგან მშენებლობის პროცესში თურქები არიან. ვერ გავიგე, ეს გერმანული სამშენებლო კომპანია საიდან გაჩნდა? ე. ი. როგორც კი გურგენიძემ სადავეები ხელთ იგდო, თურქული მხარის სამშენებლო კომპანია საერთოდ გაქრა. ამ დროს, თურქულ მხარეს 33% აქვს და ყველგან ის აწარმოებს მშენებლობას. აქ რატომ არიან გერმანელები?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისინი „წავკისის ველის“ მშენებლობას კურირებდნენ და ხალხი გადააგდეს.

_ რას გულისხმობთ?

_ ანალოგიური კომპლექსი ხომ დაიწყეს _ „წავკისის ველი“, რომელიც არ არის დამთავრებული. ვახტანგ გურგენიძე იყო იქ მაშინაც მენეჯერი 2007 წელს. ახლა ტაბახმელაში წამოიწყეს და არც ამის დასრულებას აპირებენ. მეტიც, ხალხი აქაც გადააგდეს, მათ შორის, ჩვენი კომპანია.

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა ყოფილ დეპუტატს _ თემურ ფეიქრიშვილს, რომელმაც პირველმა მიიყვანა ტაბახმელაში არაბები და ნაკვეთები აჩვენა (თუ ვინ დააკავშირა ისინი, კიდევ ვინ გადააგდეს და ვინ უჩივის „გრინვაილდს“, ამის შესახებ შემდგომ ნომერში):

 

_ ბატონო თემურ, ტაბახმელის პროექტთან დაკავშირებით, არაბებმა რომ შეიძინეს მიწები.

_ მე რა საქმე მაქვს? მე არაფერი ვიცი ამის შესახებ! ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.

_ კარგით. მაშინ მითხარით, ვინ არის კომპანიის დირექტორი?

_ მე რა ვიცი, ვინ არის კომპანიის დირექტორი? მე რა საქმე მაქვს?

 

თუ როგორ „არ აქვს“ საქმე, როგორი „მოქალაქეა“ და რაც მთავარია, რა ურთიერთობები აქვს კომპანიის დირექტორის მამასთან _ ამას უკვე მომდევნო ნომერში იხილავთ.

 

თამარ როსტიაშვილი