ზაზა მეხრიშვილი: „ხაშურში ყველა მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და ხალხი არავის ანაღვლებს“

საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები ხშირად მაინც განსხვავებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფით სულდგმულობს. ნათესაურ-კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი, კორუფცია და მისთანები რაიონებში უფრო ცხადად არის გამოხატული. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით არც ხაშურის რაიონია გამონაკლისი.

არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა+“-ის რესპონდენტია არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ წარმომადგენელი ხაშურში, სამოქალაქო აქტივისტი _ ზაზა მეხრიშვილი:

_ ხაშურთან დაკავშირებით, თქვენი გაზეთის მეშვეობით, არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ რად გინდა? აქ ხომ ე. წ. ბრმა-ყრუობაა გაჩაღებული! იმდენად ძლიერი მაფიოზური კლანია, რომ ხელისუფლება უძლურია, ეს ყველაფერი გააკონტროლოს, რათა ხაშურს ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური ხელისუფლება ეღირსოს.

ხალხს იმედი ჰქონდა, სიმონ ნოზაძე დეპუტატი გახდებოდა და ჩვენს ქალაქში რაიმე შეიცვლებოდა, კანონი ყველასთვის იკანონებდა და ყველაფერი თანდათანობით მოწესრიგდებოდა. თუმცა მათი მოლოდინი ამაო გამოდგა. ბატონი დეპუტატი მარტო საკუთარი პიარითაა დაკავებული, _ რაც ხალხს წინასაარჩევნოდ შეჰპირდა, მხოლოდ დაპირებად დარჩა.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ხელისუფლების მიერ, ჯერ კიდევ, წინა წელს დაგეგმილი პროექტები დეპუტატმა მიითვისა და თავის ინიციატივად ასაღებს. ამას წინათ 2 დეპუტატი ჩამოიყვანა, სტადიონზე გაატარა, ფოტოები გადაიღო, გამოაქვეყნა და ხალხი „დააბოლა“, რომ სტადიონს მალე გააკეთებს.

5 წელია, ასე ატყუებენ ხალხს ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურში. მათ ხომ ფოტოების გადაღებასა და პიარის გაკეთებაში ბადალი არ ჰყავთ. აქ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს ყველა მაღალი თანამდებობის პირი და ხალხი არავის ანაღვლებს.

გამგებელს იმდენად დიდი გავლენა აქვს „ააიპებზე“ (არასამეწარმეო იურიდიული პირები), საკრებულოსა და ყველა სტრუქტურაზე, რომ რასაც უნდა, იმას აკეთებს. „ააიპებში“ უსაქმურების ბუდეა, არც კი დადიან სამსახურებში, ისე იღებენ ხელფასს. არარსებული საწყობის გამგეებიც კი ჰყავთ.

აგრეთვე, იმდენად ღრმად მოხუცებული ხალხია გაფორმებული (ჩემი მათ მიმართ პატივისცემის მიუხედავად), რომ ავადმყოფობისა თუ სხვა გარემოებების გამო ვეღარ დადიან. იცით, რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ გამგებლის ნათესავია, ან მისი მეგობრის მამა. ასე ინახავენ ამ ხალხს.

ასევე გამგებლის მეგობრებითაა სავსე „ააიპები“, პარტიული ნიშნით დასაქმებულ ხალხს რომ თავი დავანებოთ. ფაქტობრივად, „ააიპებში“ დასაქმებული ხალხის 30% სამსახურში გასართობად დადის და 500 ლარს კი იღებს.

ჩემი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ასეთ საკითხებს ყურადღებას არავინ აქცევს. გამგეობის თანამშრომლები გამგებლისგან იმდენად გათავხედებულები არიან, რომ კრიტიკის გამო მოქალაქეებზეც კი იწევენ. ასეთი შემთხვევები ბევრია, გასაჯაროვდა კიდეც, მაგრამ რად გინდათ? _ როგორც ყოველთვის, მოქალაქეები დაადანაშაულეს.

რაღა შორს წავიდე, მე პირადად შემემთხვა მსგავსი რამ, _ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი დავწერე: „ხაშურში ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ კი ქონების მართვის სამსახურს, საკუთარი ბოსტანი ჰგონია ხაშურის ქონება. ეს პიროვნებები როგორც უნდათ, ისე ექცევიან სახელმწიფო ქონებას. უამრავი ხალხი მიდის მიწებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ბიზნესი დაიწყოს, არის უამრავი შეთავაზება, მაგრამ ისინი ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ხალხი ბიზნესს ვერ იწყებს.

იმის მაგივრად, რომ ქონების მართვის წარმომადგენლებმა თვითონ შესთავაზონ გარკვეული მიწები ბიზნესმენებს, ტექნიკურად უარით ისტუმრებენ, ან ისეთ განცხადებას დააწერინებენ, რომ მერე უარს მიიღებენ. ასე იკარგება ინვესტიციები ხაშურში.

ზუსტად ვიცი, რომ რეგიონული ქონების მართვის წარმომადგენლები და ხაშურის ქონების მართვა შეკრულები არიან. ეს ხალხი წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა თანამდებობაზე, პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა ერთმანეთთან გადახლართულები არიან და მიწებს მხოლოდ საახლობლო-მეგობრებზე და ე. წ. ბიზნესმენ მამაოებზე ასხვისებენ, რომლებსაც წილებში უსხდებიან. ამოიღეთ მათ მიერ წინა წლებში გასხვისებული მიწები და კავშირებს ახლაც იპოვით.

ამიტომ სასწრაფო წესით გასაწმენდია ქონების მართვის რეგიონული სამსახურები ასეთი თანამშრომლებისგან. ეს ხალხი ბიზნესის განვითარებასა და ხალხის დასაქმებას უშლის ხელს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

დეპუტატ სიმონ ნოზაძეს კი ვთხოვთ, ხაშურის მოსახლეობას შუამდგომლობა გაუწიოს შესაბამის ორგანოებთან, სტრუქტურებიდან ასეთი საჯარო მოხელეების გასაწმენდად“.

აი, ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გამგეობაში ჩემს საქმეზე ვიმყოფებოდი. კიბესთან ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი დამხვდა, მთხოვა, რომ კაბინეტში გავყოლოდი, საქმე ჰქონდა. მან კაბინეტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ხელი მკრა. ამ დროს მე გაოგნებული ვიდექი და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით ვცდილობდი, შემეჩერებინა.

ხმაურზე მისი თანამშრომლები შემოვარდენ და ხელები გადამიგრიხეს. მერე გამგეობის უკან გამიყვანეს და საქმის ქურდულად გარჩევა დამიწყეს. ფაქტის შესახებ გამგებელს განცხადებით მივმართე და უღირსი თანამშრომლების მიმართ ზომების მიღება მოვთხოვე.

განცხადების პასუხი 50 დღეში მივიღე, სადაც წერია, რომ აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. პროვოკატორი იქით გამხადეს ამ თავგასული ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აი, ასეთი ბრმა-ყრუობაა ხაშურში. გამგებლის მხრიდან დაუსჯელობით თავგასული ხალხი რასაც უნდა, იმას აკეთებს. თუმცა არც მიკვირს. შარშან, როდესაც თვითონ გამგებელი დამემუქრა ტელეფონით, რომ მანქანით გადამივლიდა (და თან უშვერი სიტყვებით მლანძღავდა), პოლიციამ ეს საქმე თაროზე შემოდო. რაც გამგებელია, ისეთივე ბანდა ჰყავს შემოკრებილი.

ასევე ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს მინდა შევეხო ხაშურში მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. გამგებელსა და მის ბანდას 22 ჰა მიწის ხელში ჩაგდება უნდათ. მიწის ინტერესი პირადად გამგებელსა და სერგო ლალიაშვილს აქვთ თაღლით კომპანიასთან ერთად. ისინი ხმებს უკვე გორშიც ავრცელებენ, რომ ხაშურში 22 ჰა მიწა შეისყიდეს.

მივმართავ საკრებულოს წევრებს: არავითარ შემთხვევაში არ დაუჭიროთ მხარი ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხაშურს დააზარალებს! თუ კომპანია და აღნიშნული პირები ჩვენთვის მისაღებ პროექტს წარმოადგენენ, აუქციონი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ისეთი პირობებით, რომელიც ხაშურის განვითარებას ხელს შეუწყობს. სხვისი ჯიბის გასასქელებლად ნუ მიიღებთ მცდარ გადაწყვეტილებას.

დღეს ამ ტერიტორიას მოსახლეობა საძოვრად იყენებს, 200 ოჯახი ამით ჭამს პურს. ნუ ვიზამთ ისე, რომ ამ 200 ოჯახს ლუკმა-პური წავართვათ და ეს მიწის ნაკვეთი ვიღაცის ხელში აღმოჩნდეს _ ისე, რომ ისინი კიდეც გამდიდრდენ და ხალხი მშიერი დარჩეს.

ხაშურში რამაზ ნოზაძემ გამგეობის თანამშრომლები დანაშაულშიც ამხილა, მაგრამ ყველაფერი რეაგირების გარეშე დარჩა.

ხაშურის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის „სანოტარო ბიუროს“ (იგივე საკრებულო) უმრავლესობის წევრებმა არც კი მოისმინეს ის ბრალდებები, რაც რამაზ ნოზაძემ გამგებელს ტენდერთან დაკავშირებით წაუყენა: ტენდერი გაფორმებულია 2014 წლის 3 ივნისს (ხელშეკრულება #82, 68090.01 ლარი) და ეს თანხა გადარიცხულია შეუსრულებელ სამუშაოზე.

გამგეობის წარმომადგენლებს შევთავაზე, საჩივარი შეეტანათ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით და საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინათ, რაზედაც გამგებლის მოადგილე ჩხიტუნიძემ შემომთავაზა, გაზეთში დამეწერა ეს წერილი, _ ჩვენ რა ვიცით, რომ გიჩივლოთ და შემდეგ უარი თქვა, არ მითქვამსო (მაგარი არგუმენტია!)?

ბატონი რამაზი ამბობს, რომ ეს მიღება-ჩაბარების აქტი გაყალბებულია, რადგან აღნიშნული სამუშაოები უკვე შესრულებული იყო, რაც დასტურდება 2014 წლის 12 ნოემბრის აქტით (ცხრილი #4). შეგიძლიათ, თავისუფლად შეიტანოთ სარჩელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლი, რომ ეთანხმებით ჩემს ბრალდებებს, აყალბებთ სატენდერო დოკუმენტებს, _ ამბობს რამაზ ნოზაძე.

ამ ყველაფერზე ხელისუფლების მიერ რეაგირება ნულის ტოლია. აღარ ვიცით, სად ვეძებოთ სამართალი ხაშურის მოსახლეობამ. იქნებ, თქვენი გაზეთის საშუალებით მაინც მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, რომ ჩვენთან მაფიოზური კლანების ბოგინი შეაჩერონ…

 

გიორგი მეფარიძე