სამაჩაბლოში დაბადებული და აფხაზეთზე მომღერალი ქართველი ჯო კოკერი

ოდესმე თუ მისი სიმღერა არ მოგისმენიათ, უნდა მოისმინოთ, ოდესმე თუ მისი ხმა არ გაგიგონიათ, უნდა გაიგონოთ.

სულ რაღაც 17 წლის ბიჭი წარმოშობით ცხინვალის რაიონიდანაა. მტკივნეულად ახსენდება იქიდან იძულებით წამოსვლაც და უფრო მტკივნეულად _ აგვისტოს ომი. ორომგამოვლილმა ოჯახზე პასუხისმგებლობა იკისრა _ თბილისში ცხოვრობს და იმის გამო, რომ არასრულწლოვანია, სამსახურში არ იღებენ, ამიტომ მიწისქვეშა გადასასვლელში დგას და იქ სიმღერით ირჩენს თავს. ზოგჯერ ოჯახსაც ეხმარება და მისი ერთადერთი საზრუნავი, ყოველდღიური სარჩოს გარდა, დედა და ძმები არიან.

მამა გასულ ზაფხულს დაეღუპა, დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. აგვისტოს ომმა მისი ბებია და მცირეწლოვანი ბიძაშვილები შეიწირა. მუსიკალურ კონკურსებში არ გაუმართლა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას სიმღერა არ შეუწყვეტია. ან კიდევ, როგორ იზამდა ამას, როცა ეს მთელ მის ცხოვრებას უდრის.

თვითნასწავლია და უკვე ოთხ ინსტრუმენტზე უკრავს. ხმით ჯო კოკერს ამსგავსებენ და თანაც ისეთს, ქართულ ფოლკლორს რომ მღერის. მოკლედ, ეს ქართველი ბიჭი არაქართული გარეგნობით, ფოლკის ქომაგი, ჯო კოკერია.

არასდროს უცხოვრია განცხრომაში და ბევრად ნიჭიერია, ვიდრე ძალიან ბევრი სცენაზე მდგომი მომღერალი, მაგრამ წარმატებაც ზოგჯერ იმით განისაზღვრება, თუ სად იბადები, ვის ოჯახში და რა მიწაზე.

სოსო ოქროპირიძემ ყველაფერს თავისით მიაღწია. ჯერ მისი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტსივრცეში, მერე მისით დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა, გაეზარდა მეგობრების წრეც, მაგრამ ნამდვილი მეგობარი ბევრი არაა.  ახლა დაკვრისას აჩერებენ და ეხუტებიან კიდეც, მაგრამ ჯერ არავის დაუწერია მასზე.

ასე რომ, „ქრონიკა+“-ის მკითხველი პირველია, ვინც ამ ახალგაზრდა ყმაწვილის შესახებ მეტს გაიგებს და საერთოდ, გაიცნობს მას. ადამიანს, რომელიც სამაჩაბლოდან უმღერის აფხაზეთს.

 

_ გვითხარი შენი სახელი, გვარი, წარმოშობა, საიდან ხარ? რას საქმიანობ?

_ იოსებ ოქროპირიძე ვარ სოფელ დისევიდან, ადრე ცხინვალის რაიონი იყო, ახლა რუსებმა დაიკავეს. 17 წლის ვარ და 2002 წელს წამოვედით დისევიდან, უფრო სწორად, იძულებულები ვიყავით, რომ წამოვსულიყავით, მაშინ ომი დაიწყო. მეორედ 2008 წელს შეგვეხო ომი, 8 წლის ვიყავი.

მამა აღარ მყავს, დედა და ჩემი ორი უფროსი ძმა გორში არიან, მე ძმაკაცთან ერთად ვცხოვრობ თბილისში. მხოლოდ ცხრა წელი ვიარე სკოლაში.

_ აქ რას საქმიანობ?

_ ვმღერი, ვუკრავ, ჯერ ვერ ვმუშაობ ასაკის გამო. ქუჩაში დაკვრაც ძალიან მსიამოვნებს, საცხოვრებელ და საჭმლის ფულსაც ვაკეთებ. ვისთან ერთადაც ვცხოვრობ, ის ძმაკაცი 3 წლის წინათ გავიცანი. თბილისში კიდევ ერთი თვეა, რაც გადმოვედი.

_ სიმღერა როდის დაიწყე?

_ 2012 წელს. ოჯახს ძალიან უჭირდა და ამან მიბიძგა. ჩემით ვისწავლე დაკვრა და მერე გარეთაც გამოვედი, საზოგადოების დასანახად ვმღეროდი.

თავიდან მონასტერში დავდიოდით, ძამის ხეობაში, იქ ერთი ადამიანი გავიცანით, მერე გორში შეგვხვდა ეს კაცი და სახლში მიგვიპატიჟა, მას  ინსტრუმენტები ჰქონდა, ფანდური და გიტარა. ვთხოვეთ, რომ ცოტა ხნით ეთხოვებინა, მან კი მე და ჩემს ორ ძმას გვაჩუქა. მერე ინტერნეტიდან ვისწავლეთ სიმღერა და გავაგრძელეთ კიდეც.

_ ახლა რამდენ ინსტრუმენტზე უკრავ?

_ ოთხზე: ფანდური, გიტარია, ტამტამი და დოლი. ყველა ჩემით ვისწავლე, არასდროს არავინ მყოლია მასწავლებელი. თავიდან კარგი ხმა არ მქონდა, მაგრამ დავამუშავე, არავის აქვს თავიდანვე დახვეწილი ხმა, სიმღერით დამეხვეწა, გამოვკვეთე და ახლა ნორმალურად ვმღერი, ძალიან კარგი არ ვარ.

_ რა იყო პირველი, რაც ისწავლე ამ სფეროში?

_ სიმღერა საერთოდ იმიტომ დავიწყე, რომ ალუდა ქეთელაურის სიმღერებს მოვუსმინე. იმდენად გულიანად, შიგნიდან მღეროდა, რომ ძალიან მომეწონა, მერე მეც ალუდას სიმღერებით დავიწყე და გავამრავალფეროვნე.

 

_ მხოლოდ ქართულ სიმღერებს მღერი?

_ კი. უცხოენოვნები არ მიცდია, უბრალოდ, ინტერესი არ მქონია.

_ საყვარელი სიმღერა რომელია?

_ აი, ის, „აფხაზი ვარ“, 5 თვეა, ვმღერი და განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება ყოველთვის.

_ გადაწვეტილება თუ გაქვს, რომელიც გინანია?

_ ბევრი რამ მინანია, მაგრამ ახლა ერთი მახსენდება განსაკუთრებით:

კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა ძმამ, ქულებზე იყო დამოკიდებული, ვინ გავიდოდა პირველ, მეორე და საპრიზო ადგილებზე.  ბევრმა კარგად იმღერა და ბევრმა _ ძალიან ცუდად. ჩვენ ნამდვილად ნორმალურად ვიმღერეთ, ბევრზე უკეთ, მაგრამ ამ ჟიურის წევრებმა შეფასებაც არ მოგვცეს კარგი და ბოლო ადგილზე გავედით.

მაშინ ისე დამწყდა გული და ისე განვიცადე, რომ ვთქვი, მეტჯერ აღარ ვიმღერებ-მეთქი. კიდევ კარგი, ბრაზმა გამიარა. არ შემიძლია სიმღერის გარეშე ცხოვრება.

მოკლედ, იქ გასვლა ვინანე.

_ რა სირთულეები შეგხვედრია გზად?

_ სირთულე ძალიან ბევრი იყო 2 წლის ასაკიდან, როცა ცხინვალიდან იძულებით წამოვედით. მას შემდეგ, 2008 წელს, ორი პატარა ბიძაშვილი და ბებო დამეღუპა, როცა ბომბი კორპუსებს დაეცა გორში. გასულ ზაფხულს მე და შუათანა ძმა გავხდით ცუდად და საავადმყოფოში დაგვაწვინეს. მე საავადმყოფოდან გამოვიქეცი, რადგან მამას სიკვდილის ამბავი გამაგებინეს, მინდოდა, რომ მამა საკადრისად დაგვეკრძალა, ნათესავებმა თქვეს, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ წაიტრაბახეს და წავიდნენ. მერე მეგობრებმა დამისაფლავეს მამა. მოკლედ, მაგ პერიოდში დედა ფსიქიკურად ავად გახდა, მამა გარდაიცვალა, მე და ჩემს ძმას ფილტვების ანთება გვქონდა და საავადმყოფოში ვიწექით. ამაზე მეტი სირთულე არ ვიცი, რა უნდა იყოს.

დედა ამის მერე ცოტა გამოჯანმრთელდა, მაგრამ ახლაც დაემართა იგივე, ახლაც ავადაა.

_ სწავლის გაგრძელების სურვილი არ გაქვს?

_ მუსიკის კუთხით კი, მაგრამ სულ ქუჩაში არ დავუკრავ, მუშაობის დაწყებას ვაპირებ, თუმცა მუსიკას არ შევეშვები, რაც უნდა მოხდეს.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ იმაზე, დედა რომ ნერვიულობს ჩემი აქეთ ყოფნის გამო. ვერ ვაკითხავ და ვერც ვესაუბრები ხოლმე ნორმალურად. სულ იქითკენ მაქვს ფიქრებიც, ოცნებებიც და მოგონებებიც.

_ ძმებს თუ ჰყავთ ოჯახი?

_ მათ ჯერ არა, მაგრამ, შეიძლება, მე დავასწრო.

_ შეყვარებული გყავს?

_ კი, დიდი ხანია, ერთად ვართ, თან ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. ის 16 წლისაა, მე _ 17-ის. ჯერ სოციალურ ქსელში გავიცანი, მერე შევხვდით კიდევაც. ოჯახთანაც მაქვს ურთიერთობა და კარგად ვართ ერთმანეთთან.

_ საქმეში რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ პატივისცემას. სიმღერის დროს ზოგი ისეთი გამოივლის, რომ გვეტყვის, _ რას აკეთებ, არ გრცხვენია? რატომ უკრავ და ა. შ. ზოგი პირიქით, მოვა, ჩაგვეხუტება, _ მიყვარს ხელოვანი ადამიანებიო. ხალხი ისე არ გვიყურებს, რომ ვმათხოვრობთ, ან რამე. სამარცხვინოს არაფერს ვაკეთებთ. ბევრმა არ იცის, მე რატომ ვდგავარ იქ და რატომ ვმღერი. ყველაზე მნიშვნელოვანი პატივისცემაა.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ერთი გოგო მაღიზიანებს, რომელიც ყველგან და ყოველთვის მაჩერებს, მიკითხავს და მაგასთან  ყოველგვარი ურთიერთობა მაღიზიანებს, არ მინდა და მაინც ყოველ წამს მწერს, ყველაფერს კითხულობს ჩემზე. ვერც ვამბობ, რა დონემდე მაღიზიანებს მისი ნებისმიერი საქციელი, რეპლიკა.

_ ადამიანში რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ ზრდილობას, თავმოყვარეობას, მეგობრობას, სიყვარულს.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რამე?

_ საერთოდ არავისთვის. ჩემი მტერიც რომ იყოს, რომ მოვიდეს და დახმარება მთხოვოს, არ დამენანება, შანსი არ არის.

_ ვინმეს ჰგავხარ, როგორ გგონია?

_ მეუბნებიან, რომ ხმით ჯო კოკერს ვგავარ.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ ცოლის მოყვანას ვაპირებ, ოჯახი მინდა შევქმნა.

_ გორში ბინა გაქვს? სად უნდა იცხოვროთ?

_ არა, რაიონში გვაქვს, სკრაში, გორის გვერდით სოფელია. სახელმწიფომ ისე გააკეთა, რომ იქ გვეცხოვრა. მოვახერხებთ რამეს.

_ შენ რამე დახმარებას იღებ, როგორც დევნილი?

_ მამა რომ დამეღუპა, მაგიტომ 100 ლარს ვიღებ პენსიის სახით და 45 ლარს დახმარებას. მარტო მე და დედა ვიღებთ ამ დახმარებას, ჩემი ძმები არ იღებენ, სამჯერ იყვნენ თბილისში ჩამოსულები ამ საკითხზე. გვითხრეს, დაგეხმარებით და გაგიკეთებთო, მაგრამ  მაინც არ გაუკეთეს.

_ რა გეამაყება ყველაზე მეტად?

_ ჩემი მეგობრები მეამაყებიან.

_ რით ხარ ხოლმე კმაყოფილი?

_ ადამიანს რომ რაღაცით დავეხმარები და გვერდში დავუდგები. როცა რამე მაქვს, მართლა არავისთვის მენანება და კიდევ, ახალ სიმღერას რომ ვისწავლი, ეს მახარებს ძალიან.

_ როდის ისვენებ და როგორ?

_ ჩემი მეგობრის სამსახურში (ბენზინგასამართ სადგურზე, მისთვის გამოყოფილ ოთახში) როცა მძინავს, მაშინ. იქ ვართ ხოლმე, როცა ის მუშაობს. ან სახლში, დიღომში, როცა დაღლილი მივდივარ და ვიძინებ.

_ რა გიყვარს ყველაზე მეტად?

_ მუსიკა და ცეკვა მიყვარს ძალიან.

_ რისი კეთება არ გიყვარს?

_ ხულიგნობა არ მომწონს. ასევე ვიღაცას რომ ზედმეტად შეხედავენ და მაღლიდან უყურებენ, ეგ არ მომწონს.

_ შენ ირგვლივ არაფერია გამოსასწორებელი? რას ისურვებდი, რომ უკეთ იყოს?

_ წამლების ფული უჭირთ ძმებს დედასთვის. ერთი პატარა ბინა არ გვყოფნის. ასაკის გამო მუშაობას ვერ ვიწყებ, ქორწილის თემაც გამოსასწორებელია.

მუსიკას რაც შეეხება, მინდა, რომ უკეთ ვისწავლო. დაკვრა ვიცი, მაგრამ უცხოენოვანი სიმღერები მინდა ვისწავლო.

_ როგორ გგონია, რისი შეცვლა შეგიძლია ამ ცხოვრებაში?

_ ადამიანმა თუ მოინდომა, ბევრს შეცვლის.

მეც ძალიან ბევრ რამეს შევცვლი, რომ მინდოდეს, მაგრამ იმის გამო არ შემიძლია, რომ სხვანაირი გავხდები და მე მე აღარ ვიქნები. კარგი არაფერი იქნება.

_ გამონათქვამი თუ გაქვს, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ?

_ მიყვარხარ.

ბევრნაირი სიყვარული არსებობს და ამ სიტყვას შეყვარებულსაც ვეუბნები, დედასაც, მეგობრებსაც, ძმებსაც…

_ რომ დაწვები, რაზე ფიქრობ ხოლმე?

_ 3-4 საათი არ მეძინება, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ. მაინტერესებს, რა მოხდებოდა, რომ არც დავბადებულიყავი? დედა ცუდად რომ არ იყოს, მამა ახლაც რომ ცოცხალი იყოს.

_ რაზე ოცნებობ?

_ ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ უფრო მეტი მიზანი _ მაგალითად, მინდა, რომ უკეთესი მომღერალი გამოვიდე, მეტი ვიცოდე ამ სფეროში, ჩემი ოჯახის წევრები უფრო კარგად იყვნენ.

_ რისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ყოველთვის მაქვს რაღაცის იმედი და მოლოდინი. სამუშაოს აუცილებლად დავიწყებ, თუ ასეც არ იქნება, ქუჩაში მაინც დავუკრავ, მაგრამ შანსი არაა, აუცილებლად ვიპოვი რაიმე ნორმალურ სამუშაოს, აუცილებლად. შეიძლება, ბენზინგასამართ სადგურზე ვიმუშაო.

სხვა მომსახურების სფეროში (მაგალითად, რესტორანში ან ბარში, სადმე) არ მინდა, ძალიან ფიცხი ვარ, ვიღაც მთვრალმა რომ რამე მითხრას, ძალიან გავბრაზდები და ამიტომ არ მინდა.

მინდა, პირდაპირ რესტორნის უფროსი ვიყო (ხუმრობს).

_ გიტარებს და ინსტრუმენტებს შენით ყიდულობ?

_ არა, ისე 5 გიტარა მაქვს, ჩემს ძმებს აქვთ სკრაში.

ელექტროგიტარა მამამ მიყიდა, მერე დედამ მიყიდა ერთი ჩვეულებრივი გიტარა, ასევე ძმაკაცმა ჩვეულებრივი გიტარა, ერთმაც ელექტროაკუსტიკური და მსოფლიო ჩემპიონი რომ არის შავდათუაშვილი, იმანაც კიდევ ერთი მისახსოვრა. ჩემი ძმის ძმაკაცია და ვიცნობ. იცის, რომ დაკვრა და სიმღერა მიყვარს.

_ რა იქნება შენი მიმართვა საზოგადოებისთვის?

_ როცა ვმღეროდით, ფურცლებზე ვწერდით ხოლმე და ხალხს ვაჩვენებდით: „გაიღიმე, პოზიტივი უფასოა“.

ასე რომ, ჩემი მიმართვა ახლაც ეს იქნება: „გაიღიმეთ, პოზიტივი უფასოა“.

 

ნინო ტაბაღუა