სამტრედიელი ნატალია კუპრაშვილი პოლიციას შვილის 5 წლით თავისუფლების აღკვეთაში ადანაშაულებს

სამტრედიელი გიორგი გიორგაძე პოლიციამ 2016 წლის 26 ივლისს   იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ამავე ქალაქში მცხოვრებ    ალექსი მანჯგალაძესთან და გრიგოლ ხონელიძესთან ერთად ამ უკანასკნელის კუთვნილ ბინაში დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი მტკიცებულებები და მას 5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის დედის, ნატალია კუპრაშვილის განცხადებით,  სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია, რადგან არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის მიერ მოყვანილი ობიექტური არგუმენტები, რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას ამტკიცებდა. კუპრაშვილი სამტრედიელ სამართალდამცველებს გიორგი გიორგაძის   დევნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ გამიზნულად ჩაუდო. მეტიც, კუპრაშვილი მუნიციპალიტეტში ბოლო დროს ასეთი ფორმით ახალგაზრდების პასუხისგებაში მიცემის გახშირებულ შემთხვევებზე აკეთებს აქცენტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგაძე წლებია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მკურნალობს და დიაგნოზი, რომელიც მას სამედიცინო დაწესებულებებში დაუდგინეს, ბრალდებულის დედის განცხადებით, სხვა ფაქტორებთან ერთად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია. იმის გამო, რომ ბრალდებულის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, მის ინტერესებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი იცავს.

 

ნატალია კუპრაშვილი _ გიორგი გიორგაძის დედა:

_ ჩემი შვილი პირველად 2012 წელს იარაღის ტარების გამო დაკავეს, მაგრამ ნასამართლეობა არ უფიქსირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი ფსიქიკურად აშლილი იყო და ამიტომაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ორჯერ იწვა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო ფორმაც გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად მკურნალობდა. ახლა, როცა სამართალდამცველების მხრიდან მისი მისამართით პრეტენზიები გაჩნდა, არ ვმალავთ, რომ პირველი დაკავების დროსაც იარაღი ფიგურირებდა. როგორც მაშინ გაირკვა, ის იარაღი მოპარული იყო, მაგრამ საიდან აღმოჩნდა მის ხელში, არც კი ახსოვს, რადგან წამლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა მან თავადვე ჩააბარა მაშინ იგი. ისიც მინდა გითხრათ, რომ როცა ის იარაღი დაიკარგა, ჩემი ვაჟი საქართველოში არ იმყოფებოდა, ყაზახეთში იყო წასული. ამიტომ მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინეს და ამის გამო დევნა შეწყდა.

_ რაც შეეხება მეორე შემთხვევას, სად მოხდა იგი და რატომ ისევ იარაღი?

_ ჩემი მეუღლის წლისთავი უნდა გვქონოდა და მამის ნათლულთან იყო დასაპატიჟებლად წასული, სწორედ  მასთან, ვის ბინაშიც დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, რაღაც ზარი შესულა პოლიციაში, თითქოსდა, ბიჭები საყაჩაღოდ მიდიოდნენ. საიდან ამტკიცებენ ამას, არ ვიცი. საინტერესოა, ყაჩაღობის ადგილზე მივიდნენ და ფაქტი დააფიქსირეს თუ რა? ოთახში ადამიანები ისხდნენ და საიდან უმტკიცებ, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ ვერ ვგებულობ? პოლიცია წერს, რომ დააკავეს, როცა სადარბაზოში გამოდიოდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ბინაში შეცვივდნენ, აიყვანეს და თან იარაღი ჩაუდეს. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, კონკრეტული პასუხი მჭირდება კითხვაზე, თუ საიდან ამტკიცებენ იმას, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ? იქნებ, კაცის მოსაკლავად მიდიოდნენ, ან რაიმე სხვა?

სამივე ბრალდებული ერთნაირად აღწერს დაკავების პროცესს. პიროვნება, ვისთანაც ჩემი ვაჟი იმყოფებოდა, ცხოვრობს კორპუსის პირველ სართულზე,  ცხელოდა და ფანჯრები ღია ყოფილა. შეაგდეს ცრემლსადენი გაზის მოწყობილობა, ბიჭები ამბობენ, რომ ვერც კი გაიგეს, რა ხდებოდა. უცებ შევარდნილა პოლიცია, იარაღის ჩადება და გაკოჭვა წამებში მოხდა. სახლში ამ დროს მათ გარდა არავინ ყოფილა. მეზობლები კი ახლოს არ მიუშვეს და, შესაბამისად, მოწმეებიც არ არსებობენ. იარაღის ამოღების თვითმხილველები, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიციის თანამშრომლები არიან. როგორც მეზობლები აცხადებენ, ჩხრეკაზე დასწრება კი არა, კორპუსის სადარბაზოსაც კი არ გააკარეს ისინი.

ასევე საყურადღებოა ისიც, რომ საქმეში ფიგურირებს იარაღი, რომელიც, თითქოს, ამოიღეს და რომელიც, მათი მტკიცებით, ჩემს შვილს ეკუთვნოდა. შეფუთულ პაკეტზე მიუთითეს ამოღებული იარაღის ნომერი, მაგრამ  ექსპერტიზას გადაეცა იარაღი, რომელზედაც სხვა ნომერი ფიქსირდება. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ვხვდები, რომ ეს კითხვებს ტოვებს. ნუთუ, სასამართლოს არ გაუჩნდა ეჭვები ამასთან დაკავშირებით?

_ როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა პოლიციას თქვენი შვილისა და ამ ახალგაზრდების აყვანა?

_ სამწუხაროდ, სამტრედიაში ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა ე. წ. ჩადების. ეს სამტრედიის პოლიციის კარგად აპრობირებული მეთოდია ადამიანების დასაკავებლად და გასაუბედურებლად. დამნაშავეს ვერ იჭერენ და ვინმე ხომ უნდა გაუშვან ციხეში, მუშაობაში რომ ჩაეთვალოთ! თანაც, ჩემი შვილის სახელი ადრე იარაღს უკავშირდებოდა და იფიქრეს, რომ ეს უკვე კარგი საშუალება იყო მათი ქმედების გასამყარებლად, რათა ბევრი არ ეწვალათ ახალი ვერსიების შესათხზავად და მისი იზოლირება მოეხდინათ. იფიქრეს, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი იარაღის ტარების მოტივით დააკავებდნენ.

_ თქვენ ფიქრობთ, სტატისტიკისთვის სჭირდებათ დაკავებები?

_ რა თქმა უნდა, ასეა. პოლიციამ კარგად იცის ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ჩემი მეუღლის მკვლელი, რომელმაც 21 ჭრილობა მიაყენა მას და ბოლოს ყელი გამოსჭრა, არ დაიჭირეს, სამაგიეროდ ჩემი შვილი აიყვანეს. მაშინვე გავრცელდა იმ პიროვნების გვარი, ვინც ჩემი მეუღლე დღისით სადისტურად მოკლა, მაგრამ პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იგი დაეკავებინა. ჩემი შვილის გამო სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახეს და მაინტერესებს, მაშინ, როცა ჩემი მეუღლე მოკლეს, სად იყო ეს სპეცრაზმი და რატომ არ აიყვანეს დამნაშავე, თუკი პოლიცია რეალურად არის დაინტერესებული დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში?

_ თქვენი მეუღლის მკვლელობის მიზეზი რა იყო და ვინ მოკლა ის?

_ არც კი იცნობდა მას, ვინც მოკლა. შორი მეზობელი იყო. შეხების წერტილი არ ჰქონიათ. ჩემი მეუღლე ყაზახეთში მუშაობდა. 8 თვის ჩამოსული იყო და მოკლეს. სწორედ ამ ფაქტის გამო ვეჭვობ, რომ ადგილობრივი პოლიცია არ არის დაინტერესებული რეალური დამნაშავეების დაკავებით და სუსტ რგოლს ნახულობენ, რათა ზემდგომ ორგანოებს დაანახონ, რომ ისინი დამნაშავეებთან ბრძოლას წარმატებით ახორციელებენ.

_ თქვენ აღნიშნავთ, რომ თქვენი შვილი ავადაა. რა დიაგნოზი აქვს მას და როგორია ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

_ დაიხ, იგი წლებია, მკურნალობს. მისი დიაგნოზია დაუზუსტებელი არაორგანული ფსიქიკური აშლილობა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვერ ვიტყვი, რომ სახარბიელოა. ამ ეტაპზე მას არ აქვს საშუალება, სრულყოფილი მკურნალობა ჩაიტაროს. მართალია, ექიმს ციხეში უნახავს, მაგრამ ისეთ მედიკამენტებს აძლევენ, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს. დაკავებამდე იგი ფსიქოტროპულ წამლებს ღებულობდა, რომლის გარეშე დაძინებაც კი არ შეუძლია.

 

ოთარ რუხაძე _ ადვოკატი:

_ გიორგი გიორგაძეს სასამართლომ მსჯავრი დადო დანაშაულისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ანუ სასამართლომ მიიჩნია, რომ გიორგაძე ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა. გამოძიების ვერსიით, იარაღი მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ჩვენ მოცემული განაჩენი გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციო წესით და პროცესის ჩანიშვნას ველოდებით.

_ რამდენად კანონიერად ჩატარდა ჩხრეკა და არსებობს თუ არა კითხვები დაკავების სამართლიანობასთან დაკავშირებით? დაკავებულის დედა აცხადებს, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა და ის პოლიციამ მის შვილს ჩაუდო.

_ თუკი საქმის მასალებს გადავხედავთ, ანუ რაც ოფიციალურად დევს, დაკავების ფაქტობრივი გარემოებები და ის გარემოებები, რომელსაც თავად ბრალდებულები აღწერენ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. საქმის მასალების მიხედვით გამოდის, რომ ისინი კანონიერად დააკავეს, საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ თუკი ბრალდებულებს მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ მათი დაკავების დროს საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყველა მოთხოვნა დაირღვა. ძალიან ბევრი დარღვევა იკვეთება ბრალდებულების ჩვენებებიდან, რომლებიც თითოეულმა მათგანმა სასამართლოში გაახმოვანა. სამწუხაროდ, სასამართლომ მხოლოდ სხვა მოწმეთა ჩვენებები გაიზიარა, რომლებიც პოლიციელები არიან. არც ერთი სამოქალაქო პირი საქმეში არ არის. ყველა თვითმხილველი მოწმე პოლიციის თანამშრომელია და ისინი ჩვენებას იძლევიან, რომ კანონი არ დარღვეულა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი პოლიცის თანამშრომელი იტყვის, რომ კანონი დავარღვიეო? ოქმები შედგენილია კანონის დაცვით და, შესაბამისად, საქმეს რომ ჩავხედოთ, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ისეთივე მოწმეა სასამართლოზე ბრალდებული, როგორც სხვა ნებისმიერი და მათი ჩვენებაც ისევე უნდა გაიზიარონ, როგორიც სხვების.

_ როგორ შეაფასებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რამდენად გაქვთ იმედი, რომ სააპელაციო მას შეცვლის?

_ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. განაჩენი დაფუძნებულია მხოლოდ ძირითად მოწმეებზე, ანუ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ჩვენებას იძლევიან. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო ინსტანცია უფრო ობიექტური იქნება და, შესაბამისად, ველი, რომ დაცვის მხარის მოსაზრებებს გაიზიარებენ.

_ საქმეში ფიგურირებს იარაღი, რომლის ქარხნულ ნომერშიც ცდომილებაა. რამდენად იყო ეს საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული განაჩენი არ დამდგარიყო?

_ საქმის მასალებს თუ ჩახედავთ, მიხვდებით, რომ იარაღი, რომელიც გიორგი გიორგაძისგან ამოიღეს, შესაბამის პაკეტში დალუქეს, რომელზედაც ნომერი მიუთითეს, მაგრამ იგივე პაკეტი როცა ექსპერტიზის ბიუროს გადაეცა, იქ სხვა ნომრიანი იარაღი აღმოჩნდა. მართალია, ერთ ციფრშია სხვაობა, მაგრამ ქარხნულად ყველა იარაღს თავისი ნომერი აქვს. ერთი ციფრიც თუკი სხვაა, ე. ი. სხვა იარაღთან გვაქვს საქმე. ჩვენ სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები წარვუდგინეთ, აღნიშნული იარაღის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობაც მოვითხოვეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და იარაღი საქმეში დარჩა, როგორც მტკიცებულება.

_ იცნობთ კი მსგავს შემთხვევას, როცა თუნდაც ერთ ციფრში   ყოფილიყო ცდომილება და სასამართლოს ეს მაინც არ მიეღო მხედველობაში?

_ ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ ყოფილა და სადაც ვიკითხე ჩემს კოლეგებთან, მსგავსი რამ არც მათ სმენიათ. ის ფაქტი, რომ იარაღი, რომელიც დაილუქა, სხვა ნომრითაა და იარაღი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა _ სხვა ნომრით, იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვაა. ჩვენ დაუშვებლად მოვითხოვეთ ცნობა, რადგანაც არ იყო გაქარწყლებული იარაღის გამოცვლის გონივრული ეჭვი. მეტი ეჭვი რაღა უნდა იყოს? ფაქტია, სხვაობა არის და სასამართლოს შუამდგომლობა უნდა დაეკმაყოფილებინა.

_ რაც შეეხება გიორგი გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენად უნდა გაეთვალისწინებინა ყოველივე სასამართლოს?

_ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მას ექსპერტიზა ჩაუტარდა და შესაბამისი დასკვნა დაიდო. შეგნებულად არ ვიტყვი, რა სახის ექსპერტიზაზე იყო საუბარი. დასკვნის მიხედვით, მოცემულ ეტაპზე, გიორგი გიორგაძე ჯანმრთელია და, შესაბამისად,  სასამართლოც ამ დასკვნას დაეყრდნო. რაც შეეხება ამჟამად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქ სულ სხვა სურათია, _ იგი დღესაც მედიკამენტური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.

_ რატომ არ მიიჩნიეთ საჭიროდ, ექსპერტის დასკვნა გაგესაჩივრებინათ და ალტერნატიული შემოწმება ჩატარებულიყო?

_ ეს შესაძლებელი იყო, ოჯახს ვესაუბრეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგანაც ხარჯებს უკავშირდება.

_ როგორც ვიცი, სასამართლოზე მისი ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ ადრე გაცემული დასკვნები წარმოადგინეს, ასევე ინფორმაცია მკურნალობის თაობაზე.

_ საქმეში დევს გიორგი გიორგაძის მკურნალობის მთელი ისტორია.  სურათი ძალიან მძიმეა. როცა ინფორმაცია ვნახე მისი მკურნალობის შესახებ, მაშინ დასკვნა ჯერ არ იყო ჩამოსული და მეგონა, მივიღებდით, რომ აღნიშნული პიროვნება მკურნალობას საჭიროებდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, განგვიმარტეს, რომ მართალია, ისტორია რთული აქვს, მაგრამ დღეს ჯანმრთელიაო. დასკვნას იძლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელიც პროფესიონალურ დაწესებულებად სახელდება ამ საკითხში.

_ სასამართლოს შემდეგ თუ შეხვდით და როგორ არის იგი ახლა?

_ შევხვდი. დღესაც მკურნალობს.

_ რამდენად ადეკვატურია მკურნალობა?

_ რადგანაც ამ კუთხით მე პროფესიონალი არ ვარ, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ვიზუალურად რასაც ვხედავ, ჩვეულებრივად საუბრობს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება პასუხმა დააყოვნოს.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ გიორგი გიორგაძის მიმართ სასმართლოს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ წინა წლებში ის ერთხელ  სწორედ იარაღის ტარების გამო დააკავეს?

_ საქმეში დევს, მაგრამ სასამართლოს წინა განაჩენი არ უხსენებია და აქედან გამომდინარე, ოფიციალურად არა. თუმცა ისე როგორ იქმოქმედა მოსამართლეზე, ამაზე პასუხი, ბუნებრივია, ვერ მექნება.

 

გიორგი გიორგაძის ოჯახმა უკვე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ნატალია კუპრაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც გაითვალისწინებენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მისი შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება. კუპრაშვილი დარწმუნებულია, რომ 5-წლიანი პატიმრობა მისი შვილის ისედაც შელახულ ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება და სწორედ ამიტომ მოუწოდებს როგორც სამართალდამცველებს, ისე სასამართლოს. მსგავს შემთხვევებში არა სტატისტიკის შევსებას, არამედ ადამიანის უფლებებსა და მათ მომავალს მიანიჭონ უპირატესობა.

ხვიჩა ვაშაყმაძე