რატომ ქმნიან ხელოვნურ პრობლემებს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში?!

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები მათ სამსახურში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. როგორც ისინი „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, ისტორიულ ბიბლიოთეკას პარტიული ნიშნით დანიშნული არაპროფესიონალები მართავენ და არასწორი მენეჯმენტის გამო იქ სრული გამყინვარებაა. არსებობს ინფორმაციაც, რომ ხელისუფლება ბიბლიოთეკის შენობის გაყიდვას აპირებს და ამიტომ მდგომარეობას შეგნებულად ამძიმებენ.

„ქრონიკა+“-ს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესაუბრნენ, რომელთა ვინაობას, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ:

_ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომელიც 1909 წლის 18 მაისს დაარსდა. ბიბლიოთეკის დამფუძნებლები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცენატები, ძმები სტეფანე, ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები. ეს გახლავთ საუკუნეზე მეტი ხნის ბიბლიოთეკა, თანამშრომლების მიერ ძველი წიგნები დღემდე შემონახულია და მიგვაჩნია, რომ ის უნდა ატარებდეს არა მხოლოდ ბიბლიოთეკის, არამედ, მუზეუმის სტატუსსაც. ამით შენარჩუნდება არა მარტო მისი სახელი, მემკვიდრეობაც და უფრო მეტად იქნება იმაზე ორიენტირებული, რომ ასეთი ბიბლიოთეკა არსებობდეს თბილისში, ასეთ ძველ ქალაქში, თავისი ძველი წიგნადი ფონდით, რომ შემდგომში რაც შეიძლება წიგნზე იყოს ორიენტირებული ეს ბიბლიოთეკა თავისი თანამშრომლებით. ხელი უნდა ეწყობოდეს იმ ძველ სპეციალისტებსაც, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ეს ბიბლიოთეკა თავიანთი უანგარო შრომით.

_ რა პრობლემების წინაშე დგახართ?

_ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბიბლიოთეკარების ხელფასი მიზერულია, დაქვითვის გარეშე მთავარი სპეციალისტისთვის განკუთვნილი თანხა 350 ლარია, მთავარი ბიბლიოთეკარისთვის _ 320 ლარი და რიგითი ბიბლიოთეკარებისთვის უფრო ნაკლები. ამასთან, გაანახევრეს იმ თანამშრომლების საშტატო ერთეული, რომლებიც პენსიონერები არიან და ხელფასებიც გაუნახევრეს. რაც შეეხება წიგნად ფონდს, რაც იყო 2017 წლამდე, ისევ ის არის, მაგრამ ახალი წიგნები არ შემოდის, თუ არ ჩავთვლით ნაჩუქარ წიგნებს.

_ რატომ არ შემოდის წიგნები, რისი ბრალია?

_ არასწორი მენეჯმენტის, ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ წერეთელი, რომელიც 2017 წლიდან დაინიშნა, ყველაფერს კარგს დაგვპირდა, გვითხრა, ხელფასებსაც გადახედავდა და წიგნებსაც შემოიტანდნენ, მაგრამ პირიქით, ხელფასები გაგვინახევრდა და აღარც წიგნები შემოდის. ხომ არსებობს წიგნადი ფონდის შესაძენი თანხა, გასული წლის ოქტომბრის მერე ბიბლიოთეკაში არც ერთი წიგნი არ შემოსულა. რა თქმა უნდა, ამან მკითხველების უკმაყოფილება გამოიწვია. უკვე იმ დონემდე მივედით, რომ თითო წიგნს ვატანთ მკითხველს. ძალიან ბევრი მკითხველი გვყავს და, ფაქტობრივად, ფონდი ამას ვერ უზრუნველყოფს. მთავარ ბიბლიოთეკას აუცილებლად სჭირდება ახალი გამოცემები, ძალიან ბევრი სტუდენტი მკითხველი გვყავს. ბავშვები ტელევიზორში რომ ნახავენ, ახალი წიგნი გამოვიდა, მეორე დღეს მორბიან და გვთხოვენ, ამ დროს ჩვენ უარით ვისტუმრებთ. მკითხველს ესეც გვიკარგავს, ასე არ შეიძლება, ბიბლიოთეკას უკვე მნიშვნელობა ეკარგება. დავით ნარმანიამ ზარზეიმით რომ გახსნა მედიათეკა, ასე არ არის, ის ვერანაირად ჩაანაცვლებს ბიბლიოთეკას. თუ მომავალ თაობაზე და წიგნიერებაზე ვზრუნავთ, მედიათეკა ამას ვერ შეძლებს. პირიქით, ბიბლიოთეკები უნდა გაძლიერდეს! თანამშრომლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ხელფასები რომ განახევრდა, დირექტორისა და მისი მოადგილის გარდა. ადმინისტრაციაში ყველას მოემატა _ ბუღალტერს, კადრების განყოფილების უფროსს, შექმნეს ახალი სამსახურები: იურიდიული, მონიტორინგის, ხარისხის მართვის განყოფილება და საერთოდ არ ვიცნობთ, ვინ არის, ვინ მუშაობს ამ ადგილზე. ასე გვგონია, ახალი ხელმძღვანელი რომ მოდის, თანამშრომლებს უნდა გაეცნოს, პრაქტიკულად, ერთმანეთს არ ვიცნობთ და დირექტორი არ არის ინფორმირებული, რა ხდება მის ორგანიზაციაში. ამბობს, რომ ბიბლიოთეკას ბევრი ფილიალი აქვს, ბევრი ხალხი მუშაობს და ყველას ვერ სწვდება. მთავარ ბიბლიოთეკაშიც არ იცნობს ხალხს, სადაც კაბინეტი აქვს, როდესაც სამსახურში მოვა, პირდაპირ თავისი კაბინეტისკენ მიაშურებს და იქ არის მთელი დღე, არ შემოდის განყოფილებებში. სამსახურის უფროსია მერაბ გეჯუა და მის ნებასურვილზეა იქ ყველაფერი დამოკიდებული. ვინც ესიმპათიურება. აწინაურებს, ვინც არა _ აქვეითებს და ხელფასს უნახევრებს. როგორც ვიცით, ეს ადამიანი სოხუმის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ეკონომიკის დარგში. შეიძლება, თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ საბიბლიოთეკო საქმე საერთოდ არ ესმის. გეჯუაც და სხვებიც ბიბლიოთეკაში მოსულები არიან პარტიული ნიშნით, თვითონ აქვს ნათქვამი, არჩევნებზე სამი ისეთი უბანი მოვიგეო… მოადგილეც ასეა მოსული, კადრების უფროსიც… მედროშეები! ბიბლიოთეკა არ არის ხელწამოსაკრავი სფერო, სკრუპულოზური სამუშაოა, თუ არ იცი, და არ გისწავლია, ძალიან რთულია, საქმეს გაუძღვე. ჩვენთან არ არსებობს საბიბლიოთეკო საქმის დამხმარე განყოფილება, რომელიც კოორდინებას გაუწევს მთავარ ბიბლიოთეკასა და ფილიალს, ერთმანეთთან დააკავშირებს საბიბლიოთეკო საქმიდან გამომდინარე, მანამდე კი იყო ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილება, მაგრამ მოშალეს. თუ საკმარისი ფინანსები არ არის, საინტერესოა, რატომ არ აკეთებენ ბიბლიოთეკაში ფასიან მომსახურებას, მედიათეკის მომსახურება წლიურად 30 ლარი ღირს, გააკეთონ, ეს ხომ რიგითი თანამშრომლების ბრალი არ არის და არც მათი გადასაწყვეტია?! საბიბლიოთეკო საქმისათვის რომ შეიქმნას რაიმე სამსახური და ისეთი ღონისძიებები დაინერგოს, რომელიც ამ საქმის წინსვლასა და განვითარებას ხელს შეუწყობს, ასეთ რამეს ვერ ვხედავთ! ეს რომ გააკეთო, კონკრეტული საქმის სპეციალისტი უნდა იყო, არც დირექტორია ამ საქმის პროფესიონალი, როგორც ვიცით, ფინანსისტია. ამიტომ ისეთი სამსახურის შექმნაა საჭირო, რომელიც კოორდინებას გაუწევს საბიბლიოთეკო საქმიანობას. ის იქნება ბიბლიოთეკარებთან კავშირში და მათგან ეცოდინება, რა შეიძლება გაკეთდეს ბიბლიოთეკის წინსვლისთვის და წიგნის პროპაგანდისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, საითკენ არის მიმართული ეს ყველაფერი, მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე?

_ არ უნდათ პროფესიონალები, აწინაურებენ საქმის არმცოდნეებს! ჩვენს ყურამდე მოვიდა ის ინფორმაციაც, რომ შენობის გაყიდვა უნდათ. ჩვენი ბიბლიოთეკა ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე, ირგვლივ, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეებს აქვთ გახსნილი ბარ-რესტორნები. გავიგეთ, რომ თურქ ბიზნესმენს სასტუმროდ უნდა ეს შენობა და როგორც ჩანს, საქმე მართლა აქეთკენ მიდის და ხელოვნურად ქმნიან ამ პრობლემებს.

_ ეს ბიბლიოთეკა მერიის კულტურის სამსახურს ექვემდებარება, მათთვის თუ მიგიმართავთ?

_ საკრებულოში ტალიაშვილს მივმართეთ, მდგომარეობა ავუხსენით, გვიპასუხა, რომ კარგად იცნობდა დირექტორს, ძალიან დადებითი პიროვნებაა და დღესვე დაველაპარაკებიო, ამით დამთავრდა ყველაფერი. ამის შემდეგ, როგორც თქვენ გაიგეთ რაიმე პასუხი, ისე ჩვენ გაგვაგებინეს! რა აზრი აქვს მერიაში ან სადმე სხვაგან წასვლას, ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობს, რომ დავალებები მერიიდან მოდის და მათი მითითებით აკეთებს ყველაფერს. თუმცა პენსიონერთა ნახევარ შტატზე გადაყვანა არ გვგონია, მერიიდან მოდიოდეს, რადგან ასეთი რამ კანონს არ ექვემდებარება. ვფიქრობთ, რომ ეს იყო შიდა გადაწყვეტილება. პარლამენტმაც მიიღო კანონი, შეიძლება სხვა ადგილებიდან პენსიონერები გაუშვან, მაგრამ ეს ბიბლიოთეკებს არ ეხება. ჩვენთან საკმაოდ მუშაობენ პენსიონერები და ამიტომაც გვგონია, რომ შიდა გადაწყვეტილება იყო. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, იმ პენსიონერებიდან ვინ, რა დავალებას ასრულებს?! ისე არ გაიგოთ, აქ წინა პლანზე ჩვენი პირადი პრობლემები დგას, ეს არის მთლიანად ბიბლიოთეკის პრობლემა! ბიბლიოთეკა დგას ისევ ძველ სპეციალისტებზე, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლებლებში ფაკულტეტს ვეღარ იპოვით, სადაც ამ საქმეს ასწავლიან. კეთილი შურით გვშურს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლების, მათ ძალიან კარგი დირექტორი ჰყავთ, ბრწყინვალე პიროვნებაა, თავისი მიდგომებით იშვიათი ადამიანი. ჩვენც გვინდა, ჩვენს ბიბლიოთეკაშიც ასე იყოს! 90-იან წლებს გავუძელით და დღემდე მოვიტანეთ, ყველანაირად ვეცადეთ, რომ ბიბლიოთეკა შეგვენარჩუნებინა, დღემდე მოვიტანეთ და ახლა რა ხდება, უკვე აღარ ვიცით! სრული გამყინვარებაა, არაფერი ხდება!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

როგორც ოპერატორმა გვითხრა, დირექტორი ზურაბ წერეთელი იმ დროისთვის სამსახურში არ იმყოფებოდა და დღის განმავლობაში თავად დაგვიკავშირდებოდა. ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია და, შესაბამისად, არც კომენტარი გაუკეთებია.

 

თამარ ბატიაშვილი