მარადიული მოდის შიში და ჩვენი დაღრეჯილობა

ვიდრე საქართველოს მთავარი კომბლე წითელქუდას ეარშიყება, სასკოლო გამოცდებში 11 ათასი მოსწავლე ფლავდება, რუსთავში კი დამოუკიდებლობის დღეზე ქართველ მოწაფეებს ყელზე წითელ ყელსახვევს ახვევენ და სკოლის დირექტორი ილიჩის ნათურასავით ბრწყინავს სიხარულისგან.

ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს ისე, რომ არც ახსენებს მას, ვინც აღადგინა, რეალურად კი მოუპოვა ქვეყანას ეს დამოუკიდებლობა. მერე მავანი კლავიატურას ააქაფებს და დაწერს, რომ, თურმე, მთავარი იდეაა თავისუფლების და არა პერსონები. თქვენ კი დაგაბით კავკასიონზე დიდი ჯაჭვით… თურმე, კაცობრიობისთვის ცეცხლის მომტანი პრომეთე არავინ  ყოფილა და მხოლოდ ცეცხლი ყოფილა მნიშვნელოვანი. თან ისე, რომ არც გაინტერესებდეს, არც ახსენო, ვინ გაგხადა ამ ცეცხლის ღირსი, თუმცა ამისთვის, თავის დროზე, ხომ კარგად იზრუნეს ლუბიანკაზე და შეთხზეს მითი, რომ, თურმე, სსრკ თავისით ინგრეოდა და, თურმე, „პოდნოსზე“ დადებული მიგვიღია თავისუფლება. როცა ეს გჯერა, მართლა ნაკლებად გაინტერესებს, ვის ეკავა ხელთ ეს „პოდნოსი“. ასე ხარ მაშინ, როდესაც ლუბიანკას მითოლოგიაში ლივლივებ.

ოღონდ კი ზვიად გამსახურდიას სახელი არ ხსენებულიყო და თვით შოთაც კი შეაწუხეს. შეაწუხეს და მერე როგორ? არ იკითხავთ, რა მათემატიკით? თურმე, ნუ იტყვით და, „ვეფხისტყაონსის“ დაწერიდან 850 წელი გავიდა! თუ არ ვცდები, „ფეისბუკში“ პირველმა ლაშა გაბელიამ დაუანგარიშა ამ ხელისუფლებას, 2017-ს რომ 850 გამოვაკლოთ 1167-ია. ანუ ქოცური „წელთაღრიცხვით“ 1167 წელს დაწერილა „ვეფხისტყაოსანი“. როგორც 1986 წელს გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის“ შესავალ წერილში სარგის ცაიშვილი წერს, შოთა რუსთაველი დაბადებულა დაახლოებით 1162-1166 წელს, რადგან იგი თამარის უფროსი თანამედროვე ჩანს, თვითონ თამარის დაბადებაც ასევე დაახლოებითაა ცნობილი _ 1168-1172 წლები. თამარის დაბადების თარიღად სხვა თარიღებიც სახელდება _ 1166, ზოგან 1160-იც. არც ერთი ეს წელი შესაბამისობაში არ მოდის „ქოცურ“ ართიმეტიკასთან. როგორც ლაშა გაბელია „ფეისბუკზე“ წერდა, 1167 წელს თამარ მეფე 1 წლის იყო, შოთა, სადღაც, 5-6-ის. თუ სხვა თარიღებს ვერწმუნებით, ცოტა სხვა ასაკისანი გამოვლენ, მაგრამ სურათი დიდად არ შეიცვლება, ე. ი. „ვეფხისტყაოსანი“ პატარა ბიჭუნამ დაწერა კიდევ უფრო პაწაწინა თამარის საქებრად. უფრო კურიოზულ სურათს მივიღებთ, თუ სარგის ცაიშვილის მოხმობილ სავარაუდო თარიღებს გავითვალისწინებთ. როგორც უკვე ვთქვით, იგი შოთას დაბადების თარიღად 1162-1166 წლებს ასახელებს, ანუ შოთა 1167 წელს ან ერთი წლისაა, ან 5 წლის. თამარი კი ამქვეყნად დაბადებულიც არაა. ახლა, მე თქვენ გეკითხებით, თქვენ 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრა გიკვირთ და ეს ხელისუფლება იმ ბავშვებზე კარგად ითვლის? უკეთესად იციან შეკრება-გამოკლება?

შოთას 800 წლის იუბილე 1966 წელს აღნიშნეს და, მეტ-ნაკლებად, ახლოს იყო რეალურ თარიღთან. 1937 წელს იზეიმეს 750 წელი. ესეც, ცხადია, პირობითი იყო და დაახლოებითი, მაგრამ ახლა რას დაუახლოვეს? ყველაფერს რომ ააცილეს? „ვეფხისტყაოსნის“ ზემოთ მოხმობილი გამოცემის მიხედვით, „ვეფხისტყაოსნის“ დასრულების თარიღი 1205-1207 წლებია. ცხადია, ესეც დაახლოებითია, სავარაუდოა, მაგრამ ეს ვარაუდები ეფუძნება კონკრეტულ თარიღებს, ფაქტებსა და ქოცხელისუფლებამ რაზე დააშენა ეს თავისი „ვეფხისტყაოსნობა“? რას ემსახურებოდა ეს _ რუსთაველისთვის მარკების აწევას, _ ნახეთ, რა პატარამ დაწერა ეს გენიალური ქმნილებაო? ეს ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, _ ნაცვლად იმისა, რომ ამ დღეს ხსენებულიყო ზვიად გამსახურდიას სახელი, მთელ მთავრობას პირზე ეკერა რუსთაველის სახელი და ისე ამაყობდნენ რუსთაველით, გეგონება, ივანიშვილის საჭურჭლიდან _ „ქართუდან“ იღებდა ყოველთვიურად 5-5 ათას ლარს. თან ისე იბრიქებიან, რუსთაველის ქვეყანა ვართო, გეგონება, მის საფლავთან იყვნენ ჩამუხლულები და ეს-ესაა, წამოდგნენ ფეხზე. გეგონება, „ამ ქვეყანამ“ არ გააქცია რუსთველი. დაბადების თარიღიც არ იციან, საფლავიც არ იციან, სადაა და წაუგდიათ ენა. ესეც რომ არა, დღეს ვინ ვართ და ვის დავკარგვივართ, ესაა მთავარი და არანაკლებ მთავარი ისიც, თავად ვინ ხარ, როცა ამაყობ? სკოლის მერე გადაგიშლიათ კი „ვეფხისტყაოსანი“? იმ სკოლაშიც რომ ძალით არ ესწავლებინათ, ალბათ, ბევრი ისე გაატარებდა ნაძრახ სიცოცხლეს, ერთხელაც არ გადაშლიდა.

მე კიდევ ის მიკვირს, ცურტაველი რატომ დაინდეთ და არ შეაწუხეთ? ბოლომდე რომ გადაგეფარათ გამსახურდიას ღვაწლი და დამსახურება ერის წინაშე. მოიგონეთ ახალი ალიბი რომ მთავარი იდეაა და არა პერსონები, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თქვენთვის არც თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეაა ღირებული, უბრალოდ, გიტყდებათ მონობის ღიად ხოტბა-დიდება. მათზე არანაკლებ უღირსია ის, ვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა უნდა და ესირცხვილება, ან ბოღმავს ამ მონაპოვრის ავტორის ხსენებაც კი.

ამ საზოგადოებაში ხომ ბლომად არიან ისინი, ვინც შედეგით კარგად იტკბარუნებენ პირს და იმ დამტკბარი პირიდან არც ახსენებენ იმ შედეგის ავტორის სახელს. ან თუ მოაღებს იმ „დამტკბარ“ პირს, ისეთ გესლს ამოანთხევს იმ ავტორზე, ვეზუვიდან ამოსული ლავა დაგავიწყდება. რაბათის ციხეს ისე დაივლის, გეგონება, იმ რაბათის ციხის აღმდგენი მერაბიშვილი გლდანის ციხეში არ ჰყავს გამოკეტილი, მიშას აშენებულ ბათუმში ამაყად იტლაკუნებს და მერე ურცხვად იტლიკინებს მიშაზე, თუ შანსი მიეცა ვინმე ანანიძესავით, თვით მიშასაც მიეჭრება და ისტერიკა-ფართის მოუწყობს: „ბათუმელებს რა უქენი?“ რა გიქნათ და პიაცას ღირსი გაგხადათ. მართლა ქალაქს დაგამსგავსათ და ხელიდან გამოგგლიჯათ „ბატონს“. მაგრამ ანანიძეები, ეტყობა, თავს კომფორტულად იმ გარემოში გრძნობდნენ _ ადრეფეოდალურ, ჩაჟამებულ ხანაში.

უმადურობისა და უტიფრობის მეტი რა მასშტაბი გინდათ? იტყვით, ეს ერთი ანანიძეაო. ისე იტყვით, გეგონება, მე ავირჩიე მურმან დუმბაძე იმ დიდი აღმშენებლობის შემდეგ.

ესაა „ქართული“ ქცევის სამარკო ნიშანი _ ვზეიმობთ დამოუკიდებლობას _ ზვიად გამსახურდიას უხსენებლად, ვსარგებლობთ სააკაშვილის შექმნილი სახელმწიფოებრიობით _ მიშას იგნორირებით და მიშას ლანძღვით. უბრალოდ, ისტორიამ უკვე არამოდურად აქცია ზვიადის ლანძღვა, თორემ გამოვიარეთ წლები, როდესაც მისი ლანძღვა, დაცინვა, მასზე ქირქილი არანაკლებ იყო მოდაში. სააკაშვილის ლანძღვაც გადავარდება მოდიდან და შეემზადეთ წინასწარ. ისტორიაში მარადიულად მხოლოდ ახვრების ლანძღვის მოდა რჩება. მაგ მარადიული მოდის გეშინოდეთ. წარმავალი მოდა ვერაფერს აკლებს ისტორიულ ფიგურებს.

მოვლენათა მთელი პარადოქსულობა კი ის არის, რომ სააკაშვილის ფაქტორს ებრძვის ყველა _ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ქვენაგრძნობით თუ გაუაზრებლად.

ყველა ხედავს და იძულებულია, თავს გამოუტყდეს, რომ იგი სწორუპოვარი ლიდერია, ქარიზმატული ლიდერი.

ეს ხელისუფლება, აცნობიერებს რა რომ არავინ აბადია ქარიზმატული, რომელიც ოდნავ მაინც გაუწევს კონკურენციას სააკაშვილის მუხტსა და ქარიზმას, ღიად კნავის, რომ, თურმე, პრეზიდენტი არ უნდა იყოს ქარიზმატული პერსონა. ისე კნავიან, გეგონება, ვინმე აბადიათ და სწუნობენ. არის ხალხი, ვისაც თავად სურს ლიდერობა და მისთვის სააკაშვილის ფაქტორი, უბრალოდ, ხელის შემშლელია და ამიტომაც სურდათ ასეთი გაშმაგებით მისი ჩაქრობა, რომ შემდეგ ვინმეს შეემჩნია მათი ციმციმი. მე თუ მკითხავთ, სწორედ ეს სჭირდათ დღევანდელ „ევსაქოელებს“ _ მიშა უნდა განულებულიყო, რომ თავად დაეღწიათ თავი ნულოვანი მდგომარეობიდან. რაზე აღარ ედავებოდნენ იგივე ყრილობის მასშტაბზე. ისეთ არგუმენტებს იშველიებდნენ, შეიძლება, წამით დაფიქრებულიყავი კიდეც, _ იქნებ, მართლაც არაფერშია საჭირო, პარტია მართავდეს ამხელა ყრილობას. მაგრამ ჰოი, საოცრებავ. გამოხდა ხანი, თავად გამართეს ყრილობა, შევხედე და რას ვხედავ, _ ბათო ყაენის ურდო მეგონა, იმდენ ხალხს მოეყარა თავი. თურმე, არარესპექტაბელური ყოფილა ვიწრო წრეში ყრილობის ჩატარება…

და რაც ყველაზე პარადოქსულია, ახალ მიშას ეძებენ ისინიც, რომლებიც ამ მიშას ვერ იტანენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინიც, რომლებიც მისი მხარდამჭერი არიან. რა ხდება, რეალურად? ის ხდება, რომ ჩუმად, ძილის წინ, ყველა თავის თავს უტყდება, რომ იმ სირთულეებთან გამკლავება, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას, სჭირდება სააკაშვილის გაქანებისა და მასშტაბის, ძალის ლიდერი. ამას ხვდებიან, მაგრამ პერსონალურად მიშა არ ნებავთ „კნეინებსა“ და „კნიაზებს“. ახალი მიშა უნდათ. ეს ახალი მიშა არსაიდან ეჭყანებათ და ლამისაა, ნაკერავზე გაირღვნენ.

თქვენ წარმოიდგინეთ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი მხარდამჭერის პრეტენზიები „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ, აქაურ ლიდერებთან ამ პროცესის გამოძახილია. რაკიღა სააკაშვილს ამ ქვეყანაში არ უშვებენ, ისინი აქაც ეძებენ „მიშას“. ვიღაცა ვიღაცას არჩევს ორატორობით, ვიღაცა ვიღაცას _ ქარიზმით. არა, ბატონებო, „მიშა“ არ ცხვება არც 2 კბილი ქარიზმით და არც სამი ჩაის კოვზი ორატორობით. მიშა ბევრად მეტია, ვიდრე ქარიზმა ან ორატორობაა. მხოლოდ ქარიზმა და მჭევრმეტყველება არ კმარა ლიდერობისთვის, მით უფრო მაშინ, როცა ასპარეზზე ამ მასშტაბის ლიდერი დგას.

ამ მასშტაბის ლიდერები კი არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია არც ერთ ეტაპზე კონა ათ შაურად. ნურავინ ეძებს მეორე მიშას, ანუ ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც მიშას ჩაანაცვლებს. მიშას ჩანაცვლება რომ შეიძლებოდეს, არც არავინ შეეცდებოდა და არც იფიქრებდა მის ჩანაცვლებას. მიშა რომ ჩანაცვლებადი იყოს, არც იქნებოდა მიშა. ჩანაცვლებადებს არსად შეუქმნიათ ეპოქები. ისტორიას შეუცვლელი, განუმეორებელი პირები ქმნიან.

ქართველს ანდაზად უთქვამს, _ თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო. დღევანდელი ვითარება იმითაა მაზალო, რომ თურაშაულის პატრონი ვართ, მაგრამ შინ არ უშვებენ და ჩვენ, კიდევ, ტყეში კი არა, აქ შინ, შინაურობაში ამაოდ ვეძებთ ლიდერს და ხან პანტას „ვკბეჩთ“, ხან მჟავე მაჟალოს და ვრჩებით დაღრეჯილი. ჩემი თუ არ გჯერათ, რუსთაველს მაინც დაუჯერეთ, _ ცუდია დაღრეჯილობა.

 

რეზო შატაკიშვილი