იდეებს რა ვუყოთ, სოსო?!

ჯერ კიდევ იანვარში ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სოსო გოგაშვილი „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ რამდენიმე მედიაპორტალის შექმნას გეგმავდა. რედაქციაში ვიცოდით, დაახლოებით, ვინ დაგეგმავდა ამ ყველაფერს, თუმცა ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, მუშაობა ჩვეული რიტმით გაგვეგრძელებინა.

დღეს, ცხადია, ბოლო ერთი თვის მანძილზე ახმაურებული რამდენიმე მედიაპორტალის გულზე მჯიღის ცემა და ჩვენი მისამართით სტატიების წერა ვისი დავალებაც არის, თუმცა ჩვენ ვერც ამან შეგვაშფოთა…

მათი მიზანი, რომ ჩვენი ყურადღების კონცეტრაცია სრულიად მათზე გადასულიყო, ვერ მოხდა! დიახ, ჩვენ ჩვეული რეჟიმით და უფრო აქტიურადაც გავაგრძელებთ „გამარჯობა, სოსოს“ მანამდე, სანამდე ბოლო სტატიასაც აქ არ დავწერთ: „ნახვამდის, სოსო!“

მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას, არასდროს დაგვიხევია უკან და ვერც ახლა დავიხევთ. განსხვავება ერთია, _ სულ რამდენიმე ადამიანი, რომელიც „ქრონიკა+“-ს ვქმნით, სამი იდეით ვერთიანდებით: არ ვიყიდებით, არ ვიცით ღალატი და ქვეყანა გვიყვარს.

ამიტომ ცოტა უხერხული იქნება ჩემგან, ან ჩვენი გაზეთის რომელიმე ჟურნალისტისგან, რომ მათ ვუპასუხოთ, ვინც იყიდება, ვისთვისაც ღალატი ჩვეულია და ბოლოს, ვისაც ეს ქვეყანა ჩალის ფასად არ უღირს მათთან პოლემიკაში შესვლა მიუღებელია! უბრალოდ, ვერ გაღიარებთ და მორჩა. თუმცა მადლიერებას გამოვხატავ პირადად მე, რომ სოსომაც და მისმა მიმდევარმა კალმის მქნეველებმაც ასეთი დიდი ყურადღება გამოიჩინეთ ჩვენ მიმართ. გვიკითხეთ, ბატონებო, წაიკითხეთ ყველაფერი, მოგვისმინეთ, შეგიძლიათ, ლაფიც ისროლოთ, მაგრამ მთავარი მიზანი რაც იყო, მიღწეულია, _ დიახ, ჩვენ შეგვიძლია თქვენი მოთმინების ფიალის ავსებაც, ისიც შეგვიძლია, სოსო ვაიძულოთ, სამშაბათს საკუთარ ხოშებს და „გრეხებს“ გადახედოს. დაბოლოს, ასე მშვიდად გავაგრძელოთ გზა.

ჩვენ პიროვნებებზე არ ვმუშაობთ, ჩვენ ქვეყანა გვაინტერესებს და ასე იქნება ხვალაც. ჩვენთან რედაქციაში მხოლოდ ერთი პატიმრის დედა არ არის, _ არა! ჩვენ ყველა იმ ბიჭის დედა ვართ, რომელიც ასე გაწირეთ, მაგრამ ვერ გატეხეთ.

ასევე ვერ გატეხეთ ის გუნდი, რომელიც „ქრონიკა+“-ს ქმნის. და რადგან თქვენ ბევრი ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი დაგენგრიათ და მაინც ვერ მიაღწიეთ, მიგვაჩნია, რომ სწორად ვშრომობთ, ჩვენს შრომას თქვენი ხმაურის შედეგად რეზონანსი აქვს. ამდენად, გმადლობთ, რომ ჩვენი მკითხველი ბრძანდებით.

დაბოლოს, დასაწყისისთვის მიყვარს შეგონებები და ასე, ჩემო სოსო, შეგონებით დავიწყებ შენთან უსტარს:

„ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი.

წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც კაცობაა დიდი“.

იოსებ ნონეშვილის თქმისა არ იყოს, „არის ასეთი ქვეყანა _ მას საქართველო ჰქვია“… და სწორედ ასეთ ქვეყანაში დაიბადე. გისურვებთ წარმატებულ სამშაბათს!

 

სოსოს ახალი იდეა…

 

_ აღმოჩნდა, რომ ბეჭდურმა ინტერნეტპორტალმა, მედიამ ვერ გაამართლა, ანუ ვერ შეძლო „ქორნიკა+“-ის დისკრედიტაცია, ვერ მიიღო სასურველი შედეგი, ვერც იმ ე. წ. ტროლების აქტივობამ სოციალურ მედიაში, რომელიც ადრე უფრო ჭრიდა. ახლა ფრონტის ხაზს გოგაშვილი ძალიან მალე ორ მხარეს გაშლის _ „ქრონიკა+“-ისა და ელისოს წინააღმდეგ.

_ კერძოდ?

_ პირველი: აი, ნახავ, სადღაც, ერთ თვეში ასპარეზზე გამოჩნდებიან გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არასამთავრობო სექტორის სახელი ექნებათ, ჯერ ჩვეულ ხმაურს დაიწყებენ, ყურადღებას მიიქცევენ, მოხვდებიან მასობრივ სატელევიზიო არხებზე, ჩაერთვებიან გარკვეულ ტოქშოუებში, დაბოლოს, ფინალში სამი, ან ოთხი ერთად გამოვა ასპარეზზე და უკვე „ქრონიკა+“-ს დაუწყებს ომს.

_ რატომ უნდა იომოს?

_ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილია, აი, ძალიან, ძალიან ხელოვნურად. მათი ყველა მესიჯი იქნება სოსოსთან გავლილი, ყველა საეთერო დრო შეთანხმდება სუს-თან. მათი ხმაურის ფონზე გამოჩნდება რამდენიმე ტელევიზია, სავარაუდოდ, ორი ან სამი, რომელთაც უშუალო დავალება ექნებათ, მათი დაანონსებული აქციები და ა. შ. გააშუქონ, საზოგადოებას სხვა თვალით დაანახვონ მოვლენები…

_ შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს?! გასაგებია, რაღაც უნდათ _ ხმაური, კითხვები, ყურადღების სხვა მხარეს კონცენტრაცია. ფაქტია, მათი სურვილი, რომ რედაქცია ფორმიდან ამოვარდნილიყო, ვერ ახდა, პირიქით, ამინდებმა ვერ შეგვიწყო ხელი, თორემ წავიდოდით და რედაქციას პირდაპირ სუს-თან გადავიტანდით, რაც ისედაც დაგეგმილია. ახლა თუ ისინი გამოჩნდებიან, ამით რა?

_ მაგალითად, როგორც გოგაშვილი ფიქრობს, ახლა თქვენ წინააღმდეგ საჭიროა ყვირილი, ხმაური, ამის ტელევიზიებში აფიშირება, მერე კი მთავარი, _ მან ამ საკითხზე ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა და არ ვიცი, კერძოდ ვისთან, გომელაურთან, პრემიერ კალაძესთან თუ ვისთან, მაგრამ კონსულტაცია გაიარა, კერძოდ: უნდოდა, ქალაქი აეჭრელებინა სტიკერებით, ფლაერებით და პლაკატებით, სადაც ელისოს და შენი ფოტოები იქნებოდა, ასევე რედაქციის სხვა თანამშრომლების, თუმცა პასუხად სასტიკი უარი მიიღო. მაშინ გააფრთხილეს, რომ შეუძლებელია, ამას ვერ დაუშვებდნენ, რადაგნ ყველა საელჩო ამ საკითხზე ისაუბრებდა. ვიცი, რომ არ იყო კმაყოფილი უარის გამო, პირიქით, ნანობდა, _ არ უნდა მეკითხა, ისე უნდა გამომეკრა ესენი ქუჩაშიო. შესაძლოა, ამ მეთოდსაც მიმართოს.

_ ბოლოს და ბოლოს, მიდის თავდაცვაში?

_ ყოველ შემთხვევაში, სუს-იდან წავა, თუმცა ის ყველაზე არაკონტროლირებადი მაინც სხვა უწყებაში იქნება, რადგან გაბრაზებული წავა და ახლაც გაბრაზებულია თავდაცვის თემაზე.

_ ანუ რა გველოდება, ენჯეოების შემოტევა და პლაკატების რისხვა?

_ ერთ თვეში ორი ან სამი ახალი ენჯეო შეიქმნება, გამოვლენ ხმაურით და საზოგადოების ყურადღებას მიიქცევენ, მერე ტელევიზიებში ვიხილავთ, მერე, ალბათ, თქვენს ოფისთან და მერე ქალაქში, კიდევ, პლაკატებს. ეს არის სოსოს გეგმა.

_ მედიამ და სტატიებმა ვერ გაუმართლა?

_ ვერა. ძალიან უკმაყოფილოა.

 

  1. S. სოსო, თუ გინდა, აგერ დამადგეს თავზე სპეცრაზმი, დამადონ შუბლზე ტყვია, მაინც მშვიდად გავაგრძელებ შენი სახლში წასვლის „პუწიოვკის“ გამოწერას.

მომიკითხე უნიჭო ვახტანგ ხარშილავა, რა ტყუილად გეგონა, რომ შემეშინდებოდა.

მე ერთი კაცის მეშინოდა, სოსო, ამირანი ჰქვია მას და ისიც ღმერთმა კავკასიონზე მიაჯაჭვა.

 

მაკა მოსიაშვილი