დავით ნარმანიას კომფორტის ზონა

თბილისის მერის კომფორტის ზონა აქამდე რომ არ გამოგვიკვლევია, საოცარია, თუმცა ახლა სწორედ ის გახდა ჩვენი ინტერესის ობიექტი და სწორედ ამიტომ დღეს დავით ნარმანიას კომფორტის ზონაზე მოგიყვებით.

სანამ უშუალოდ მის საცხოვრებელზე მოგითხრობდეთ, ტრადიციულად, ჩვენი მერის ქონებრივ დეკლარაციაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, რომელიც 2016 წლის 27 ივნისს აქვს შევსებული.

38 წლის ეკონომისტს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;

მის სახელზე ორი უძრავი ქონებაა:

ერთი მათგანი წარმოადგენს 5000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, სოფელ კოკში და მეორე 97.00 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე.

აღსანიშნავია, რომ არც მის და არც ოჯახის სხვა წევრების სახელზე მოძრავი ქონება არაა დაფიქსირებული და მათ საკუთრებაში არ არის არც ფასიანი ქაღალდები.

რაც შეეხება სხვადასხვა ბანკში არსებულ ანგარიშს ან შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თავად მას, ან ოჯახის წევრს, სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მას „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, ჰქონდა 4308.00 ლარი კრედიტი(+), ამავე ბანკში მიმდინარე  ბალანსზე 3.20 ევრო; ისევ „თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 3672.22 ლარი დებეტი(-), „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო 361.88 აშშ დოლარი კრედიტი(+), კვლავ ნარმანიას სახელზეა „რესპუბლიკა ბანკში“ სახელფასო ანგარიში, სადაც 1612.96 ლარია კრედიტად(+), „პროკრედიტ ბანკშიც“ სახელფასო ბარათზე 39.04 ევრო კრედიტი(+) ერიცხება, მეუღლის, თინათინ თინიკაშვილის სახელზეა „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო 800.00 ლარის ოდენობით (კრედიტი(+); დაბოლოს, მერის სახელზეა „თი-ბი-სი ბანკში“  მიმდინარე 14721.19 ლარი კრედიტი(+). ოჯახის არც ერთ წევრს არ მოეპოვება არანაირი ანგარიში „ბაზის ბანკსა“ და „ქართუ ბანკში“.

რაც შეეხება დავით ნარმანიას ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულს, რომლის ოდენობაც აღემატება 4000 ლარს, დეკლარაციის შევსების მომენტში მის საკუთრებაში იყო 900.00 აშშ დოლარი და 250.00 ევრო, რაც ჯამში, ნამდვილად არ აჭარბებს 4000 ლარს, თუმცა, რატომღაც, მაინც არის ეს მონაცემები ამ კონკრეტულ გრაფაში დაფიქსირებული.

ნარმანია ფლობს ფირმას „შპს ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგი“, რომლის მისამართიც ემთხვევა თავად დავით ნარმანიას საცხოვრებელ მისამართს. კომპანია 2011 წლის 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა და მისი მოქმედების ვადა ამოუწურავია, უვადოა. თუმცა ფირმას ჯერ შემოსავალი არ მოუტანია.

აქვე თბილისის მერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად მუშაობისას 2015 წელს 10800.00 ლარი მიუღია, მერობისას კი ამავე ვადებში 19080.00 ლარი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობისას კი 2640.00 ლარი.

დავით ნარმანიას „თი-ბი-სი ბანკიდან“ 4000.00 ლარის ოდენობის სესხი აუღია,  რომელსაც ვადა 26/10/2016-ში ეწურებოდა და საიდანაც გასავალი 3672.22 ლარი იყო.

ასევე, მას უფიქსირდება ავტომანქანის გაყიდვა, საიდანაც შემოსავალი 8500.00 აშშ დოლარი იყო; ხოლო დეკლარაციის შევსებისას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 12000.00 ლარს უტოლდება.

ეს ის მონაცემებია, რაც გასული წლის ივნისში, დოკუმენტის შევსებისას ფიქსირდებოდა, თუმცა ვინ იცის, რამდენი რამ შეიცვალა ერთ წელიწადში?

დეკლარაციის გაცნობის შემდეგ სწორედ ბერბუთის ქუჩისკენ ავიღე გეზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქუჩა, გარკვეული მიზეზების გამო, რთულად იძებნება, მაინც მახსოვდა, რომ იგი სპორტის სასახლის უკან, ახალაშენებული კორპუსების წყებასა და მაღაზიების ერთობლიობას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით გავემართე.

ჩემი თბილისის მერის საცხოვრებელთან სტუმრობის დრო იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თბილისში წვიმის ნიაღვარი არ წყდებოდა და ხალხი ნოესა და მის კიდობანს უხმობდა დასახმარებლად, მე კი, თავის მხრივ, 13 ივნისი გამახსენდა და იმ დროს დაშვებული შეცდომები… თან გზას ვიგნებდი და იმისთვისაც ვემზადებოდი, რომ ჩვენი მერის საცხოვრებელში დაცვის სამსახური იქნებოდა „გამაგრებული“, რომელიც მარტივად არ „გამატარებდა“.

საბურთალოზე, სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე ახალი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, სწორედ აქ, ერთ მაღალ, 14-სართულიან და მწვანე ფერში გადაწყვეტილ კორპუსს ნახავთ, რომელიც ხსენებული სასახლის უკან და ოდნავ მარცხნივ მდებარეობს. ბერბუთიც პატარა ქუჩაა იმ მრავალ პატარა და ახალ ქუჩათაგან, რომელიც ამ ტერიტორიაზე შეგხვდებათ.

როგორც უკვე აღვნიშნე, წვიმიან ამინდში ჩემი შლიაპით მივადექი ბერბუთის ქუჩაზე #8 საცხოვრებელ კორპუსს, რომლის გვერდითაც ერთ-ერთ მსხვილ მაღაზიათა ქსელის ფილიალი იყო და ჯერ სწორედ იქ ვარჩიე შესვლა. მინდოდა, იქ მომუშავე გოგონებისთვის მეკითხა, ნამდვილად აქ ცხოვრობდა ჩვენი მერი და ჩამოდიოდა თუ არა იგი თავად საყიდლებზე?  მოკლედ, შევედი ამ მაღაზიაში და ჩემთვის საყვარელი ბანანი ვიყიდე, თან ცნობისმოყვარეობასაც დავიკმაყოფილებდი:

_ გამარჯობა, მაინტერესებს, ამ კორპუსში დავით ნარმანია მართლა ცხოვრობს?

_ კი, რატომ, თვალი მოჰკარი? _ მკითხა მოლარემ, სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ.

_ არა, არ მინახავს, გამიგია, რომ აქ ცხოვრობს.

_ კი, ნამდვილად ცხოვრობს.

_ თქვენთან ჩამოდის ხოლმე? როგორია ურთიერთობაში?

_ თვითონ იშვიათად, მეუღლე დადის ხოლმე.

_ გასაგებია.

_ თუ რამის კითხვა გინდათ, თავის დაცვას ჰკითხეთ და ის გეტყვით, _ ჩაერთო საუბარში მოლარე გოგონას უკან მდგარი გოგონაც.

_ აუცილებლად-მეთქი, _ და წამოვედი.

ახლა ზუსტად იმ კორპუსის წინ ვიდექი, რომელშიც დედაქალაქის მერი ცხოვრობს და სანამ შევიდოდი, ვნახე, როგორ გამოაბრუნა დაცვამ ვიღაც ბიჭი, რომელმაც კარის კოდი არ იცოდა და სადარბაზოში შესვლას ლამობდა.

რამდენიმე წუთი გავიდა, კორპუსს თითქმის ყველა მხრიდან გადავუღე ფოტო და ახლა გადავწყვიტე, შიგნით შევსულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დაცვას მარტივად ვერ გადავურჩებოდი. მოკლედ, კართან მივედი და ჰოი, საოცრებავ, ღია დამხვდა (ალბათ, გახსოვთ, რომ არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს იღბალსა და გამართლებაზე). მარტივად ჩავუარე დაცვის ობიექტს და ზემო სართულზე ავედი.

პირველი მეზობლის კართან დავრეკე, კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გამიღო სანდომიანი სახით.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, ორიოდე კითხვა მაქვს, მაინტერესებს, დავით ნარმანია როგორი მეზობელია?

_ მამაკაცმა „რავიცის“ ნიშნად თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა.

_ რამდენად სალმიანია?

_ სალმიანი არის, დიდი ხანია, ვიცნობ.

_ ანუ იცნობთ და უშუალოა?

_ ცნობით კი, მაგრამ იშვიათად თუ შემხვდება, ვერ ვხედავ ხოლმე.

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი, _ და სხვა კარისკენ გადავინაცვლე.

ამ სართულზე კარი არავინ გამიღო და ახლა ამავე სართულზე მდებარე ბინა #6-ს მივადექი, სადაც ჩვენი ინტერესის ობიექტი ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

კარი მუქი წითელი-შინდისფერი იყო, არაფრით სხვებისგან გამორჩეული და გარეთ, კართან გადასაყრელად გამზადებული ნაგვის პარკები ელაგა. კარს რამდენიმე ფოტო გადავუღე და ახლა მაღალი სართულისკენ გავემართე, რომ კვლავ გამომეკითხა მეზობლები. უკვე კიბეზე ავდიოდი, როცა დაცვის თანამშრომელმა დამიძახა და თანდათანობით მომიახლოვდა:

_ გოგონი, აქ რას აკეთებთ?

_ ჟურნალისტი ვარ და სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ.

_ ერთი წუთით, ჩამობრძანდით ქვევით.

_ რატომ? _ ვკითხე, _ ჩემს საქმეს ვაკეთებ.

_ თქვენი პირადობის მოწმობა გვჭირდება.

_ კი ბატონო, გაგატანთ, _ ვუთხარი, ჩანთიდან მოწმობა ამოვიღე და გავუწოდე.

_ არა, თქვენც უნდა ჩამობრძანდეთ.

_ ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩამოვიდე, როცა ჟურნალისტი ვარ და სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ?

_ დაცვის სამსახურიდან ვარ, ობიექტს ვიცავ და მეც მოვალეობას ვასრულებ, _ მიპასუხა ახალგაზრდა ბიჭმა.

_ კარგი, ჩამოვალ, პირადობის მოწმობას ჩაგაბარებთ და გავაგრძელებ საქმიანობას-მეთქი, _ ვუთხარი.

ქვევით ჩავედით, პირველ სართულზე, იქ, სადაც დაცვის სამსახური იყო „გამაგრებული“. დაცვის ახალგაზრდა წარმომადგენელმა ახლა მეორე, უფროს თანამშრომელს უხმო, რომელიც შედარებით ასაკოვანი, მაღალი და  ოდნავ მსუქანი აღმოჩნდა. აქ ცალკე დაკითხვა გავიარე:

_ გოგონა, ვისთან მიბრძანდებით?

_ ჟურნალისტი ვარ და დავით ნარმანიას კომფორტის ზონაზე ვწერ, მხოლოდ მეზობლებს ვეკითხები, თუ რამდენად კარგი მეზობელია ქალაქის მერი და რამდენად უშუალოა, სალმიანი?

_ გასაგებია და აქ როგორ შემოხვედით? კოდი იცოდით?

_ არა, ღია დამხვდა. თქვენ კონკრეტულად ნარმანიას იცავთ თუ კორპუსს? კოდიანი კარის გარდა კიდევ ჰყავს დაცვა დაქირავებული?

_ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ვართ, _ მპასუხობს ახალგაზრდა.

_ აჰა, გასაგებია (სოსოს ხალხი, _ მივხვდი, ვისთანაც მაქვს საქმე).

_ კარგი, დამელოდეთ, _ მითხრა იმ შედარებით უფროსმა და დარეკა.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა დაცვის სამსახურთან მომიწია „შეტაკება“, ვიხსენებ.

მობილურზე ვიღაცას დაურეკა და ჩემ შესახებ მოუყვა ყველაფერს.

_ საბუთი გაქვს, რომ პრესის წარმომადგენელი ხარ? _ მეკითხება მობილურზე მოსაუბრე დაცვის თანამშრომელი.

_ ახლავე-მეთქი, _ და ჩანთას მოვკიდე ხელი. აი, მაშინ დამკრა თავში, როცა გამახსენდა, რომ მოწმობა მეორე ჩანთაში დამრჩა, ასეც ავუხსენი, რაც ერთით ნული იყო მათ სასარგებლოდ. ახლა ყურმილი მე მომაწოდა ტელეფონზე მოსაუბრემ და იქიდან ხმა მოისმა:

_ გამარჯობა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ითაშვილი გესაუბრებათ.

_ ნინო ტაბაღუა, ჟურნალისტი, გაზეთი „ქრონიკა+“, _ ვუპასუხე.

_ ნინო, ჩვენ მეზობლებისგან გაფრთხილებულები ვართ, რომ უცხო პირები ამ კორპუსში არ შევუშვათ, რათა ისინი არ შეწუხდნენ. თქვენ რომ აქ შემოხვედით, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ რომელიღაც მეზობელმა დატოვა კარი ღია და რადგან თან მოწმობა არ გაქვთ, ჩვეულებრივ მოქალაქედ ითვლებით, თან ხომ ხვდებით, ჩვენ ვისაც ვიცავთ?!

_ გასაგებია, ყველაფერს ვხვდები, შემიძლია, ჩემს რედაქტორს გაგასაუბროთ, თუ გნებავთ, _ ვუთხარი.

_ არა არა, სანამ მოწმობა არ იქნება, იქამდე არ შეგვიძლია დავუშვათ თქვენი იქ ყოფნა, თორემ, რამდენმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ შეიძლება აქ შემოსვლა მოინდომოს?!

ჩვენ ახლა შეგვიძლია შეგაკავოთ და უკან გაგაბრუნოთ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვერ კი არა, არ გავაკეთებთ, რადგან კანონი არ გვაძლევს ამის უფლებას.

_ კარგი, კარგი ბატონო დავით, გასაგებია ყველაფერი. 30 წუთში მოწმობით მოვალ და აუცილებლად შემოვალ, ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას შევასრულებ, _ ვუპასუხე.

_ კარგი ნინო.

სხვათა შორის, რომელიღაცამ შემომთავაზა და აღარც მახსოვს, რომელმა:

_ დრო რომ არ დაკარგო, ამ კორპუსს სხვა სადარბაზოებიც აქვს და შეგიძლია, იქ შეხვიდე და იკითხოო.

ცივი გონებით რომ არ მემოქმედა, ალბათ, ცინიკურად შევხედავდი და მადლობას გადავუხდიდი, ასეთი სიბრძნე რომ „დამიბრეხვა“, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მადლიერების გამოხატვას დავჯერდი და წამოვედი.

ახლა წუთის დაკარგვაც არ მინდოდა, თან ძალიან ვნანობდი, რომ წამოსვლის წინ ჩანთები გავცვალე და დროის დაკარგვის უფლებას არ ვაძლევდი საკუთარ თავს.

სახლში დავბრუნდი, მობილური დავტენე და ვნახე, რომ 30 წუთი უკვე გასულიყო, ახლა ვიფიქრე, ალბათ, ჰგონიათ, რომ აღარ მივალ-მეთქი. თან საქმე ის იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი, არც ერთი მეზობელი ახალს არაფერს მეტყოდა. ვიცოდი, რომ თავად ნარმანიას იშვიათად მოჰკრავდნენ თვალს და თუ ნახავდნენ, აუცილებლად მიესალმებოდნენ ერთმანეთს, რადგან იმ კორპუსში მეზობლების გარდა, სხვა (ჩემსავით „გადამთიელი“) იშვიათად აღმოჩნდებოდა, თავის სადარბაზოში მცხოვრებ ადამიანებს კი მხოლოდ კეთილგანწყობის გამოც მიესალმებოდა ქალაქის მერი.

მოკლედ, პრინციპის საკითხი იყო!

პარლამენტში შესასვლელი სააკრედიტაციო ბარათი ავიღე და კვლავ იმ მაღალი მწვანე კორპუსისკენ გავემართე.

შესასვლელთან მისულს შიგნიდან კართან მდგომი ახალგაზრდა თანამშრომელი დამხვდა, რომელმაც მოგვიანებით მითხრა, _ მეგონა, აღარ მოხვიდოდიო.

_ ვიცოდი, რომ ასე გეგონათ, მაგრამ სიურპრიზი-მეთქი, _ ვუპასუხე.

ჩავაბარე ჩემი მოწმობა და ახლა მეკითხებიან, _ ამ მოწმობაზე თარიღი და მოქმედების ვადა რატომ არ აწერიაო? _ ერთწლიანია და ზუსტად 17 მაისს ავიღე ეს მოწმობა, შესაბამისად, ერთი წლის მანძილზე ვადა არ ეწურება-მეთქი. მაინც გადარეკეს იმ უფროსთან.

_ თუ გნებავთ, პარლამენტში დავრეკავ და ამასთან დაკავშირებით ვკითხავ-მეთქი.

_ არა, არ არის საჭიროო, _ მითხრეს. მაინც დავრეკე და თავიანთი ყურით მოვასმენინე ის, რაც ვუთხარი. ეტყობა, „იქიდანაც“ დასტური მოვიდა და ახლა უკვე პირადობისა და აკრედიტაციის ჩაბარების, პლუს ჩემი ტელეფონის ნომრის ჩაწერის შემდეგ, ზემოთ სართულებზე ასვლის ნება დამრთეს. _ ოღონდ მეორე სართულზე არ მიხვიდეთ, იქ უცხოელები ცხოვრობენ და არავინ იცის, ვინაა მერი და ვინ რას წარმოადგენს საერთოდო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვიცოდი, ახალს არაფერს მეტყოდნენ, მაინც ავედი. მესამე სართულზე 7-8 წლის გოგონა დერეფანში იდგა, მგონი, ცეკვაზე წასასვლელად ემზადებოდა, კარი ფართოდ იყო გაღებული და ვთხოვე, იქნებ, უფროსებს დაუძახო-მეთქი. ახლავეო, _ მითხრა და დაახლოებით 10 წამში 60 წლამდე ბებო გამოვიდა კართან:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, მაინტერესებს დავით ნარმანიას თუ იცნობთ? როგორი მეზობელია? რამდენად სალმიანი?

_ გამარჯობა, შვილო, გზაში როცა გვხვდება, ნამდვილად სალმიანია, მეტი ნაცნობობა არ გვაქვს. მეტი არც ვიცნობთ და არც არაფერი.

_ მეუღლეს თუ იცნობთ?

_ კი, მყავს დანახული. აქანე, საერთოდ, არ არის ეს ნაცნობობა და ოჯახით გადასვლა, აქანა არ იციან და იმერეთში _ კი, _ გაიღიმა და სახლში შევიდა.

_ გმადლობთ-მეთქი.

მაღლა სართულზე გადავინაცვლე.

ორი სართულით მაღლა ავედი, კარი მე-11, ან მე-12-კლასელმა გოგონამ გამიღო, მასაც წარვუდგინე ჩემი თავი და იგივე ვკითხე, რაზედაც მიპასუხა, რომ ისიც იშვიათად ნახულობდა ხოლმე მერს, მაგრამ თუ ნახავდა, აუცილებლად მიესალმებოდნენ ერთმანეთს.

სულ ეს იყო…

დაბლა კიბეებზე დავეშვი, გამოსვლისას დაცვაც გამოვიდა,

_ ასე მალე მორჩიო?

_ კი-მეთქი. კარი გამიღო, მადლობა გადავუხადე.

შეიძლება, ყველა საქმის კურსში იყო, როცა სოსოს ხალხით დაცულ მერს „ქრონიკა+“ ესტუმრა, ცოტა აღელდნენ და ისევ დამშვიდდნენ. ახლა იმ მწვანე კორპუსში კიდევ დგას ის დაცვაც და ნარმანიაც ცხოვრობს თავის ბინაში. ყველაფერი დალაგდება, მთავარია, ქალაქსა და ქვეყანას ეშველოს ოდესმე.

 

ნინო ტაბაღუა