თბილისის მერიასა და ფარცხალაძეს შორის გაფორმებული თაღლითური გარიგება

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტუალურ თემას წარმოადგენს ოთარ ფარცხალაძის მოულოდნელი გამდიდრების ფაქტი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი _ ირაკლი ნადირაძე.

ცნობისთვის: ნადირაძემ სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ვარკვევთ, რომ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიასთან გარიგებით მილიონები იშოვა.

ირაკლი ნადირაძე:

_ ფარცხალაძის მოულოდნელი გამდიდრება, თავისთავად, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ეს კითხვაც, შესაბამისად, ლეგიტიმურია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფაქტზე არაერთი მტკიცებულების მოპოვება შეძლო. დავიწყოთ პირველი დოკუმენტით, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით და პრემიერად დატოვებული ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, შპს „როიალ დეველოპმენტს“, რომლის შემდგომი დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც ბატონი ფარცხალაძე გახდა, თბილისში, სამგორის რაიონში, პირდაპირი მიყიდვის წესით 62887 კვ.მ. მიწა 200 000 ლარად გადაეცა _ 1 კვ.მ. მიწა, დაახლოებით, 3 ლარად და 80 თეთრად, რაც ნამდვილად არარეალურია. ეს მიწა გადაეცა გარკვეული საინვესტიციო პირობებით, რაც გულისხმობდა შემდეგს:

მას ეს 20000 ლარი უნდა გადაეხადა გაფორმებიდან 1 თვის ვადაში; არაუმეტეს 2 წელიწადში უნდა შეესრულებინა ყველა ვალდებულება, მათ შორის, ტერიტორიაზე უნდა აეშენებინა არანაკლებ 3000 კვ.მ. შენობები, სადაც ქარხანა გაიხსნებოდა და ხალხი დასაქმდებოდა. სავარაუდოდ, ეს არის იმ 120 ყბადაღებული ქარხნიდან ერთ-ერთი, რომელსაც ასე აქტიურად გვიპიარებდა „ქართული ოცნება“ და რომელიც თვალით ვერავინ ნახა; კომპანიას ამ ტერიტორიამდე მისასვლელი არანაკლებ 1 კმ ასფალტირებული გზა უნდა დაეგო და  განეხორციელებინა 10-მილიონიანი ლარის ინვესტიცია.

ამ პირობების შესრულების ნაცვლად, ვიდრე განკარგულების საფუძველზე ოფიციალურად გადაფორმდებოდა მიწა შპს „როიალ დეველოპმენტზე“, კომპანიის წილში ოთარ ფარცხალაძე ჩნდება. აღნიშნული პირობების შესრულების ნაცვლად ისე, რომ ფარცხალაძეს არ უწევს ერთი თეთრის დახარჯვაც კი, წელიწადსა და 3 თვეში ტერიტორიას უკან ყიდის. ორი მარტივი ოპერაციით, ფაქტობრივად, არაფერში, ფარცხალაძეს მილიონ ლარზე მეტი დარჩა. უფრო საინტერესო კი ის არის, თუ ვინ იყიდა აღნიშნული ტერიტორია?! ისევე, როგორც ამ მიწის გამყიდველი არის სახელმწიფო, ასევე ამ მიწის უკან მყიდველიც ფარცხალაძისგან არის სახელმწიფო. ანუ საპარტნიორო ფონდი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულია და ამ საპარტნიორო ფონდის დაფუძნებულმა სააქციო საზოგადოებამ იყიდა აღნიშნული მიწა. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფომ ეს მიწა ფარცხალაძეს 200 000 ლარად მიჰყიდა და შემდეგ, ასევე, სახელმწიფომ ფარცხალაძისგან 1 200 000 ლარად იყიდა. ეს ყველაფერი კი ცალსახად მიუთითებს, რომ ფარცხალაძის გამილიონერებაში სახელმწიფოს პირდაპირ მიუძღვის წვლილი. მეტიც: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფარცხალაძეს ის 200 000 ლარიც კი არ აქვს გადახდილი სახელმწიფოსთვის, რომელიც ოფიციალურად ჰქონდა გადასახდელი მიწაში. ამას ვამბობთ იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეს მიწა უკვე სააქციო საზოგადოებაზე გაიყიდა, მას ფარცხალაძის კომპანიამ პირობაში ჩაუწერა, რომ ყველა ვალდებულებასთან ერთად, რომელიც იყო 10 მილიონის ინვესტიცია, ქარხნის აშენება, გზის მიყვანა და ა. შ., მას ასევე უნდა გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა 200 000 ლარი, რომელიც თავისთავად დანაშაულია. ცალსახად იკვეთება, რომ ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო სახელმწიფოს სხვადასხვა უწყება. ე. ი. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ თავის უნიკალური შანსი გამოეყენებინა, მას შემდეგ, რაც არჩევნებით დემოკრატიული გზით ხელისუფლება გადაიბარეს, აესრულებინათ დაპირებები, გამოესწორებინათ ხალხის მდგომარეობა, გაეზარდათ ხალხის შემოსავლები, ამ ყველაფრის საპირისპიროდ ისინი საკუთარ შემოსავლებს იზრდიან. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მილიონს მილიონებს ჰმატებს, მასთან დაახლოებულ ყველა ადამიანს, ივანიშვილის ოჯახის კლანის წევრებს ამდიდრებს და ხალხის გაღარიბების ხარჯზე მათ მილიონერებად ხდის.

გვაქვს მეორე დანაშაულებრივი სქემა, რომელიც ეხება თბილისის მერიასა და ფარცხალაძეს შორის გაფორმებულ თაღლითურ გარიგებას:

ფარცხალაძის კომპანიას „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2300 კვ.მ. ჰქონდა, რომლის გაცვლასაც კომპანია 2010 წლიდან ითხოვდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არაწონად ღირებულებით  მიწებს ითხოვდა, შესაბამისად, მოლაპარაკება მიდიოდა, რომ გაცვლილიყო, თუმცა არა ისე, რომ ამ კომპანიას ხალხისა და თბილისელების საზიანოდ 2300 კვ.მ.-ში, რომელიც გარკვეული თანხა ღირდა, მის ნაცვლად მიეღო 3-4-ჯერ მეტი ქონება, არამედ 10-ჯერ მეტი. მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე პროკურორობიდან წამოვიდა და „ბიზნესში“ გადაინაცვლა, შეეცადა, მიწის სანაცვლოდ სხვა მიწა მიეღო. პირველ ეტაპზე ის ცდილობდა, ეს 2300 კვ.მ. მიწა სახელმწიფოსთვის გადაეცა და სახელმწიფოს შემდგომ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა უკვე ფარცხალაძის კომპანიისთვის. განკარგულება 2015 წლის 18 აპრილს გამოიცა, რომლის მიხედვითაც 2300 კვ.მ. მიწას 8800 კვ.მ. მიწაში უცვლიდნენ ნუცუბიძეზე, თუმცა, როგორც ჩანს, მაშინაც არსებობდა დაპირისპირება ფარცხაალაძესა და ამჟამინდელ პრემიერს შორის. ჩვენი აზრით, პრემიერი თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო და იცოდა, რომ ეს ძალიან დიდი დანაშაული იყო. ფაქტობრივად, არაწონად და არამართლზომიერად არათანაბარი ღირებულების მქონე მიწაში უცვლიდნენ და იმის ნაცვლად, რომ ეს ფაქტი გაეხმაურებინა, მან, უბრალოდ, უკან დააბრუნა ეს დოკუმენტი და განკარგულების პროექტი შეაცვლევინა, რომ მეტი დაზუსტება ყოფილიყო დოკუმენტში. 2015 წლის 22 მაისს თავიდან გამოდის განკარგულება, რომელშიც გარკვეული ჩანაწერებია გაკეთებული. იმის მიხედვით, თუ ეს მიწები არ არის ერთნაირი ღირებულების, ასეთ შემთხვევაში სხვაობა უნდა დაეფარა ფარცხალაძის კომპანიას. თუმცა ეს ასე არ ხდება. როგორც ჩანს, ფარცხალაძეს არ უნდოდა არც ერთი თეთრის გადახდა და დამატებით რამდენიმე მილიონის შოვნა სურდა თბილისელებისგან. ერთი წლის განმავლობაში არც კი განიხილება ეს დოკუმენტი. მთავრობას თბილისის მერიისგან, მიუხედავად იმისა, რომ განკარგულება არსებობს, მიწა არ მიაქვს და თბილისის მერიას უტოვებს. უკვე ერთი წლის თავზე თბილისის მერია, მთავრობა და საკრებულო გამოსცემს ახალ განკარგულებას, სადაც მიწა სახელმწიფოს კი არ გადაეცემა და შემდგომში სახელმწიფო კი არ გადასცემს ფარცხალაძის კომპანიას, არამედ პირდაპირ თბილისის მერი დავით ნარმანია ისე, რომ საელმწიფო არაფერში სჭირდება, გაცვლას უკეთებს ფარცხალაძის კომპანიას. დავით ნარმანია, ისევე როგორც ყოველთვის, ამ შავბნელი დავალებების მორჩილი შემსრულებელი აღმოჩნდა, როგორც ეს იყო მოსამართლე ნაზღაიძის შემთხვევაში, როდესაც მილიონიანი ქონება გადააცემინეს. ამ უკანონო გარიგებაში დავით ნარმანიამ თვალებდახუჭულმა მოაწერა ხელი და სწორედ ამიტომაცაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტია. სწორედ ამიტომ აძლევს ტერიტორიას „პანორამა თბილისზე“, ბოტანიკურ ბაღზე, არის არაერთი უკანონო მშენებლობის ავტორი, იჭრება მთები, ასწლოვანი ხეები. თუ ივანიშვილს სჭირდება და მის ეზოშია გადასარგავი, მას უყვარს ხეები და თუ მის ბიზნესს ეწირება, არ აინტერესებს თბილისელების სუფთა ჰაერი, არ აინტერესებს გამწვანება, არ აინტერესებს რეკრეაციული ზონები და თავის ნება-სურვილით ატრიალებს ყველასა და ყველაფერს. ნარმანიამ ამ შემთხვევაში გაცვლას მოაწერა ხელი ისე, რომ ამით თბილისმა და თბილისელებმა მნიშვნელოვნად იზარალეს, გამომდინარე იქიდან, რომ 2300 კვ.მ. მიწა, რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა, ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ის ტერიტორია (6700 კვ.მ.) ნუცუბიძის ფერდობზე, რომელიც საცხოვრებელი ზონა 6-ია და მშენებლებმა ძალიან კარგად იციან, რომ თეორიულად იქ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა შეიძლება. ამ მარტივი გარიგებით თბილისის მერიამ ასევე დაკარგა, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი. ამასთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტები აუცილებლად გაჩნდება, რომელსაც ბატონი ლაშა თორდია და ასევე განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში წარმოადგენს. რაც შეეხება იმ მიწას, რომელიც თბილისის მერიამ ფარცხალაძის კომპანიას გაუცვალა, ეს იყო სადავო მიწა, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის 77-ის მიმდებარედ. ფარცხალაძემ, გაცვლის წესით, გარდა იმისა, რომ 6700 კვ.მ. მიიღო, მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით, პირობიანი აუქციონით, ამ მიწის მომიჯნავედ, ფაქტობრივად, კონკურენციის გარეშე, კიდევ, დამატებით, 3700 კვ.მ. მიწა იყიდა. როდესაც აუქციონი გამოცხადდა, ერთ-ერთ პირობად ეწერა, რომ ამ მიწის ყიდვა მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლებოდა, რომელსაც მიწის მომიჯნავედ ექნებოდა მიწის ნაკვეთი, ანუ პირდაპირ ეწერა, რომ ფაქტობრივად, ეს მიწა იყიდოს ოთარ ფარცხალაძემ. ამ მიწაზე შემდგომში ოთარ ფარცხალაძემ თავისი ხელმოწერით თბილისის მერიაში განაცხადი შეიტანა, სადაც თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვს, რომ იქ ააშენონ 4 ოცსართულიანი შენობა. ეს არის ნუცუბიძეზე მდებარე რეკრეაციული ზონა, მასობრივად გამწვანებული ტერიტორია, რომელზეც ნუცუბიძის მოსახლეობა 2015 წლიდან  ხელმოწერების გზით ითხოვდა, რომ საცხოვრებელი ზონა 6 შეცვლილიყო რეკრეაციული ზონით, რომ იქ არასდროს და არავის შესძლებოდა მომავალში მშენებლობა და იქ გაკეთებულიყო ახალი სკვერი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ, ბავშვები ჩაეყვანათ და თბილისისთვის კიდევ ერთი, დამატებით მწვანე სივრცე ყოფილიყო, რაც თბილისს დღეს ასე ძალიან უჭირს. მეტიც: თბილისის მერიაში არსებობს სპეციალური ზონალური საბჭო, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, თუ რომელი ტერიტორია რა ზონით შეიცვალოს. ეს რეკომენდაცია ზონალურმა საბჭომ მიიღო და დაამტკიცა, გასცა რეკომენდაცია, საკრებულოში წარდგენილიყო, საკრებულოს კი უკვე, თავის მხრივ, განკარგულება უნდა გამოეცა, რომლითაც, საბოლოოდ, ამ მიწას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭებოდა. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან ამ მიწით ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაინტერესდა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე მსჯელობენ, მისცენ თუ არა ფარცხალაძეს ნებართვა, რომ 4 ოცსართულიანი შენობა ააშენოს მხოლოდ იმიტომ, რომ ფარცხალაძემ იქ დამატებით 2 მილიონი ლარი მიიღოს? თბილისის მერია, საკრებულო, საპარტნიორო ფონდი გულმოდგინედ მალავდნენ დოკუმენტაციას, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა და „განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეეტყო დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომელშიც ჩართული იყო სახელმწიფოს ძალიან ბევრი სტრუქტურა. სწორედ იმ დასკვნის გამო გაუსწორდნენ ფარცხალაძე და მისი მეგობრები ასე დაუნდობლად სახელმწიფო აუდიტის უფროს ლაშა თორდიას. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძე, მზად არის, თავისი ქონება, თავისი მილიონები ამგვარი ძალადობრივი გზით დაიცვას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის უკანონოდ მოპოვებული ხალხის ქონება. ადრე თუ გვიან მათ სრული პასუხისმგებლობით მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება.

 

მარიამ ბაშარული