ოთარ ფარცხალაძის ბიზნესი უჩა მამაცაშვილის ქოლგის ქვეშ?!

ქრონიკა+“ წინა ნომერში წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, „საპარტნიორო ფონდშიმაღალ თანამდებობას იკავებდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ხმაურდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხანასთან ოთარ ფარცხალაძის კავშირები იკვეთება. თბილისში განთავსებული ამ ქარხნის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია, მშენებლობის დასრულების თარიღად კი 2017 წელია მონიშნული.

2015 წლის გაზაფხულზე „საპარტნიორო ფონდმა“ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ხელი მოაწერა პროექტს, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის _ JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის მიზანი არის  საწარმოს შექმნა, სადაც დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილები, როგორებიცაა: კარი, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და ა. შ. ქარხნის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის ბოლომდე, ხოლო პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

როგორც აღვნიშნეთ, ქარხანა საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, „ფოლადმშენის“ ტერიტორიაზე შენდება. ქარხნის შენობა კომპანია „როიალ დეველოპმენტს“ უნდა აეშენებინა და თავისი ინფრასტრუქტურით გრძელვადიანი იჯარით გადაეცა Elbit Cyclone -სა და „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შექმნილ ერთობლივ კომპანია JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC)-ისთვის. თავის მხრივ, ქარხნის მშენებლობისთვის  „როიალ დეველოპმენტმა“ Elbit Cyclone-ის მეთვალყურეობით სამშენებლო კომპანიების შესარჩევი კონკურსი ჩაატარა, სადაც კომპანია „ანაგმა“ გაიმარჯვა. გამარტებისთვის: ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია და იგი  ისრაელში სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო თავდაცვის საჰაერო ხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.  ELBIT Systems 1967 წელს ისრაელში დაარსდა და NASDAQ -ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე (TASE) კვოტირებული კომპანიაა. „საპარტნიორო ფონდის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, საწარმო JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) ავიაციის ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიცირებას ELBIT-ის დახმარებით გაივლის. შექმნილი პროდუქციის 100%-ის გატანა ექსპორტზე იგეგმება, რომლითაც Boeing, Airbus, Bombardier და სხვა კომპანიები მომარაგდება.

ასე და ამრიგად, JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC) სს  „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“, „საპარტნიორო ფონდმა“ და Elbit Cyclone-მა ერთობლივად 2015 წელს დააფუძნეს. პროექტის მონიტორინგის მიზნით, ფონდის პრაქტიკიდან გამომდინარე, საპარტნიორო ფონდის მიერ წარდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:  თავმჯდომარე ნათელა თურნავა, რომელიც, პარალელურად, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც გახლავთ, საბჭოში არიან: ნინო ჩოლოყაშვილი, გიორგი ზღუდაძე, რევაზ ტყავაძე, Elbit Cyclone-ის მხრიდან არის საბჭოში წარდგენილია საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავიდ ვიდანი ისრაელიდან და ალონ ური,  ხოლო დირექტორთა საბჭოში პირები ასე გადანაწილდნენ: აღმასრულებელი დირექტორი _ რეფაელ ბიტონი და ფინანსური დირექტორი _ მიხეილ ბეგიაშვილი.  შპს „როიალ დეველოპმენტი“ უნდა ყოფილიყო პროექტის ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანია. იგი 2014 წლის ოქტომბერშია დარეგისტრირებული.

„ქრონიკა+“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერშია მითითებული, 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია „როიალ დეველოპმენტის“ 40%-იანი წილის მფლობელი და 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორიც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე იყო. როგორც საპარტნიორო ფონდში განმარტავენ,  ფონდმა და JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC)-მა „როიალ დეველოპმენტთან“ ქარხნის მშენებლობისა და შემდგომ გრძელვადიანი იჯარით გადმოცემის შესახებ, წინასწარი განზრახულობით, შეთანხმება 2015 წლის 15 ივნისს გააფორმა, მაშინ როცა ოთარ ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებს შორის აღარ ფიგურირებდა. საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა, მიუხედავად „როიალ დეველოპმენტის“ კომერციული ინტერესისა, 2016 წლის დეკემბერში კი ფონდმა „როიალ დეველოპმენტისგან“ გამოისყიდა მიწა, რომელზედაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა ქარხნის პროექტირება და ჩატარებული იყო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, რაც „როიალ დეველოპმენტის“ მხრიდან გარკვეულ ხარჯებს უკავშირდებოდა. მიწის გამოსყიდვის  ეტაპზეც ოთარ ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებში არ ფიგურირებდა.

ოთარ ფარცხალაძე არის, ასევე, შპს „მიტერასა“ და შპს „ბი-ეს არ-სი დი-ჯი დეველოპმენტის“ მეწილე. ოთარ ფარცხალაძე „ბი-ეს არ-სი დი-ჯი დეველოპმენტის“ დირექტორად 2016 წლის 3 მაისს დაინიშნა. 2005 წელს დარეგისტრირებული „მიტერას“ 75%-იანი წილის მფლობელი კი ქეთევან ცქვიტინიძე, ოთარ ფარცხალაძის მეუღლე იყო, 25%-იანი წილის მფლობელი კი თავად ოთარ ფარცხალაძე გახდა. ოღონდ ფარცხალაძე 25%-იანი წილის მფლობელი 2016 წლიდან არის.

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, რომლის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ დოლარია, 2018 წელს უნდა გაიხსნას.

2015 წლის ივნისში საპარტნიორო ფონდმა Merrydow Development Holdings LTD-სთან ერთად 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობაშია. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. Merrydow Development Holdings LTD-მა შპს „რუსთაველი ფროფერთი“ დააფუძნა, რომელიც სასტუმროს განვითარებას ახორციელებს და რომელთანაც ფონდმა ხელშეკრულება დადო. „რუსთაველი ფროფერთი“ 2011 წელს დარეგისტრირდა, რაც შეეხება Merrydow Development Holdings LTD-ს, იგი კვიპროსშია რეგისტრირებული. როგორც „გამჭვირვალობამ“ გაარკვია, Hyatt Regency-ის პროექტის თანაინვესტორი, რეალურად, LCG – Loyal Capital Group-ია, რომლის შვილობილი კომპანიაც არის Merrydow Development Holdings LTD, ხოლო სააქციო საზოგადოება „რუსთაველი ფროფერთი“ Merrydow Development Holdings LTD-ის დამფუძნებელია. ამ დროს, თუმცა ოფიციალური წყაროებით, Merrydow Development Holdings LTD-ის დირექტორი კომპანია არის ONE WORLD SECRETARIAL LIMITED, რომელიც კვიპროსში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული და ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების Goldblatt Holdings Limited-ისა და FIRST RUSSIAN FOREX COMPANY LTD-ის მდივანი კომპანიაა. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ Merrydow Development Holdings LTD-ის მფლობელების შესახებ ინფორმაცია „საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალურ გვერდზე არ დევს, რაც შეეხება LCG – Loyal Capital Group-ს, მისი სათავო ოფისი ლუქსემბურგშია. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი ცნობილი ბიზნესმენი, რომან ფიფიაა, რომელიც 2011 წლიდან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტია. ამ კომპანიის სხვა დამფუძნებლების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ უჩა მამაცაშვილი ყველა ამ განხორციელებული პროექტის დროს „საპარტნიორო ფონდში“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლვევაში ვკითხულობთ: „იკვეთება კავშირები საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გავრცელებული ინფორმაციის ჭრილში _ ივანიშვილის ახლო ნათესავის, უჩა მამაცაშვილის „საპარტნიორო ფონდში“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირად საუბრებში ფონდშიც გვიდასტურებენ, რომ ბატონი მამაცაშვილი ფონდში 2012-2016 წლებში მუშაობდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ პროექტებში, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ მინორიტარია, შემსრულებელი კომპანიების არჩევა ფასთა გამოკითხვით, მხოლოდ, ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება. ეს სტანდარტები, ვფიქრობთ, საკმარისი არ არის პროექტების სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ზოგიერთ შემთხვევაში, კითხვებს აჩენს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე და ეფექტიან ხარჯვასთან მიმართებით“.

 

ქრონიკა+“ „საპარტნიორო ფონდისსაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.

პირველ რიგში გვაინტერესებდა, მუშაობს თუ არა უჩა მამაცაშვილი დავით საგანელიძის მოადგილედ და რატომ არ ფიქსირდება აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არსად? ასევე ვთხოვეთ პასუხი გაეცა ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით  და  ინვესტიციებთან, რომლებიც ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება. ფონდმა „ქრონიკა+“-ისთვის და „არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიწოდებულ კითხვებზე პასუხები გადმოგვიგზავნა:

„საპარტნიორო ფონდისა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ არც ერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს. ნებისიმერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება. ანალოგიურად, კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ს საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს შვილობილი საპროექტო კომპანია შპს „რუსთაველი ფროფერთი“, რომელიც ახორციელებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „Hyatt Regency თბილისის“ პროექტს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტის დაფინანსებაში, ასევე, ჩართული არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. კომპანიამ ყველა შესაბამისი პროცედურა გაიარა. ამასთან, კანონმდებლობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა შეზღუდული არ არის. შეგახსენებთ, რომ კანონი არათუ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიასთან პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ თავად ოფშორულ კომპანიასთან თანაპარტნიორობას არ კრძალავს;

დასკვნაში გაჟღერდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი. საპარტნიორო ფონდმა გადაამოწმა ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ იმ ეტაპზე, როცა ავიაციის ნაწილების ქარხნის პროექტზე „როიალ დეველოპმენტთან“ გაფორმდა შეთანხმებები, ოთარ ფარცხალაძე კომპანიის პარტნიორად არ ფიგურირებდა.  როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერშია მითითებული, 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის 29 ივნისამდე კომპანია „როიალ დეველოპმენტის“ 40%-იანი წილის მფლობელი და 11 აგვისტომდე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე იყო. მოლაპარაკებები საპარტნიორო ფონდმა და JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC)-მა „როიალ დეველოპმენტთან“ ქარხნის მშენებლობისა და შემდგომ გრძელვადიანი იჯარით გადმოცემის შესახებ წინასწარი განზრახულობითი შეთანხმება 2015 წლის 15 ივნისს გააფორმა მაშინ, როცა ოთარ ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებს შორის არ ფიგურირებდა. საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა, მიუხედავად „როიალ დეველოპმენტის“ კომერციული ინტერესისა.  2016 წლის დეკემბერში კი ფონდმა „როიალ დეველოპმენტისგან“ გამოისყიდა მიწა, რომელზედაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა ქარხნის პროექტირება და ჩატარებული იყო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, რაც „როიალ დეველოპმენტის“ მხრიდან გარკვეულ ხარჯებს უკავშირდებოდა. მიწის გამოსყიდვის  ეტაპზეც ოთარ ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებში არ ფიგურირებდა.

საპარტნიორო ფონდი ისრაელის კომპანია Elbit Systems-Cyclone-თან ერთად ახორციელებს 85 მლნ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტს, კერძოდ, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების  მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას.   აღნიშნული მიზნით, საპარტნიორო ფონდმა და Elbit Systems-Cyclone-მა 2015 წლის 31 მარტს ერთობლივად დააფუძნეს შვილობილი კომპანია JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). პროექტი სამუშაო ფაზაზე, გარკვეული წინაპირობების შესრულების შემდეგ, 2015 წლის ზაფხულში გადავიდა. თავდაპირველად აღნიშნულ პროექტში ებრაული მხარის ინიციატივით ჩართული იყო კომპანია „როიალ დეველოპმენტი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელები ისრაელის ფიზიკური და იურიდიული პირები იყვნენ. კომპანიას მის კუთვნილ მიწაზე, პროექტისთვის იჯარით გადაცემის მიზნით, უნდა აეშენებინა ქარხნის შენობა. თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, საიჯარო ხელშეკრულების თაობაზე მხარეები, საბოლოოდ, ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, გადაწყდა, რომ ATC საკუთარი სახსრებით ააშენებდა ქარხნისთვის საჭირო შენობას. ვინაიდან „როიალ დეველოპმენტის“ კუთვნილი მიწა ტექნიკური მახასიათებლებით ზუსტად შეესაბამებოდა  Elbit Systems-Cyclone-ის მოთხოვნებს და მასზე უკვე გაწეული იყო გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, ATC-მ გამოისყიდა აღნიშნული ნაკვეთი „როიალ დეველოპმენტისგან“ და, მინიმუმ, 10 მლნ ლარის ინვესტირების ვალდებულება იკისრა.

განვმარტავთ, რომ „როიალ დეველოპმენტთან“ არც საიჯარო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების დროს (2015 წლის მარტი) და არც მისგან მიწის გამოსყიდვის მომენტში (2016 წლის დეკემბერი) ოთარ ფარცხალაძე არ ფიგურირებდა „როიალ დეველოპმენტის“ მფლობელებს შორის.

ELBIT Cyclone-ის შესახებ კი ვიტყვით შემდეგს: ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.  ELBIT Systems  დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის NASDAQ -ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანია. 2015 წელს კომპანიის ბრუნვა, დაახლოებით, 3 107 581 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება უჩა მამაცაშვილს, იგი მხოლოდ გარკვეული პერიოდი მუშაობდა „საპარტნიორო ფონდში“.

ოთარ ფარცხალაძის კომპანიებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა ოფიციალური კითხვებით სხვა უწყებებსაც მიმართა. მაგალითად, შპს „მიტერა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 206187847), რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა ბავშვთა საკვებით ბაგა-ბაღების მომარაგებაზე და რომელშიც 75% ოთარ ფარცხალაძის ცოლზე იყო გაფორმებული.

ქრონიკა+“-მა კითხვით მიმართა თბილისის მერიის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროს თაკო კვირტიას, _ ფირმა რამდენ ტენდერში მონაწილეობდა და როდის?

„აღნიშნულმა ფირმამ ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ მხოლოდ ორ ტენდერში მიიღო მონაწილეობა (SPA 150019802; SPA 150019785). აღნიშნულ ორ ტენდერში მან მაღალი ფასი დააფიქსირა, შესაბამისად, გამარჯვებულად არ გამოვლენილა და მასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა“, _ ასეთი პასუხი მოგვივიდა მერიიდან.

ქრონიკა+“მა, ასევე, კითხვები გადაუგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის პრესსამსახურის უფროს თეა შველიძეს. საქმე ის არის, რომ შპს „მიტერაზე“ სასაკლაო ფიქსირდება კახეთის გზატკეცილზე.

აი, პასუხიც: „შპს „მიტერას“ (საიდენტიფიკაციო კოდი:4206187847) სასაკლაო ფუნქციონირებს საგარეჯოში. აქვს მუდმივი აღიარება. სურსათის ეროვნული სააგენტო სასაკლაოში ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო კონტროლს. შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა. სასაკლაო დღემდე ფუნქციონირებს“. ამ ორ „მიტერას“ ორი განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი აქვს _ ორივე ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზეა დაფიქსირებული, კერძოდ: „ვაზისუბანი, I მკრ, კორპ. 1-ლი, ბინა #5“, სასაკლაოც და ტენდერებში მონაწილე კომპანიაც.

თუმცა ეს, ალბათ, უკვე ცალკე კვლევის საგანია.

თამარ როსტიაშვილი