დასაქმების ზრდა თუ დასაქმებულთა უსაფრთხოება?!

 

საქართველოს ის საერთაშორისო ვალდებულებებით მოეთხოვება, ზოგი მას ბიზნესისა და ინვესტიციების შემაფერხებლად, ზოგი კი  დასაქმებულების უფლებების დაცვის მექანიზმად მოიხსენიებს.

ყველაფერს თავისი ორი მხარე აქვს და ბოლო დღეების მანძილზე რაც აქტუალური იყო, ეს შრომით უსაფრთხოებას ეხებოდა.

ბევრმა ისაუბრა და დაწერა მისი მნიშვნელობის შესახებ, თუმცა ცოტამ თუ აღნიშნა, რომ გარდა დასაქმებულთა უფლებებისა, იმუშაონ უსაფრთხო გარემოში, იყო მეორე მხარეც, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას ეხება.

ერთი კი მაინც ცხადია, რომ არც ერთი სამუშაო, თუ ინსტიტუტის არსებობა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ _ ამაზე ყველანი ვთანხმდებით.

ახლა კი მოკლე ისტორია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და საქართველოში როგორი წარსული აქვს შრომის ინსპექციას, რომელიც 9-წლიანი ლოდინის შემდეგ დაბრუნდა და მას 2015 წელს მიეცა ხელახლა „აღორძინების“ შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ 2002 წლის 30 აპრილს ხელი მოეწერა და დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ შრომის ინსპექციის დებულება. ამ უკანასკნელის მიხედვით, შრომით ინსპექტორს უფლება ჰქონდა, ნებისმიერ საწარმოში შესულიყო დამოუკიდებლად და იქ არსებული მდგომარეობის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაეწერა ოქმი, რომელიც შემდეგ სასამართლოში აღმოჩნდებოდა და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმო დახურულიყო.

2006 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა. ამის რეალური მიზეზი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა და მათი საქართველოში ჩამოყვანა იყო. აღნიშნული ინსპექციის გაუქმების შემდეგ კანონმდებლობის აღსრულების ალტერნატიული სტრუქტურა არ  შექმნილა. გაუქმების მიზეზად სისტემის კორუმპირებული ბუნება სახელდებოდა, თუმცა სისტემას არ შეხებია რაიმე სახის რეფორმა, მაგალითად, საგზაო ინსპექციის მსგავსად, რომელიც, რეფორმირების შედეგად, საპატრულო პოლიციის სახით ჩამოყალიბდა.

რეალურად, იმისთვის, რომ ქვეყანაში სრულყოფილი და ქმედუნარიანი შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდეს, უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანამ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების, ევროპის სოციალური ქარტიის, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რაც კონკრეტულად შრომის ინსპექტირების კუთხით კანონის მიღებას გულისხმობს.

2006 წლიდან 2015 წლამდე აღნიშნული დოკუმენტი არ არსებობდა, თუმცა 2015 წელს იგი კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე, ოღონდ ინსპექტორებს უფლება არ ჰქონდათ, საწარმოში ხელმძღვანელობის მიწვევის გარეშე შესულიყვნენ, ასევე, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება არ ჰქონდათ, კომპანიისთვის სანქციები დაეწესებინათ, შეემოწმებინათ და გაეკონტროლებინათ შრომით-სამართლებრივი მხარე, ანუ შრომის კონტრაქტი ხომ არ იყო კაბალური, ან არაკანონიერი? მსგავსი ტიპის ინსტიტუტის ქონას საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართის მიხედვით, საქართველომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა ევროპულთან უნდა დააახლოოს, თუმცა ამისთვის ქვეყანას ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3-დან 5 წლამდე აქვს.

შრომითი ინსპექცია დღეს არსებობს, თუმცა იგი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. სანქცირებისა და კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პროფკავშირებს. მათ აუცილებლად მიაჩნიათ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება.

პროფკავშირების ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილი, ამბობს, რომ სამმხრივი კონტოლის გარეშე ინსპექცია კვლავ ისეთ კორუფციულ სახეს მიიღებს, რის გამოც ის 2006 წელს გაუქმდა.

ბიზნესსექტორს და დამსაქმებელთა ასოციაციას საკანონმდებლო ცვლილებების ის ნაწილი არ მოსწონს, რომლითაც შრომის ინსპექციას უფლება ეძლევა, სასამართლო ნებართვის გარეშე საწარმოში შევიდეს და ყველა პირობა შეამოწმოს, მათ შორის, ფინანსური დოკუმენტაცია.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ „ქრონიკა+“-სთან აღნიშნა, რომ არსებობს მარეგულირებელი ორგანო და ეს ზედამხედველობის სამსახურია, ამიტომ დამატებით შრომის ინსპექციის არსებობა, თან სადამსჯელო უფლებებით, საჭირო ნამდვილად არ არის.

 

ნიკოლოზ ნანუაშვილი _ საქართველოს ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი:

_ ბოლო დროს სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაზიანებისა და უბედური შემთხვევების მომატებული რაოდენობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების პირობების მონიტორინგის ფუნქციით აღჭურვილმა შრომის ინსპექციამ შესაძლოა, ნამდვილად დადებითი როლი შეასრულოს.

_ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას შრომის ინსპექციამ ბიზნესს, თუ ინსპექტორების საქმიანობა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის აღარ იქნება და კანონის ძალა მიეცემა? როგორია ასოაციაციის პოზიცია ინსპექციასთან დაკავშირებით?

_ პირველ რიგში, ეს საფრთხე დაკავშირებულია იმასთან, თუ თავად შრომის ინსპექცია როგორც ინსტიტუცია, რამდენად ეფექტიანად და სწორად გამოიყენებს საკუთარ უფლებამოსილებებს.

აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ, რომ შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები უნდა გავრცელდეს მხოლოდ ისეთ საწარმოებზე, სადაც მუშაობა დაკავშირებულია მავნე პირობებთან, ან მომეტებულ რისკებთან. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შრომის ინსპექტორს საოფისე სამსახურთან არაფერი ესაქმება, ოფისებში არ იღუპება ხალხი და ეს იქნება რესურსის ფუჭი ხარჯვა.

მხოლოდ კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული შრომის ინსპექცია შეძლებს საკუთარი ამოცანებისთვის ეფექტიანად თავის გართმევას, ამ შემთხვევაში, მიზანი უნდა იყოს არა მაქსიმალურად ფართო და მკაცრი კონტროლი, არამედ რისკების ანალიზის საფუძველზე დაგეგმილი მონიტორინგის პოლიტიკა.

კონტროლი და მით უმეტეს, შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლი, ბიზნესისათვის საფრთხე არაა, საფრთხე შეიქმნება მხოლოდ მაშინ, თუ კონტროლის უფლებამოსილებები გამოყენებული იქნება არამიზნობრივად და არაეფექტიანად; ამ შემთხვევაში ეს იქნება საფრთხე როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის.

 

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის კომიტეტში და თუ განიხილავენ ამ საკითხს? რას ფიქრობენ თავად კომიტეტის წევრები და, რეალურად, რატომ გაუქმდა არსებული კანონმდებლობა შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით 2006 წელს?

 

გიგი წერეთელი _ კომიტეტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი“:

_ ამ მიმართულებით მთლად კარგად არ არის საქმე, შრომის ინსპექცია,  ძირითადად, უფრო საფრთხის შემცველ ობიექტებს ეხება. ვნახეთ, რომ პრობლემური თემაა ადრინდელიდან და ბოლო დროიდან გამომდინარეც, ამიტომ, ბუნებრივია, ეს საკითხი უფრო მწვავედ დადგა, მანამდეც იყო დისკუსიები ამ თემაზე, აქტიურად გამოდიოდა არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ შეხედულებები, მერე შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა დასაქმებულების უფლებებისთვის.

შრომის უსაფრთხოებაზე ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელია. როცა შრომის ინსპექციაზე ან რაიმე მარეგულირებელზეა საუბარი, ჩვენი მემარჯვენე ცენტრისტული მიდგომა, ზოგადად, არ არის ის, რომ ბევრი რეგულაცია და ინსპექცია, ახალი წნეხი იყოს ბიზნესზე, მით უფრო, თუ ამ მარეგულირებლის ეფექტიანობა ეჭვის ქვეშ დგას. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო, ფართო უფლებებით, არ იქნება შედეგის მომტანი, პირიქით, ტვირთი შეიძლება გახდეს. ამიტომ მგონია, რომ თუ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგმება, ეს უნდა იყოს სწორად განსაზღვრული, განსაკუთრებით საშიში და საფრთხის შემცველი მიმართულებების კუთხით, სადაც ნორმები უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ინსპექცია მაინც არ იქნება იმის გარანტი, რომ დარღვევების პრევენცია მოხდეს, თუ თვითონ კომპანიაში მაღალ დონეზე არ ავიდა ნორმები. ამიტომ ამას სჭირდება კამპანიაც, საგანმანათლებლო საკითხებზე მუშაობაც და, შესაბამისად, შეიძლება, კანონიც გამკაცრდეს. მარტო შრომის ინსპექციის შემოღება, რომელიც ყველა ჯიხურში, აფთიაქში, რესტორანში, მაღაზიასა და სკოლაში შეიხედავს, და იმის უფლება ექნება, რომ ისინი დააჯარიმოს, სანქციები დაადოს, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ იქ, სადაც შახტებია, მეტრო, ტრანსპორტი თუ სხვა, სადაც მომატებული საფრთხეა დასაქმებულების დაზარალების, იქ შეიძლება.

მეორე თემაა სწორი ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში და სიღარიბის შემცირება: როცა ადამიანი დაუსაქმებელია, ის ყველანაირ სამსახურს თანხმდება და დამსაქმებელიც იაფ სამუშაოს სთავაზობს. ბევრ მშენებლობაზე მინახავს, რომ დგას ხალხი მე-8, მე-15 სართულზე, თუნდაც მე-3 ან მე-4 სართულზე, გადავარდნის პირზეა და არც ღვედი აქვს, არც უსაფრთხოების ქამარი, ჩაფხუტი _ ამ სფეროში ქაოსი ნამდვილად არის და წესებიც არ იცვლება.

2006 წლის შემდეგ, 2011-2012 წლამდე, სერიოზული საინვესტიციო ინტერესები იყო საქართველოში, ამას თავისუფალი ბაზარიც უწყობდა ხელს, რა თქმა უნდა, შემდეგაც, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, მათ ჰქონდათ განცხადება, რომ შრომის კოდექსი მონური იყო და ა. შ., თუმცა მერე, როცა დეტალური განხილვები წავიდა, აღმოჩნდა, რომ მთლად ისეც არ არის, როგორც ეგონათ და ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანი შეიცვალა ისაა, რომ განთავისუფლებისას უნდა არსებობდეს მიზეზი და თუ ამას დასაქმებული მოითხოვს, უნდა მიეცეს. მნიშვნელოვანი თემაა სწორედ ბიზნესისა და დამსაქმებლების, ბიზნესმენებისა და ინვესტორების დამოკიდებულება ასეთ საკითხებთან. პრინციპში, ეს მათთვის დამატებითი ტვირთია. თავის მხრივ, თუ შრომით ინსპექტორსაც უნდა, რომ განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდეს ისე, რომ რაც უნდა, ის დაკეტოს და დააჯარიმოს და ამაზე იქნება მათი ხელფასი დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ისინიც ორიენტირებულები იქნებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოწერონ.

კომიტეტში ჯერ აქტიური განხილვა საკანონმდებლო კუთხით არაა, თუმცა დისკუსიები იყო და ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგების უმეტესობა შესაძლებელია, ამ აზრს იზიარებდეს. იდეოლოგიური განსხვავებებიც არის, მემარცხენეებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების როლი ყველაფერში უნდა ჩანდეს, უნდა იყოს მკაცრი სანქციები, შრომის ინსპექცია და ა. შ. შრომის ინსპექციის გარეშეც შეიძლება სანქციები არსებობდეს და მას შეიძლება, უმეტესწილად,  სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდეს და მეტი უფლება საფრთხის შემცველი სამსხაურების მიმართ. ნებისმიერი საკითხი უნდა გვესმოდეს ასე: არაფერი დგას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მაღლა, მაგრამ, ამავე დროს, როცა შრომაზე ვსაუბრობთ, ჯერ სამუშაო ადგილები უნდა არსებობდეს და ისე არ უნდა გადაიხაროს სასწორი, რომ ძალიან  მკაცრმა წესებმა შეაფერხოს მუშაობა.

 

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ შრომითი ინსპექციის ამოცანა არის ის, რომ გარკვეული სტანდარტები ჩამოაყალიბოს, რომელსაც ყველა ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ რეგიონში. შესაბამისად, უნდა შეამოწმოს, თუ რამდენადაა დაცული ამ ბიზნესში ის სტანდარტები, რომელსაც ის კონკრეტული ინსპექტორი ამოწმებს. როგორც წესი, ამ ინსპექციას, საბოლოო ჯამში, უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს ხოლმე, ვიდრე რეალურად ის ახორციელებს იმას, რაც მისი ჩამოყალიბების პროცესშია ჩაფიქრებული, კერძოდ, ყოველთვის ჩნდება იმის რისკი, რომ გარკვეული მიზეზების, რაიმე ინტერესის, პირადი კონფლიქტის, ან სხვა მიზეზის გამო ეს ინსპექცია, დიდი ალბათობით, შეიძლება დამატებითი მექანიზმი გახდეს, რომ კონკრეტული ბიზნესისთვის რთული მდგომარეობა შეიქმნას, რათა სხვა ბიზნესები ჩააყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში; ეს აუარესებს საინვესტიციო გარემოს.

მეორე: უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე, დამატებითი სააგენტო ნიშნავს დამატებით ხარჯებს, ხშირად ვერ ხერხდება ამ ხარჯის დათვლა და არ არის სარგებელი, ხარჯთან შედარებით. შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ვხვდებით, თუ რა გვიჯდება ეს სერვისი და რა სარგებელს ვიღებთ აქედან.

შემდეგი ფაქტორი: იზრდება კორუფციის ალბათობა, რადგან ქმედით შრომის ინსპექციას შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერი საწარმო და მის ხელშია დაჯარიმებისა თუ სხვა მეთოდი. ვთქვათ, საწარმომ უნდა გადაიხადოს კონკრეტული თანხა, რომ ინსპექციამ დაწეროს კარგი დასკვნა, მიუხედავად იმისა, ეს ორგანიზაცია არღვევს ამ სტანდარტებს, თუ არა. შესაბამისად, შრომის ინსპექცია არ არის სასამართლო ინსტანცია, რომელიც უანგაროდ ემსახურება საზოგადოებას და არ გააჩნია ინტერესები. თავისთავად, იქ  მომუშავე ადამიანებს უნდათ მიიღონ სარგებელი და მეტად გამდიდრდნენ. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ ეს გამოიწვევს უარყოფით შედეგებს ბიზნესზე და ბიზნესგარემოს გააუარესებს, ძალიან მაღლაია. ხოლო ის, რომ ორგანიზაციები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიწყებენ ბიზნესსაქმიანობას და ყველა დეტალს გაითვალისწინებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ობიექტზე ადამიანების დაზიანების ფაქტორებს, ამის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულს უახლოვდება, ეს ემპირიული კვლევებითაც დასტურდება. ეს არაფრისმომცემი მექანიზმია, პოლიტიკური ინსტრუმენტი, უფრო პოოპულისტური, რომ ადამიანების გული და განწყობები მომავალში ხელისუფლებაში მოსავლელად გამოიყენონ.

არსებობს შესანიშნავი ფრაზა: „თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას“. შესაბამისად, ვთქვათ, ფირმა, რომელიც ასაქმებს ადამიანებს, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ადამიანები ამუშაოს უსაფრთხო გარემოში და შექმნას შესაბამისი პირობები და თუ რაიმე პრობლემაა, მტკიცების ტვირთიც, სასამართლოში, რა თქმა უნდა, ფირმას უნდა დააწვეს, ვინც პასუხისმგებლობას იღებს, რომ კონკრეტული პირი დაასაქმოს.

როდესაც მტკიცების ტვირთი ითმობა ფირმის მხარეზე და არა იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდებიან, ვთქვათ, რაც შახტის შემთხვევაში მოხდა, მტკიცების ტვირთი თუ იქნება საწარმოზე, კანონით გათვალისწინებული სანქციები უნდა დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამის საწინააღმდეგოს არ დაასაბუთებს, თუ საწარმო დაასაბუთებს, ბუნებრივია, რომ გამართლდება და თუ ასე ვერ მოხდა (რასაკვირველია, აქ უნდა იყოს ვადები), ამ შემთხვევაში ავტომატურად შესაბამისი სანქციები დაეკისრება, საწარმოსთვის კი მოტივაცია იქნება, რომ ყველა პერიმეტრზე ჰქონდეს დაყენებული ვიდეოკამერები, ყველაგან უსაფთხოების ნორმები ჰქონდეს, ან დააზღვიოს თავისი მუშახელი, რადგან მტკიცების ტვირთი მოდის საწარმოზე და არა ადამიანზე, რომელიც დაზარალდა და სასამართლო პროცესით მოუგოს ფირმას პროცესი. როცა სასამართლო პროცესი არის ქმედითი და ფირმასა და დასაქმებულს შორის კონტრაქტია, რომელსაც სასამართლო იხილავს სწრაფად, ეფექტიანად, დროის გაწელვის გარეშე, ამაზე კარგი მექანიზმი ადამიანის დაცვისა ჯერ კაცობრიობას არ მოუფიქრებია, ვერანაირი შრომის ინსპექცია ან სხვა სააგენტო, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს, ვერ გადაწონის იმას, რაც, ზოგადად, თავისუფალ საზოგადოებას და ბაზარს შეუძლია მოუტანოს.

 

შეგახსენებთ: შრომის ინსპექცია 2006-დან 2015 წლამდე რეალურად არ არსებობდა, როგორც ინსტიტუტი. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც  სამინისტროში დეპარტამენტის სახე მიიღო, მანამდე კი საპილოტე პროგრამას წარმოადგენდა.

 

ლევან ჟორჟოლიანი _ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი:

_ მალე დამტკიცდება შრომის ინსპექციის სტრუქტურა, შესაბამისად ეს არის უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია უფრო ფართო მასშტაბზე გადავიდეს. თუმცა წელიწადნახევარი იყო აუცილებელი იმისთვის, რომ შრომის ინსპექტორებს გამოცდილება მიეღოთ. პროფესია შრომის ინსპექტორი საქართველოში არ არსებობს. 300-მდე ობიექტი გვაქვს შემოწმებული ერთი წლის მანძილზე 25 ინსპექტორის მეშვეობით. ამ ეტაპზე კომპანიებს რეკომენდაციებს ვაძლევთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შემდეგ განმეორებით მონიტორინგს ვაკეთებთ, ვნახულობთ გაითვალისწინეს თუ არა. სრულყოფილი ინსპექციის შექმნა წელიწადნახევრის განმავლობაში მაშინ, როცა 9-წლიანი წყვეტა იყო, შეუძლებელია. თუმცა 2017 წელს ინსეპქციასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს ვგეგმავთ.

 

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში სამუშაოს შესრულების ადგილზე 270 ადამიანი დაიღუპა, 776 კი დაშავდა. მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული.

საინტერესოა, რას ავირჩევთ, _ დასაქმებულების უსაფრთხოებას, თუ სამუშაო ადგილებს?

ეს სტატისტიკაა.

და მაინც… არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლედ!

 

ნინო ტაბაღუა