ოღონდაც, ბიძინგორს არ დაარქმევდნენ გორს

მე დავიბადე გორში და არანაირი სურვილი არ მაქვს, ცხოვრებამ მომიწიოს და ჩემი მშობლიური ქალაქი იქცეს ბიძინგორად, როგორც, თავის დროზე, ახალგორი აქციეს ლენინგორად ბიძინამდელმა „ქოცებმა“ _ კომუნისტებმა. მაგრამ დღეს აქეთკენ მიდის ყველაფერი.

დღეს გორმა თვითონ თქვა უარი, იყოს თვითმმართველი ქალაქი. გორმა თქვა, რა, გორის ციხემ კი არ გახსნა ბაგეები და დაიძახა, ვიღაც 9 „ქოცმა“ საკრებულოელმა დაუჭირა მხარი სტატუსის გაუქმებას! იგივე ბალაგანი გათამაშდა ზუგდიდშიც, თელავშიც, სხვა ქალაქებში, ქალაქებს თვითონ ათქმევინეს უარი ქალაქად არსებობაზე. არის ამ პროცესში რაღაც ექსკლუზიურად ცინიკური _ არაფორმალურ მმართველს სურს, ამ ქვეყანაში ფორმალურადაც აღარ არსებობდეს ქალაქები. გვითხრა, საქართველო ერთი სოფელიაო და აქეთ მიჰყავს მთელი ქვეყანა. როგორც ჩანს, ივანიშვილს თავად სურდა ქალაქელობა, განიცდიდა, რომ არ იყო, მიაღწია ყველაფერს _ შუშის სასახლე ნარიყალასავით დაადგა თბილისს თავზე, მაინც ვერ იქცა ქალაქელად და ებრძვის იმ ფენომენს, რასაც ქალაქი ჰქვია. ვერ აღწევ მიზანს და ანადგურებ იმ მიზანს. ეს იმას ჰგავს, კაცი ქალის სიყვარულს რომ ვერას დიდებით ვერ მოიპოვებს, მისდგება და მოგუდავს.

შემომედავებით და მეტყვით, კი მაგრამ ამ თვითმმართველი ქალაქის სტატუსების მინიჭება ხომ 2014 წელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით მოხდაო? ალბათ, იმასაც დაამატებთ, რომ არ გაამართლა და იმიტომ აუქმებსო. დავიწყოთ იქიდან, რით უნდა გამოხატულიყო გამართლება და სად ვერ გაამართლა და ახლა რა და როგორ გაამართლებს, როცა ასე თათარიახლად უუქმებენ სტატუსს 7 თვითმმართველ ქალაქს? დიახ, თათარიახლად იმიტომ, რომ ჯერაც არ აქვთ სტრატეგია, რა და როგორ იქნება შემდეგ. ჯერ აუქმებენ და მერე აპირებენ ფიქრს. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი კი არა, მაგის დედაც, გაჭერი და მერე იფიქრე, თუ ძალიან გინდა. აი, ესაა ამ ხელისუფლების „სტრაგეგია“. ხარჯების დაზოგვა გვინდა გამსხვილებითო. ხარჯები ამით კი არ გაიზარდა, იმით გაიზარდა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ქოცაქტივისტები „კამაზით“ რომ მიიყვანეთ და „ნასიპად“ შეყარეთ, შტატები გაბერეთ და გაზულუქდით. რაც შეეხება სტატუსის 2014-ში მიცემას და ახლა წართმევას, ესეც შურისძიებაა. გორიც, ზუგდიდიც, თელავიც და სხვაც იყო ქალაქი და ამ ქალაქის მცხოვრებლებმა ეს ბიძოსგან ნაბოძები სტატუსის გარეშეც გადასარევად იცოდნდენ. ახლა რა ხდება? მისცა ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სატუსი, ახლა წაართვა და გაუთანაბრა თემს. ანუ თვითმმართველს ქალაქიც გააყოლა და დატოვა მშრალზე. ახლა ამ ქალაქების ქალაქობა ფოლკლორიღაა _ ფურცელზე გადაუტანელი, ზეპირსიტყვიერება.

კომუნისტებსაც არ უქნიათ ეს, გორის რაიონს ჰყავდა რაიკომის მდივანი და გორს ჰყავდა ქალაქკომის მდივანი. ეს ქალაქები განსხვავდებოდა სხვა რაიონული ცენტებისგან, რომლებიც იყვნენ ამა თუ იმ რაიონის ადმინისტრაციული ცენტრები და არ იყვნენ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები.

არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ გორში, ჯერ კიდევ, ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლება. მატიანეებში გორი მე-7 საუკუნიდან იხსენიება; ხოლო როგორც სავაჭრო ქალაქი დააარსა დავით აღმაშენებელმა.

გორის ქალაქობას არ შეხებია თვით რუსეთის იმპერია, მეტიც, 1801 წელს რუსეთის იმპერიამ გორი ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქად! დიახ, საქართველოს ქალაქების აბსოლუტურ უმეტესობას ქალაქის სტატუსი მიღებული აქვს გასაბჭოების შემდეგ! რუსეთის იმპერიის დროს გორი სამაზრო ქალაქი იყო, 1930 წლიდან გორის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრად გამოაცხადეს, 1950 წლიდან რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი გახდა, 2014 წლიდან _ თვითმმართველი ქალაქი.

და ახლა, ამ გაუქმებების მერე, რა იქნება თემს მიერთებული გორი? რას ნიშნავს, ქალაქის სტატუსი წაართვა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სიდიდით მეხუთე ქალაქს (საქართველოში გორზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში)? გორში ცხოვრობს 50 ათასამდე ადამიანი, ფოთში, რომელსაც სტატუსს უტოვებენ, 41 ათასი ადამიანი. რა ლოგიკით უტოვებთ და უუქმებთ ქალაქებს სტატუსს?

მკითხველს შევახსენებ: თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჰქონდა 12 ქალაქს, ახლა უტოვებენ მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს და ართმევენ: გორს, ზუგდიდს, თელავს, ახალციხეს, მცხეთას, ოზურგეთსა და ამბროლაურს.

მცხეთა დღეს არაა დიდი ქალაქი, მოსახლეობით, 28-ე ადგილზეა საქართველოში, მაგრამ „ქოცებო“, ქართველობის „ერთგულო გუშაგებო“, ახლა არ გართმევენ ქართველობას, უძველეს ქალაქს, იბერიის სატახტო ქალაქს, ქართველ მეფეთა საძვალეს რომ ქალაქის სტატუსს ნამუსივით ხდიან? ან თქვენ, თელაველო „ქოცებო“, გორელი, ზუგდიდელი „ქოცების“ არ იყოს, მოგწყინდათ „გოროდში“ ცხოვრება? ახლა აღარაფრად გიღირთ ხომ თქვენი ქალაქის ისტორია? მაგ ადგილებში, ჯერ კიდევ, გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში დასახლდა ხალხი და ანტიკურ ხანაში წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. ახლა ისიც ჩურჩხელაზე გკიდიათ ხომ, ძველი ბერძენი გეორგაფი რომ იხსენიებდა თავის „გეოგრაფიაში“, აღარც ის განაღვლებთ, რომელი საუკუნიდან იხსენიებოდა ქალაქი ქართულ წყაროებში, სადაც ახლა თქვენ დაქოცაობთ და არც ის, XII საუკუნეში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი რომ იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით? ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მაგ ქალაქზე ოდესღაც დიდი საქარავნო გზები გადიოდა, თუ ვირის „ტაჩკა“, ხომ? არც ის განაღვლებთ, მე-17-18 საუკუნეებში თელავი მწიგნობრობის კერად და კახეთის სატახტო ქალაქად რომ იქცა? აღარც 1758 წელს დაარსებული საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, ოდნავ მოგვიანებით სემინარიად რომ იქცა? აღარც მანდ გამართული სასკოლო სპექტაკლები, თელავის თეატრის დასაბამად რომ იქცა და აქამდე თავი მოგქონდათ უძველესი თეატრით? გეკითხებით, ეს ყველაფერი სოფლად ხდებოდა თუ ქალაქად?

რას ეუბნებით ახალციხეს, სადაც ქალაქის ტიპის დასახლება, ჯერ კიდევ, ენეოლითის ხანაში არსებობდა? ამ ქალაქის ისტორია IX საუკუნიდან იწყება, თუმცა, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს, მაშინ ეს ქალაქი ლომსიად იწოდებოდა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით, ეს ქალაქი გუარამ მამფალს აუშენებია, ახალციხედ კი მას შემდეგ იწოდა, რაც სამცხის ათაბაგებმა _ ჯაყელებმა აღადგინეს და განაახლეს. შემდეგში ახალციხე იქცა ჯაყელთა საბრძანისად და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო; შემდეგ სამცხე-საათაბაგო ოსმალებმა დაიპყრეს და ახალციხე ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა, სადაც ისხდნენ გამაჰმადიანებული ათაბაგები _ ახალციხის ფაშები; 1829 წლიდან ახალციხე რუსეთის იმპერიაში შევიდა და 1840 წლიდან მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

შვეიცარიელი მოგზაური დიუბუა დე მონპერე წერდა: „შედიხარ მშვენიერ ქალაქ ახალციხეში“…

მოკლედ, ბიძინა ებდღვნა ქალაქებს, სადაც ოდესღაც მსხდარან ფარნავაზიანები (მცხეთა), ათაბაგები _ ჯაყელები (ახალციხე), დადიანები (ზუგდიდი), ბაგრატიონები (თელავი)…

ვიცი, მეტყვით, რომ მათ ქალაქობას არავინ ეხება, რომ ისინი ისევე იქნებიან ქალაქები, როგორიცაა, ვთქვათ, საჩხერე, ჭიათურა, რომლებიც ქალაქებად იხსენიებიან, მაგრამ არ არიან თვითმმართველი ქალაქები. ბევრი მასეთი ქალაქი არც ისტორიულად იყო ქალაქი და მათთვის ქალაქის დარქმევა უფრო თავაზიანობას ჰგავდა, ვიდრე რეალობის შეფასებას. მაგხელები ქართლსა და კახეთში სოფლების უბნებია _ ტერიტორიითაც და მცხოვრებლებითაც. საჩხერეში სულ 6 ათასი კაცი ცხოვრობს, რომ იცოდეთ; ცაგერში _ 1320 კაცი, მაგდენი ქართლისა და კახეთის ზოგი სოფლის სკოლაში დადის, არათუ ცხოვრობს.

ესეც რომ არა, დანაკარგია ის, რაც გქონდა და აღარ გაქვს და არა ის, რაც არასოდეს გქონია!

ახსნას ვინმემ, რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებს, ნაცვლად იმისა, რომ მეტი ფუნქცია შესძინო, გაამსხვილო, რომ თბილისი არ გექცეს თავკომბალად, პირიქით _ ალაბორანტებ?  თუ შემცირება და გამსხვილებაა, შეამცირეთ და გაამსხვილეთ სამინისტროები და შეეშვით ქალაქებს! მაგრამ იმ სამინისტორებში ხომ თქვენ „ცხოვრობთ“ და რას შეეხებით, რას შეეხებით თქვენ სკამებს და სავარძლებს?!

ივანიშვილს, ალბათ, დიდ მხედართმთავრად წარმოუდგენია თავი და ტკბება, როგორ აბარებენ დაცემული ქალაქების მესვეურები ამ ქალაქთა გასაღებებს.

ქუთაისს, ალბათ, იმას ვერ შეჰბედავს, რაც შეჰბედა ახალციხეს, თელავს, გორსა და ზუგდიდს, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ ქუთაისს აახევს საპარლამენტო ქალაქის სტატუსს. ანდა რატომ ვერ შეჰბედავს ქუთაისს, ზებრა დაუშლის, ზვიგენი თუ მისი ყურმოჭრილი პარლამენტი? ალბათ, ის დღეც დადგება, რომ თბილისზეც იტყვის, არანაირი ქალაქი ეს არააო და ფილარმონიას დაგიმშვენებთ აბრით: „სოფლის კლუბი“.

და თქვენ ვინ ხართ, ვინც ახლა ამ ყველაფერს არაფრად იმჩნევთ? და პირიქით, ცდილობთ კიდეც, რომ სახიდან კმაყოფილების გრიმასა არ გაგიქრეთ? ჩრდილში მაინც გადექით, ვაზელინი მეტისმეტად ლაპლაპებს მზეზე…

რეზო შატაკიშვილი