ვალერი კვარაცხელია: ,,არ მინდა სახელმწიფო სამსახურში!”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა სამი კვირის წინ დატოვა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პრესრელიზი გაავრცელა:

„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინათ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ მან 5 მაისს პოსტი დატოვა“, _ ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

„ქრონიკა+“-მა ვალერი კვარაცხელიას მოქმედი ბიზნესების ჩამონათვალი მოიპოვა, რომელთანაც კავშირი კვარაცხელიას სახელმწიფო პოსტის დაკავების დროსაც ჰქონდა. სწორედ ამ ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ კვარაცხელია სადგურის მოედანზე (ე. წ. ვაგზლის) მდებარე ცენტრალური პარკინგის მფლობელია, რომელიც მის ცოლზე _ ეთერ ქარდავაზეა გაფორმებული.

 

 

  1. შპს „ქომან ჯორჯია“ (ცომან გეორგია), საქართველო, თბილისი, დ. ბაქრაძის #6, პარტნიორი 2009;
  2. შპს „ლუნა 2010“, საქართველო, თბილისი დაბა წყნეთი, რუსთაველის ქ. #1;
  3. შპს „ინტეროპტიკა“, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქ. #3;
  4. შპს „თბილისური“, საქართველო, თბილისი, შავთელის ქ. #13;
  5. შპს „ჰერკულესი“, საქართველო, თბილისი, გლდანის მასივი, IV მკრ., კორპ. 109ა;
  6. შპს სამშენებლო კომპანია „ენგური+“, საქართველო, ზუგდიდი, სტალინის ქ.;
  7. შპს „კარგი ჯგუფი 2008“, საქართველო, თბილისი, პუშკინის ქ. #10;
  8. შპს „მარკეტი 99“;
  9. შპს „ტაიგა გეო“; საქართველო, თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. #6;
  10. შპს GEOIთ, საქართველო, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #80, ბ. 16;
  11. შპს „ცენტრალ პარკინგი“, საქართველო, თბილისი, ვაგზლის მოედანი #2 (ეს ბიზნესი გაფორმებულია ეთერ ქადავაზე, ვალერი კვარაცხელიას ცოლზე);
  12. „ინდმეწარმე“, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ. #77ვ, ბინა 26 (აქაც ეთერ ქარდავა ფიგურირებს ინდმეწარმედ).

 

ვალერი კვარაცხელიას მიუღლე, ეთერ ქარდავა, „კურაციოში“ექიმ რადიოლოგად მუშაობს, სადაც იგი ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით იღებს 25 168 ლარს; შპს „ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში“ კი ასევე ექიმ რადიოლოგის პოზიციაზე მისი ანაზღაურება შეადგენს 105 822 ლარს წელიწადში.

ახლა რაც შეეხება ბუნებრივ კითხვას, _ რა კავშირი ჰქონდა ვალერი კვარაცხელიას ამ ბიზნესებთან მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში მუშაობდა?

წარმოგიდგენთ ხელშეკრულების დადების თარიღს, მისი მოქმედების ვადას, ორგანოს, რომელმაც სახელმწიფო ხელშეკრულება დაარეგისტრირა, ან დაამოწმა 28.10.2014-28.10.2017 წლებში (თარიღს დაუკვირდით!):

  1. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „ლუნა 2010“-ის (ს/კ 204888817) წილის მართვის ხელშეკრულება;
  2. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „ჰერკულესის“ (ს/კ 400041156) წილის მართვის ხელშეკრულება;
  3. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს GEOIთ-ის (ს/კ 404953305) წილის მართვის ხელშეკრულება;
  4. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „სამშენებლო კომპანია ენგური+“-ის (ს/კ 242741388), წილის მართვის ხელშეკრულება;
  5. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „მარკეტი 99“-ის (ს/კ 202062980) წილის მართვის ხელშეკრულება;
  6. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „ქომან ჯორჯიას“ (ს/კ 202456742) წილის მართვის ხელშეკრულება;
  7. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „ინტეროპტიკის“ (ს/კ 204537377) წილის მართვის ხელშეკრუელბა;
  8. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „თბილისურის“ (ს/კ 204394681) წილის მართვის ხელშეკრულება;
  9. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „ტაიგე გეოს“ (ს/კ 202341037) წილის მართვის ხელშეკრულება;
  10. საწარმოში წილის მინდობის ხელშეკრულება, შპს „კარგი ჯგუფი 2008“-ის (ს/კ 204557407) წილის მართვის ხელშეკრულება.

ასე და ამრიგად, როდესაც ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ ბიზნესში ვბრუნდებიო, კითხვის ნიშნები არ ჩნდება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად და რომელ ბიზნესში ბრუნდება. აქ, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება ახალი ბიზნესის დაწყება.

მაშ, ასე! უბრუნდება თუ არა ვალერი კვარაცხელია იმ ბიზნესს, უფრო სწორად, იმ ბიზნესებს, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ და რომელთანაც კავშირი, ფაქტობრივად, არც გაუწყვეტია (წილის მიმნდობის ხელშეკრულებებს თუ გავითვალისწინებთ)?

 

„ქრონიკა+“ ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ვალერი კვარაცხელიას:

_ ბატონო ვალერი, რა ბიზნესებსაც ფლობთ და რომლითაც პირადად იყავით დაკავებული, სანამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გახდებოდით, იმ კომპანიებს უბრუნდებით, თუ რაიმე ახლის წამოწყებას აპირებთ?

_ არა, ახალს არ ვგეგმავ. ჯერჯერობით, ვისვენებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დავიღალე. ერთი თვის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. რა შპს-ებიც მქონდა, იმაზეა საუბარი და არაფერს ვგეგმავ.

_ თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რა გახდა?

_ არანაირი მიზეზი. შეიძლება, ამას ბევრი ვერ გებულობს, მაგრამ მართლა არანაირი მიზეზი არ მქონია, არც კონფლიქტი. ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ახლა მე პატარა ბიჭი არ ვარ, მომავალ წელს 60 წლის ვხვდები და გადაწყვეტილება მივიღე, რომ ცოტა უფრო წყნარ რეჟიმში ვიცხოვრო.

_ მართლა გაუგებარია ასე უმიზეზოდ წასვლა…

_ დავიღალე, აი, ძალიან. ცალკე „ცე“ ჰეპატიტის პროგრამა. არ ყოფილა ადვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ვრჩები ჩემი მეგობრების მეგობრად, მაგრამ არ მინდა სახელმწიფო სამსახურში.

_ თქვენს ადგილზე ვინ დაინიშნება?

_ მომავალ კვირას ჯანდაცვის მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

თამარ როსტიაშვილი