საქართველოს აკრძალული ისტორია და დიდი მეზობლების ვასალად ქცეული ხელისუფლება

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში საოცარი რამეები ხდება. საოცარი იმ თვალსაზრისით, რომ მსგავსს ადრე, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდით: რომ საქართველოში დადგებოდა ჟამი, როდესაც დიდგორობის აღნიშვნას უცხო ქვეყნის, კონკრეტულად კი თურქეთის ელჩი აგვიკრძალავდა; ან ირანის ელჩი განგვისაზღვრავდა, როგორ შეგვემოწმებინა ადამიანები საქართველოს საზღვარზე; ან იგივე თურქები მიგვითითებდნენ, აღვნიშნოთ თუ არა ოსმალებზე მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვება ხრესილის ომში; ან კიდევ ვინმეს თუ წარმოედგინა, რომ თურქეთისთვის უნდა გვეკითხა, დავდგათ თუ არა ბათუმის ცენტრში აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების აღმნიშვნელი მემორიალი. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ე. წ. პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოები ასე უტიფრად ერევიან ჩვენს საქმეებში, ჭკუას გვარიგებენ და პირდაპირ ითხოვენ ჩვენგან, უარი ვთქვათ საკუთარ ისტორიაზე, უარი ვთქვათ საკუთარი დღესასწაულების აღნიშვნაზე და მხოლოდ მათი ნებართვით გადავწყვიტოთ, რომელი ისტორიული მოვლენა გაგვიხარდეს და რომელი _ არა.

ერთი უბედურება ისაა, რომ ჩვენი ე. წ. მეგობარი სახელმწიფოები ამას გვკადრებენ და გვიბედავენ, მაგრამ ათასჯერ უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ ჩვენი საკუთარი ხელისუფლება ასეთ მოთხოვნებზე საპროტესტო ნოტებს კი არ აგზავნის, არამედ მორჩილად ხრის თავს და მზადაა, უკანალიც მიუშვიროს იმათ, ვინც უტიფრად ერევა ჩვენს საშინაო და ისტორიულ საქმეებში.

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით: სულ რაღაც ერთი თვის წინათ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დიდგორის ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს „საქართველოს დიდი გამარჯვების“ დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, 12 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს „საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები, წარმოადგინოს შესაბამისი გეგმა და ა. შ.

კანონპროექტის განმარტებით, ბარათში, ასევე, ნათქვამია:       „გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის _ 12 აგვისტოს _ უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო-სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შეუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებასა და განმტკიცებას“.

ვერაფერს იტყვი, ტექსტია _ გაგაჟრჟოლებს. ეჭვი არ შეგეპარება კაცს, რომ ამ ტექსტის ავტორი არის ეროვნული და ქართული ღირებულებების კბილებით დამცველი ხელისუფლება, რომელიც გულანთებული ზრუნავს საქართველოში ეროვნული მუხტის გაღვივებასა და გლობალიზაციის მოახლოებულ საფრთხეზე, ხმალამოღებული ებრძვის ქვეყნის ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებას. მაგრამ, უეცრად, ამ რიხიანი და ემოციური კანონპროექტის გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში, ვიგებთ, რომ დიდგორობის, ანუ 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადება და მასთან ერთად გლობალიზაციასთან ეროვნული მუხტით ბრძოლა აღარ გამოდის. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, გამოგვიცხადა, რომ „ჩავისვარეთ“… დიახ, დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, „ჩავისვარეთ“, რადგან ძნელია, უკეთესი შესატყვისი მოუფიქრო იმას, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. როგორც გაირკვა, ჩვენი ეს ინიციატივა, დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ძალიან არ მოსწონებია, ჩვენს „დიდ მეგობარსა“ და მეზობელ თურქეთს. მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე საუკუნეში, 1121 წელს, დღევანდელი თურქების, ანუ ოსმალების ხსენება საერთოდ არ იყო, თურქებმა მაინც ძალიან მტკივნეულად განიცადეს თავიანთი შორეული წინაპრების ისტორიული მარცხის აღნიშვნა მეზობელ საქართველოში. განიცადეს და თავს უფლება მისცეს, ჩვენთვის ეთქვათ, _ იქნებ, აღარ აღნიშნოთ ქართველი ერის ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაო. ჩვენმა ხელისუფლებამ კი, იმის მაგივრად, რომ ასეთ შეურაცხყოფაზე მკაცრი პროტესტი გამოეხატა, ან, მინიმუმ, დიპლომატიურ ენაზე მაინც ეპასუხა, კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. თან როგორც მოგვიანებით, იმავე ქანთარიასგან გაირკვა, კანონპროექტის შეჩერება თურქულ მხარეს ოფიციალურად არ მოუთხოვია. საელჩოს თავისი პოზიცია არაოფიციალურ შეხვედრაზე გაუჟღერებია, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებაში მონური მორჩილების რეფლექსიის გასაღვიძებლად.

ამას გარდა, ჩვენმა „ეროვნულმა“ ხელისუფლებამ, იმავე დეპუტატის მეშვეობით, შეგვატყობინა თუ რატომ მოითხოვეს თურქებმა ასეთი რამ ჩვენგან. დეპუტატის განმარტებით, თურქეთის საელჩოს საქართველოს  პარლამენტისთვის მეგობრული თხოვნით მოუმართავს, რომ იქნებ, კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღოთო. ელჩს უთქვამს, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღეა და პარლამენტის ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება, გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობებშიო. საქართველოს ხელისუფლება ამას მეგობრულ თხოვნას უწოდებს, ხოლო თავის სასირცხვილო ქმედებას იმით ამართლებს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდ თურქეთთან ჭიდილი სად შეგვიძლიაო? თურქეთი ხომ საქართველოს მეზობელი, უდიდესი სახელმწიფოა, რომელთანაც ურთიერთობის დაძაბვა არ გვაწყობს.

მოკლედ, ვასალობა, მლიქვნელობა და ხელისუფლების მიერ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის შეურაცხყოფა ნათლად დაფიქსირდა. მთავრობის ასეთი უსუსურობა „ქართული ოცნების“ მხადამჭერებსაც არ მოეწონათ, მათი უკმაყოფილო გამონათქვამები სოციალურ ქსელში დღესაც მრავლადაა, მაგრამ შედეგი _ არანაირი. კანონპროექტი გაჩერებულია. მართალია, მისი ავტორები კი ჭირვეულობენ, კანონპროექტს არ გავიტანთო, მაგრამ რომელიმე მათგანს პრინციპული წინააღმდეგობის სურვილი რომ ჰქონდეს, ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ, სულ მცირე, კაპიტულანტური ხელისუფლების რიგები მაინც უნდა დატოვოს.

დიდგორობის აღნიშვნა და მასთან დაკავშირებული მითითებები საქართველოსთვის ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ანალოგიური მოხდა ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში, სადაც 1757 წელს სოლომონ პირველმა ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა ოსმალებთან გამართულ ბრძოლაში. სწორედ ამ გამარჯვების აღსანიშნავად სოფელ ხრესილში დგას მემორიალი, რომელზედაც ამოტვიფრული იყო სოლომონის მიერ ოსმალებზე გამარჯვების ამბავი. 2011 წელს ეს  წარწერა მემორიალზე გადააკეთეს და სიტყვები „ოსმალთა არმია“ გადაშალეს. სამაგიეროდ, ჩაამატეს ზოგადი სიტყვა „მტერს“. საბოლოოდ, მემორიალზე დარჩა წარწერა იმის შესახებ, რომ ქართულმა ჯარმა, სოლომონ პირველის მეთაურობით, სძლია მტერს.

სამწუხაროდ, ჩვენი უსუსურობისა და უკანლობის ამბავი დიდგორისა და ხრესილის მაგალითებითაც არ სრულდება. ანალოგიური უბედურება გვჭირს აჭარაშიც: შარშანწინ, 2015 წელს, ბათუმის მერიას 3500-მა მოქალაქემ მიმართა პეტიციით, ბათუმში დაიდგას აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების აღმნიშვნელი მემორიალი. ინიციატივა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიდი ენთუზიაზმით აიტაცა (ისევე, როგორც დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება) და სამზადისიც დაიწყო. საქმეში ჩაერთო ერიც და ბერიც.

გადაწყდა, რომ მემორიალი დაიდგმებოდა ბათუმში, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში. 25 აგვისტოს კი მეუფე დიმიტრის კურთხევით, მამა ანდრიამ გარდაცვლილ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და მემორიალის აღმართვის ადგილიც კი აკურთხა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და თავს იწონებდნენ ბათუმის მერი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. გახმოვანდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაც, რომ 25 აგვისტო საქართველოს ისტორიის განსაკუთრებული თარიღია და კარგი იქნება, თუ ეს თარიღი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდება. აჭარის ეპარქია კი  საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, რათა 25 აგვისტო საეკლესიო დღესასწაულად გამოცხადდეს.

იყო ბევრი პატრიოტული სიტყვა და ამაღლებული განწყობა, უპირველეს ყოვლისა, აჭარლებისთვის, ვისთვისაც აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება არა მხოლოდ მთელი ქვეყნის, არამედ, კონკრეტულად, მათი ოჯახების ისტორიაცაა. როგორც ამბობენ, მემორიალიც კი დამზადდა, თან მთლიანად შემოწირული თანხით და ერთადერთი რაც დარჩა, მისი ნაკურთხ ადგილზე დადგმაა, მაგრამ…(?!!) მეორე წელია, არც მემორიალი უნახავს ვინმეს და აღარც _ ხელისუფლების ენთუზიაზმი.

ბუნებრივია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო მემორიალის მომზადებისა და მისი აღმართვის საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, დაიბნა. თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე ისე გაჩერდა, რომ არც ქალაქის საკრებულო, არც ის კომიტეტი, რომელმაც მემორიალის აღმართვის გადაწყვეტილება მიიღო, არც ხმას იღებენ და არც პასუხს იძლევიან. დიდი მოკვლევისა და დავიდარაბის შემდეგ, პირად საუბრებში, როგორც იქნა, მიზეზი ამოტივტივდა: ჩვენს დიდ მეზობელსა და მთავარ პარტნიორს არ მოსწონებია ქართველების იდეა აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების თაობაზე და პირად საუბრებში გაირკვა, თურქეთის საელჩოს მოუთხოვია, რომ მემორიალის წარწერიდან გამქრალიყო სიტყვა „ოსმალეთი“ და კონკრეტული თარიღები, რის შემდეგაც, ბუნებრივია, ეს მემორიალი საერთოდ დაკარგავდა თავდაპირველ დანიშნულებას. ეს ამ ისტორიის ერთი უბედურებაა, მეორე უბედურება კი ის გახლავთ, რომ ბათუმის მერიის თანამშრომლებმა არაერთხელ ურჩიეს მემორიალის იდეის ავტორებს, რომ, იქნებ, გაგვეთვალისწინებინა თურქეთის მოთხოვნაო, ბოლოს და ბოლოს, მეზობელია და რატომ უნდა ვაწყენინოთო? ამ ორი უბედურებიდან რომელია უფრო დიდი უბედურება, ალბათ, იოლი მისახვედრია. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, მეზობელი სახელმწიფო ასე უხეშად რომ მიგითითებს, როგორ აღნიშნო შენი ისტორიული გამარჯვებები, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო, ან როგორ უნდა მოსთხოვო სხვას, როცა შენივე ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესს და პირველსავე დაცაცხანებაზე მზადაა, უკანა თათებზე დადგეს და კუდი უქიცინოს დიდ მეზობელს.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია თავად თურქების მოთხოვნებში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბევრი შეუსაბამობაა, მაგალითად, დიდგორთან დაკავშირებით: სად ოსმალების შთამომავალი დღევანდელი თურქები და სად 1121 წელს დამარცხებული თურქ-სელჩუკთა გაერთაიანებული ლაშქარი? ოსმალები, საერთოდ, რამდენიმე საუკუნის შემდეგ გამოჩნდნენ კაცობრიობის ისტორიაში. ასე რომ, კუდის ქიცინის ნაცვლად აჯობებდა, ვინმეს ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის აეხსნა, რომ ერთი: არავინ მათ არ ეკითხება, რომელ გამარჯვებას ვიზეიმებთ ქართველები და რომელ დღეს გამოვაცხადებთ უქმად და მეორე: სანერვიულო საერთოდ არ აქვთ, რადგან მე-12 საუკუნეში ისინი  საერთოდ არ არსებობდნენ.

რაც შეეხება ხრესილის ბრძოლასა და აჭარის მემორიალის ამბავს, აქაც თურქები არაადეკვატურად და ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 1923 წლიდან მოყოლებული, ყოველ 29 ოქტომბერს, თურქეთი, ოსმალთა იმპერიისგან განთავისუფლებასა და რევოლუციის გამარჯვებას ზეიმობს. და თუ თავად თურქები ემიჯნებიან ოსმალებს, რატომ ნერვიულობენ ამდენს ჩვენს გამარჯვებებზე ოსმალების წინააღმდეგ?.. თუმცა ამ კითხვაზე ჩვენს დიდ მეზობელს პასუხის გაცემა არ მოუწევს, რადგან პატარა საქართველოს მშიშარა ხელისუფლებას მისთვის ეს კითხვა არ დაუსვამს.

თურქეთის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულება ამ ფოტოზეც შესანიშნავად ჩანს. ორი ქვეყნის ლიდერის ოფიციალურ შეხვედარაზე მხოლოდ თურქეთის სახელმწიფო დროშებია გამოფენილი. არადა, ყველა დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრაზე საქართველოს დროშაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ანკარაში რელიგიურმა განწყობებმა იმძლავრა და  ხუთჯვრიანი ქართული დროშა, უბრალოდ, ეხამუშათ. ესაა დემონსტრირება იმისა, რომ თურქეთი საქართველოს არ აყენებს იმ პარტნიორთა რიგში, რომლისთვისაც თავში წამოთაქება არ შეიძლება. ან რატომ დააყენებს, როცა საქართველოს ხელისუფლება ამ წამოთაქებაზე ხმასაც არ იღებს?

ხელისუფლება რომ უსუსური და უხერხემლო გვყავს, გავიგეთ, მაგრამ ქართველი ერისთვის ეს ძალზე არასაკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ დიდგორობა აღარ აღვნიშნოთ, ხრესილის მემორიალი გადაშლილი დავტოვოთ და აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების მემორიალი აღარ დავდგათ. ასეთი, ეროვნულ ფასეულობებთან დაკავშირებული საკითხები ნებისმიერი ერისთვის სენსიტიურია, ქართველებისთვის კი _ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასე რომ, თუ „ოცნებაში“ ეს არ ესმით, ძალიან ცუდი მათთვისვე. ბიძინა ივანიშვილმა სასწრაფოდ თუ არ გამოასწორა მდგომარეობა, ეს იქნება პირველი ხელისუფლება, რომელსაც ანტიქართველობისთვის გააბუნძულებენ ხელისუფლებიდან.

თურქეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, რომლის წინაშეც ჩვენი უნიათო ხელისუფლება კუდს აქიცინებს. სულ ცოტა ხნის წინათ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტისას ქართული მხარე ირანელი ტურისტების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. თურმე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანელ მუსლიმ ქალს ჩხრეკისას ჰიჯაბის მოხსნა აიძულეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს განცხადება ირანელმა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა. თუმცა ირანელების ამ პრეტენზიის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ არა საკუთარი მთავრობისგან, არამედ ირანული მედიისგან შეიტყო, რომელიც იუწყებოდა, რომ ქართულმა მხარემ პირობა მისცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ გამოიძიებდა აეროპორტში მომხდარ ამ აღმაშფოთებელ ფაქტს და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორებულიყო. ანუ არც ქვეყნის შეურაცხყოფა, არც ქვეყნის უსაფრთხოება, არც ტერორიზმის საფრთხე და არაფერი საქართველოს მთავრობას არ ადარდებს. მთავარია, პატრონები იყვნენ კმაყოფილნი და ქვეყნის ინტერესი ვის დაჰკარგვია?!.

ირანელებთან ჩოქბჯენში გადასული, ჩვენი ხელისუფლების შემხედვარეს, ოცი წლის წინანდელი ისტორია გამახსენდა, რომლის მონაწილეც თავად გახლდით: 90-იანი წლების შუაში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ალი ლარიჯანის ხელმძღვანელობით. ეს ის ლარიჯანია, რომელიც დღეს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეა. მაშინ იგი ირანის ტელევიზიასა და იდეოლოგიის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა დელეგაციას საპატრიარქოში ჰქონდა დანიშნული. ალი ლარიჯანსა და მის თანმხლებ პირებს მისი უწმინდესობა მასპინძლობდა. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დარბაზში ყავა და კონიაკი შემოიტანეს. დელეგაციის წევრებმა კონიაკის დანახვაზე უკმაყოფილება ვერ დამალეს და მიუხედავად იმისა, რომ არავინ მათ კონიაკის დალევას არ აძალებდა, უტიფრად მოსთხოვეს მონაზვნებს, სასწრაფოდ გაეტანათ კონიაკი დარბაზიდან. ვითარება ისეთ უხერხულ დაძაბულობაში გადაიზარდა, რომ დაუკრეფავში გადასული სტუმრების დაშოშმინება თვით პატრიარქს მოუწია. მისმა უწმინდესობამ, მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, ირანელ სტუმრებს მოუწოდა, დაწყნარებულიყვნენ და როცა ეს უკანასკნელნი ცქმუტვას მორჩნენ, უთხრა: „როცა მე ჩამოვალ თქვენთან სტუმრად, პირობას გაძლევთ, თქვენი ქვეყნის ტრადიციებს დავიცავ და როგორც სტუმარი, დავემორჩილები თქვენ მიერ შემოთავაზებულ სტუმარ-მასპინძლობის წესებს. დღეს თქვენ ხართ ჩემი სტუმრები და ნება მიბოძეთ, ისე გიმასპინძლოთ და ისე დაგლოცოთ, როგორც ჩვენი, ქართული წესია. თქვენ ნუ მიირთმევთ კონიაკს, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ თქვენი სადღეგრძელო ჩაით დავლიოო“…

ოცი წლის წინათ მეგონა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო ყველა, მაგრამ დღეს ვხვდები, ასე მხოლოდ პატრიარქი იქცევა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მოიქცევა ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, კონიაკსაც გაიტანდნენ, ბოდიშსაც მოიხდიდნენ და პირობასაც დადებდნენ, ცხოვრებაში აღარ გავეკარებით სპირტიან სასმელებსო.

საუბედუროდ, ჩვენი ხელისუფლების უპრინციპობა და ვაიქართველობა მხოლოდ მემორიალების არდადგმით და დღესასწაულების არაღნიშვნით არ სრულდება. ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ცოტა მეტი ყურადღებით თუ შევხედავთ, თუ რა ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილ ქართულ მიწებზე, დავინახავთ, როგორ შენდება არაბული ქალაქი საგურამოში, სადაც, რამდენიმე წელიწადში, 350 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ქალაქში ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტორებსა და მცხოვრებლებს ელოდებიან. დავინახავთ, როგორ ჩნდება მცხეთის გარშემო ხუთი ახალი, ოღონდ არაბული სოფელი. განსაკუთრებული ყურადღება სულ არ სჭირდება იმას, რომ დაინახო, რა ხდება ძველ ბათუმში და ა. შ. რეალური პრობლემა და შეუქცევადი საფრთხე სწორედ აქაა. ქვეყნის ტრაგედია კი ისაა, რომ ხელისუფლებას ამ ყველაფრის წინააღმდეგ არათუ ბრძოლის უნარი, ბრძოლის სურვილიც კი არ გააჩნია.

იქ, სადაც თურქებისა და ირანელების დაკრულზე ყირაზე გადავდივართ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მონური მორჩილება აქვს მთავრობას დასავლელი პატრონების მიმართ. შორს რომ არ წავიდეთ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებული იციდენტიც მშვენივრად წარმოაჩენს ჩვენს ვასალობას.

რამდენიმე დღის წინ ზალბერი ცხინვალს ესტუმრა და ახლად არჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ჯერ არჩევა მიულოცა, მერე კი უთხრა, უმნიშვნელოვანესი თანამდებობა გიკავია და აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ საქმიანობაშიო. საქართველოს ხელისუფლებაში ეს უკვე ვეღარ აიტანეს და, როგორც ჩანს, თურქებსა და ირანელებზე დაგროვილი ბოღმა გადაწყვიტეს, ერთიანად,  ჰერბერტ ზალბერისთვის დაენთხიათ თავზე. მთელი „ქართული ოცნება“ ორი დღე იმუქრებოდა, _ ჩამოვა ზალბერი თბილისში და ნახავთ, მაგას რას ვუზამთო! ცხელ გულზე ისიც კი დაიმუქრეს, _ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიდან მის ჩამოცილებასაც მოვითხოვთო.

და, აჰა, ჩამოვიდა ზალბერი თბილისში წინა კვირას და ჰოი, საოცრებავ, _ სად გაქრა ჩვენი ხელისუფლების რიხი?!! სად გაქრა ის პრინციპული და შეუპოვარი დაპირებები პასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით?!! კიდევ ერთხელ კრება დარჩა მხიარული. არც ზალბერმა მიიჩნია საჭიროდ აეხსნა და განემარტა, რატომ მოიქცა ცხინვალში ასე და ვერც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგვიხსნა, რატომ არ მოსთხოვა ზალბერს მკაცრად პასუხი მის საქციელზე? ორდღიანი ბაქიბუქის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენთვის მთავარია, ჟენევის მოლაპარაკებებს არაფერი დაემუქროს, თორემ ქვეყნის პრესტიჟი და მისი საერთაშორისო ავტორიტეტი როდის ყოფილა ამ ხელისუფლების ინტერესი?..

 

დემნა ვეშაპიძე