ალექსი მიქელაშვილი: „ან გამამტყუნეთ, ან მითხარით, რომ უდანაშაულო ვარ“

გაზეთის წინა ნომერში „ქრონიკა+“ მოქალაქე ფახრად თანირგულიევს ესაუბრა. ახლანდელმა რესპონდენტმა, ალექსი მიქელაშვილმა, წლების განმავლობაში დაუმსახურებელი სასჯელი სწორედ მასთან ერთად მოიხადა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ხელისუფლებაში ახალ მოსულ კლანებს დაუპირისპირდა და უკანონობის აღსრულებაზე უარი თქვა. ეს როგორ გაბედეო და წინა დღეებში სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი დააპატიმრეს. სასჯელის მოხდის შემდეგ კი ერთადერთი სახლიც სხვის კუთვნილებაში აღმოჩნდა, რომლის დაბრუნებაზეც დღემდე არავინ ზრუნავს. ჩვენი რესპონდენტი მეგობარ თანირგულიევთან ერთად სამართლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„ქრონიკა+“ ალექსი მიქელაშვილს ესაუბრება:

_ ჩემი პრობლემები, ჯერ კიდევ, 2003 წლამდე დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა და გაგრძელდა. ირაკლი ოქრუაშვილს, გუბურნატორ მიშა ქარელს და მათ კლანს (ტერაშვილები და ა. შ.) ვუპირისპირდებოდი. შიდა ქართლში, გორში საგადასახადო სამსახურში იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი; პარალელურად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ლექციებს ვკითხულობდი.

პირველი საჯარო მოხელე ვიყავი, რომელიც პირდაპირ დავუპირისპირდი აღნიშნულ სახელისუფლებო კლანს იმ აღვირახსნილობისა და არაადეკვატურობის გამო, რაც შიდა ქართლში ხდებოდა. ყველაფერს დეტალურად აღარ ჩამოვთვლი, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ერგნეთის ბაზრობას ჩაქუჩით ანგრევდნენ, მე ვუთხარი, _ თქვენ სულელები ხომ არ ხართ, რას აკეთებთ?! წლების განმავლობაში აღდგენილ ურთიერთობას ასე ერთი ხელის მოსმით ანგრევთ, ამით მდგომარეობა ხომ ისევ გაირყვნება, ჩვენ შორის ისევ დიდი ღობე აღიმართება და ამას თქვენ შეგნებულად აკეთებთ-მეთქი?!

ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მათ წინ აღვუდექი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქონების ჩამორთმევა უნდოდათ და მე არაფერზე ხელი არ მოვაწერე. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღით ადრე, მინისტრის ბრძანებით, დამაწინაურეს, არსებულ ვითარებაზე პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადავდექი, _ მე თქვენთან არაფერი გამომივა-მეთქი.

მოგეხსენებათ, იმ პერიოდისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ აღზევებული იყო და ფრთებს შლიდა, მაგრამ მერჩივნა. დევნილი ვყოფილიყავი, ვიდრე მათი ხელმომწერი და მხარდამჭერი იმ უკანონობებში, რაც შემდგომში განახორციელეს.

_ მერე როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

_ ამ ყველაფრის საფასურად ცხრაწლიანი დევნა მივიღე, აქედან ხუთი წელი ფახრადთან და სხვებთან ერთ საკანში გამატარებინეს. მე ამაზე დაწვრილებით აღარ მოვყვები, თვით ე. წ. ციხის ბუნტის მონაწილე ვარ. არავინ იფიქროს, რომ ეს „ბუნტი“ პატიმრებმა მოაწყვეს, _ არა, პირდაპირ გამიზნული მოქმედება იყო, რაც თქვენს გაზეთშიც ცოტა ადრე ავსახე. ერთს ვიტყვი, რომ როდესაც ვიძინებდით, არ ვიცოდით, გავიღვიძებდით თუ არა.

_ თავის დროზე, რატომ დაგაპატიმრეს, კონკრეტული მიზეზი რა იყო?

_ დაპატიმრების მოტივად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დაასახელეს. სინამდვილეში, თანამდებობიდან სწორედ პროტესტის ნიშნად გადავდექი, ამიტომ აქ წამყვანი პოლიტიკური მოტივაცია იყო.

როგორც აღვნიშნე, 2004-ში პირველი ვიყავი, ვინც ამ მოტივით თანამდებობიდან გადავდექი, პატიმრობიდან კი 2013 წელს გავთავისუფლდი. მოკლედ, ჩემი დაპატიმრების ფორმალური მიზეზი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გახდა.

_ კონკრეტულად?

_ მედავებოდნენ, თუ რატომ ვასრულებდი სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

_ რა გადაწყვეტილებებზეა საუბარი?

_ საგადასახადოს იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი, შესაბამისად, სასამართლოებში საქმეების წარმოება ჩემი პრეროგატივა იყო; ასევე მისი აღსრულებაც ჩემს კომპეტენციაში შედიოდა. ეს მხოლოდ საგადასახადო მიმართულებას ეხებოდა.

სახელმწიფო იმას მედავებოდა, რომ რატომ აღასრულე სასამართლოს გადაწყვეტილებაო. აი, ამდენად პარადოქსული ვითარება იყო შექმნილი.

_ რა გადაწყვეტილებები აღასრულეთ?

_ ვთქვათ, ამა თუ იმ ფირმას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაეკისრა, მისი ქონება ყადაღდებოდა და აუქციონზე მიდიოდა. ანუ რატომ მოხდა აღნიშნული გდაწყვეტილების აღსრულებაო?! _ ამაზე მედავებოდნენ.

საგულისხმოა, რომ ამით სახელმწიფო საკუთარ თავს დაუპირისპირდა, რადგან მათ სხვა მოტივაცია არ გააჩნდათ. ამასთან, თავიდან, თითქმის, ყველა ბრალდება წამიყენეს, _ მითვისება და გამოძალვაც. მაგრამ მერე როცა დაინახეს, რომ სრულ აბსურდს მედავებოდნენ, თანხის მითვისებაც გამომირიცხეს (ნახეს, რომ თანხები ბანკში შეტანილი იყო) და, რასაკვირველია, გამოძალვაც.

ასევე, მაგალითად, ერთ-ერთი პიროვნება გამოიყენეს და განაცხადებინეს, რომ მე, თითქოსდა, თანხას ვძალავდი. დოკუმენტურად დავუდასტურე, რომ ეს პიროვნება არათუ ჩემთან არ გამოცხადებულა, არამედ ფინანსურ პოლიციაზეც კი გადაცემული მაქვს, რომ, იქნებ, იძულებით წარმოადგინოთ-მეთქი. ანუ, სინამდვილეში, ეს ადამიანი ნანახიც არ მყავდა და რომელ გამოძალვაზე მესაუბრებოდნენ?

ფაქტობრივად, დოკუმენტაციის რეალიზატორი ვიყავი, _ ეს დოკუმენტაცია შემოდიოდა, ვსწავლობდი და შესაბამის რეაგირებას ვაძლევდი. ბოლოს ბრალდებად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დამრჩა.

_ რომელმა სასამართლომ მოგისაჯათ?

_ თავიდან გორის რაიონულმა სასამართლომ, შემდგომ ეს, რა თქმა უნდა, სააპელაციოში გასაჩივრდა.

_ გორმა რამდენი მოგისაჯათ?

_ გორის სასამართლომ მაშინ ცხრა წელი მომისაჯა, შემდეგ სააპელაციოში ნახეს, რომ გამოძალვის ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო…

აქვე განვმარტავ, რომ გორის სასამართლომ წარდგენილი საშინელი ბრალდებებიდან მითვისების ნაწილშიც კი გამამართლა. სააპელაციომ, თავის მხრივ, გამოძალვის მუხლი მომიხსნა და დარჩა ის, რაზედაც უკვე მოგახსენეთ.

ყველგან ხედავდნენ, რომ საქმეში სრული აბსურდულობა იყო. იმასაც ხვდებოდნენ, რომ მე არ გავჩერდებოდი.

სააპელაციომ ამ გამოძალვის მუხლის მოხსნის შემდეგ სასჯელს 6 თვე მომაკლო და რვაწელიწადნახევარი დამიტოვა. შემდეგ რაღაც 150 ათასს მედავებოდნენ და უზენაესმა სასამართლომ ესეც მომიხსნა. მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დამრჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრეთ.

მოკლედ, უზენაესმა სასამართლომ რვაწელნახევრიანი სასჯელი უცვლელად ძალაში დატოვა. თავიდან თბილისის მეხუთე საპყრობილეში ვიყავი, შემდეგ იქიდან, ბუნტისშემდგომ, რამდენიმე თვეში (პატიმრებმა ერთმანეთი გადავარჩინეთ, მასობრივი ჟლეტის გამოწვევა და ამით საზოგადოების დაშინება სურდათ, ამას გრკვეული დოზით მიაღწიეს კიდეც) 5 წლით (თუ არ ვცდები, 2011 წლამდე) პირველ საპყრობილეში გადამიყვანეს, სადაც, უბრალოდ, არაადამიანურ პირობებში ვიყავი.

_ რატომ იყო არაადამიანური პირობები?

_ ელემენტარულად, იმას გეტყვით, რომ იმ პერიოდში იქ სახალხო დამცველიც კი ვერ შემოდიოდა; საშინელი სუნი იდგა. იქ ადამიანი ვერ ძლებდა და ჩვენ გავძელით. ამ პერიოდში მე და ჩემს მეგობარს, ფახრად თანირგულიევს, სასამართლო ბაჟის გადახდას გვედავებოდნენ. _ ბაჟს როგორ გადავიხდით, ციხეში ვსხედვართ-მეთქი.

ამ დროს სახალხო დამცველიც აბსოლუტურად ყურადღებას არ გვაქცევდა. წარმოიდგინეთ, 50 კაცი რომ იცხოვრებს რაღაც ათ კვადრატულ მეტრზე. ეს ხომ არაადამიანური დამოკიდებულებაა, მეტი არაფერი. საჭმელზე, მოქცევაზე და ა. შ. ხომ საუბარიც ზედმეტია.

_ რამდენწლიანი სასჯელი მოიხადეთ?

_ მე ზუსტად 7 წელი მოვიხადე და 2013 წლის 22 იანვარს ციხიდან ამნისტიის საფუძველზე გამოვედი. მანამდე ფახრად თანირგულიევთან ერთად ვიჯექით და ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძოდით. ჩვენ მარტო საკუთარი თავისთვის კი არა, სხვა პატიმრებისთვისაც ვიბრძოდით. უამრავი საკითხი იყო, სადაც ადამიანები ჩვენს თანადგომას საჭიროებდნენ. არავის არაფერს ვუთმობდით. დავების საგნად ვხდიდით, შიმშილობის პროცესები მიმდინარეობდა, ასე თუ ისე, რაღაც შედეგს ვაღწევდით, რომ საკუთარი თავი და ერთმანეთი, როგორმე, გაგვეტანა.

შედეგს ვაღწევდით იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცებს, ელემენტარულად, უფრო ფრთხილად ეკიდებოდნენ, ცოტა გვერიდებოდნენ მაინც.

_ სტრასბურგის სასამართლოში როდის იჩივლეთ?

_ 2008 წლის 8 აგვისტოს თავად თეა წულუკიანს ჩვენი საქმე წარმოებაში აქვს მიღებული. _ დარღვევებია, მაგრამ, ბოდიში, პასუხს ვერ გეტყვითო. ვეუბნები, _ ან გამამტყუნეთ, დამნაშვე ხარ, ან მითხარით, უდანაშულო ხარო. ვერ მეუბნებიან და რატომ, _ მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი დამიდგინეს. მაგრამ, ამავე დროს, იგივე საქმეებზე არსებობს უამრავი ჩემ სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ამიტომ ვეუბნები, _ მაშინ ან ეს ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე-მეთქი.

ხომ არ შეიძლება, ეს ჩემ სასარგებლოდ მეტყველებდეს და მეორე _ საზიანოდ? როდესაც მეუბნებიან, რომ ამა და ამ ფირმის საქმეზე უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეო, ამავე დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებები მაქვს, სადაც პირდაპირ მიწერია, რომ ალექსი მიქელაშვილი აბსოლუტურდ მართლზომიერად მოქმედებდა (ეს მოქმედება კანონმდებლობას ექვემდებარებოდაო). მაშინ ეს გადაწყვეტილებაც უნდა გაუქმდეს.

მოკლედ, ვერც სტრასბურგიდან მივიღეთ პასუხი. ამნისტიით გამოვედი და ჩემთვის სოფელში ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებდი. თქვენთან რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ვისთანაც კი ურთიერთობა მქონია, ლამის, ყველა დევნის ობიექტად აქციეს: ჩემი ოჯახის წევრები, მშობლები, მეგობარი ფახრად თანირგულიევი და ა. შ.

ამას 2012 წლის შემდეგ პერიოდზე გეუბნებით, წინა რეჟიმზე აღარ ვსაუბრობ. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დევნის ობიექტი ელისო კილაძეც გახდა, რადგან მე სტატიებს, ძირითადად, „ქრონიკა+“-ში ვაქვეყნებდი. ეს ადამიანი გვერდით მედგა და გამორიცხული არ არის, რომ მისი შვილის მიმართ იგივე სწორედ იმიტომ განხორციელდა, რომ ამით მეც შემიმცირონ სივრცე ჩემი მოსაზრებების გამოსაქვეყნებლად, რათა, ელემენტარული, ტრიბუნა აღარ მქონდეს და ა. შ.

_ ახლობლებთან დაკავშირებით რა შემთხვევები გქონდათ?

_ მშობლებს, დედმამიშვილებს შეექმნათ პრობლემები. მაგალითად, ჩემი და აიძულეს, რომ ოქრუაშვილის პარტიაში შესულიყო, როდესაც წლების განმავლობაში ერთად ვიბრძოდით. ანუ შიდა ქართლში ისევ ოქრუაშვილისთვის არენის დათმობა სურდათ. ფახრად თანირგულიევს აიძულებენ, ადრე რისთვისაც იბრძოდი, უარყავიო და ა. შ. უფროსმა ძმამ პოლიციას მიმართა, ნული რეაგირებაა.

არის ასეთი, გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის პოლიცია, პირდაპირ ჩემ იზოლირებაზე არიან გადასულები. ჩემს დას, რომელსაც ოჯახი, ოთხი შვილი ჰყავს, ერჩიან, თუ რატომ არიან ჩემთან კარგ ურთიერთობაში და ჩემზე საჩივრებს რატომ არ წერენ. სულ პოლიციაში მიბარებენ.

_ დღეს რას გერჩიან?

_ ამ ხელისუფლების მხარდაჭერა ჩემი შეცდომა იყო. ერთ წელიწადში დავრწმუნდი, რომ რასაც ლაპარაკობდნენ, ყველაფერს საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. სრულ ეკონომიკურ ვაკუუმში მოქცევა სურდათ, რომ არანაირად ხელის განძრევის საშუალება არ მქონოდა. ელემენტარულად, ჩემს სოფელ ბერშუეთში საკუთარი ნაკვეთის მოვლის საშუალებას არ მაძლევდნენ.

ჩემს მოხუც მშობლებს ხომ არაერთხელ დააწერინეს განცხადება ჩემი მეუღლის წინააღმდეგ. მერე უფროსმა ძმამ მიმართა, _ ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმისგან რა გინდათ, ოქრუაშვილს უნდა გადააყოლოთო? ალბათ, ჩემი შეხედულებების გამო მერჩიან. ჩემი სული და გული საქართველოა და ცხინვალში თუ ჩავედი, ისევ ჩემს ოს ძმებთან გადავედი.

_ რატომ ჩახვედით?

_ იქნებ, მათი დახმარებით რამე შედეგი მიმეღო და, სხვათა შორის, მივაღწიე კიდეც. ფახრად თანირგულიევის წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლების საქმეს ვგულისხმობ. პროფესიით იურისტი რის ვაი-ვაგლახით ვაღწევდი სამართალს და, წარმოიდგინეთ, უბრალო გლეხი რა მდგომარეობაში იქნება ამ ქვეყანაში.

მოკლედ, ადგილობრივ არჩევნებში ვმონაწილეობდი და ჩემი დაკავება უნდოდათ. 2014 წლის არჩევნებზეა საუბარი. უკვე არჩევნების დამთავრებას ელოდებოდნენ, ან იარაღს ჩამიდებდნენ, ან _ ნარკოტიკს… როგორც უპარტიო, არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან ვიყავი წარდგენილი. მთხოვეს, _ ალექსი, გვერდით დაგვიდექიო.

არჩევნებში ჩემი პროგრამით მივიღე მონაწილეობა, დავმარცხდი და უკვე ვიცოდი, რომ უეჭველად დამაკავებდნენ. განსაკუთრებული მიზეზი კი თანირგულიევის საქმე იყო. ასევე ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი ვიყავი, ვინც მარტო სიტყვებით კი არა, მტკიცებულებებით ვადასტურებდი, რომ ქალაქმა ოქრუაშვილი ხელმეორედ არ უნდა მიიღოს. მას უნდოდა ეს, დარწმუნებული ვარ, წელსაც მოუნდება და ისევ დავუპირისპირდები.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ოქრუაშვილს პირადად ლობირებს. ამას აშკარად ვხედავ.

_ ცხინვალში რა გააკეთეთ?

_ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოვითხოვე, მომიყვანეს და იმ დროის გარემოებებზე ვისაუბრე.

_ რა შედეგი მიიღეთ?

_ ხელისუფლება იძულებული გავხადეთ, რომ ფახრადის საქმეზე უკვე გამამართლებელი გადაწყვეტილება მიეღო. ამის შემდეგ ოსებმა ოფიციალურად ქართულ მხარეს გადმომცეს. ეს ერგნეთზე მოხდა. სხვათა შორის, არსად გამაშუქეს. არ ახმაურებენ და ასევე მეკითხებიან, _ იქით ოსებმა რატომ არ დაგაჯარიმესო? როცა შენი ქვეყნის სპეცსამსახური იმას გედავება, რატომ არ გაჯარიმებენო, ეს უკვე სასაცილოა მაშინ, როცა ეს ჩვენი ძირძველი კუთხეა და იქაც საკუთარ მიწაზე გადავედი.

იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ მიკრძალავდნენ, ადმინისტრაციულ გადასასავლელს აღარ მიუახლოვდებიო. ვუთხარი, _ რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ მივალ-მეთქი. _ ოს ძმებთან პრობლემები არ მაქვს, მთავარია, კანონს არ ვარღვევ-მეთქი.

ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ჩემს მეუღლეს უკრძალავდნენ, რომ სოფელ ბერშუეთში ასულიყო.

ბოლოს, უკვე პრემიერ-მინისტრს მივწერეთ, თუ რატომ არ პასუხობენ ჩვენს დასმულ კითხვებზე. ეს ჩვენი, ჩემი და თანირგულიევის კითხვებია, თუ რატომ არ გვიბრუნებენ ქონებას, რომელიც, თავის დროზე, წაგვართვეს?

_ თქვენ რა ქონება წაგართვეს?

_ ერთი უბრალო სახლი მქონდა გორში, რომელიც მაშინ 20 ათას ლარადაც არ შეფასდებოდა. ციხეში რომ შევედი და იქიდან გამოვედი, ჩემი სახლ-კარი აღარ დამხვდა. მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ სახელისუფლებო კლანის დავალებით მოხდა, თუ არ ვიცი, ზუსტად რა იყო, ფაქტია, რომ ის ბინა ჯერ ერთზე, ხოლო მერე უკვე სხვაზე (ანუ მესამე პირზე) გადაფორმებულია.

მაგრამ მე არც ხელი მომიწერია, არც არავისზე თანხმობა გამიცია, დოკუმენტაცია მაქვს, რომ სახლი ოფიციალურად ჩემია. დღესაც გაოგნებული ვარ, ამ შემთხვევაში, რა და როგორ გააკეთეს. ერთი უბრალო ადამიანი ვიყავი და მხოლოდ ეგ სახლი მქონდა, მეტი არაფერი. პატიმრობისას ეს სახლიც წამართვეს, რომლის დაბრუნებაზეც დღემდე არავის უზრუნია.

ამიტომ დღეს ვითხოვ, რომ ჩვენთან მიმართებით ელემენტარული სამართლიანობა აღადგინონ. ზეღდულეთში ჩემს დას, ოთხი შვილის დედას, შეეშვან. პოლიციასთან 50 მეტრში ცხოვრობს და სახლიდან გამოაგდეს, ვითომ ოჯახური კონფლიქტი მოხდაო. _ არა, ალექსი, ამას შენ გამო მიშვრებიან, 33 წელი მანდ ვხცოვრობდი და პრობლემები არ მქონიაო, _ მეუბნება. შვილებისა და შვილიშვილების პატრონია.

ასევე ჩემს უწესიერეს მამას რაღაცებს აიძულებენ. ერთხელ ჩემთან იტირა კიდეც, _ ვაიმე, რეებს მაკეთებინებენ, ნეტავ, ციხიდან არ გამოსულიყავიო. _ რა ხდება-მეთქი? _ რა ვქნა, ასე თუ არ მოვიქეცი, დანარჩენ შვილებს დავკარგავო, _ ხუთი დედმამიშვილი ვართ. მაგალითად, პირობითად, აწერინებენ, რომ ალექსიმ გამძარცვაო. ეს „ძარცვა“ რაში გამოიხატება, ამას ვეღარაფრით ხსნიან. მიბარებენ პოლიციაში, აი, მამაშენმა ასე დაწერაო…

ამიტომ ერთ ნაბიჯსაც არ დავუთმობ. როგორც აქამდე მიბრძოლია, ასევე ვიბრძოლებ. აგერ, 2014 წლის 8 სექტემბერს პრემიერის სახელზე გაგზავნილი წერილი, სადაც სამართლიანობას ვითხოვთ, იმ პირების დასჯას, ვინც წლების განმავლობაში ასე უკანონოდ იქცეოდა. რეაგირება ნულია, უკვე მესამე წელი მიდის.

მსურს, პირადად ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს, რომ „ქართული ოცნების“ 2012 წელს დასახული მიზნების შემდეგ დღეს ქართველი ხალხი ძალიან გაწბილებულია და დრო მოვა, მას შესაბამის პასუხს გასცემს.

 

გელა მამულაშვილი