სასამართლომ შოთა პაკელიანის საქმეზე დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

სასამართლომ შოთა პაკელიანის დაკავების ვიდეოკადრების გადაცემაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია, შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმის გარემოებებს და რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მართლმსაჯულებისთვის. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ვიდეოკადრებით არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა დაფიქსირდება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელდა.

„ქრონიკა+“ შოთა პაკელიანის ადვოკატ გიორგი მახარაძეს ესაუბრება:

_ პარასკევს სასამართლოში შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ მას უფლება მოეცა, ქალაქის პროკურატურაში მიმდინარე მეორე გამოძიების მასალებიდან (პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე) ამოგვეღო ვიდეოფირი, რომელიც საქმეზე გამოძიებას აქვს.

_ ამის საჭიროება რატომ დადგა?

_ როდესაც ჩვენ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ვედეოფირის ამოღების თაობაზე მივმართეთ, მაშინ გვითხრეს, რომ აღნიშნული ვიდეოფირი უკვე აღარ იყო, ანუ თითქოსდა ეს კადრები აღარ არსებობდა.

შესაბამისად, ინფორმაცია გვქონდა, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიებას (რომელიც ქალაქის პროკურატურაში მიმდინარეობს) აღნიშნული ვიდეოფირები ჰქონდა და სწორედ ეს შუამდგომლობა დავაყენეთ სასამართლო სხდომაზე, რომ ჩვენთვის უფლება მოეცათ, განჩინებით ამოგვეღო ეს ვიდეოკადრები, რაც დაგვიკმაყოფილეს კიდეც.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია, შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს განსახილველ სისხლის სამართლის საქმის გარემოებებს და რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მართლმსაჯულებისთვის, რისი გათვალისწინებითაც დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

უკვე ამ დღეებში მივმართავთ თბილისის პროკურატურას, რათა განჩინების საფუძველზე აღნიშნული ვიდეოკადრები გადმოგვცეს.

_ აქ, კონკრეტულად, რომელ ვიდეოკადრებზეა საუბარი, საქმის რომელ ეპიზოდზე?

_ ვიდეოფირები ეხება ისანი-სამგორის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს, _ ეს არის ფოიე, მარჯვენა მხარეს შესასვლელიდან საგამოძიებო ოთახი, დერეფანი და მიმდებარე პერიმეტრი.

_ თქვენი მონაცემებით, რეალურად, იქ რა ხდებოდა?

_ ამ ვიდეოთი დადასტურდება, რომ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი ისე არ ყოფილა შედგენილი, როგორც ამას ბრალდების მხარე აცხადებს. ამით ზუსტი მიყვანის დრო დაფიქსირდება.

ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აღნიშნული ვიდეოკადრებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა დაფიქსირდება.

შესაბამისად, ეს ვიდეოფირები ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

_ ამას, მთლიანობაში, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს?

_ პირველ რიგში, უნდა დადგეს აღნიშნული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მეორე: ცხადია, ეს უდიდეს გავლენას იქონიებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე გავრცელებულ სრულ სიცრუეზე (პროკურატურა ამბობს, რომ ეს ნარკოტიკები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა შეიძინა, რაც გამოძიების მიერ გახმოვანებული ტყუილია).

ამიტომ ეს ყველაფერი საქმეზე დიდ გავლენას იქონიებს.

_ რეალურად, რა მოხდა ამ პიროვნებასთან დაკავშირებით?

_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ინფორმაციას ფლობდნენ, რომ თითქოს მას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. მან აღნიშნა კიდეც, რომ დაინახა თუ არა პოლიციელები, შეჭამა ეს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალება.

შემდეგ, როცა ის დააკავეს და მაშინვე განყოფილებაში გადაიყვანეს, ცხადია, მას თან უკვე აღარაფერი ექნებოდა. ამიტომ თავიანთი ინფორმაცია რომ გაემართლებინათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნული ნარკოტიკი ჩაუდეს, _ თითქოსდა მისგან ე. წ. ბიო ამოიღეს, რაც რეალობას სრულიად არ შეესაბამება.

ამის შემდეგ, როცა ამ ვერსიაზე უარს აცხადებდა და ა. შ., მასზე უკვე ფიზიკური ზემოქმედებაც განხორციელდა. აქ ყველაზე სახიფათო და საგანგაშო რაც არის, თვითონ პაკელიანი თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ეს ე. წ. ბიო დიდი ოდენობით მოხმარებული ჰქონდა და ამიტომ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

ამ ფონზე, სანამ შოთა პაკელიანი პოლიციის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობამდე არ მიიყვანეს, იქამდე მას სამედიცინო დახმარებაზე არანაირი წვდომა არ ჰქონია. სწორედ ეს ყველაფერი ნათელი ილუსტრაციაა იმ მახინჯი ნარკოპოლიტიკისა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს.

ერთი მხრივ, ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით რისკავენ, რომ განუსაზღვრელი, უაზროდ მაღალი, არაადეკვატური სანქციებით არ მოხვდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და, მეორე მხრივ, სამართალდამცველი ორგანოები ამას თავისთვის ძალიან კარგად იყენებენ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით, ე. წ. კონტროლის განსახორციელებლად.

ეს ხომ პირველი და მეორე მსგავსი შემთხვევა არ არის. ლამის, ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია მორიგ ჩადებებთან დაკავშირებით.

ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ის არის, რომ ჩადებები არ ხდება, ჩვენ ყველას რაღაცები გვესიზმრება და ამ ქვეყანაში, ლამის, არ ვცხოვრობთ.

_ რა ძალები მონაწილეობდნენ დაკავებულის წინააღმდეგ ამ ე. წ. ოპერაციაში?

_ დამკავებელი პირები იყვნენ კასრაძე და ქიტოშვილი, რომლებიც, სამწუხაროდ, საქმიანობას დღესაც აგრძელებენ.

_ პოლიციის მხრიდან განცხადებაა, რომ პაკელიანმა დაზიანებები გაქცევისას და დაცემისას მიიღო, ამაზე როგორია თქვენი პოზიცია?

_ გაქცევისას და დაცემისას ადამიანი ვერაფრით მიიღებს ისეთი ხარისხის დაზიანებებს, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახეზე აღენიშნებოდა და ეს კადრები მედიით (მათ შორის, ტელევიზიებითაც) გავრცელდა, ასევე ფოტოსურათები და ა. შ.

ახლა თქვენ თავად შეაფასეთ, როგორ შეიძლება მთელ სახეზე, მარცხენა, მარჯვენა მხარეზე, შუბლზე, ნიკაპზე, ცხვირზე, ყველგან მიიღოს დაცემისას დაზიანება?! ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია?!

_ ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

_ ამჟამად შოთა პაკელიანი თავს კარგად გრძნობს.

_ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე რა იმედებს ამყარებთ?

_ სასამართლოს იქით იმედები აღარ არის, ამიტომ მთელ იმედებს სწორედ სასამართლო ხელისუფლებაზე ვამყარებთ. ველით, რომ სასამართლო პაკელიანის საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მოსამართლის მიერ პარასკევს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც ეს მოლოდინი, რასაკვირველია, გაამყარა, როდესაც ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

_ საბოლოოდ, როგორი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საქმეზე?

_ შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება ორნაირი უნდა იყოს: ერთი, _ საქმეზე მთლიანად უნდა გამართლდეს, რომ მან, თითქოს, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება; მეორე მიმართულება, რომელიც თბილისის პროკურატურაში არის დაწყებული, _ უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე უნდა გადაკვალიფიცირდეს.

მოკლედ, საქმეზე კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

_ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით რამე სხვა ინტერესიც ხომ არ ამოძრავებდათ?

_ ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დღეს პირობითი მსჯავრი აქვთ, ყველა, დაახლოებით, ერთი და იგივე დღეშია. მათზე, ლამის, ყოველდღიური ზეწოლა მიმდინარეობს, შიშის ფაქტორი მოქმედებს.

_ ამ მდგომარეობას როგორ უნდა ეშველოს?

_ ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, _ თუ ნარკოპოლიტიკას არ გადავხედავთ და ასეთი მაღალი სანქციები იქნება, საშველი არ დაგვადგება. დღეს ჩვენი ნარკოპოლიტიკა დაფუძნებულია მხოლოდ სანქციებსა და რეპრესიებზე. არა მარტო ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (რომელიც ამაზე მომუშავე 41 ორგანიზაციას აერთიანებს) ვთანხმდებით, რომ სოციალური რეაბილიტაციის მოდელზე უნდა გადავიდეთ: დამოკიდებულ პირებს უნდა შევთავაზოთ შესაბამისი სერვისები და ადამიანები ამის გამო 5 და 8 წლით ციხეში არ უნდა მიდიოდნენ. როდესაც ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მინიმუმ, 5 წლით ციხეში ვუშვებთ. ცხადია, ამას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საზოგადოებისთვის არანაირი შედეგი არ მოაქვს.

ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებაა. ამასთან დაკავშირებით ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ კანონპროექტიც შეიმუშავა. მაისში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს.

ამ კანონპროექტზე დაწვრილებით შემიძლია, სხვა ფორმატშიც გესაუბროთ.

_ მთავრობისგან რამდენად ხედავთ იმის მზაობას, რომ, ამ მხრივ, რეალური ნაბიჯები გადაიდგას?

_ პირადი საუბრებისას თუ საჯარო განცხადებების დროსაც ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს, თუმცა მოვლენები როგორ განვითარდება და საქმე საქმეზე რომ მიდგება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი ძალა (რომელზედაც დღეს აღნიშნული კანონპროექტის მიღება-არმიღების საკითხია დამოკიდებული), ამას უნდა დაველოდოთ.

 

შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“:

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო ვალდებულია, დღესვე დაუბრუნოს მას უკანონოდ აღკვეთილი თავისუფლება, რადგან პაკელიანი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.

შეგახსენებთ: ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა შოთა პაკელიანი 23 მარტს დააკავეს. დაკავებისას პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება მოასწრო, განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება „ბიო“ ჩაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და წამების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ.

პაკელიანის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციელებმა დროულად არ გამოიძახეს სასწრაფო, რამაც 4 დღის განმავლობაში მისი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია. კომიდან გამოსვლისთანავე სასამართლომ შოთა პაკელიანს აღკვეთის სახით პატიმრობა შუფარდა.

მოგვიანებით, მწამებელი პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნულ ვიდეოკადრებზე ასახული იქნება პოლიციის მიერ შოთა პაკელიანის როგორც ცემის, ასევე მის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა უკანონო ქმედება, ასევე შეუსაბამობები დაკავებისა და ჩხრეკის ოქმთან“.

 

გელა მამულაშვილი