ირინე ფხოველიშვილი: „ეს არის ქვეყნის ტერიტორიების უსისხლო ანექსია და არა ინვესტიცია!“

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხი მწვავე დაპირისპირების საგნად იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების წინააღმდეგია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხი ამ დრომდე ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ერთიანი პოზიცია არ არსებობს თავად მმართველ გუნდშიც.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი და კოალიცია „ფარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი _ ირინე ფხოველიშვილი:

_ ქალატონო ირინე, საკონსტიტუციო საკითხებზე შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელ მოქალაქეებზე გაყიდვასთან დაკავშირებით რეგულაციები ორგანული კანონის მიხედვით განისაზღვროს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის იმის აუცილებლობა, რომ ეს საკითხი, მაინცდამაინც, კონსტიტუციით დარეგულირდეს?

_ მიწა არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური დაბოლოს, ეკონომიკურ ფენომენი, იგი არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ (შეზღუდული) რესურსი, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან გონივრული და სწორი მმართველობაა საჭირო და არა გაუმართლებელი გადაწყვეტილებების მიღება, _ აუცილებელია კონსტიტუციაში გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი, რომ „მიწა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს, რადგან იგი არის ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მოსახლეობის თვითმყოფადობის გარანტი“. რაც შეეხება რეგულაციების ორგანული კანონის მიხედვით განსაზღვრას, უნდა იყოს კონსტიტუციიდან გამომდინარე და მკაცრად გაწერილი. ჩვენ ბოლო წლების მწარე გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ შედის ცვლილებები კანონებში ისე, რომ ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე გვიან ვიგებთ. ამისთვის მორატორიუმის დროს განხორციელებული ცვლილების მაგალითიც კმარა, როდესაც ერთი პატარა განცხადების საფუძველზე ადვილად ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში გადაყვანა და გასხვისება, რის გამოც ქვეყნის სახნავ-სათესი მიწების ადგილზე არაქართულ, არაქრისტიანულ სოფლებს ჩაეყარა საფუძველი. არ მომეძებნება შესაფერისი სიტყვა იმ პირების შესაფასებლად, ვინც ამ პროცესს ინვესტირებას უწოდებს. ჩვენი შეფასებით, ეს არის ქვეყნის ტერიტორიების უსისხლო ანექსია და არა ინვესტიცია. როდესაც ქვეყანას არ გააჩნია აღიარებული საზღვარი სამ მეზობელ სახელმწიფოსთან, როდესაც ზოგიერთ რეგიონში მიწის რეფორმა არ განხორციელებულა და  ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში არ გადასცემია მიწის ნაკვეთები, როდესაც არ გვაქვს მიწის კოდექსი და ბოლოს არ გვაქვს ზუსტი მონაცემები დღეს არსებული მიწის ფონდის შესახებ, ყოვლად გაუმართლებელი და არაგონივრულია ე. წ. ქვეყნის ეკონომიკის „გაძლიერების“ მომიზეზებით მიწების უცხოელებზე გასხვისება. სამწუხაროდ, გასხვისებულ მიწებს შორის არის მოხვედრილი სასაზღვრო ზოლში მოქცეული მიწებიც. 2016 წლის ბოლოსთვის სასაზღვრო ზოლში გასხვისებულია 3000 ერთეულამდე მიწის ნაკვეთი, საიდანაც 70%-მდე გასხვისებულია უცხოელზე. ვინ უნდა დაიცვას ისედაც დაუცველი საქართველოს საზღვარი(?!).

_ კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერის შეტანისთვის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეთ. უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვით რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყანას?

_ 2012 წლის 11 მაისს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სპეციალურ სესიაზე განიხილეს და დაამტკიცეს FAO-ს მიერ მომზადებული  „მიწისა და მასზე დაკავშირებული სხვა რესურსების გონივრული მმართველობის სახელმძღვანელო“, რომელსაც 128 ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო საქართველოც. მართალია, ეს სახელმძღვანელო ნებაყოფლობითი სახელმძღვანელოა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია გაეროს მიერ შეფასებული 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის შემდეგ გავრცელებული მოვლენის, „მიწის დატაცების“ (ლანდ გრაბბინგ) საპასუხოდ და ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, რესურსებსა და საკვებზე ხელმისაწვდომობის უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად გასატარებელი ღონისძიებები. საკითხი ეხება გლობალურ სამხრეთს (ანუ მსოფლიოს შედარებით ღარიბ ნაწილს, სადაც საქართველოც მოიაზრება), მიწების დატაცებას მდიდარი და განვითარებული ქვეყნების მხრიდან, რაც თავისი არსით არა ინვესტიცია, არამედ უსისხლო ოკუპაციაა.

_ ექსპერტ პაატა შეშელიძის აზრით, უცხოელზე მიწის გაყიდვის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს, რადგან „როგორც კი საერთაშორისო ბაზრის ნაწილი გახდება ქართული მიწა, მისი გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. საქართველოში მიწის პოტენციის მცირე ნაწილია გამოყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვა არ შეიძლებოდა. თუ ვინმეს მიწის ყიდვა უნდა, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მიწის გაძვირება მოჰყვება. თუ არ გვინდა, რომ მიწები მოიხნას და დამუშავდეს, იგივე სიტუაცია გაგრძელდება, რაც ახლა არის“. ამაზე რას იტყვით?

_ სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში მაქსიმალურად დაცული იქნება ქართული მიწაც და ადგილობრივი ფერმერებიც. სამწუხაროდ, დღეს მიწის ფონდის განკარგვა ხდება თითქმის ყველა სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში. პარადოქსია, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწების განმკარგველი და გამყიდველი არის ეკონომიკის სამინისტრო.

პრობლემა მანამ არ გადაიჭრება, სანამ მიწის მართვის ერთიანი სამსახური არ შეიქმნება, რომელიც იქნება მიწების გონივრული მმართველობის ხაზის გამტარებელი, მიწის ფონდის დაცვისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის გარანტი.

_ თქვენმა ორგანიზაციამ კვლევის პროცესში საკმაოდ სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა. დოკუმენტაცია საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარადგინეთ და მიწების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვეთ. რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება?

_ სამწუხაროა, რომ პროკურატურამ ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები თვითონ ვერ ნახა და გამოძიების „ტვირთი“ ჩვენ მოგვანდო, ამიტომ ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობთ დავადგინოთ შემდეგი ფაქტები: 1992 წლის 6 იანვრიდან 20 იანვრამდე არსებობდა თუ არა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ვინ ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტს? სამწუხაროდ, დღემდე ამ საჯარო ინფორმაციაზე ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ. მოკვლევას განვაგრძობთ და შედეგს აუცილებლად შეგატყობინებთ.

 

თამარ ბატიაშვილი