ლიკა ბებურიძე: „საბანკო და ტოტალიზატორების სისტემა ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობას დაღად დაესვა“

ბოლო ათწლეულების პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა საზოგადოების ცნობიერებაზე, მისი წევრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სათანადო ზეგავლენა მოახდინა. ამ მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების ყველაზე სუსტი წევრები დაიჩაგრნენ. ოჯახები ინგრეოდა, ადამიანები სარჩო-საბადებლის საშოვნელად საზღვარგარეთ მიდიოდნენ და, გასაგები მიზეზების გამო, დროულად სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამ დროს ქვეყანა მის წინაშე მდგარ პრობლემებს, სიდუხჭირეს (გამომდინარე შედეგებით) თავს ვერ აღწევდა.

არსებულ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ააიპ „კავკასიონის სინერგიის“ პრეზიდენტს, ოჯახის ფსიქოლოგს, ბავშვთა უფლებადამცველ ლიკა ბებურიძეს:

 

_ მეექვსე წელიწადია, ოჯახურ ძალადობაზე, მოზარდების პრობლემებზე ვმუშაობთ; ჯანმრთელობის დაცვის, კულტურულ, სამედიცინო თუ სხვა პროექტებს ვახორციელებთ. ამ მიზნით, ორგანიზაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით 9 ათასამდე ოჯახი დავპატიჟეთ. ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტებია: დაჩაგრულები; ერთი კანფეტი და სათამაშო ყველა ბავშვს; ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას; სინერგიული მაშველები და ა. შ.

ახლა დავიწყეთ პრესკონფერენციების ციკლი გახშირებულ ოჯახურ ძალადობაზე, მათ შორის, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, გახშირებულ სუიციდის მცდელობაზე მოზარდებსა და არა მარტო მათში.

ამასთან, საქართველოში, ძირითადად, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, მოსახლეობა, ფაქტობრივად, მდგმურად ცხოვრობს. ამის მიზეზი ბანკებზე, ტოტალიზატორებზე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებაა; სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაყიდული სახლები და ა. შ. ეს ყველაფერი პირდაპირ მოქმედებს მოზარდების მდგომარეობაზე, მათზე, ვინც ერის გენოფონდს წარმოადგენს.

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ არსებული მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამისთვის გვაქვს დღის აკადემიის პროექტი, რომელიც ყოველ ათ დღეში ერთხელ 50 წარჩინებულ მოსწავლეს, მოზარდს სრულფასოვნად მოემსახურება. ისინი სხვადახვა დარგის მედიკოსებთან შემოწმებას გაივლიან და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ. ეს სხვებისთვისაც გარკვეული მოტივაცია იქნება მეტი განვითარებისთვის.

_ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, სადღეისოდ რა კონკრეტულ გამოწვევებს გამოჰყოფთ?

_ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია: უმუშევარი მშობლები, ყურადღების დეფიციტი, მშობლისა და მოზარდის არასაკმარისი ურთიერთობა და გადაუჭრელი პრობლემები. ამიტომ ჩვენს მიმდინარე პროექტსაც ასე ჰქვია: „მოაგვარე პრობლემები და გაცხრილე ზედმეტი“.

ელემენტარულად, ბავშვებს არ ჰყავთ მომსმენი, რომელიც მათ მისწრაფებებს გაიზიარებს. პედაგოგებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ მოზარდთა უფლებებს. ცალკე პრობლემას წარმოადგენენ ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები, რომლებიც, ამავე დროს, უმუშევრები არიან. ოჯახში მოუგვარებელ პრობლემებს, სუიციდის შემთხვევებისას, ზოგჯერ სიყვარულის თემა ემატება. ამ დროს მოზარდის სხეულიც იზრდება და გარემო თუ ადეკვატური არ არის, სირთულეებიც იქვე ჩნდება.

 

ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოზარდებს, მოსწავლეებს ხშირად ე. წ. მონიტორინგის თანამშრომლები ამცირებენ. მათ კერძო ინტერესი აქვთ, რაც უფრო მეტად დააჯარიმებენ, მით უკეთესია მათთვის, ამიტომ, ძირითადად, არასრულწლოვნებზე „ნადირობენ“, რომლებსაც მხოლოდ იმის გამო სჯიან, რომ მოსწავლის ბილეთი თან არ აქვთ.

პრობლემას ქმნის საზღვარგარეთ სარჩოსთვის წასული მშობელი, გასაკუთრებით დედა, როდესაც მოზარდი მას ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში ვერ ეკონტაქტება.

ვიმეორებ, უდიდეს პრობლემებს ქმნის საბანკო და ტოტალიზატორების სისტემა, რაც ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობას ნამდვილ დაღად დაესვა. ეს ტოტალიზატორი დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და უარყოფითი შედეგებიც სახეზეა, ფსიქიკის ნგრევას კი ამ დროს ბევრი არც სჭირდება;

ასევე, როდესაც ბავშვს ადაპტირებისთვის საკმარისი გარემო არ აქვს, ელემენტარულად საკუთარი ოთახი არ გააჩნია… როგორც აღვნიშნე, ქალაქის მოსახლეობის თითქმის 65% უკვე მდგმურად მცხოვრებია, რაც იწვევს უკმაყოფილებას, აგრესიასა და ა. შ. ამ დროს ყველაზე სუსტი წერტილი მოზარდი, სტუდენტია ხოლმე. უფროსი ადამიანებისგან დაუმსახურებელ შეურაცხყოფას, უპირველესად, ისინი იღებენ.

არის შემთხვევები, როცა პედაგოგი ვერ ახერხებს ნორმალურ კომუნიკაციას და შეურაცხყოფაზე გადადის, თავისივე საოჯახო პრობლემებზე განერვიულებული ბავშვს სჯის (განათლების სისტემაშიც მძიმე სიტუაცია გვაქვს). შედეგიც არ აყოვნებს. სამწუხაროდ, დღეს სკოლა, ერთგვარი, თავშესაფარი გახდა, რომ ადამიანმა იქ ხელფასისთვის იმუშაოს. მოკლედ, არაპედაგოგიური დამოკიდებულებაც ტრავმების საფუძველია.

ოჯახისთვის სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ხომ ვალები აქვს და ამ რეალობას ბოლო 25 წელიწადია, თავს ვერ ვაღწევთ. კონტაქტი დაკარგულია სახელმწიფოსა და მოსახლეობას, მშობელსა და მოზარდს, პედაგოგსა და მოზარდს, ექიმსა და პაციენტს შორის, სამაგიეროდ, აქტიურად მუშაობს ბანკები, ტოტალიზატორები, კაზინოები, ასევე ლომბარდები და ოჯახების მძიმე ყოფა, პირველ რიგში, მოზარდებსა და სტუდენტებზე აისახება. მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე უმუშევრობის ძალიან დიდი მაჩვენებელია, სამსახურის უქონლობის, ოჯახში კონფლიქტის, ძალადობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესებულ გარემოს ვიღებთ.

ნებისმიერი ძალადობა შობს ძალადობას. როცა ოჯახის რომელიმე წევრი ძალადობის მსხვერპლია, ეს უკვალოდ არ ქრება, სხვებზეც გადადის და ვრცელდება. ამ მხრივ რთული მდგომარეობაა რაიონებსა და სოფლებშიც.

ამიტომ ჩვენს ორგანიზაციას ახალგაზრდების დასაქმების პროგრამაც აქვს.

_ მშობლების საზღვარგარეთ ყოფნისას მთავარ პრობლემას კონტაქტის ნაკლებობა ქმნის?

_ დღევანდელ სიტუაციაში, ზოგადად, კონტაქტი ნაკლებად არ არის, რადგან ვიდეო-აუდიო, სკაიპით დაკავშირება ადვილად შესაძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ვირტუალური კავშირია. რეალურად, მშობელი მოზარდს ვერ აკონტროლებს. თანხებს კი აგზავნიან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არასრულწლოვან ადამიანს მშობელი, განსაკუთრებით დედა, გვერდით უნდა ჰყავდეს. სწორედ მან უნდა მიაქციოს ყურადღება მის ზრდას, ქცევებს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ამ დროს დედის ყურადღება და სითბო ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაზე მტკივნეულია, რომ წასულები არიან ბაღის ასაკის, დაწყებითებში მყოფი ბავშვების მშობლები. ეს იმიტომ, რომ საკმარისი შემოსავალი არ აქვთ, ბანკის ვალი დაედოთ, თუ სხვა ტიპის, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, ამიტომ მოუწიათ ქვეყნიდან წასვლა, რის გამოც თავადაც ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე იმყოფებიან. საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ არსებული პრობლემების გადაჭრა.

ამ პერიოდში კი ბავშვი იზრდება, პრობლემები აქვს საკუთარ სხეულთან, გარემოსთან, ოჯახში, სკოლაში დამოკიდებულება სათანადოდ ვერ ლაგდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, უნდა გაძლიერდეს როგორც სასკოლო პედაგოგის, ასევე დამრიგებლის როლი. იგივე უნდა მოხდეს საბავშვო ბაღში. ეს ყველაფერი არა დასჯადი მექანიზმის სახით, არამედ დამრიგებლის მეტი ყურადღება-თანადგომით უნდა კეთდებოდეს.

სკოლაში უნდა იყოს, მინიმუმ, ერთი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, რომელიც აქტიურად იმუშავებს. უბრალოდ კი არ დაელაპარაკება, მარტო მძიმე სიტუაციისას კი არ გააქტიურდება ბავშვის დასახმარებლად, არამედ თავიდანვე, ნაბიჯ-ნაბიჯ, სიყვარულით შეცვლის დამოკიდებულებას. ეს მოხდება დირექციასთან (სამინისტრო) შეთანხმებით, ტრენინგებით, შეხვედრებით და ა. შ., რათა ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს დროულად მოუგვარდეს წამოჭრილი პრობლემები.

_ რატომ არის საზოგადოება, სახელმწიფო ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი და გამოსავალს სად ხედავთ?

_ სახელმწიფოს როლს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამინისტროები იმიტომ არსებობენ, რომ ამ საქმეს მიხედონ, მაგრამ თუ სახელმწიფო თავისივე მოქალაქის ჯანსაღი, სწორი ცხოვრების წესით დაინტერესებული არ არის (დასაქმებით და ა. შ.), შედეგს ვერ მივიღებთ.

თუკი საწარმოები არ ამუშავდება, უმუშევრობის პრობლემები ვერ დაიძლევა. საქართველოს ყველა რაიონში განსაკუთრებული წყალი, ჰაერი, უნიკალური ბუნებაა, ამიტომ სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს, რათა ყველა რაიონის სოციალურ-ეკონომიკური რესურსი გამოვიყენოთ, ადამიანები დასაქმდნენ და ოჯახების რჩენა-განვითარება შეძლონ.

საწარმოების ამუშავებით, პატარ-პატარა სამუშაო ადგილების შექმნით, თუნდაც მცირე გრანტების გაცემით, რომ ადამიანებმა ბიზნესი განავითარონ, მდგომარეობა მკვდარი წერტილიდან დაიძრება.

ამ გზით მოსახლეობა თავს აღარ იგრძნობს დამცირებულად, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებისკენ ილტვოდეს, იყოს ღარიბი და ყველაფერზე ხელი მოაწეროს. როდესაც ქვეყანაში ამდენი გზასაცდენილი, დაავადებული ადამიანია (სხვადასხვა აზარტულ თამაშებში თავგაყოფილი), სახელმწიფო ამას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

ამ ფონზე, მთელი საქართველო გაუღიმარი დადის. ამიტომ ჩვენი სლოგანიც ასეთია, _ გამაღიმე და გავაღიმებ. თუ ჩვენ ვერ დავიცავით მოხუცი, დაავადებული, ბავშვი და ქალი (ყველაზე სუსტი სფერო), სხვა რაზე ვსაუბრობთ? ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხომ ყველაზე დაცული კატეგორიაა. ჩვენი ეს მდგომარეობა კი, უპირველესად, ოჯახებზე, მის პატარა წევრებზე აისახება.

სახელმწიფო ამ ადამიანების პრობლემების მოგვარების ავანგარდში უნდა იდგეს. აქცენტი ადამიანების უცხოეთში გაქცევასა და მათი მიწების გაყიდვაზე არ უნდა კეთდებოდეს. სოფლებიდან ისეთი დედები გაემგზავრნენ, რომელთა წასვლაც არაფრით არ შეიძლებოდა. დედის სითბო და ალერსი არ მეორდება. ამ მხრივ, ყველა სახელმწიფო იცავს და უფრთხილდება თავის ბავშვებს, ჩვენთან კი ყველა ეს ნორმა დარღვეულია.

ასევე განათლების სისტემაში პროფესიონალები უნდა შეირჩნენ, რათა მათაც ზიდონ სათანადოდ ეს პასუხისმგებლობა. შეიძლება, ადამიანს კარგი განათლება ჰქონდეს, მაგრამ ბავშვთან კონტაქტი არ შეეძლოს.

თუ პედაგოგმა შეძლო საგნის შეყვარება, ამ გზით მოსწავლეთა თვითშეფასების კრიტერიუმიც ამაღლებულია.

ჯანსაღ კვებაზეც გავაკეთებ აქცენტს: ბავშვების, მოზარდების 65%-ზე მეტს ნორმალური, ჯანსაღი კვების რაციონი არ გააჩნიათ. თევზი ხშირად გასინჯულიც არ აქვთ. თევზით კი თვალი იკვებება.

ამიტომაა, რომ მოზარდების 80%-ში მხედველობის სხვადასხვა დარღვევაა, ისევე როგორც სკოლაში, სახლებში მაგიდასთან არასწორად ჯდომის გამო, ძალიან ბევრს ხერხემლის გამრუდება აქვს. ეს ყველაფერი მძიმე ჩანთების ტარების გამო ხდება.

ყველაზე სერიოზული პრობლემა კი სათნადო რაციონის არქონაა. ოჯახის უფროსებს საშუალება არ აქვთ, არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ასევე ძალიან ძვირი ღირს ხილი.

მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც _ ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კატასტროფულად გაიზარდა დანგრეულ ოჯახთა რაოდენობა, მოზარდობისას მამებისგან მიტოვებული შვილები, ღალატის თემა. ბავშვი, მოზარდი ფიქრობს, რომ მამამ მას უღალატა, ის უღირსი ადამიანი იყო, ამიტომ მიატოვა და ა. შ. ესეც ფსიქიკაზე რთულად აისახება. დამატებით აღარაფერს ვიტყვი ნარკოდამოკიდებულებაზე და სხვ.

 

გელა მამულაშვილი