ქუთაისის თოჯინების თეატრში მსახიობები და თოჯინები იძულებით იცინიან

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი გასულ წელს 70 წლის გახდა, რის გამოც იუბილეს ფართოდ აღნიშვნვა იგეგმებოდა. ელოდნენ, რომ სოლიდურ თარიღს კოლექტივი რეაბილიტირებულ შენობაში აღნიშნავდა, თუმცა იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან იმ პირობებში, რომელშიც დასს უწევს მუშაობა, სტუმრების მიღება არა მარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის სირცხვილიც კი იქნებოდა.

თოჯინების თეატრი 3-სართულიანი შენობის პირველ სართულზეა, შესაბამისად, ნესტის სუნი არა მარტო დარბაზში, რომელიც ბუნკერს მოგაგონებთ, არამედ ფოიეშიც იგრძნობა. ჩამონგრეული კედლების შეფუთვას დირექცია ქაღალდის დეკორაციებით ცდილობს, ხოლო იქ, სადაც ხის პანელებია აკრული, მტრის გულის გასახეთქად არსებული პრობლემები ვიზუალურად ნაკლებად ჩანს. ფართის სიმცირის გამო არსებობს დეკორაციების შესანახი სათავსების პრობლემაც. რაც შეეხება დარბაზს, იგი არანაირ სტანდარტს არ პასუხობს, რადგანაც არც სივრცე და არც ფორმა თეატრისთვის შესაფერისი არ გააჩნია. ხის ძელსკამები ისეა განთავსებული, რომ არათუ გვერდის ავლა, არამედ უკანა რიგებში მსხდომთათვის სანახაობის ყურებაც კი პრობლემაა.

თეატრში არსებულმა აპარატურამ თავისი რესურსი სრულად ამოწურა. ფაქტია, რომ თოჯინების სპექტაკლი არის სანახაობა, რომელმაც ბავშვებს განათებისა და მხატვრობის შეხამებით სხვა სამყაროში მოგზაურობა უნდა შესთავაზოს. მხატვრობა და მსახიობთა ოსტატობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად მაღალ დონეზეა, მაგრამ რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აქ უკვე სერიოზული პრობლემები იკვეთება, _ დღემდე ნამდვილ გამოცანად რჩება  ის, თუ როგორ ახერხებენ ქუთაისელი მსახიობები მაღალი დონის სპექტაკლების ჩვენებას არსებული აპარატურის პირობებში.

მართალია, მაყურებელი ვერ ამჩნევს, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის მდგომარეობა, რა პირობებშიც მსახიობებს თეჯირს მიღმა უწევთ მუშაობა: ვიწრო ფართი, ნესტი და ამის გამო გამოწვეული სუნის ატანა არცთუ ისე ადვილია. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე იხარჯებიან და ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის შეუმჩნეველი რჩება ყველა ის პრობლემა, რისი გადალახვაც მათ უწევთ. სპექტაკლის ბოლოს ტაშის ფონზე მადლობის მოხდას მსახიობები ღიმილიანი სახეებით მაინც ახერხებენ.

ყველაფერი, რასაც მსახიობები აკეთებენ, მცირე ხელფასით ანაზღაურდება, რაც 260 ლარიდან იწყება, ეს კი მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს დღეს არსებულ მოთხოვნებს. სწორედ სახელფასო პრობლემების გამო დასი რამდენიმე პროფესიონალმა უკვე დატოვა. ერთ-ერთი მათგანი, უკეთესი ანაზღაურების გამო, იძულებული გახდა, თურქეთში წასულიყო სამუშაოდ. მართალია, თეატრში დღეს ახალგაზრდა მსახიობებიც მუშაობენ, მაგრამ რამდენად მოახერხებს დირექცია მათ შენარჩუნებას, რთული სათქმელია. საქართველოში მეთოჯინეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა მსახიობს ამ კუთხით მუშაობა არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ადამიანის წასვლა თეატრისთვის დიდი დანაკლისია.

 

თოჯინების თეატრის მსახიობის განსაკუთრებულობაზე საუბრობს ია იაშვილი, რომელიც კოლექტივს რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა:

_ თეატრი დროს არ უნდა ჩამორჩეს, რაღაც ისეთი უნდა თქვას და ისე, რომ მაყურებელი მიიზიდოს. ამასთან, თაობები უნდა იცვლებოდეს: თუ თეატრს 4-5 წლის მანძილზე ერთი ახალი მსახიობი არ შეემატება, ეს უკვე პრობლემაა. თოჯინის კარგად მატარებელი ნიჭიერი ადამიანი უნდა იყოს. შესაძლოა, კარგი სამსახიობო უნარ-ჩვევებით გამოირჩეოდე, მაგრამ თოჯინის სუნთქვა არ გესმოდეს, ვერ გრძნობდე მას და პირიქით, _ შესაძლოა, კარგი მეთოჯინე იყო, მაგრამ სხვა რამეში მოიკოჭლებდე, როგორც მსახიობი.

 

თეატრის ხელმძღვანელობა თანამშრომლების წახალისებას, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების წყალობით, წელიწადში 2-ჯერ ახერხებს. ეს ყურადღება სიმბოლურია, რადგან კოლექტივის წევრების კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება.

ერთადერთი მოტივაცია, რაც თოჯინების თეატრის თანამშრომლებს მუშაობის სტიმულს აძლევდა, ხელისუფლების მხრიდან გაცემული დაპირება იყო, რომლის მიხედვითაც აქ ფართო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ რეკონსტრუქცია, რომელიც, ჯერ კიდევ, 2016 წელს დაიგეგმა, მინიმუმ, ერთი წელი კიდევ არ დაიწყება. ადრე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სამუშაოები წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საუკეთესო ვარიანტში როგორც მსახიობებს, ისე მაყურებელს კიდევ ერთი წელი მოუწევთ ლოდინი. ყოველი შემთხვევისთვის, ამჯერად დაპირება ასეთია და ორივე მხარე იძულებულია, დიჯეროს. ყველაფერი მაინც კულტურის სამინისტროს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თეატრის რეაბილიტაცია ამ უწყების მხრიდან შესაბამისი თანხების ბიუჯეტში ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თანხა კი, რომელიც რეაბილიტაციისთვისაა საჭირო, ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

თოჯინების თეატრი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც 2016 წლის მიწურულს კულტურის სამინისტრომ ყველა სახელმწიფო თეატრის ხარჯები გადაიბარა და ამ პასუხისმგებლობისგან ადგილობრივი თვითმმართველობები გაათავისუფლა. სწორედ ამიტომ ქუთაისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტში რემონტისთვის საჭირო ხარჯები უკვე აღარ გაითვალისწინა.

 

ლევან გაბრიჭიძე _ თეატრის ხელმძღვანელი:

_ 2016 წელს ქალაქის ბალანსზე ვიყავით და ის გვაფინანსებდა, რადგან არავინ იცოდა, გადავიდოდით თუ არა კულტურის სამინისტროს დაფინანსებაზე. სამინისტროს კი რეაბილიტაციის თანხა ბიუჯეტში არ ჰქონდა გათვალისწინებული. ახლა სამინისტროში შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი და ვიმედოვნებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩაისმება. ვნახოთ, სამინისტრო რას გადაწყვეტსს.

 

მიუხედავდ უწყებრივი დაქვემდებარებისა, ქუთაისის მერიამ კეთილი ნება გამოხატა და თეატრის კოლექტივს პირობა მისცა, ცენტრალური ხელისუფლებისგან სამუშაოების დაწყებისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში, გარკვეულ თანხას ქალაქის ბიუჯეტიც გაიღებდა, რადგან თეატრი ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება.

 

შოთა მურღულია _ ქუთაისის მერი:

_ თოჯინების თეატრის რემონტის საკითხი კულტურის სამინისტროს ეხება. ჩვენ შევთავაზეთ და ვუთხარით, რომ ჩვენც შევალთ თანადაფინანსებით 100 ათასი ლარით, მიუხედვად იმისა, რომ ის სრულად ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. ჩვენი ინტერესიც არის, რომ ბავშვებისთვის თეატრში კომფორტული გარემო შეიქმნას. რადგანაც წელს თანხების მოძიება ვერ მოხერხდა, 100 ათასი ლარის ბიუჯეტში ტყუილად გაჩერება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადავიტანეთ.

 

2017 წლამდე ქუთაისში არსებული სახელმწიფო თეატრების მოვლა-პატრობა სრულად ქუთაისის ბიუჯეტზე იყო დამოკიდებული. მერიას კოლექტივების შენახვა 3 მილიონ ლარამდე უჯდებოდა, მაგრამ სამინისტროს დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ ქამრების შემოჭერის მექანიზმი ამოქმედდა და ისედაც მწირი ბიუჯეტი ყველა თეატრს შეუმცირდა. თუ ადრე თოჯინების თეატრის წლიური ბიუჯეტი 260 ათასს შეადგენდა, სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვის მოტივით განხორციელებული ცვლილების შემდეგ წელს იგი 240 ათასით განისაზღვრა. გაურკვეველია, რა შეღავათი მიიღო სახელმწიფომ 20-ათასიანი სხვაობით მაშინ, როცა ასეთი ოდენობის თანხა რიგ სახელმწიფო უწყებებში რამდენიმე ადამიანის პრემიასა და დანამატს ხმარდება? მართალია, ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ აშკარაა, რომ ბიუჯეტში მცირე ცვლილებაც კი კოლექტივისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

 

ლევან გაბრიჭიძე _ თეატრის ხელმძღვანელი:

_ არც თანამშრომლები შემცირებულან და არც ხელფასი დაჰკლებიათ. ყველა ეს ადამიანი საჭიროა თეატრში. თანაც დღევანდელ საბაზრო პირობებში რთული იქნებოდა ხელფასის შემცირება, ამიტომ თანხები მოვიძიეთ.

 

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ქუთაისის თოჯინების თეატრის წარმოდგენა „მზის სხვივი“ საუკეთესო თოჯინური სპექტაკლების ხუთეულში მოხვდა. გასულ წელს კი დასმა სულ 381 წარმოდგენა გამართა. მნიშვნელოვანია, რომ სპექტაკლების ხილვის საშუალება არ მარტო ქუთაისელ ბავშვებს, არამედ დასავლეთ საქრთველოს სხვა რეგიონების პატარებსაც შეუძლიათ, რადგან დასი ხშირად გადის მუნიციპალიტეტებში, რითაც თეატრის პოპულარიზაციასაც ახდენს და საკუთარი ბიუჯეტის რაღაც ოდენობით შევსებასაც ახერხებს. დღეს თოჯინების თეატრში წარმოდგენის ხილვა 2 ლარადაა შესაძლებელი, რაც საქართველოს პირობებშიც კი მიზერული თანხაა. მართალია, სურვილი არ არსებობს, მაგრამ საკუთარი შემოსავლების გაზრდისა და არსებული ხარჯების დაფარვის მიზნით, დირექცია იძულებულია, ახლო მომავალში ბილეთის ღირებულება გაზარდოს, თუმცა რამდენით, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ქუთაისის თოჯინების თეატრი წმინდა ნინოს 9 ნომერში, იმ სახლის პირველ სართულზე მდებარეობს, რომელიც მე-19 საუკუნეში ქალაქში ცნობილმა მეორე გილდიის ვაჭარმა, სტეფანე ფეიქრიშვილმა ააშენა. იქ, სადაც ამჟამად მაყურებელთა დარბაზია, ადრე, თურმე, ღვინოს ინახავდნენ. 1946 წელს, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობის გარკვეული ნაწილი მესხიშვილის თეატრის ბაზაზე დოდო ანთაძის მიერ შექმნილ თოჯინების თეატრს დაეთმო. მთელი ამ ხნის მანძილზე კოლექტივი იგივე ფართში საქმიანობს და მიუხედავად მაყურებალთა რაოდენობის გაზრდისა და არასაკმარისი სივრცის არსებობისა, თეატრის სხვაგან გადაყვანა, ან ახალი შენობის აგება ვერა და ვერ მოხერხდა. როგორც ამბობენ, ახალი შენობის ასაგებად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული ის ტერიტორიაც განიხილებოდა, სადაც ამჟამად მაკდონალდსისთვის გამოიძებნა ადგილი. თუმცა წლების წინათ ამ მიმართულებით დაწყებული საუბრები დავიწყებას მიეცა. არადა, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ჯერ კიდევ, მოიძებნება ფართი, სადაც ბავშვებისთვის შესაფერისი თეატრის ფუნქციონირებაა შესაძლებელი. „თეთრ ხიდთან“ არსებული მწერალთა კავშირის შენობის (რომელსაც, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელი შემორჩა) ოთახების დიდი ნაწილი, მოუვლელობის გამო, უფუნქციოდაა, ნაწილი კი მწერლობასთან არანაირ კავშირში მყოფ ადამიანებზეა მიქირავებული, არადა, ეს შენობა თოჯინების თეტრისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტია. კეთილი ნების შემთხვევაში მწერალთა სახლს, რომელსაც, დიდ ეზოსთან ერთად მოზრდილი დარბაზიც აქვს, ხელისუფლება თეატრს გადასცემდა, რომ მაყურებელი შესაბამის პირობებში მიეღო და შენობაც დიდ საბავშვო ცენტრად ექცია, სადაც არა მარტო სპექტაკლების ჩვენება იქნებოდა შესაძლებელი, არამედ ბავშვებისთვის სამსახიობო წრეები შეოქმნებოდა და თოჯინების დასამზადებელი სახელოსნოებიც განთავსდებოდა. ქუთაისელთა ერთი ნაწილის განცხადებით, კარგი იქნება, თუკი კოლექტივს მართლაც გადაეცემა უფუნქციოდ დარჩენილი მწერალთა კავშირის შენობა და თანხები არა იმ ფართის რეაბილიტაციას მოხმარდება, სადაც ამჟამად წარმოდგენები იმართება და რომელიც თანამედროვე თეატრისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია, არამედ სწორედ ამ შენობის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება.

 

ია იაშვილი _ თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი:

_ ეს ჩემი ოცნება იყო, შესანიშნავი ადგილია, მაგრამ, ამავე დროს,  კარგად გასაყიდი და, ბუნებრივია, ბევრი იქნება მსურველი, დაეპატრონოს. ამიტომაც მეეჭვება, იქ ვინმემ შეუშვას თეატრი. რაც შეეხება შენობას, სადაც ამჟამად კოლექტივი მუშაობს, აქ ერთ-ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ამჟამად ის უსაფრთხო ადგილზე არ არის განთავსებული. თაეტრის წინ მანქანების ინტენსიური მოძრაობაა და მუდმივად საფრთხეა… საბავშვო თეატრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარეთა თავისუფალი სივრცე, სკვერი მაინც, თუ პარკი არა.

 

70 წლის თეატრმა თავისი არსებობის მანძილზე წელს პირველად მოახერხა დაეტოვებინა საქართველო და საკუთარი შემოქმედება საზღვრებს გარეთ გაეტანა. ბაქოდან დასი სპეციალური პრიზით და თეატრალური კრიტიკოსების მხრიდან გაკეთებული მაღალი შეფასებებით დაბრუნდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მაყურებელთა და თეატრის მოყვარულთა შეფასებებს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი დაფასებაც მოჰყვება, რაც დიდი ტრადიციების მქონე კოლექტივის მიმართ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენით გამოიხატება.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე