შვიდმა დეპუტატმა გაიმარჯვა – თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღარ აქვს!

შუა საუკუნეებში საქართველოს განაგებდნენ მეფე-მთავრები და მათი მოხელეები, თუმცა ქალაქებსა და სოფლებს თვითმმართველობის გარკვეული უფლება მაინც ჰქონდა. 2006 წლის შემდეგ ქალაქ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღარ აქვს, იგი მხოლოდ 2014 წლიდან მიენიჭა, თუმცა ქალაქის თვითმმართველობის ისტორია ისევ ხანმოკლე აღმოჩნდა და სამი წლის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობა თელავის 7-მა დეპუტატმა საკუთარი ხელით მოკლა.

სამი წლის მანძილზე არც ერთი საკრებულოს სხდომა არ ყოფილა ქალაქში ასეთი ხმაურიანი, როგორიც ახლა იყო; არც ერთ საკრებულოს სხდომას არ დასწრებია იმდენი მოქალაქე, რამდენიც ახლა დაესწრო, მაგრამ მიუხედავად მოწოდებისა, შეგონებისა, თხოვნისა, მოთხოვნისა, ყვირილისა და სტვენისა _ თვითმმართველ ქალაქ თელავის მზე, სადღაც, ჭორვილის მთებში ჩაიკარგა.

რეალურად კი 2012 წლის შემდეგ დაპირებული დეცენტრალიზაციის ნაცვლად მოსახლეობამ მიიღო დეკონცენტრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში, ერთი შეხედვით, ყველაფერი ლამაზად ჩანს და ბუნებრივ კითხვებს არ აჩენს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა უზენაესი აღმოჩნდა თელავის თემისა და ქალაქის საკრებულოებისთვის და თავისი პასუხით ხელისუფლებას დასთნხმდა, რომ ერთიანდებიან. რა თქმა უნდა, მოსახლეობის აზრი აქ არავის გაუთვალისწინებია. საბოლოო ჯამში, მივიღეთ დეკონცენტრაციის თვალსაჩინო ნიმუში _ ცენტრის მიერ ადგილობრივი განყოფილებების შექმნა. სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მოთხოვნამ გვაჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ ვართ დეცენტრალიზაციის მიმდევრები, ჩვენთან ისევ ისე ირჩევენ მერებს, გამგებელს, როგორც ოდესღაც აღმასკომის თავმჯდომარეს ნიშნავდნენ ცეკადან.

ასე რომ, ლენინის არ იყოს, ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, ხელისუფლებისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ცეკა ისევ მუშაობს, აღმასკომი ისევ სახეზეა! მერე რა, რომ თვითმმართველობის კოდექსი გვაქვს, ან ხალხი ხმას იღებს?! მთავარია, რა უნდა არქიფოს…

 

დავით თუშიშვილი ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც საერთოდ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მისი აზრით, მხოლოდ ორდონიანი თვითმმართველობა უშველის ქვეყანას:

_ რა შეიცვლება აღნიშნული პროექტით თვითმმართველობისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარადგინა?!

_ აღნიშნული პროექტით ერთ-ერთ არგუმენტად არსებული სისტემის წინააღმდეგ მოყვანილია შემდეგი ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა თვითმმართველობის მართვაში არ მონაწილეობს, ინერტულია. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინათ კოდექსში ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც სოფლად უნდა შექმნილიყო მრჩეველთა საბჭოები, უნდა არჩეულიყო რჩეული და ამ ორგანოს უნდა მიეღო აქტიური მონაწილეობა სოფელში გასაკეთებელი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური საკითხების პრიორიტეტების განსაზღვრაში, უნდა გაეწია აღმასრულებელ ორგანოზე ზედამხედველობა, საბოლოოდ, ფაქტი დარჩა ფაქტად: სოფლად მოსახლეობისთვის მიუღებელია ისეთ სოფლის რწმუნებულთან (რწმუნებულის აპარატი) ურთიერთობა, რომელსაც ქმედითი ღონისძიებების გატარება ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით არ შეუძლია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნია. უკეთეს შემთხვევაში, რწმუნებული და მისი აპარატი სოფლად „ფოსტალიონის“ როლს ასრულებს, ეს უკანასკნელი კი სოფლის მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

_ ახალი პროექტი რას გვაძლევს?

_ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტში საკითხის პრობლემურობაა აღნიშნული, თუმცა მოგვარებაზე არაფერია ნათქვამი. დარწმუნებული ვარ, ვერც შემოგვთავაზებენ, ვინაიდან ხალხს სურს, თვითმმართველობაში თავად მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ ეს და შემოთავაზებული სისტემა ვერანაირად უზრუნველყოფს ამას. მინდა გაგახსენოთ 2006 წლამდე არსებული თვითმმართველობის მოდელი, როცა ყოველ სოფელს ჰყავდა თავისი საკრებულო 5-კაციანი შემადგენლობით. მათგან საკრებულოს თავმჯდომარე ავტომატურად ასრულებდა სოფლის გამგებლის მოვალეობას და, ამავდროულად, რაიონული საკრებულოს წევრიც იყო. ანუ ქვეყანაში 2-დონიანი საკრებულო გვქონდა თავისი ბიუჯეტებითა და კომპეტენციებით. სოფლის ბიუჯეტის შემოსავალს წარმოადგენდა მიწის გადასახადი, ხოლო რაიონული ბიუჯეტის ძირითად შემოსავალს _ მოგების, საშემოსავლოს, და სხვა გადასახადები. ჩემი აზრით, ჩვენ ამ სისტემას უნდა დავუბრუნდეთ, სოფელს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი, მოსახლეობას განცდა უნდა ჰქონდეს, რომ როცა ის მიწის გადასახადს იხდის, ისევ მას უბრუნდება. განმარტებისთვის ვიტყვი: მისი გადახდილი ფული გადასახადი, მისსავე სოფელში ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებას ხმარდება.

 

ორი საკრებულოს ტანგო კი ასე დასრულდა:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 7 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკითხს ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. საგანგებოდ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მოწვეულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 15 წევრიდან მხოლოდ 12 ესწრებოდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა არ გაიზიარეს მოქალაქეთა მოსაზრებები, უარი ეთქვათ სამინისტროს მოთხოვნაზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ.

„ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება თუ არის ერთ-ერთი მიზეზი, ნუ აიღებთ, ბატონო, პრემიებს, დანამატებს და ბიუჯეტში გექნებათ თანხა, რომ მეტი პროექტი განახორციელოთ. უარი თქვით სამინისტროს მოთხოვნის შესრულებაზე. თქვენ ჩვენ აგირჩიეთ, მოქალაქეებმა, გამოდით გარეთ, ქუჩაში, ხალხსაც გვკითხეთ აზრი“, _ მიმართა საკრებულოს წევრებს ქალაქ თელავში მცხოვრებმა თამილა უტიაშვილმა.

„სამინისტროს წერილში წერია, რომ, მაგალითად, ქალაქებში თავმოყრილია ისეთი ობიექტები, რომლითაც არა მხოლოდ ქალაქების, არამედ სოფლების მოსახლეობაც სარგებლობსო. აქ რომ მარტო საბავშვო ბაღები ეწეროს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ აქ არის ჩამონათვალი: დასვენებისა და გასართობი ცენტრები, სამუსიკო სკოლები, თეატრები, მუზეუმები, ბაზრები, სავაჭრო ცენტრები. ამ წერილის მიხედვით, ამ ობიექტების მოვლა-პატრონობა მხოლოდ ქალაქს აწვებაო. მუშურ-გლეხურად რომ ვთქვათ, შემოგვღობეთ, რომ სხვამ ვეღარ ისარგებლოს. ეს არის შეურაცხმყოფელი“, _ აღნიშნა მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილმა.

„მიღებული გაქვთ დავალება ხეგლეჯიასგან და უნდა შეასრულოთ, რაზეა ლაპარაკი!“ _ განაცხადა ქალაქ თელავის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

დაახლოებით სამსაათიანი განხილვის შემდეგ საკრებულოს წევრებიდან 7-მა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

15 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს, საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის: თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

 

მაკა მოსიაშვილი